რუსთაველი გოგონა, რომელმაც 26 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა - გზაპრესი

რუსთაველი გოგონა, რომელმაც 26 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა

შემთხვევით, აუზში ჩავარდა. მწვრთნელმა შენიშნა, რომ გოგონამ აუზის ერთი ბოლოდან მეორემდე დამოუკიდებლად გაცურა. ცურვაში აქტიური ვარჯიშიც მაშინ დააწყებინა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. 14 წლის რუსკა (რუსუდან) გოგინაშვილს შეჯიბრებებზე ახლა იმდენი ოქროს, ვერცხლისა თუ ბრინჯაოს თასი აქვს მოგებული, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მთავარი სიახლე კი ის გახლავთ, რომ ახლახან, დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატის მესამე დღეს, გოგონამ 50 ბატერფლაით ცურვაში, ნელი ზოსიმოვას მიერ 26 წლის წინ საქართველოს სახელით დამყარებული რეკორდი გაიმეორა, შედეგით - 30.70. რუსკა ჯერ კიდევ 13 წლის იყო, ეს რეკორდი რომ გაიმეორა - 14 წელი შეჯიბრებიდან დაბრუნებულს რამდენიმე დღეში შეუსრულდა.

- როცა ვცურავდი, მიზნად არ დამისახავს, რომ რეკორდი მომეხსნა. ამ რეკორდის შესახებ არც ვიცოდი. მართალია, რეკორდი არ მომიხსნია, მაგრამ გავიმეორე. ეს ჩემთვის დიდი წარმატება იყო. მომავალში ამ რეკორდის მოხსნას ვაპირებ - მხოლოდ ბატერფლაიში კი არა, სხვა დისტანციებზეც.

- შეჯიბრებაზე საქართველოდან მხოლოდ შენ იყავი?

- არა, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის (EYOF) ნაკრებიდან 8 ბავშვი ვიყავით. რუსთავიდან მხოლოდ მე გახლდით. თან 2 მწვრთნელი - დავით გელაშვილი და ირინა მინჟულინა გვახლდა.

- შენი მწვრთნელის გარეშე, შეჯიბრებაზე ხომ არ დაიძაბე?

GzaPress- არა, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, ჩემი მწვრთნელი წამოსულიყო. მეტ თანადგომას ვიგრძნობდი და შეიძლება, ეს რეკორდიც მომეხსნა (იღიმის), მაგრამ რეკორდის გამეორებაც მახარებს.

- დიდი ხანია, რაც ცურვით ხარ დაკავებული?

- კი, 3-4 წელი იქნება, რაც მაგრად ვვარჯიშობ.

"სპორტის ოსტატობის" კანდიდატი ვარ - საჭირო ნორმატივის შესრულებას ვაპირებ... თავდაპირველად, ცურვაზე ცოტა ხანს დავდიოდი, მერე შევწყვეტდი ხოლმე. შემდეგ ჩემმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, საზღვარგარეთ შეჯიბრებებზე წავეყვანე. ცურვის ნიჭი გამოვავლინე და სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში განვაგრძე.

- პირველი წარმატების შესახებ გვიამბე.

- შეჯიბრებაზე პირველად სომხეთში ვიყავი. 50 ბატერფლაიზე მესამე ადგილი დავიკავე. მაშინ 9 წლის ვიყავი. ძალიან გამიხარდა.

- დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატისთვის როგორ ემზადებოდი?

- რუსთავში საცურაო აუზზე ვვარჯიშობდი. ასევე, თბილისში გამგზავრება ხშირად მიწევდა - დილის 6 საათზე ვდგებოდი და თბილისში მივდიოდი (მამას დავყავდი), რომ ოლიმპიური ნაკრების წევრებთან ერთად მევარჯიშა. ნაკრები 7-დან 9 საათამდე ვარჯიშობს, მაგრამ მე 8-მდე ვრჩებოდი, რადგან რუსთავში დასაბრუნებლად დრო ხომ მეხარჯებოდა? სკოლაში წასასვლელი ვიყავი.. ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, ვიღლებოდი. შეჯიბრებამდე 1 კვირით ადრე, მწვრთნელი ძალიან აღარ მტვირთავდა. როცაMმახსენდებოდა, შეჯიბრებაზე უნდა გამოვსულიყავი, საკუთარ თავს ფსიქოლოგიურად ვამზადებდი, მაგრად რომ მეცურა...

- სპორტის სხვა სახეობითაც ხომ არ ხარ დაკავებული?

- კი, ტრიატლით, რომელშიც ცურვა, სირბილი და სროლა შედის. გასულ ზაფხულს შეჯიბრებაზე პრაღაშიც ვიყავი, სადაც ესტაფეტურ ცურვაში მე და თეონა ბოსტაშვილმა მეოთხე ადგილი დავიკავეთ. მას შემდეგ, ტრიატლიდან საზღვარგარეთ აღარ ვყოფილვარ - თბილისის შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი.

- მიზანში სროლა რატომ გიზიდავს?

- ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა თვალებს დახუჭავ და წარმოიდგენ, რომ მიზანში უნდა გაარტყა... ძალიან მომწონდა, როცა თბილისში, სასწავლო ცენტრში სროლის შესასწავლად დავდიოდი.

- სროლისას კონკრეტულად რას წარმოიდგენ ხოლმე?

- არაფერს, ვფიქრობ, თუ ვერ გავარტყამ, ყველაფერი მორჩება... სხვათა შორის, საკმაოდ კარგად ვისვრი. ერთხელ ვარჯიშის დროს, ხუთივე გასროლისას მიზანში მოვარტყი. სიმბოლურად მედალი გადმომცეს. ფარს ჩემი გვარ-სახელი მიაწერეს და დარბაზში ჩამოკიდეს.

- ნადირობაც ხომ არ გიყვარს?

GzaPress- არა, სანადიროდ მამა და პაპა დადიან ხოლმე. ჩემი ძმაც დინტერესებულია. მე მეშინია - სანადირო თოფს ძალიან ძლიერი ხმა აქვს...

- შენი ოჯახის წევრებიდან ვინმე ცურავს?

- მამიდაჩემი - ნინო გოგინაშვილი, რომელიც ჩემი მწვრთნელი გახლავთ. ის სპორტის ოსტატობის კანდიდატი იყო. მამაჩემი ყოფილი წყალბურთელია. ჩემი ძმა იუნიორთა ნაკრებში ცურავს.

- შენი კვების რეჟიმი როგორია?

- დილით კარაქიან პურს და ჩაის მივირთმევ, ვარჯიშიდან დაბრუნებული - სოსისს ვჭამ. სკოლაში გახუხული ყველი და პური მიმაქვს ან "ბულკს" ვყიდულობ. შუადღისას აუცილებლად სუპი და სალათი ან რაიმე ხორცინი კერძი უნდა მივირთვა. საღამოს ისევ სუპს ვერ გეახლებით, რადგან ვერ ვიტან (იცინის). სოსისს (ან ძეხვს) და შემწვარ ან მოხარშულ კვერცხს ვჭამ. კვების ასეთი რაციონი იმიტომ კი არ მაქვს, რომ წონაში დავიკლო. უბრალოდ, ჩემს რეჟიმს ეს შეეფერება: თუ არ დავიცავი, შეიძლება, ვერც გავცურო და ვეღარც ვივარჯიშო - ძალა არ მეყოფა. ენერგია მჭირდება - დახარჯული კალორიები უნდა აღვიდგინო.

- როცა შეჯიბრებისთვის არ ემზადები, შენი 1 ჩვეულებრივი დღე როგორია?

- დილით, როცა მცალია, დავრბივარ - ჩემი სახლის წინ სკოლაა და მას წრეებს ვურბენ (იცინის). სირბილი ტრიატლში მადგება. ხანდახან ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ. დღეში 5-6 კილომეტრს ვცურავ. ოღონდ გადაბმულად - არა, სხვადასხვა, შერეული დავალებით....

- არის დღე, როცა არ ცურავ?

- დიახ, კვირა, მაგრამ დილით ადგომა და სირბილი ან ტრენაჟორებზე ვარჯიში მაინც მიხდება. სახლში "ტურნიკი" მაქვს და ხანდახან მასზე ვვარჯიშობ. ვარჯიშის შემდეგ, ზოგჯერ მასაჟის გაკეთებაც მიხდება, რადგან ხელები ძალიან "მეჭედება" ხოლმე და მტკივა, ვეღარ ვცურავ. უარესად თუ "გამეჭედა", შეიძლება, სხივების გაკეთება დამჭირდეს. ეს რომ არ დამემართოს, მასაჟს ვიკეთებ.

- რუსკა, გაკვეთილების მოსამზადებლად ენერგია გყოფნის?

- კი, შინ დაბრუნებული ნახევარი საათით ან 40 წუთით ვისვენებ, მერე კი მეცადინეობას ვიწყებ. საღამოს 9-10 საათზე ვიძინებ.

- რუსკა, ოლიმპიურ ნაკრებში როგორ მოხვდი?

- 2010 წელს რუსთავში შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც თავდაპირველად, 20 ბავშვი ვმონაწილეობდით. შემდეგ ბავშვების რაოდენობა შემცირდა - ახლა ათნი ვართ. ოლიმპიადამდე კიდევ შემცირდება და საბოლოოდ, 3-4 ბავშვი დარჩება. ამიტომ ძალიან ბევრი უნდა ივარჯშო, რომ რეიტინგი შეინარჩუნო... რეიტინგის შესარჩევი შეჯიბრებები პერიოდულად ტარდება. შეიძლება, იმ დროს ფორმაში არ იყო და ჯგუფიდან "ამოვარდე", ამიტომ სულ ფორმაში უნდა ვიყო.

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი EYOF