ჰაიმორიტის მკურნალობის ხალხური და ტრადიციული მეთოდები - გზაპრესი

ჰაიმორიტის მკურნალობის ხალხური და ტრადიციული მეთოდები

ხშირად მოსახლეობა ერთმანეთში ურევს ფრონტიტსა და ჰაიმორიტს. მათ შორის კი დიდი სხვაობაა. ჰაიმორიტი არის ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთება, ფრონტიტი კი - შუბლის წიაღის. ჰაიმორიტის დროს ტკივილი ყვრიმალის ძვლების არეშია, ფრონტიტი დროს კი - შუბლის. ჰაიმორიტი შეიძლება იყოს: მწვავე და ქრონიკული. ქრონიკული ჰაიმორიტი, როგორც წესი, მწვავე პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს. ჰაიმორის ღრუში 4 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული პროცესი გახანგრძლივებულად ითვლება, ხოლო თუ ის მე-6 კვირის ბოლოს არ ალაგდა, მაშინ დაავადება ქრონიკულ ფორმაშია გადასული.

რა იწვევს ჰაიმორიტს

ჰაიმორიტის განვითარების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ინფექცია - ბაქტერიები ან ვირუსები შეიჭრებიან ჰაიმორის წიაღში ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის საშუალებით და იწვევენ ანთებით პროცესს.

ქვემოთ ჩამოვთვლით იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჰაიმორიტის განვითარებას:

1. ცხვირით სუნთქვის დამრღვევი მდგომარეობები: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ვაზომოტორული რინიტი, ჰიპერტროფიული რინიტი (ცხვირის ნიჟარების გადიდება), ბავშვებში - ადენოიდები, ცხვირის ალერგიული დაავადებები.

2. იმუნიტეტის დარღვევა, რომელსაც იწვევს ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებები, ალერგიული მდგომარეობები და სხვა.

3. ჩვეულებრივი გაცივების, ზემო სასუნთქი გზების დაავადებების, რინიტების დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობა იწვევს გართულების სახით ჰაიმორიტს;

4. ბაქტერიამტარებლობა;

5. ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები.

ჰაიმორიტის გამოვლინება

1. ცხვირში უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი. ცხვირში და მის ახლოს მდებარე უბნებში აღმოცენდება უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც თანდათანობით ძლიერდება. ტკივილი დილით ნაკლებადაა გამოხატული, მაგრამ საღამოსთვის ძლიერდება. ნელ-ნელა ტკივილი `კარგავს~ განსაზღვრულ ადგილმდებარეობას და პაციენტს ეწყება მთლიანი თავის ტკივილი. თუ პროცესი ცალმხრივია, მაშინ ტკივილიც შესაბამისად, ცალ მხარეს აღინიშნება.

2. ცხვირით სუნთქვის გაძნელება. პაციენტს ცხვირი გაჭედილი აქვს, საუბრობს დუდღუნით. როგორც წესი, გაჭედილია ცხვირის ორივე ნახევარი. ცხვირით სუნთქვა მუდმივად გაძნელებული აქვს, თუმცა მცირეხნიანი გაუმჯობესებაც შეიძლება აღენიშნებოდეს. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნახევრის მონაცვლეობით გაჭედვას.

3. სურდო. შემთხვევათა უმრავლესობაში ავადმყოფს აღენიშნება ცხვირიდან ლორწოვანი (გამჭვირვალე) ან ჩირქოვანი (ყვითელი, მწვანე) გამონადენი. ეს სიმპტომი შეიძლება არ არსებობდეს, თუ ცხვირი ძლიერადაა გაჭედილი, რადგან წიაღიდან გამოდენა გაძნელებულია.

4. ტემპერატურის მატება. სხეულის ტემპერატურა იწევს 38  გრადუსამდე და უფრო მაღლა. როგორც წესი, ეს სიმპტომი შეიმჩნევა მწვავე ჰაიმორიტის დროს. ქრონიკული ჰაიმორიტის შემთხვევაში ტემპერატურის მატება იშვიათი მოვლენაა.

5. საერთო სისუსტე. ავადმყოფი მოთენთილია, უარს ამბობს ჭამაზე, ერღვევა ნორმალური ძილი.

ქრონიკული ჰაიმორიტის კლინიკა დამოკიდებულია ანთების ფორმაზე. ყველაზე ხშირი ნიშანია ცხვირიდან ხანგრძლივად ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის არსებობა დაზიანებულ ან ორივე მხარეს, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, პერიოდულად თავის ლოკალური ან დიფუზური ტკივილი. ორმხრივი პროცესის დროს (განსაკუთრებით პოლიპოზური ფორმის შემთხვევაში) დაქვეითებულია ყნოსვა (ჰიპოსმია) და შეიძლება განვითარდეს მისი სრული დაკარგვა (ანოსმია). ცხვირით სუნთქვის გაძნელება განაპირობებს პირის სიმშრალეს, შრომის უნარის დაქვეითებას, პერიოდულად ყურების დაგუბებას, შეიძლება სმენის დაქვეითებაც კი განვითარდეს.

რემისიის პერიოდში ავადმყოფის საერთო მდგომარეობა და გუნება-განწყობილება დამაკმაყოფილებელია, პათოლოგიურ მოვლენას ეგუება ორგანიზმი და ავადმყოფი იშვიათად მიმართავს ექიმს.

ქრონიკული ჰაიმორიტის გამწვავების პერიოდში შეიძლება მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, გაუარესდეს გუნება-განწყობილება, გაძლიერდეს თავის ტკივილი და ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენის გამოყოფა. დაზიანების მხარეს თვალის ირგვლივი და სახის რბილი ქსოვილების მტკივნეული შეშუპების გაჩენა, გართულებაზე მიუთითებს.

ჰაიმორიტის გართულება

ყველაზე საშიში, რაც ქრონიკულმა ჰაიმორიტმა შეიძლება გამოიწვიოს, არის მენინგიტი (ტვინის გარსის ანთება). გარდა ამისა, არსებობს ისეთი დაავადებების განვითარების საშიშროება, როგორიცაა: მიოკარდიტი, თირკმლების დაზიანება, გენერალიზებული ინფექცია.

მკურნალობა

ზედა ყბის ძვლის წიაღის სხვადასხვა ფორმის ქრონიკული ანთების მკურნალობა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას.

კატარული, სეროზული, ექსუდაციური (ალერგიული), ჩირქოვანი და ვაზომოტორული ფორმების ქრონიკული ჰაიმორიტის დროს მკურნალობას იწყებენ კონსერვატიული მეთოდებით.

შერეული ფორმების დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

ორბიტალური და ქალისშიდა გართულებების შემთხვევაში, ნაჩვენებია გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.

ადგილობრივი მკურნალობის მიზნით ქრონიკული ჰაიმორიტის დროს ინიშნება სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატები. უნდა აღინიშნოს, რომ ცხიმის საფუძველზე დამზადებული სისხლძარღვების შემავიწოებელ წამლებს (პინოსოლი, ტიზინი და სხვა) აქვთ უფრო ხანგრძლივი ეფექტი წყალხსნარიან პრეპარატებთან (ნაფტიზინი, გალაზოლინი, სანორინი და სხვა) შედარებით.

ჰაიმორიტის კონსერვატიული მკურნალობის მეთოდებს შორის ყველაზე ეფექტიანი და გავრცელებულია: ზედა ყბის ძვლის წიაღის პუნქცია, მისი ანტისეპტიკური ხსნარით გამორეცხვა, წიაღში ფართო სპექტრის ანტიბიოტიკისა და ანტისეპტიკების (გენტამიცინი, აუგმენტინი და სხვა) შეყვანა. ასეთი მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ანტიბიოტიკოგრამის განსაზღვრის შემდეგ (უნდა იქნას გათვალისწინებული შესაძლო რეაქცია წამლის მხრიდან). ანტიბიოტიკის ხსნართან ერთად წიაღში უნდა იქნას შეყვანილი პროტეოლიტური ეფექტის მქონე (ტრიფსინი, ქიმოფსინი) ფერმენტების ხსნარი (თუ ჩირქი ძალიან ბლანტია), ან კორტიკოსტეროიდები (წიაღის შესართავის ძლიერი შეშუპების შემთხვევაში), როგორიცაა ჰიდროკორტიზონი, დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი და სხვა.

ზედა ყბის წიაღის პუნქციას, როგორც წესი, ატარებენ დღეგამოშვებით და არა უმეტეს - 7-8 პროცედურისა. 8 პუნქციის შემდეგ თუ კვლავ აღენიშნება პაციენტს ჩირქიანი გამონადენი, მაშინ აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.

ჰაიმორიტის კონსერვატიული მკურნალობის ხანგრძლივად გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი, რადგან წიაღის ლორწოვანი გარსი უკვე მიკროფლორის ცვლილებისადმი მყარი ხდება და მედიკამენტები მხოლოდ მცირე დროით აქვეითებენ პათოლოგიური პროცესის აქტიურიობას.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქრონიკული ჰაიმორიტის კომპლექსური თერაპიის დროს მკურნალობა უნდა იყოს მიმართული მისი მიზეზებისა და ხელშემწყობი ფაქტორების მოშორებისკენ. ოდონტოგენური ჰაიმორიტის შემთხვევაში თავდაპირველად უნდა განხორციელდეს კბილის სანაცია,  შემდეგ კი კონსერვატიული მკურნალობა გაცილებით ეფექტური იქნება. ბავშვთა ასაკში ადენოიდების ან ადენოიდიტის მკურნალობის ტაქტიკა ასეთივე უნდა იყოს - აუცილებელია ცხვირ-ხახის სანაცია და შემდეგ ჰაიმორიტის მკურნალობა. ცხვირის ძგიდის გამრუდების ან ჰიპერტროფიკული პროცესების შემთხვევაში საჭიროა ცხვირის შიგნითა სტრუქტურების წინასწარი ან ერთმომენტიანი ქირურგიული კორექცია.

ჰაიმორიტის მკურნალობის ხალხური მეთოდები

1. მშრალი მენთოლის მარცვლები გახსენით ქვაბში ჩასხმულ მდუღარე წყალში. თავი დახარეთ ქვაბზე, გადაიფარეთ პირსახოცი და შეისუნთქეთ ორთქლი (გაიკეთეთ ინჰალაცია). პროცედურა განაგრძეთ მანამ, სანამ ორთქლი ამოვა ქვაბიდან.

2. მოხარშეთ კარტოფილი მრგვლად, გადაასხით წყალი. დახარეთ თავი ქვაბზე, გადაიფარეთ პირსახოცი და ისუნთქეთ ცხელი კარტოფილის ორთქლი.

3. აადუღეთ წყალი ქვაბში, ჩაამატეთ 0,5 ჩ/კ პროპოლისის სპირტხსნარი და გაიკეთეთ ინჰალაცია.

4. ჰაიმორიტის დროს შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი მალამო: შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩ/კ ყოჩივარდას ძირხვენის წვენი, ხახვის წვენი, თაფლი, კალანჰოეს წვენი, ალოეს წვენი და ვიშნევსკის მალამო. დაასველეთ ამ ნარევში 2 ბამბის ტამპონი (ტამპონის გასაკეთებლად ასანთის ღერზე დახვევით ბამბა), ჩაიდეთ ნესტოებში და გაიჩერეთ 30 წთ. 20-დღიანი მკურნალობის შემდეგ ჰაიმორის ღრუ გაგისუფთავდებათ.

5. გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ თბილი წყლით, რომელსაც დაუმატებთ მცირე რაოდენობის იოდის ხსნარს ან კალიუმის პერმანგანანტს (ე.წ. მარგანცოვკა);

6. ჰაიმორიტის დროს მტკივნეული ადგილის ზემოთ კანი დაიზილეთ ნივრით და შემდეგ შეიზილეთ არყის ხის ნახშირისა და ახალი ოროვანდის ფესვების წვენის ნარევი 20-30 წუთის განმავლობაში. აუცილებელია 2 ასეთი პროცედურის ჩატარება.

7. დილას ან საღამოს დააწვინეთ ავადმყოფი ისე, რომ თავი უკან ჰქონდეს გადაზნექილი და ჩააწვეთეთ მას 5-7 წვეთი გამდნარი კარაქი და გააჩერეთ კარგა ხანს ამ მდგომარეობაში.

8. ცხვირის, ყურებისა და თავის ტკივილის შემთხვევაში ჩააწვეთეთ ავადმყოფს ბოლოკის წვენი ან ცხვირში ჩაუდეთ ბოლოკის წვენში დასველებული ტამპონი;

9. 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალში ცალ-ცალკე მოხარშეთ შემდეგი მცენარეები: 15 გ დაკეპილი კრაზანა, 10 გ გვირილის ყვავილები და 10 გ ბერულა. ნაყენები შეაერთეთ და ჩაიწვეთეთ 5-5 წვეთი თითოეულ ნესტოში, დღეში 3-ჯერ. ამ ნარევის გამოყენება შეიძლება 5-წუთიანი ინჰალაციისთვის. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-12 პროცედურას...

10. ყოჩივარდას წვენი შეურიეთ მცენარეულ ზეთში (1:2), ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში 2 წვეთი, დღეში 3-4-ჯერ.