ბილ გეიტსი: "საჯდომსა და დივანს შორის დოლარი ვერაფრით გაიფრენს" - გზაპრესი

ბილ გეიტსი: "საჯდომსა და დივანს შორის დოლარი ვერაფრით გაიფრენს"

თავად კი, გსურთ ეს თუ არა, საკუთარ კომპიუტერში ამ სტრიქონების "ფურცვლით", მისი მთავარი პირმშოს, კომპანია "მაიკროსოფტის" დევიზის - "კომპიუტერი ყველა მაგიდაზე და ყველა სახლში!" ცოცხალი ილუსტრაცია ბრძანდებით.

როგორც ნებისმიერ გამორჩეულ პიროვნებაზე, ბილ გეიტსზეც უამრავი, თანაც როგორც დადებითი, ისე აურყოფითი აზრი და შეხედულებაა შექმნილი და ბევრ მათგანს ალბათ, არსებობის სრული უფლებაც აქვს. მაგრამ მოდი, ამჯერად ნურც მის განმაქიქებლებთან ვიკამათებთ და ნურც ცაში ამყვანთ დავუკრავთ კვერს. უბრალოდ, ბიზნესის ოქროს წესი - "წარმატებული ადამიანებისგან უნდა ისწავლო" - გამოვიყენოთ და იმაზე ვისაუბროთ თუ ამ ადამიანის ცხოვრებაში მომხდარმა რომელმა მოვლენებმა და ხასიათის რომელმა თვისებებმა აქცია ის იმად, ვინც დღეს არის. მაშ ასე, კიდევ ერთხელ გავიცნოთ ბილ გეიტსი - კორპორაცია "მაიკროსოფტის" დამაარსებელი, პლანეტის უმდიდრესი (თანაც - უკვე თექვსმეტგზის!) ადამიანი, ქარიზმატული ბიზნესლიდერი, ინოვატორი, დიდი ბრიტანეთის რაინდი, კარგი მეოჯახე და სამი შვილის მამა.

GzaPress

უილიამ ჰენრი გეიტს III (სწორედ ეს ვრცელი სახელი დაარქვეს მომავალ კომპიუტერულ გენიოსს მშობლებმა) 1955 წლის 28 ოქტომბერს, ამერიკის ჩრდილო-დასავლეთის უმსხვილეს ქალაქ სიეტლში, კორპორატიული ადვოკატისა და უნივერსიტეტის პედაგოგის საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა.

ცხოვრებისეული ფასეულობებისადმი სწორი მიდგომა ადამიანს ბავშვობიდანვე უყალიბდება და ბილს და მის ორ დას ამ მხრივ ძალიან გაუმართლათ, რადგან მშობლები მათი ყოველმხრივ განვითარებულ და ღირსეულ ადამიანებად აღზრდისთვის არაფერს იშურებდნენ. "მშობლები მუდამ კითხვისა და ფიქრისკენ გვიბიძგებდნენ. - იხსენებს გეიტსი. - ყველანაირ დისკუსიაში - წიგნებით დაწყებული და პოლიტიკით დამთავრებული - აქტიურად გვრთავდნენ".

თავიდანვე თანასწორუფლებიანი ურთიერთობისა და "არაბავშვურ" თემებზე თამამად მსჯელობის ფუფუნების მიუხედავადაც კი, ყმაწვილი გეიტსის ცხოვრება მთლად აწყობილი მაინც არ ყოფილა და ზოგჯერ მარტო მშობლებს კი არ "ეომებოდა", სკოლაშიც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ამერიკის მოქალაქე კი, რომელსაც პრობლემებთან ერთად ფულიც არ აკლია, მეორეს ყოველთვის პირველის მოსაგვარებლად იყენებს და ფსიქოლოგთან მიდის. ბილის მშობლებიც სწორედ ასე მოექცნენ და თავიანთი დაუდეგარი ვაჟიშვილი გამოცდილ სპეციალისტს მიუყვანეს, რომელმაც პირველ რიგში ის ურჩიათ, რომ მისთვის "ტრადიციული ქცევები და მორჩილება" არ დაეძალებინათ. უფროსმა გეიტსებმა ფსიქოლოგის რჩევა მარტო ყურად კი არ იღეს, ამ მხრივ სასურველი შედეგის უკეთ მისაღწევად შვილი ელიტურ კერძო სკოლაშიც გადაიყვანეს, სადაც ბილმა შესანიშნავი განათლება მიიღო. მომავალი კომპიუტერული გენიოსი სასკოლო საგნებიდან განსაკუთრებით მათემატიკამ გაიტაცა, რომლის მასწავლებელიც მის "ორიგინალურ აზროვნებასა და საკითხის უმოკლესი გზით გადაჭრის უნარს" ხშირ-ხშირად უსვამდა ხაზს. გეიტსის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი მოვლენა - კომპიუტერთან პირველი კონტაქტიც სწორედ ამ სკოლაში შედგა. "კომპიუტერთან მუშაობის შესაძლებლობა გასული საუკუნის სამოციან წლებში რაღაც განსაკუთრებული მოვლენა იყო". - დღემდე ჭაბუკური აზარტით იხსენებს იმ დროს გეიტსი და ამას, პირველ რიგში, სკოლის დედათა კლუბს უმადლის, რომლის წევრებმაც მოსწავლეებისთვის კომპიუტერის საყიდელი ფული შეაგროვეს.

GzaPress

იმდროინდელი კომპიუტერი ოთახში ძლივს ეტეოდა და ძალიან ნელა მუშაობდა. ამიტომაც, ბილსა და მის სკოლის მეგობარ პოლ ალენს, რომელიც შემდგომში "მაიკროსოფტის" თანადამფუძნებელი გახდა, ამ "რკინის მონსტრის" წინ მთელი თავისუფალი დროის გატარება უხდებოდათ და ხშირად სკოლაში დილის ოთხ-ხუთ საათამდეც კი რჩებოდნენ. ასეთმა თავგამოდებამ სასურველი შედეგი მალევე გამოიღო და 13 წლის ბილმა უკვე თავისი პირველი კომპიუტერული პროგრამა შექმნა. მშობლებმა კი მისი შემდგომი აღზრდის საქმეში კიდევ ერთი გონივრული ნაბიჯის გადადგმაც არ დააყოვნეს. კერძოდ, ბილს სკოლაში სწავლისთვის საჭირო თანხას უწინდებურად უხდიდნენ, წიგნების საყიდელ ფულსაც არ აკლებდნენ, მაგრამ თავის მთავარ გატაცებასთან - კომპიუტერთან დაკავშირებულ ხარჯებზე მხოლოდ თავადვე უნდა ეზრუნა. ბილ გეიტსი მისი მშობლების მაშინდელ საქციელს საკუთარი დიდი წარმატების ერთ-ერთ ფორმულად მიიჩნევს და ყველა მშობელს ურჩევს, სანამ შვილებისთვის ყველაფერს გაიღებდნენ, კარგად დაფიქრდნენ, მისცემს თუ არა ეს სტიმულს მათ შემდგომ განვითარებას.

მშობლებისგან გადმოღებული აღზრდისადმი სწორი მიდგომა გეიტსმა, პირველ რიგში, საკუთარი შვილების აღზრდას დაუდო საფუძვლად და დაწერა ანდერძი, რომლის თანახმადაც მისი ძირითადი კაპიტალი საქველმოქმედო ფონდებს გადაეცემათ, შვილები კი (გეიტსს ორი გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავს) მხოლოდ ათ-ათი მილიონი დოლარისა და ჩინებული განათლების "ამარა" დარჩებიან. სამყაროს უმდიდრესი ადამიანი თავის გადაწყვეტილებაში საჩოთიროს ვერაფერს ხედავს, რადგან თვლის, რომ წარმატებას ყველამ, მათ შორის მილიარდერის შვილებმაც, დამოუკიდებლად უნდა მიაღწიონ.

ბილ გეიტსი ნებისმიერ სამუშაოს პატივს სცემს და ყველა მოზარდსაც სწორედ ამისკენ მოუწოდებს: "მაკდონალდსში ბურგერების შეწვა ოდნავაც არ დაგამცირებთ. თქვენი ბებია-ბაბუები ხომ ნებისმიერ, თვით ასეთ საქმესაც კი ცხოვრებაში ფეხის მოკიდების კარგ შანსად ჩათვლიდნენ". ბავშვობიდანვე მუხლჩაუხრელ შრომას მიჩვეული, სიზარმაცეს არავის უწონებს და ამის თაობაზე ერთხელ მოსწრებულადაც შენიშნა, რომ "საჯდომსა და დივანს შორის დოლარი ვერაფრით გაიფრენს"-ო. თვითონ დოლარის "ფრენისთვის" თავიდანვე არ შეუშლია ხელი და 15 წლისამ საგზაო მოძრაობის დარეგულირების პროგრამის დაწერაში 20 000 დოლარი, 17 წლის ასაკში კი ბონევილის კაშხლის ენერგიის განაწილების პროგრამის შემუშავებაში უკვე 30 000 დოლარი აიღო.

1970 წელს ბილ გეიტსი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. თუმცაღა, იქ სწავლა დიდად როდი აინტერესებდა და, ამიტომაც, მთელ დროს პოკერის თამაშსა და საკუთარ ბუნდოვან მომავალზე კიდევ უფრო ბუნდოვან ფიქრში ლევდა. მაგრამ 1975 წლის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც პოლ ალენმა ჟურნალ "პოპულარული მექანიკის" ნომერი მიუტანა, ყველაფერი უცბად და სასიკეთოდ შეიცვალა. ჟურნალის გარეკანზე მასობრივი მყიდველისთვის განკუთვნილი პირველი კომპიუტერის - "ალტაირ-8080"-ის ფოტო იყო დაბეჭდილი. ბილი მაშინვე მიხვდა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ჯერაც არმქონე ამ უბრალო მანქანისთვის ენის შემუშავება მას და მის მეგობარს ახალი ცხოვრების დაწყების დიდ შანსს მისცემდა. მაგრამ რადგანაც კონკურენცია ძალიან დიდი იყო, ამის გაკეთება ყველასთვის უნდა დაესწროთ. და ასეც მოხდა. თუმც კი მანამდე ყმაწვილებმა სერიოზულად გარისკეს და პროგრამა ჯერ ბოლომდე დაწერილიც კი არ ჰქონდათ, შემკვეთებს მის დროულად წარდგენას რიხით რომ შეჰპირდნენ. სწორედ იმ პერიოდიდან მოდის გეიტსის კიდევ ერთი შეგონება, რომლის თანახმადაც "როგორც კი თავში კარგი იდეა მოგივათ, მაშინვე მოქმედებაზე უნდა გადახვიდეთ". ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ბილმა და პოლმა დღე და ღამე გაასწორეს და მათ მიერ "ბეისიკის" ენაზე დაწერილი პროგრამის პრეზენტაციამ მარტო ზუსტად დათქმულ დროს კი არა, დიდი წარმატებითაც ჩაიარა. "ჯერ კიდეც 1975 წელს, პირველი მიკროკომპიუტერისთვის დაწერილი საწყისი კოდის აღდგენა ახლაც თავისუფლად შემიძლია, - აცხადებს კომპიუტერული მაგნატი. - რადგან ჩემი გული დღემდე "ბეისიკს" ეკუთვნის".

GzaPress

1975 წელს ბილ გეიტსმა კომპანია "მაიკროსოფტი" დააარსა და ჰარვარდში სწავლას, უფრო ზუსტად კი სიარულს თავი დაანება. დღემდე ბევრს უყვარს მილიარდერის კიდევ ერთი გამონათქვამის - "ნებისმიერ დროს წამოდით და საკუთარი საქმე წამოიწყეთ, ჰარვარდში დაბრუნება ხომ გვიან არასოდეს არის!" ტირაჟირება, მაგრამ ის კი ავიწყდებათ, რომ სიტყვებიც: "მსოფლიო ყოველწლიურად სულ უფრო კონკურენტული ხდება და უმაღლესი განათლება ახლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ადრე სასკოლო განათლება იყო", მას ეკუთვნის. ისე, ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ტრადიციული შავი ქუდის მორგება ბილ გეიტსს მაინც მოუწია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2007 წელს ჯერ სამეცნიერო ხარისხი მიანიჭეს და შემდეგ ჰარვარდის 1977 წლის ნაკადის ყველაზე წარმატებულ სტუდენტადაც აღიარეს.

თავიდან "მაიკროსოფტს" საქმე არც ისე კარგად მიუდიოდა, მაგრამ გეიტსს ფარ-ხმალი წამითაც კი არ დაუყრია და არც საყვარელი საქმის კეთება შეუწყვეტია. ის კი არადა, ხანდახან იმდენად თავდაუზოგავადაც მუშაობდა, რომ დაღლილ-დაქანცულს პირდაპირ კლიენეტების თვალწინ ერეოდა ძილი. ამბობენ, შეუპოვარ ადამიანებს წარმატება გვერდს იშვიათად უვლისო და ბილ გეიტსის შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა: 1980-იან წლებში ფირმა IBM-თან გაფორმებულმა კონტრაქტმა "მაიკროსოფტი" პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერად აქცია. ამჟამად "მაიკროსოფტი" უზარმაზარი კორპორაციაა, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში თითქმის 90 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. და მიუხედავად იმისა, რომ "მაიკროსოფტ-ვინდოუსის" ოპერაციული სისტემების თემაზე ხშირად ათასნაირ ანეკდოტსაც (მაგალითად, "მალევიჩი და მისი "შავი კვადრატი" რაღა სუფრასთან მოსატანია, როცა უკვე გეიტსი და მისი "ცისფერი ეკრანი" არსებობენო) თხზავენ, ბილ გეისტსის მთავარი მიზანი - "კომპიუტერი ყველა მაგიდაზე და ყველა სახლში" - თანდათან მაინც რეალობა ხდება. და ამას თვითონ, როგორც წარმატებული ბიზნეს-ლიდერი, პირველ რიგში, წარმატებულ გუნდურ თამაშს უმადლის და მიაჩნია, რომ "მსხვილი პროექტის ბაზარზე გატანა ყოველთვის ასობით ადამიანის ერთობლივ ძალისხმევას ითხოვს".

გეიტსის აზრით, "ბიზნესი შესანიშნავი თამაში, მუდმივი შეჯიბრი და მინიმალური წესების დაცვაა, სადაც ანგარიში მხოლოდ ფულზე მიდის" და თავად ამ "თამაშში" ყოველთვის უპირობო გამარჯვებული გამოდის. აი, ამის რამდენიმე დასტურიც: 1986 წელს, 31 წლის ასაკში, ბილ გეიტსი უკვე მილიარდერი იყო. 1996 წლიდან მოყოლებული კი ჟურნალმა "ფორბსმა" ის პლანეტის უმდიდრეს ადამიანად 16-ჯერ (მათ შორის - წელსაც) აღიარა. 79-მილიარდიანი ქონების პატრონი გეიტსი ჯიუტად არ ეთანხმება აზრს, რომ ფული ხასიას აფუჭებს, რადგან თავად გამდიდრების შემდეგ სნობი ნამდვილად არ გამხდარა, უწინდებურად უბრალოდ იცვამს და ძირითადად ფასტ-ფუდებში იკვებება. თუმცაღა, მაინც ფიქრობს, რომ "ფულის გონივრულად ხარჯვა ისევე ძნელია, როგორც მისი შოვნა".

ფულის შოვნისა რა გითხრათ, მაგრამ მის გონივრულად ხარჯვაში ბილ გეიტსს მეუღლე, მელინდა გეიტსი ნამდვილად აქტიურად ეხმარება. "All lives have equal value " - "ყველა სიცოცხლე ერთმანეთის ტოლფასია" -ასეთი ლოზუნგი აქვს ცოლ-ქმრის მიერ დაარსებული ფონდის ოფიციალურ საიტს, რომლის მთავარი მიზანიც ჯანდაცვის გაუმჯობესებაა. 2005 წელს ჟურნალმა თიმე ქველმოქმედებით გამორჩეული მელინდა და ბილ გეიტსები "წლის ადამიანებად" დაასახელა. ფილანტროპ გეიტსს სიღატაკესთან ბრძოლაშიც იმდენად სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი, რომ ბრიტანეთის რაინდის წოდებაც კი მიანიჭეს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით თითქოს მისაღწევი აღარაფერი დარჩა, ბილ გეიტსი ტკბობას მაინც არ ეძლევა და თავს არც მოდუნების უფლებას აძლევს, რადგან მშვენივრად იცის, რომ "წარმატება ძალიან ცუდი და ყველაზე არასაიმედო მასწავლებელია, რომელიც მხოლოდ თავბრუს თუ გახვევს". 2008 წელს გეიტსმა "მაიკროსოფტის" თავკაცის პოსტი დატოვა და ამჟამად ისეთ ახალ გლობალურ პროექტებში მონაწილეობს, როგორებიც მსოფლიო კომუნიკაციების უზრუნველმყოფი თანამგზავრების გაშვება და მსოფლიოში უმსხვილესი ვიზუალური ინფორმაციის წყაროს შექმნაა.

ერთი სიტყვით, კომპიუტერული გენიოსი ერთ ადგილზე ვერაფრით ჩერდება და ალბათ, გასაკვირი სულაც არ იქნება თუ მისი უდიდესი თავგამოდების შედეგად მიღწეული ინფორმაციის გაცვლის სისწრაფისა და ხელმისაწვდომობის წყალობით, უკვე ჩვენს უახლოეს შთამომავლებს ჰომო ინფორმატივუს-ებს - "ინფორმაციულ ადამიანებს" უწოდებენ.