რას ჰყვებიან ნეპალში მყოფი ქართველი ტურისტები მიწისძვრის შესახებ - გზაპრესი

რას ჰყვებიან ნეპალში მყოფი ქართველი ტურისტები მიწისძვრის შესახებ

ამის შესახებ დასავლური მედია, ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. ყველაზე ძლიერი ბიძგები დედაქალაქ კატმანდუში დაფიქსირდა და მოსახლეობა იქაურობას ტოვებს, ვინაიდან სტიქიის შედეგად ქალაქში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა.

7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში რამდენჯერმე განმეორდა და ქალაქი თითქმის მიწასთან გაასწორა. ძლიერმა ბიძგებმა ევერესტზე ზვავი გამოიწვია, რასაც 70-მდე ალპინისტი შეეწირა... იმ დროისთვის ნეპალში ქართველი ტურისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც საბედნიეროდ, უსაფრთხოდ არიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნეპალში ამჟამად საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება. არც ერთ მათგანს ინდოეთში საქართველოს საელჩოსთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.

მაკა ჭითანავა, ნეპალში მყოფი ქართველი ტურისტი:

- აქაურობა მიწასთან არის გასწორებული... იმ დროს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, კატმანდუში არ ვიყავით, ჩიტვანის სამეფო პარკში ვიმყოფებოდით და ასე გადავურჩით ნგრევაში მოყოლას. თუმცა, იმდენად ძლიერი ბიძგები იყო, რა თქმა უნდა, ვიგრძენით.

"ნამასტე ფრომ კატმანდუ. ყველაფერი კონგენიალურადაა. როგორც წესი და რიგი", - წერდა მწერალი, ბესო ხვედელიძე 21 აპრილს, სოციალურ ქსელში, რომელიც ნეპალში ქართველი ტურისტების გიდია. - "ამჟამად, პოკაჰარაში, სასტუმრო "სიმრიკში" ვართ, სადაც კენჭიც კი არ ჩამოვარდნილა... არ ინერვიულოთ", - წერს მწერალი, რომელიც ნეპალში სამოგზაუროდ მეთოთხმეტედ იმყოფება.

"წყლისა და საკვები პროდუქტების დეფიციტია. დედაქალაქიდან გასასვლელ გზებზე საცობებია, კატმანდუს აეროპორტში კი - გამგზავრების მსურველთა უზარმაზარი რიგები. აეროპორტი, ძირითადად, სამხედრო თვითმფრინავებს აქვთ დაკავებული, რომელზე ასვლასაც უბრალო მოქალაქეები ცდილობენ... აქამდე არაფერი ვიცოდი ნეპალელების პატრიოტიზმის შესახებ, ახლა კი გაოცებული ვუყურებ მათ, საკუთარ სახლებს კი არა, დანგრეულ წარსულსა და კულტურას დასტირიან; ძალიან განიცდიან, რომ ღირსშესანიშნაობათა დიდი ნაწილის აღდგენა თითქმის შეუძლებელია და ძალიან აღიზიანებთ მიწისძვრის შედეგად განადგურებულ ნაგებობებთან მოპოზიორე უცხოელი ტურისტები", - ჰყვებიან თვითმხილველები...

GzaPress

მარიამ გრესტი-ასლამაზიშვილი, ემიგრანტი ტურისტი:

- წლებია, ემიგრაციაში ვცხოვრობ. ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობ და ხშირად მიწევს ამ ქვეყანაში ჩამოსვლა. ნეპალურ ფოპლკ-საღამოზე წასასვლელად ვემზადებოდით, მაგრამ ქუჩაში თვალიერებას შევყევით... კიდევ კარგი, არ შევედით. მიწისძვრა ვიგრძენით, მაგრამ ნგრევა ჩემი თვალით არ მინახავს. თუმცა, ნახეს ჩემმა მეგობრებმა... კლუბის შენობა, სადაც შესვლას ვაპირებდით, ძველი იყო და მთლიანად დაინგრა... ადგილობრივები ჯერ კიდევ შოკში არიან. მათი გაოგნებული სახეების ნახვამ შემძრა. დროთა განმავლობაში ვითარება დამძიმდება, რადგან სამაშველო სამსახურები და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საავადმყოფოების უმრავლესობა გადავსებულია, მედიკოსებს არ ჰყოფნით აღჭურვილობა და მედიკამენტები. მეწყრების გამო, მაშველები ძნელად მისადგომ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან დასახმარებლად ვერ მიდიან. მიწისძვრამ კატმანდუს ძველი შენობების დიდი ნაწილი დაანგრია და ათიათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა.

როგორც ცნობილია, ქართველი ტურისტები ნეპალიდან გამომგზავრებას 30 აპრილს აპირებენ. ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელობა უკვე ესაუბრა ავიაკომპანია "ეარ არაბიას" და იმედოვნებს, რომ ტურისტები საქართველოსკენ სწორედ 30 აპრილს გამოემგზავრებიან.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა რაიმე ტიპის დახმარება გაუწიოს მიწისძვრით დაზარალებულ ნეპალს, თუმცა, ამ მხრივ ინიციატივას იჩენენ სამოქალაქო აქტივისტები. გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული ორგანიზაციები სტიქიური უბედურებით დაზარალებული ქვეყნის ფართომასშტაბიანი დახმარებისათვის ემზადებიან.

ლალი პაპასკირი