რატომ არ იკეთებდნენ ქართველები ხერხემალზე ოპერაციას? - გზაპრესი

რატომ არ იკეთებდნენ ქართველები ხერხემალზე ოპერაციას?

სწორედ ამიტომ, უამრავ ადამიანს აწუხებს ხერხემალი და სახსრები. რადიკულიტი, მარილების დაგროვება, ნერვის ანთება - ეს ის დაავადებებია, რომლებსაც XXI საუკუნეში ლამის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ექიმი ნუგზარ თაბუნიძე ხერხემლის დაავადებებს თაბუნიძეთა საგვარეულო მეთოდით, უოპერაციოდ მკურნალობს და უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს. ამ ძირძველი გვარის წარმომადგენლები ავადმყოფებს საუკუნეების წინათ მკურნალობდნენ. ბატონი ნუგზარი დიდი სიყვარულით მოგვითხრობს თავის წინაპრებზე, პროფესიაზე, მამაზე, რომლისგანაც საგვარეულო წამლის საიდუმლო მემკვიდრეობით გადმოეცა და ამაყობს, რომ ოციოდე წლის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც უმკურნალა.

- სულხან-საბა ორბელიანი და ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავენ, რომ სიტყვა "თაბუნი" არაბული წარმოშობისაა და "აქიმს" ნიშნავს. გადმოცემის მიხედვით, არაბ დამპყრობლებს ექიმი რომ დასჭირდებოდათ, ჩემი გვარის ხალხთან მკურნალობდნენ და ასე დაერქვა გვარს "თაბუნიძე". თუმცა, ჩვენი წინაპრები ხალხს მანამდეც მკურნალობდნენ, ვიდრე აქ არაბები შემოვიდოდნენ. მაშინ არ იყო ლანცეტი, ფარმაკოქიმია და ჰორმონალური პრეპარატებით მკურნალობა, ძველი ქართველი დასტაქრები ხალხს სულ მცენარეული წამლებით უმსუბუქებდნენ ტკივილს.

- როგორც ვიცი, თაბუნიძეები თავიანთი საგვარეულო წამლის რეცეპტს საიდუმლოდ ინახავენ.

GzaPress- ამ წამლის რეცეპტს მამა მხოლოდ უფროს ვაჟს უმხელს. რატომ მოხდა, რომ ზოგიერთმა საგვარეულო წამალმა ძალა დაკარგა? - იმიტომ, რომ ამ გვარის წარმომადგენლებმა რეცეპტი საიდუმლოდ არ შეინახეს. როდესაც საგვარეულო მალამოს რძალი, სიდედრი, სიმამრი და ყველა ნათესავი აკეთებს, ის ძალას კარგავს: წამალს ვიღაც მაინც დააკლებს რომელიღაც კომპონენტს და ისიც აღარ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ხოლო როცა ერთი ადამიანი აკეთებს, პირიქით - ამდიდრებს და ამდიდრებს წამლის შემადგენლობას. მეც ზუსტად ისეთ წამალს ვამზადებ, როგორც ჩემი წინაპრები აკეთებდნენ. თუმცა, მედიცინის მიღწევებსაც ვიყენებ. მით უმეტეს, რომ პროფესიით ექიმი-რადიოლოგი ვარ - სახსრებისა და ხერხემლის ექიმი. მკურნალობისას თუ საჭირო გახდა, კლასიკურ მედიცინასაც ვიშველიებ. ჩვენი საგვარეულო წამალი რამდენიმე ათეული ბალახისგან მზადდება და სამი სახისაა: დასალევი ანუ შინაგანი, სხეულზე წასასმელი სითხე და მალამო. ყველა ეს წამალი სერტიფიცირებული და ლიცენზირებულია. თითქმის 50 წელია, ამ საქმეს ვემსახურები. უამრავი იმედგადაწურული ადამიანი მოსულა ჩემთან. მე მათ ისე ვმკურნალობ, როგორც ძველი ექიმები მკურნალობდნენ. ჩვენი წინაპრები კი ხერხემალზე ოპერაციებს არ იკეთებდნენ. ჩემთან მოსულ პაციენტსაც არ სჭირდება ოპერაცია.

- ხომ ვერ გაგვიმხელთ თაბუნიძეების წამალში შემავალ იშვიათ კომპონენტებს?

- ჩვენს წამალში ბევრი ისეთი კომპონენტი შედის, რომელსაც საქართველოში ვერ იპოვით, რადგან გადაშენდა. არის ასეთი მცენარე - ჟენშენი, რომელიც მსოფლიოში არსად ხარობს, გარდა ციმბირისა და ჩინეთისა. უძველეს დროში ის საქართველოში ქარავნებით შემოსულ ჩინელებს შემოჰქონდათ. ჩვენი საგვარეულო წამლის 95% მცენარეულია, მაგრამ მასში ცხოველური ნივთიერებები და მესხეთში არსებული სამკურნალო ქანებიც შედის. მაგალითად, ჩვენი წამლის ერთ-ერთი კომპონენტი ირმის რქაა, მაგრამ მის მოსაპოვებლად ცხოველის მოკვლა სულაც არ არის აუცილებელი. ირემი რქას რომ იცვლის, შეიძლება, მაშინ წამოიღო. ზოგს ჰგონია, რომ მთელი ირმის რქაა სამკურნალო, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა: სამკურნალოა ის ადგილი, სადაც ირმის რქა თავს უერთდება. საქართველოში ირმის სამი სახეობაა გავრცელებული - ქორბუდა, ჭოტა და ფიწალა. სამკურნალო თვისებები ჭოტას რქას აქვს. ეს ცოდნა თაბუნიძეებს წინაპრებისაგან გადმოგვეცა, მაგრამ თუ სპეციალისტი არ ხარ, კარგ წამალს მხოლოდ რეცეპტის ცოდნით ვერ დაამზადებ.

- ბატონო ნუგზარ, სად შოულობთ ამ კომპონენტებს?

- ყველა ეს კომპონენტი იყიდება. მართალია, მალამოს ვამზადებ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია სასმელი, რომელიც სითხის სახით მზადდება: ის ძვლებს ბუნებრივი მინერალებით ამდიდრებს - იქნება ეს კალციუმი, რკინა, ნატრიუმი, ფოსფორი და ა.შ. ადამიანები ხშირად სვამენ კალციუმს, რომელიც მერე ორგანიზმში უგროვდებათ. კალციუმის ორგანიზმიდან გამოდევნა ძალიან ძნელია, თანაც, მინერალები მარტო კალციუმი ხომ არ არის? წლების განმავლობაში ძვლებს მინერალები აკლდება, იფიტება და წარმოიქმნება ოსტეოპოროზი. ამ დროს ძვლები მყიფე ხდება. სწორედ ამიტომ, ყოფილა შემთხვევა, კაცი მეორე სართულიდან გადავარდნილა, მაგრამ არაფერი მოუტეხავს, მაგრამ შეიძლება მეორეს უბრალოდ ფეხი გადაუბრუნდეს და მოტყდეს, ეს იმიტომ, რომ მისი ძვალი ისე მაგარი არ არის, როგორიც პირველის. ამიტომაც არის საჭირო ძვლების ბუნებრივი საშუალებებით გამდიდრება. ჩვენი საგვარეულო წამლის კომპონენტები ძვლებსა და მყესებს სიმტკიცეს ანიჭებს, მისი მიღების შემდეგ ადვილია ნივთიერებათა ცვლის აღდგენა, ტკივილიც იხსნება და ადამიანის სიცოცხლისუნარიანობაც იმატებს. უამრავი დაავადებაა, რომელიც ხერხემალსა და ძვლებს აზიანებს. სამწუხაროდ, ავადმყოფები, რომლებსაც სახსრები და ხერხემალი აწუხებთ, სვამენ გამაყუჩებელ წამლებს, იკეთებენ ოპერაციებს, ჩვენი საგვარეულო წამალი კი მათ უოპერაციოდ შველის. ტკივილგამაყუჩებელი რაც უნდა დიდი რაოდენობით გაიკეთო, პროცესს ვერ აჩერებს. მე კი ვიყენებ დასალევ წამალს, რომ ძვლები და მთელი ორგანიზმი შიგნიდან გაამდიდროს და მალამოს, რომელიც გარეგან ზემოქმედებას ახდენს. განსაკუთრებით ადვილია რადიკულიტის და ნერვის ანთების მკურნალობა, რომელიც ადამიანს აუტანელ ტკივილს აყენებს - ორ-სამჯერ წავუსვამ ჩემს მალამოს და პაციენტები დაფრინავენ ხოლმე. რა თქმა უნდა, თანამედროვე მედიცინის მიღწევებსაც ვიყენებ, მაგრამ ქიმიური და ჰორმონალური პრეპარატებით არ ვმკურნალობ.

- ბატონო ნუგზარ, მოგვიყევით როგორ მკურნალობდით ჩვენს პატრიარქს.

- ათასგვარი მკურნალობა ჩაუტარეს და რომ მივედი, ნემსებისაგან ისე იყო დაჩხვლეტილი, ვენაც გაშავებული ჰქონდა. ბევრი წამალი გაუკეთეს და ეტყობა, აღარ გაიწოვა, ჩაიქცა. სამჯერ წავუსვი წამალი და მითხრა: რამდენიმე საათის შემდეგ სიშავე აღარ მქონდაო. ეკლესიური ადამიანი ვარ და დღემდე მჯერა, რომ პატრიარქს ღვთის ნებით ვუმკურნალე. ისიც ღვთის ნებაა, რომ თაბუნიძეების გვარის წარმომადგენელი, უფროსი ვაჟი ვარ და ამ წამლის საიდუმლო მამამ მე გამიმხილა. 5-6 წლისა ვიყავი და კარგად მახსოვს, როგორ მოჰყავდათ მამასთან ურმებით ტკივილისაგან გამწარებული, აბღავლებული ხალხი. წაუსვამდა მამა წამალს, ისინი ფეხზე დგებოდნენ და გახარებულები მიდიოდნენ. ეს ყველაფერი ჩემზე საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

- მამათქვენი პროფესიონალი ექიმი იყო?

GzaPress- ნიკოლოზ თაბუნიძე 96 წლისაა და ახლაც მხნედ არის. ის ექიმი არ ყოფილა, მაგრამ წინაპრებისაგან ჰქონდა ეს ცოდნა მიღებული. ასაკი არ ეტყობა. იმდენად ძლიერი აღნაგობა აქვს და ჩვენს სოფელში მთაზე, 2600 მეტრის სიმაღლეზე თავისუფლად ადის. მისი მხნეობა ამ წამლის დამსახურებაცაა. მეც ვისვამ ხოლმე, შვილებიც ისვამენ. პროფილაქტიკის მიზნით თვეში ერთხელ ან ექვს თვეში ერთხელ ერთი პროცედურაც რომ ჩაიტარო, კარგია... სამი ძმა და სამი და ვართ. ჩვენი სოფელი ახალციხის რაიონში მდებარეობს და ტყემლანა ჰქვია. მისი სახელი მოდის სიტყვებისგან - "ტყემ მალა". არსებობს გადმოცემა, რომ იქ შეიძლება, თამარის საფლავიც იყოს და ამიტომ დაარქვა ხალხმა "ტყემმალა". ჩვენმა გვარმა დღემდე საიდუმლოდ შემოინახა, სად არის დაკრძალული თამარ მეფე. მეც ვიცი, მაგრამ ამ საიდუმლოს ჯერ არ ვამხელთ.

- ბატონო ნუგზარ, თუ საიდუმლო არ არის, რა ღირს თქვენთან მკურნალობა?

- მკურნალობას ფასს არასოდეს ვადებ. არის წამლები, მაგალითად, ჟენშენი, რომელიც პაციენტმა თვითონ უნდა იყიდოს, მაგრამ როდესაც მკურნალი გიშველის და აუტანელ ტკივილს მოგიხსნის, ხომ უნდა სცე პატივი? ბევრი ისე იპარება, მადლობასაც არ მეუბნება და ეს ძალიან მწყინს. არაერთი ქვეყნიდან მქონია მიწვევა. ერთ ამერიკელ ბიზნესმენს ვუმკურნალე და მერე მთხოვდნენ, - საკუთარ თვითმფრინავს გამოგიგზავნით, ოღონდ წამოდიო. ებრაელებს, ბერძნებს, გერმანელებსაც ვუმკურნალე და მერე ამ ქვეყნებშიც მიწვევდნენ, მაგრამ არ წავედი. როგორც ჩანს, ღმერთმა ინება, რომ აქ ვიყო და ჩემს ხალხს ვემსახურო.

- თქვენ ვის გადასცემთ თქვენს ცოდნას?

- წამლის რეცეპტი ტრადიციისამებრ, ჩემს უფროს ვაჟს ვასწავლე, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა კიევში სწავლობს, მაგისტრატურაში. 20 წლამდე არ ვასწავლიდი იმიტომ, რომ არ შეიძლება - ასე ხდება ჩვენს გვარში. ქალიშვილსაც არ შეიძლება ასწავლო, რომ მერე ცოდნა სხვა გვარზე არ გადავიდეს. ჩვენი გვარი ბაგრატონებს მკურნალობდა ანუ ეს ტრადიციებიც საუკუნეების სიღრმიდან მოდის. სხვათა შორის, თაბუნიძეები კარგი მეომრებიც იყვნენ - ბრძოლის ველიდან დაჭრილი ხომ უნდა გამოიყვანო? თუ კარგი მეომარი არ ხარ, მოგკლავენ. გადმოცემის მიხედვით, თაბუნიძეები ერთ გუნდად შეიკრიბებოდნენ და ისე მიდიოდნენ საომრად და ხშირად, მტერსაც მკურნალობდნენ.

- ბატონო ნუგზარ, ცნობილი ადამიანებიდან ვისთვის გიმკურნალიათ?

- თითქმის ყველასთვის მიმკურნალია - პარლამენტარებიდან დაწყებული, ცნობილი მსახიობებითა და მომღერლებით დამთავრებული. ჯემალ სეფიაშვილთან ოჯახში დავდიოდი. ვერაფერმა უშველა, ვერ მოძრაობდა და ამ წამლით მკურნალობის შემდეგ ცხრა დღეც არ იყო გასული, რომ კონცერტი გამართა. სხვების სახელები კი არ მინდა, გავამხილო - შეიძლება, არ ესიამოვნოთ. ისეთი პაციენტიც მყავდა, რომელიც ყველას მკვდარი ეგონა და მოვარჩინე, მაგრამ როგორც კი შევატყობ, რომ ვერ ვუშველი, პირდაპირ ვეუბნები, - არ ხარ ჩემი პაციენტი-მეთქი.

ხათუნა ჩიგოგიძე