ბრუნეი - ციცქნა სასულთნოს დიდი ვნებები - გზაპრესი

ბრუნეი - ციცქნა სასულთნოს დიდი ვნებები

არ შეიძლება ქუჩაში ცხვირის დაცემინება, ვინმეს ან რაიმესკენ თითის გაშვერა, ყვითელი ტანსაცმლით სიარული კი - კატეგორიულადაა აკრძალული. ამ პაწაწინა სახელმწიფოში დიდი მოწყენილობაცაა, რადგან იქაურები არც "ღამის ცხოვრებას" მისდევენ, არც ბარები აქვთ და არც დისკოთეკები. და მაინც, ბრუნეიში მოხვედრაზე ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ოცნებობს...

სადღეისოდ ბრუნეის სასულთნო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რუკაზე მხოლოდ პატარა წერტილად თუ მოჩანს. არადა, ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ის საკმაოდ დიდი და ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელსაც ამჟამად ინდონეზიის შემადგენლობაში მყოფი მარტო უზარმაზარი კალიმანტარის კუნძულის დიდი ნაწილი კი არა, არაერთი მეზობელი კუნძულიც ეკავა. მაგრამ შემდეგ, ბრუნეის ზოგიერთი სულთნის დაუდევრობის გამო, თითქმის ათჯერ დაპატარავდა და ახლა ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში ავტომობილით სულ ორი საათში მოხვდებით. თუმცაღა, ბრუნეის ტერიტორიის და, შესაბამისად, მოსახლეობის მკვეთრ შემცირებას მისი სიმდიდრის ასევე მკვეთრი ზრდა მოჰყვა და ლამის მთელი თავისი მიწების დამკარგავი მისი სულთნები მსოფლიოს უმდიდრესი მბრძანებლები გახდნენ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, სადღეისოდ ბრუნეი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მიკროსკოპული (ტერიტორია - 5,8 ათასი კვადრატული კილომეტერი, მოსახლეობა - 372 ათასი) და, იმავდროულად, ერთ-ერთი უმდიდრესი (მისი ამჟამინდელი სულთანი მსოფლიოს ნებისმიერ სასტუმროში ერთკვირიანი ყოფნის შემდეგ მარტო წვრილმან გასამრჯელოდ 200.000 დოლარს მაინც ტოვებს) ქვეყანაცაა და ამის მთავარი მიზეზი ნავთობისა და გაზის საბადოები გახლავთ.

GzaPressსიტყვა "ბრუნეი" "სამყაროს კურთხეულ სამყოფელს" ნიშნავს და, ბრუნეის სასულთნოს შემთხვევაში, ეს სრული ჭეშმარიტებაცაა. ბრუნეელს რომ ჰკითხოთ, რამდენ გადასახადს იხდიო, ჯერ გაკვირვებით, შემდეგ კი თანაგრძნობითაც შემოგხედავთ: აქაოდა, შენნაირმა ბენტერა უცხოელმა საიდან უნდა იცოდეს, რომ ბრუნეის რიგითი მცხოვრები გადასახადებს საერთოდ არ იხდისო. თუ ბრუნეის უბრალო მოქალაქეებს მხოლოდ გადასახადები არ ადარდებთ, მის ფინანსთაA მინისტრს საგარეო ვალის პროცენტების გადახდისაც არაფერი გაეგება. რატომ? იმიტომ, რომ ბრუნეის საგარეო ვალი საერთოდ არა აქვს. სამაგიეროდ, რიგითმა ბრუნეელმა შესანიშნავად იცის, თუ რა არის სოლიდური საბანკო ანგარიში, რადგან ამ ქვეყნის საზომებით ყველაზე ხელმოკლე მოქალაქესაც კი 20.000 დოლარზე მეტი წლიური შემოსავალი აქვს. თუმცაღა, ბრუნეიშიც არიან ღარიბები, ვისაც იახტისა და თვითმფრინავის ყიდვის ანდა სასახლის აშენების საშუალება არ აქვთ. და ის, რომ ყოველი ასეთი ბრუნეელის საცხოვრებელი 6-7 ოთახისგან მაინც შედგება და ავტოფარეხში კი 2-3 ახალი მანქანა უყენია, მათთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. ბრუნეელი ღარიბები პრაქტიკულად არ მუშაობენ, მაგრამ სახელმწიფოსგან იმდენად დიდ დოტაციებს იღებენ, რომ მათი ცხოვრების დონის ბევრ ევროპელ ბიურგერს შეშურდებოდა.

სამედიცინო მომსახურება და განათლება ქვეყანაში სრულიად უფასოა. მეტიც, თუ ბრუნეის რომელიმე მოქალაქე ჰარვარდში ანდა ოქსფორდში გადაწყვეტს განათლების მიღებას, სახელმწიფო მას ყველა ხარჯს დაუფარავს. თუმცა კი ასეთები არც ისე ბევრნი არიან, რადგან ბრუნეელები თვლიან, რომ ისედაც ყველაფერი აქვთ და ზედმეტი სწავლით თავის გაცხელება აღარ სჭირდებათ.

ბრუნეი მუსლიმანური ქვეყანაა, სადაც შარიათის კანონების განუხრელ შესრულებას რელიგიურ საქმეთა სპეციალური სამინისტრო აკონტროლებს. ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის არ ეწევა, სმით კი საერთოდ არ სვამს. ბრუნეიში სპირტიანი სასმელებით მოვაჭრე მაღაზიებიც კი არ არსებობს.

ქვეყანაში საკმაოდაა წახალისებული მრავალცოლიანობა. მეტიც, მოლები ადგილობრივ მამაკაცებს მეორე და მესამი ცოლის მოყვანას დაბეჯითებითაც კი ურჩევენ, რადგან კრიტიკულ ასაკს მიღწეული ბევრი გასათხოვარი ქალი ჰყავთ. სხვათა შორის, ბრუნეელი ქალები ისლამური სახელმწიფოების უმეტესობის ქალებზე ბევრად უფრო თავისუფლად ცხოვრობენ. მართალია, მოკლეკაბიან ან შემოტმასნილმაისურიან გოგონებს ვერც ბრუნეის ქუჩებში შეხვდებით, მაგრამ ევროპული ტანსაცმლით სიარულს მათ არავინ უკრძალავს. ადგილობრივი ლამაზმანები მანქანასაც მართავენ, პოლიციაშიც მსახურობენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობენ. მაგრამ თუნდაც ესოდენ თანამედროვე ბრუნეელ ქალთან გაარშიყებას მაინც არ გირჩევთ, რადგან ამის ჩამდენ უცხოელს ქვეყნიდან სასწრაფო დეპორტაცია, ზოგჯერ კი ციხეც არ ასცდება. ყველაზე ცუდ დღეში თავს მაინც ბრუნეიში ჩასული ნარკომოვაჭრეები იგდებენ, რადგან ასეთებს იქ უცილობლად სიკვდილით სჯიან.

GzaPress1929 წელს ბრუნეელები ყველაზე დალოცვილ წლად თვლიან, რადგან ქვეყანაში სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ნავთობი და გაზი, რომლებზეც დღეს ქვეყნის მთელი ექსპორტის 90 პროცენტი მოდის და მისი წყალობით ამ ერთი ბეწო ქვეყნის ოქროს და სავალუტე მარაგები 35 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ბევრი სხვა პატარა სახელმწიფოს მსგავსად, ბრუნეისაც უყვარს თავისი დიადი მნიშვნელობის ხაზგასმა და ყველაფრისთვის გრძელი და დაღვარჭნილი სახელების დარქმევა. მაგალითად, ბრუნეის ოფიციალურად ბრუნეი დარუსალამი ჰქვია, მის დედაქალაქს კი - ბანდარ-სერი-ბეგავანი. სხვათა შორის, პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო "ემპაირი" სწორედ ბრუნეის დედაქალაქში მდებარეობს. ბრუნეელებმა მის ასაშენებლად თითქმის სამი მილიარდი დოლარი დახარჯეს და ეკონომია არც მოწყობაზე გაუწევიათ. ასე რომ, "ემპაირის" მთელი სანტექნიკა, ჭურჭელი, კარების სახელურები და თვით კონდიციონერების ღილაკებიც კი ძვირფასი ლითონებისგანაა დამზადებული. სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარე პლანეტის უდიდესი ზღვისწყლიანი აუზის ფართობი თერთმეტი ათას კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

მაგრამ ბრუნეის მთავარი სიამაყე მაინც სულთნის სასახლე, ისტანა-ნურულ-იმანია. ის პლანეტის უძვირფასეს სასახლედაა აღიარებული და გინესის რეკორდების წიგნში "მსოფლიოს მერვე საოცრებად" არის შეტანილი. სასახლეში თითქმის ორი ათასი დარბაზი და ოთახია, რომელთაგან სამასი მარტო ოქროსსანტექნიკიანი სააბაზანოა.

ბრუნეელები სულთნის უშუალო პატრონაჟით მოქმედი ჯერუდონგ-პარკითაც ძალიან ამაყობენ. ამ გიგანტური სპორტულ-გასართობი კომპლექსის ნებისმიერ სტუმარს სრულიად უფასოდ შეუძლია სულთნის ერთ-ერთი საყვარელი გასართობის, პოლოს თამაში, გოლფის უმდიდრეს მინდორსა და კროკეტის უზარმაზარ მოედანზე, აგრეთვე, ულტრათანამედროვე სასროლეთსა და კარტინგის ტრასაზე საკუთარი ძალების მოსინჯვა. მათი ბავშვები ამასობაში მეზობელ ლუნა-პარკში გაერთობიან, რომელთან შედარებითაც თვით სახელგანთქმული "დისნეილენდიც" კი უსახურ პაროდიად მოჩანს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰია, ის თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრიცაა და რელიგიური ლიდერიც. ორიოდე წლის წინ სულთანმა ხელახლა დააარსა პარლამენტი, რომლის გარეშეც ქვეყანა ბოლო ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მშვენივრად არსებობდა. ახალ საკანონმდებლო ორგანოში ჰასანალ ბოლკიაჰმა 21 კაცი, მათ შორის საკუთარი უმცროსი ძმაც შეიყვანა. თუმცაღა, კითხვაზე თუ რით არის დაკავებული ეს "უცნაური საკრებულო", პასუხს ვერავინ, მათ შორის თვით "პარლამენტარებიც" კი ვერ გაგცემენ.

ბრუნეელები თავიანთ სულთანს მუდა ჰასანალ ბოლკიაჰ მუიზადინ ვადაულაჰად მოიხსენიებენ, თუმცაღა, მისი სრული სახელი ბევრად უფრო გრძელია და 28 სიტყვისგან შედგება. ჰასანალ ბოლკიაჰი ბრუნეის ოცდამეცხრე სულთანია და ტახტზე თითქმის ორმოცი წლის წინ ავიდა. ის ძალიან მიმზიდველი და ბრწყინვალე განათლებამიღებული ადამიანია და, ბრუნეის უნივერსიტეტის გარდა, დიდ ბრიტანეთში სამხედრო აკადემიაც აქვს დამთავრებული. ჰასანალ ბოლკიაჰი მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ და ოთხ უცხო ენაზე, მათ შორის რუსულადაც თავისუფლად ლაპარაკობს.

სულთნის ყველაზე დიდი სისუსტე ავტომობილებია. მისი მიწისქვეშა ავტოფარეხი, რომელიც ხუთი ათას რჩეულ მანქანას იტევს, ფართობით მოზრდილ აეროდრომს მოგაგონებთ. ბოლკიაჰის მთავარი სიამაყე ექვსი სახელგანთქმული "ფერარია", რომელთაგან თითო ნახევარი მილიონი დოლარი მაინც ღირს. საკუთარი კოლექციის მარგალიტად კი სპეციალურად მისთვის დამზადებულ F-X-ს თვლის, რომელიც ავტომობილზე მეტად საიუველირო მაღაზიასთან შერწყმულ თვითმფრინავს მოგაგონებთ. კლასიკურ "მერსედესებს" სულთანი საერთოდაც ბითუმად ყიდულობს და არც "როლს-როისსა" და "ბენტლის" უვლის გვერდს. ჰასანალ ბოლკიაჰი ყოველწლიურად 50 "ჩვეულებრივ" და ამდენსავე ოქროთი ინკრუსტირებულ

GzaPress"როლს-როისს" (თითოს მილიონ დოლარად) ყიდულობს. მანქანები მანქანებად და სულთანს ცხენებიც ძალიან უყვარს და 200 რჩეულ ბედაურს გულმოდგინედ უვლის და ინახავს. აი, თვითმფრინავებს კი დიდად როდი სწყალობს და სულ ორად-ორი " Boeing 747-400s"-ი და ექვსი მომცრო " Airbus"-ი თუ აქვს. მართალია, სულთანი თვითმფრინავსაც მშვენივრად მართავს, მაგრამ მაინც უფრო ახალგაზრდების ტრანსპორტად მიიჩნევს და ხშირად შვილებს დაბადების დღეებზე სწორედ თვითმფრინავებს ჩუქნის.

მართალია, ბრუნეისაც ჰყავს საკუთარი ისლამისტი რადიკალები, მაგრამ ისინი არც რამეს აფეთქებენ და არც თვითმფრინავების გატაცებას ცდილობენ. ერთადერთი, რის გამოც ბრუნეელი რადიკალები თავიანთ სულთანს საყვედურობენ (და - ისიც მხოლოდ შეფარულად), ცოლების სიმცირეა. მიუხედავად იმისა, რომ ისლამი ოთხი ცოლის ყოლის ნებას იძლევა, სულთან ბოლკიაჰს ყოველთვის მხოლოდ ორი თუ ჰყავდა. ამ ბოლო ხანებში კი საერთოდაც ერთის - უფროსი ცოლის ამარაღა დარჩა, რომელსაც სახელად ისტერია რქმევია. თუმცაღა, როგორც საქმეში ჩახედულნი ირწმუნებიან, ამას წყვილის ორმოცწლიანი შეხმატკბილებული თანაცხოვრებისთვის ხელი ოდნავადაც არ შეუშლია. ისე, იმასაც ამბობენ, რომ ბოლკიაჰს აღმოსავლური საზომებით საკმაოდ პატარა, ასე, 40-სულიანი ჰარამხანაც უნდა ჰყავდეს, რომლის ბინადართა "სულიერ ტანჯვას" (თურმე, ნუ იტყვით და ეს ქალები სულთანს ძალზე იშვიათად, ზოგჯერ კი საერთოდაც ვერ ხედავენ) დასავლური ყვითელი პრესა ყოველთვის განსაკუთრებული დაგემოვნებით აღწერს. ჟურნალისტების მტკიცებით, ბრუნეის სულთნის ჰარამხანა იმითაცაა განსაკუთრებული, რომ ხარჭებთან (ბრუნეიში ისინი, თურმე, მთელი მსოფლიოდან ჩაჰყავთ) მხოლოდ სამ-ოთხთვიან კონტრაქტს თუ აფორმებს. ამის შემდეგ კი ძვირფასი საჩუქრებით დატვირთულთა და კარგი ანაზღაურებით ხელდამშვენებულთ შინ აბრუნებს, თანაც ისე, რომ ზოგ მათგანს სულთნისთის თვალიც არ აქვს მოკრული.

ბრუნეელებს ორი მთავარი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე და სულთნის დაბადების დღე - აქვთ და მეორე, პირველთან შედარებით, ყოველთვის მოკრძალებულად აღინიშნება. თუმცაღა, 1996 წელს, სულთნის 50 წლისთავის ზეიმმა სამყარო ნამდვილად გააოგნა. მაშინ სულთანმა ბრუნეიში ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, სტუმრების გასართობად კი მაიკლ ჯეკსონი მიიწვია.

თავისი მესამოცე დაბადების დღე ჰასანალ ბოლკიაჰმა შედარებით თავშეკავებულად აღნიშნა და მხოლოდ ათი ათასი სტუმრის მიწვევით და სამი ათასი მოსწავლის მხრიდან მხურვალე მისალმების მოსმენით შემოიფარგლა. თუმცაღა, ის დღე ქვეყნის ისედაც მადლიერ მოსახლეობას მაინც განსაკუთრებით დაამახსოვრდა, რადგან სულთანმა ქეშევრდომთათვის განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება და, ოცი წლის განმავლობაში პირველად, სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდა გადაწყვიტა. სიტყვით გამოსვლისას კი მათ, პირველ რიგში, ფულის ყაირათიანად ხარჯვა და შავი დღისთვის გადანახვა ურჩია.

ხელქვეითებმა სულთნის შეგონება ალბათ, ამჯერადაც კარგად გაითავისეს, რასაც ვერ ვიტყვით მის უმცროს ძმა ჯეფრიზე, რომელმაც მარტო საკუთარი ქონების განიავება კი არა, სულთნის ხაზინაში შეძრომა და 16-მილიარდიანი ვალის წამოკიდება მოახერხა. ასეთი ვალის თუნდაც ნაწილის დასაფარად ჰასანალ ბოლკიაჰმა ჯეფრის საკუთარი ქონების გაყიდვა აიძულა. გასაყიდად გამოტანილმა იტალიიდან, ინდოეთიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ჩატანილმა ტონობით მარმარილოსა და გრანიტის იშვიათმა სახეობებმა, ფერწერულმა და სკულპტურულმა ნამუშევრებმა, სახანძრო მანქანებმა, საბრძოლო ვერტმფრენმა, სუფთა ოქროს უნიტაზებმა და სხვა ფუფუნების საგნებმა თვით "ყოვლისმომსწრე" ლონდონის საზოგადოებაც კი შოკში ჩააგდო. უმცროსი ძმის წინდაუხედავმა საქციელმა სულთნის პირად აქტივებს სერიოზული დარტყმა მიაყენა და თუ სულ რამდენიმე წლის წინ ის თავისი 38-მილარდიანი ქონებით სამყაროს უმდიდრეს მმართველად ითვლებოდა, ახლა მხოლოდ მეოთხე ადგილსღა სჯერდება. ფუქსავატი ჯეფრი ბოლკიაჰმა ლონდონიდან სამშობლოში აღარ ჩაუშვა და მხოლოდ "პურსა და წყალზე" ყოფნა მიუსაჯა ანუ თვეში სამასი ათასი დოლარის ამარა დატოვა. თავად კი ეკონომიის გაწევა გადაწყვიტა და ყველას გასაგონად გამოაცხადა, რომ ტახტის მემკვიდრის, 30 წლის ალ მუხტადი ბილაჰა ბოლკიაჰის ქორწილი "ძალზე მოკრძალებულად" ჩაივლიდა. თუმცაღა, უბრალო ოჯახიდან გამოსულ საპატარძლოს, 17 წლის სარა სალეჰს, რომელიც ქორწილში უმსხვილესი ბრილიანტებით ნაძვის ხესავით იყო მორთული და ქმარმა საქორწინო მოგზაურობაში (სარას ცხოვრებაში ეს საერთოდაც პირველი მოგზაურობა იყო) ოქროს "როლს-როისით" წაიყვანა, ასე ნამდვილად არ მოსჩვენებია.

ტრადიციის მიხედვით, სულთნის უფროს ვაჟიშვილს მშობლიური კერის დატოვების უფლება არ აქვს. თუმცაღა, არა გვგონია, მამამთლის 2000-ოთახიან სასახლეში სარას "საკუთარი კუთხის" პოვნა გასჭირვებოდა. სულ ახლახან სულთანმა ამავე სასახლეში უმცროსი ვაჟიშვილიც დააქორწინა. ქორწილს ასობით მათი ნათესავი და მეგობარი, უცხოელი დიპლომატები და სახელგანთქმული ადამიანები დაესწრნენ. ახალდაქორწინებულები საზოგადოების წინაშე უძვირფასესი ეროვნული სამოსით წარდგნენ. საპატარძლოს უმსხვილესი ბრილიანტებითა და ზურმუხტებით მორთული ოქროს სამკაულები ამშვენებდა, ხელში ყვავილების ნაცვლად ძვირფასი ქვების თაიგული ეჭირა, ფეხზე Christian Louboutin-ის

4000-დოლარიანი ფეხსაცმელი ეცვა, კოჭზე კი მსხვილი ოქროს სამაჯური უბრწყინავდა. საქორწინო ცერემონიამ თერთმეტი დღე გასტანა. ბრუნეის მთელმა მოსახლეობამაც ზუსტად ამდენ ხანს იზეიმა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სულთნის ხაზინა უწინდებურად სავსე იყო და, შესაბამისად, არც მათ კეთილდღეობას ემუქრებოდა რამე. აი, ასე ბედნიერად და უზრუნველად ცხოვრობენ ბრუნეელები და უფალს მხოლოდ იმასღა ევედრებიან, რომ გაზისა და ნავთობის შემცვლელის გამომგონებელი ჭკუისკოლოფი დედამიწაზე არასოდეს გამოჩნდეს.