ქართველი ბიჭები ნასას ცენტრში ანუ ტექნიკის დაშლა-აწყობით დაწყებული მიღწევები - გზაპრესი

ქართველი ბიჭები ნასას ცენტრში ანუ ტექნიკის დაშლა-აწყობით დაწყებული მიღწევები

ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი ოკეანის მიღმა საკუთარ გამოგონებას - მულტიკლიმატიზატორს წარადგენენ. მეათეკლასელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შექმნეს. დანადგარი ატმოსფეროში ტენიანობას, წნევასა და ტემპერატურას სრული სიზუსტით ზომავს. საერთაშორისო კონკურსზე 300 საუკეთესო გამოგონებას შორის, ახალციხელი ბიჭების გამოგონებაც შემოწმდება.

მულტიკლიმატიზატორი "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" კონკურსისთვის შექმნეს. კონკურსში საქართველოს მასშტაბით, 88 გუნდი მონაწილეობდა. კარლო ხუციშვილმა და ირაკლი კაპანაძემ მათ შორის პირველი ადგილი დაიკავეს. ისინი ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე, კენედის კოსმოსურ ცენტრში, კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტზე საქართველოს სახელით წარდგებიან.

ირაკლი კაპანაძე ახალციხის მე-6 საჯარო სკოლაში სწავლობს, კარლო ხუციშვილი კი - კერძო სკოლა "მზექაში"... ყველაფერი ერთ-ერთი ახალგაზრდა გამომგონებლის, ირაკლის სახლის აივანზე სახელდახელოდ მოწყობილ "სამუშაო ოთახში" დაიწყო და სულ ცოტა ხანში მათი საქმიანობა სერიოზული გამოგონებებით დაგვირგვინდა. ბიჭებმა მულტიკლიმატიზატორის ასაწყობად საჭირო მასალა საზღვარგარეთიდან ინტერნეტით გამოიწერეს და ინოვაციური მოწყობილობა შექმნეს. მათი თქმით, გამოგონება ფერმერებს ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო მოსავლის დაკარგვისგან იხსნის: მულტიკლიმატიზატორი მათ მოსალოდნელი წვიმის შესახებ 2-3 დღით ადრე შეატყობინებს. ხელსაწყოს დახმარებით ასევე შესაძლებელია ნიადაგის ტენიანობისა და ტემპერატურის გაზომვა.

ირაკლი კაპანაძესა და კარლო ხუციშვილს ინსტრუქტაჟს ირაკლის მამა უწევს. ნუგზარ კაპანაძე ბიჭებს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში ეხმარება. ამერიკაშიც მათთან ერთად გაემგზავრა.

კარლო ხუციშვილი:

GzaPress- ფიზიკის სწავლა მე-7 კლასიდან დავიწყეთ, მაგრამ მანამდე ვიდეოგაკვეთილებითა და ძველი ნივთების დაშლა-აწყობით "ვმეცადინეობდით" და ფიზიკის კანონების შესახებ უკვე ბევრი ვიცოდით... პირველად, სახლში, გაფუჭებული ტელევიზორი შევაკეთე. შემდეგ კომპიუტერი დავშალე და მისი თავიდან აწყობა ვცადე; გამომივიდა. შემდეგ მოვინდომე, რაღაც ჩემითაც ამეწყო. ფიზიკა, რა თქმა უნდა, ახლაც ძალიან მიყვარს... რაც შეეხება მულტიკლიმატიზატორს: მე და ირაკლის მუდმივად გვესმოდა, რომ კახეთში ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც კახეთში სეტყვა მოდიოდა და ფერმერებს მოსავალი ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო უფუჭდებოდა. ამის შესახებ პირველად იდეა ირაკლის გაუჩნდა. ერთი სიტყვით, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ფერმერები ზიანის თავიდან აცილებას შეძლებდნენ. მულტიკლიმატიზატორის მეშვეობით, ფერმერები მოსალოდნელი წვიმის შესახებ 2-3 დღით ადრე შეიტყობენ. ხელსაწყოს დახმარებით ასევე შესაძლებელია მიწის ტენიანობისა და ტემპერატურის გაზომვა, რაც ფერმერებს ნიადაგის მდგომარეობის გაკონტროლებაში დაეხმარება. გარდა ამისა, მულტიკლიმატიზატორში ჩამონტაჟებული GPS-ითა და უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება, მონაცემების ნებისმიერი ადგილიდან მოპოვება. კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატი გაზომავს ატმოსფერულ ტენიანობას, ტემპერატურასა და მიწის მარილიანობას; ნაჩვენები მონაცემებით შესაძლებელი იქნება მიწის ნაყოფიერების განსაზღვრა, რაც ფერმერებს მიწის რაციონალურად გამოყენებაში დაეხმარება... შესაძლებელია მულტიკლიმატიზატორის მიერ დათვლილი ყველა მონაცემი უკაბელოდ მივიღოთ 3 კილომეტრის მანძილზე, ეს ინფორმაცია გადავიტანოთ LCD display-ზე და ასევე - კომპიუტერის ეკრანზე. თუკი მოხდა ისე, რომ მომხმარებელი ანუ ხელსაწყოს მეპატრონე სახლში არ იმყოფება, შესაძლებელია, მას მულტიკლიმატიზატორის მიერ დათვლილი მონაცემები მობილურ ტელეფონში მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვიდეს. ასევე დავუმაგრებთ ვიდეოკამერას, რომლის საშუალებითაც გარემოზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი. კამერა მიმართულებას იცვლის. თუ იმ ადგილზე, სადაც მუტლიკლიმატიზატორია დამაგრებული, ხანძარი გაჩნდა, ინფრაწითელი ფოტოდიოდების საშუალებით ამის შესახებ შევიტყობთ.

- მულტიკლიმატიზატორი ელექტროენერგიით იმუხტება?

- არა, მზის ენერგიით. ხელსაწყო ადამიანებისა და გარემოსთვის უსაფრთხოა.

- ვიცი, რომ ადრეც მონაწილეობდით მსგავს კონკურსებში...

- დიახ, ეს იყო პროექტი "ლეონარდო და ვინჩი", სადაც ასევე მულტიკლიმატიზატორი წარმოვადგინეთ და მეორე ადგილზე გავედით.

- როგორ მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია და ლიტერატურა?

- მუდმივად ძიებაში ვართ. ვეძებთ როგორც ინტერნეტში, ისე - წიგნებში. ძირითადი საფუძვლები ინტერნეტში ინგლისურად მოვიძიეთ და შემდეგ ვთარგმნეთ.

- მომავალ გეგმებზეც გვიამბეთ...

- "ჩხირკედელაობის" გარდა, სპორტითაც ვიყავი დაკავებული - ცხრა წელი კარატეზე დავდიოდი, მაგრამ გამოგონებაზე მუშაობა ბევრ დროს ითხოვდა და საყვარელ ჰობის იოლად შეველიე. მას შემდეგ, რაც მულტიკლიმატიზატორზე მუშაობა დავასრულეთ, კიდევ ახალი სფეროთი დავინტერესდი, - ადამიანის უფლებების შესახებ ბლოგების წერა დავიწყე. ჩემს გულშემატკივრებს, ნასაში წასვლამდე მინდა ვუთხრა კიდევ ერთი წარმატების შესახებ: ვმონაწილეობდი ბლოგების კონკურსში, ნომინაციაში - "ახალგაზრდა ომბუდსმენი" და გავიმარჯვე. იურისპრუდენციით გატაცებასთან ერთად, დროის ყველაზე დიდ ნაწილს მაინც ფიზიკას ვუთმობ. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში, ელექტროინჟინერიაზე მინდა ჩავაბარო, სტუდენტობამდე კი, ქუთაისში ფიზიკის სკოლაში სწავლის გაგრძელებას ვაპირებ.

ირაკლი კაპანაძე:

- თავდაპირველად, ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ მოგიყვებით: სწავლის გაგრძელება ელექტროინჟინერიის მიმართულებით მინდა... მე და კარლოს ერთნაირი ოცნება გვაქვს - ამერიკაში სწავლის გაგრძელება გვინდა, რათა ცნობილი გამომგონებლები გავხდეთ.

- ირაკლი, შენც ბავშვობიდან ხართ დაინტერესებული ამ სფეროთი?

- დიახ, ბავშვობაში ხან რას ვშლიდი, ხან - რას. პატარაობაში პულტიან მანქანებს ვშლიდი და ვაწყობდი, - კაბელიანები კი უკაბელოებად გადამიკეთებია. ერთხელაც, სახლში ტელეფონი დავშალე, შემდეგ კი, რადიომიმღები და ტელევიზორიც მივაყოლე. დაშლილი ნივთებით კი "ციმციმა" ავაწყვე.

- "ციმციმა" რა არის?

GzaPress- ნათურა, რომელიც 55 ტაიმერზე ციმციმებდა, - მიკროსქემაა ასეთი. ამის შემდეგ მაგნიტური ლევიტაცია გავაკეთე: ელექტრომაგნიტის საშუალებით რკინის საგნები ჰაერში ჩერდებოდა. ეს რომ ავაწყვე, მეექვსე კლასში ვიყავი.

- სამუშაო ოთახი შენს სახლში გაქვთ მოწყობილი, ხომ?

- დიახ, ჩემი სახლის აივანზე გვაქვს მოწყობილი პატარა სამუშაო ოთახი, სადაც მე და კარლო ერთობლივად ვმუშაობთ გამოგონებებზე... რაც შეეხება საჭირო ხელსაწყოებსა და მოწყობილობას: ჩვენთვის საჭირო ბევრი ნივთი საქართველოში არ იშოვებოდა და სხვადასხვა უცხოური საიტიდან ვიწერდით. თუმცა, რაღაც-რაღაცების პოვნა თბილისის მაღაზიებშიც შეიძლება. შემდეგ თანდათან "გავართულეთ". ე.წ. "ელექტომაგნიტური იარაღიც" გამოვიგონეთ, რომელიც რკინის საგნებს საკმაოდ დიდ მანძილზე ისვრის. ასევე გავაკეთეთ "აქსერო ხელთათმანი".

- რა ფუნქცია აქვს "აქსერო ხელთათმანს"?

- "აქსერო ხელთათმანის" საშუალებით შეიძლება ავტომობილების, თვითმფრინავების, საზღვაო ტრანსპორტის, რობოტების, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლების, სათამაშოებისა და სხვა ელექტროტექნიკის მართვა. ჩემთვის და ალბათ ჩემი თანატოლებისთვისაც, კომპიუტერულ თამაშებში მისი გამოყენება იქნება სახალისო. მისი საშუალებით ხელის ერთი მოძრაობით შეიძლება, ზემოხსენებული ნებისმიერი ტექნიკის გადაადგილება. ის უსადენოა და გადამცემით მუშაობს...

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვენ ბიჭებს ისევ შევეხმიანეთ და ნასას ცენტრში მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:

ირაკლი კაპანაძე:

- ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან მთლიანი ვიზიტი და განსაკუთრებით, ნასას ცენტრში ყოფნა ძალზე და საინტერესო იყო, ტურები ჩაგვიტარეს და ის ადგილები დაგვათვალიერებინეს, საიდანაც რაკეტების გაშვება ხდებოდა... გარდა ამისა, წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის მულტიკლიმატიზატორის პრეზენტაცია. მის გარშემო უამრავი კითხვა დაგვისვეს...

- თქვენ რით დაინტერესდით? სხვების მიერ შექმნილ პროექტებს ვგულისხმობ...

- უამრავი საინტერესო პროექტი იყო, თუმცა, ძირითადად იდეების დონეზე იყო წარმოდგენილი. ასე რომ, გამორჩევა გამიჭირდა. ყველაფერი ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის და ეს პოზიტივი კარგა ხანს გაგვყვება.

- წარმატებებს გისურვებთ!

- გმადლობ.

ლალი პაპასკირი