"მკვლელი" ბაქტერია, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - გზაპრესი

"მკვლელი" ბაქტერია, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ცხელება, ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი - ამ სიმპტომებით საავადმყოფოში ორი ქალბატონი მიიყვანეს. მოგვიანებით მათ გამონაყარი განუვითარდათ და თვალებიდან სისხლდენა დაეწყოთ. საშიში ბაქტერიული ინფექცია ბოლოს სეფსისის სახით განვითარდა და ორივე პაციენტი დაიღუპა. ერთ-ერთი გარდაცვლილი შუახნის ქალბატონი გახლდათ, მეორე კი - 38 წლის ქალი, რომელიც ოჯახის წევრებმა თურქეთში გადააფრინეს, თუმცა, მისი გადარჩენა თურქმა ექიმებმაც ვერ შეძლეს. ჯანდაცვის სამინისტროში დაავადების მასობრივად გავრცელების საშიშროებას გამორიცხავენ, თუმცა, მოსახლეობას პრევენციის მიზნით ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ. ეპიდემიოლოგთა შეფასებით, ეს დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და განსაკუთრებით საშიშია.

რა უნდა ვიცოდეთ პნევმოკოკურ ინფექციაზე და როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან? - ამ შეკითხვებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი შოთა ცანავა გვიპასუხებს:

- ამ ინფექციას იწვევს ბაქტერია შტრეპტოცოცცუს Pნეუმონია, რომელსაც პნევმოკოკს უწოდებენ. პნევმოკოკური დაავადების ყველაზე გავრცელებული კლინიკური გამოვლინება პნევმონიაა, თუმცა, ფილტვების ანთების გარდა ეს ბაქტერია სხვა საშიშ დაავადებებსაც იწვევს, მათ შორის - მენინგიტს. პნევმოკოკები - ეს არის ბაქტერიები, რომლებიც ადამიანისათვის პათოგენურია ანუ აქვს უნარი ორგანიზმში სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. ეს ბაქტერიები ხშირად ბინადრობენ ადამიანის სასუნთქ გზებში, ჩვენ მათ წლების განმავლობაში ვატარებთ ცხვირითა და ხახის ლორწოვანი გარსით, მოკლედ ეს ე.წ. მშვიდობიანი ბაქტერიებია, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ პირობებში იძენენ გამრავლების უნარს და ადამიანისთვის მძიმე შედეგები მოაქვთ. ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანს ეს ბაქტერია ვერაფერს ავნებს, მაგრამ ხელშემწყობი პირობების ზემოქმედებით ისინი შეიძლება ფატალური შედეგის მომტანი გახდნენ.

- ესე იგი, პნევმოკოკებს ადამიანების დიდი ნაწილი ატარებს, მაგრამ თუ არსებობს სხვა გზა ამ ბაქტერიით დაინფიცირებისა?

GzaPress- მეორე გზა ამ ბაქტერიით დაინფიცირებისა არის სხვა ადამიანი, რომელიც ასევე ატარებს პნევმოკოკებს, ან უკვე დაავადებულია. ასეთ ადამიანთან კონტაქტის შედეგად დასუსტებული ორგანიზმი შეიძლება დაინფიცირდეს და საკმაოდ რთული დაავადებებიც განუვითარდეს. ჩვეულებრივ, ყოველი 100 ადამიანიდან 70 მაინც ატარებს ამ ბაქტერიას, მაგრამ ისინი თავს შესანიშნავად გრძნობენ. საფრთხე მაშინ წარმოიქმნება, როდესაც დაავადების სიმპტომები გამოვლინდება. ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. ერთი სიმპტომით პნევმოკოკური ინფექციის დიაგნოზის დასმა არ შეიძლება, ეს ხშირად რამდენიმე სიმპტომის, ან სიმპტომთა ჯგუფის ბრალია. დიაგნოზი ისმება კომპლექსური კვლევის შემდეგ და არა - ერთი, ან ორი სიმპტომის საფუძველზე. როდესაც პაციენტი დროულად მიდის ექიმთან, მისი მკურნალობა უფრო იოლია, ხოლო შორს წასული პროცესის დროს მკურნალობა უშედეგოდ მთავრდება.

- დაავადების რისკ-ჯგუფში უპირველესად მცირეწლოვანი ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები შედიან?

- დიახ. ეს იმიტომ, რომ ბავშვებსა და მოხუცებში იმუნიტეტის დონე ისედაც დაქვეითებულია, მაგრამ ყველაზე დიდ რისკ-ჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომლებიც სხვა პათოგენური ვირუსებითა და ბაქტერიებით არიან დაავადებული, მაგალითად გრიპით, ან სხვა ინფექციებით და ამის ფონზე იმუნოდეპრესია უვითარდებათ ანუ მათი იმუნიტეტი ძალზე დაბალია. ამ ფონზე თავს წამოყოფენ ხოლმე ასეთი "მშვიდობიანი" მიკრობები. ამიტომ, ყველაზე დიდ რისკ-ჯგუფს ქმნიან ადამიანები, რომლებიც იმუნოდეპრესიის გამომწვევი მიკროორგანიზმებით ავადობენ. დასუსტებული ორგანიზმი, რომელსაც იმუნიტეტი დაბალი აქვს, ყველაზე კარგ ფონს უქმნის ბაქტერიებს ცხოველქმედებისა და გამრავლებისათვის. ეს ფონი განსაკუთრებით ნოყიერია მაშინ, როდესაც ბავშვი, ან მოხუცი გრიპით, ან სხვა დაავადებით არის ავად. ამ დროს ორგანიზმში გართულების სახით შეიძლება განვითარდეს და გამრავლდეს პნევმოკოკები.

- მიუხედავად ამისა, დაღუპული პაციენტები იმ ასაკში იყვნენ, როდესაც ადამიანის ორგანიზმი ჩამოყალიბებული და ბრძოლისუნარიანია.

- დიახ, ეს ის ასაკია, როდესაც ორგანიზმი ყველაზე მობილურია და ყველაზე კარგ მდგომარეობაშია. სწორედ ამიტომ არის საშიში და სახიფათო ეს მიკრობები, რომ ნებისმიერ ასაკში ახერხებენ იმუნიტეტზე ზემოქმედებას, თუმცა, საშიშროება იზრდება მაშინ, როცა პაციენტს პარალელურად სხვა დაავადებაც აქვს. სხვა დროს, როდესაც იმუნოდეპრესიის გამომწვევი დაავადება არ აღინიშნება, არანაირი საშიშროება არ არსებობს, რომ ორგანიზმში მათ არსებობას მძიმე, ლეტალური შედეგი მოჰყვეს. ჩვეულებრივ, ისინი ადამიანის ორგანიზმში ბუდობენ, მშვიდობინად თანაარსებობენ და არ ვნებენ მას.

- ბატონო შოთა, როგორ უნდა შეამჩნიოს მცირეწლოვანი ბავშვის დედამ დაავადების სიმპტომები?

- თუUდედა შენიშნავს, რომ ბავშვის ქცევა ადეკვატური არ არის, გამუდმებით ტირის, აღგზნებულია და ტემპერატურის უმიზეზო მომატება ახასიათებს - ეს ის სიმპტომებია, რომლის დროსაც პედიატრთან სტუმრობა აუცილებელია, და საერთოდ, ბავშვი პედიატრთან სისტემატურად უნდა ვატაროთ, ის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, მოზრდილი კი - ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ ეს, უნდა მივეჩვიოთ, რომ ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, უმიზეზო ხველა - ეს სიმპტომები ყოველთვის არ არის უბრალო გრიპის, ან სურდოს ნიშანი, ასეთ დროს უმჯობესია დიაგნოზი კარგმა ექიმმა დასვას. პნევმოკოკური ანემიის საწყისი ფაზა ძალიან ჰგავს გრიპს, ამიტომ, ძალზე საშიშია, როდესაც ოჯახურ პირობებში სვამენ ხოლმე "დიაგნოზს". "რაღაც ვირუსია" - იტყვის დედა და ცდილობს შვილი იმ წამლით განკურნოს, რომელიც მეზობელმა, ან ნათესავმა ურჩია. სინამდვილეში მან არ იცის ეს ვირუსია, ბაქტერიაა თუ სხვა რამ. საქართველოში დიდიც და პატარაც უნდა მიეჩვიოს, რომ ექიმთან კონსულტაციის გავლა და ჯანმრთელობის გამუდმებული კონტროლი მრავალი დაავადებისაგან დაგვიცავს. ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა დაინერგოს.

- ითქვა, რომ დაავადების რისკი მაღალია ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში, რატომ?

- იმიტომ, რომ ხელოვნური კვება არ არის ბავშვისათვის ნორმალური მდგომარეობა. ეს ყოველთვის ნორმიდან გადახრაა. ვისაც ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს, უნდა იცოდეს, რომ მისი შვილის ორგანიზმი ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან გაცილებით უფრო დაცულია. ამიტომ, ყველა დედა უნდა ცდილობდეს ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ჰყავდეს, ეს ბავშვს ნებისმიერ წამალზე უკეთესად იცავს.

- ბატონო შოთა, როგორ დავიცვათ თავი ამგვარი ბაქტერიებისაგან? პრევენციისათვის ყველაზე საუკეთესო გზა რომელია?

- ყველაზე სწორი პრევენციული ღონისძიება დაკვირვებაა - იქნება ეს მცირეწლოვანი, თუ ახალგაზრდა, ნორმიდან გადახრის შემთხვევაში პროფესიონალთან მისვლა ყველაზე უკეთესი გამოსავალია. პნევმოკოკების მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად კარგია ჰიგიენური პროცედურები, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, სახლის ხშირად განიავება და სხვ... ეს არის ბარიერი, რომელიც მსგავსი დაავადებებისაგან გვიცავს და რომელიც სისტემატურად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ ყველაზე ეფექტიანი გზა მაინც ვაქცინაციაა, რომელიც ორ წლამდე ბავშვებისთვის უფასოა. პნევმოკოკური ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში გასულ წელს შემოვიდა და საკმაოდ კარგად ებრძვის ამ დაავადებას.

- თუმცა, აცრებს ყოველთვის ახლავს გარკვეული შიში. ბევრი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია ყველას არ უხდება.

- ეს შიში იმითაა გამოწვეული, რომ ვაქცინაციას ხშირად მოსდევს ორგანიზმის ინდივიდუალური პასუხი, გართულება, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის საშიში. ეს გართულებები გამოწვეულია იმით, რომ თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შემოსულ აგენტს ანუ ვაქცინას. ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ორგანიზმს რაიმეს ვნებს, პირიქით, მკვლელისგან იცავს მას. ვაქცინაციის შიში გამოწვეულია უცოდინარობის, სიბნელისა და არაპროფესიონალიზმისაგან. გაუმართლებელია, როდესაც ვაქცინაზე ამბობენ, რომ ის ადამიანს კლავს, იმპოტენციას ან დამბლას იწვევს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც რომელიღაც ვაქცინას დამბლაც გამოუწვევია და სიკვდილიც. მილიონში ერთი შემთხვევა ყვავილის ვაქცინაციის დროსაც სიკვდილით მთავრდებოდა. ეს იმ ერთი ადამიანის ტრაგედია იყო, მაგრამ 999 ათასი კაცი ხომ გადაურჩა საშიშ დაავადებას - ყვავილს? ამდენად, ვაქცინაციის ავ-კარგზე ლაპარაკი წყლის ნაყვად და მოცლილი ხალხის საქმედ მიმაჩნია. ვაქცინაციის სიკეთეზე უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, მის მავნებლობაზე კი - ერთეული შემთხვევებისა, რაც ორგანიზმის რეაქციის შედეგი იყო და არა - ვაქცინისა. საკამათო სულაც არ არის ის, რომ საშიში ინფექციების თავიდან ასაცილებლად აცრა ყველაზე კარგი გამოსავალია.

ხათუნა ჩიგოგიძე