დავიცვათ ჩვენი შვილები! - გზაპრესი

დავიცვათ ჩვენი შვილები!

ისინი თოჯინებს ამზადებენ, მაგრამ ეს უბრალო თოჯინები როდია. ისინი ცოცხლდებიან და ადამიანებზე ნადირობას იწყებენ. შეიძლება, ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ ეს სინამდვილისგან ძალზე შორსაა, მაგრამ ახლა სწორედ ცხოვრებისეულ შემთხვევებზე მოგითხრობთ:

ერთხელ ამერიკაში

ამერიკულმა ჟურნალმა ღადარ-მა ერთხელ, ყველაზე სახიფათო სათამაშოების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ადგილი ბასრმა ხელშუბებმა - ჟარტს - დაიკავა. მათ 1980-იან წლებში უშვებდნენ. ეს თითქმის ნამდვილი იარაღი იყო, რომელსაც ალბათ სიამოვნებით გამოიყენებდნენ ამაზონის აბორიგენები. არადა, ეს მინიშუბები მხოლოდ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. სათამაშოს ინტრუქციაში ეწერა, რომ მისი დანიშნულება შორ მანძილზე ტყორცნა იყო. როგორც ჩანს, პატარებიც ამას მთელი ძალით ცდილობდნენ. ხელშუბების მწარმოებელნი კი გონს მხოლოდ მაშინ მოეგნენ, როცა მათი მიზეზით ოთხი ბავშვი დაიღუპა, ხოლო 6000-ზე მეტი დაიჭრა...

GzaPressმეორე ადგილი, ერთი შეხედვით უვნებელმა მოწყობილობამ დაიკავა. ის ახალბედა ფიზიკოსებისთვის შექმნეს და 1950-იან წლებში იყიდებოდა. მის უმთავრეს ღირებულებად მიიჩნეოდა ის, რომ ბავშვებს ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება ეძლეოდათ; ხოლო ამისთვის მათ ურან-238-ს სთავაზობდნენ. სათამაშოს შემქმნელი აშშ-ში ცნობილი მეწარმე - ალფრედ ჰილბერტი გახლდათ, რომელმაც განსხვავებულ სფეროებში გამომგონებლობით გაითქვა სახელი. ხსენებულ მოწყობილობაში შედიოდა: ჰეიგერის მრიცხველი, ალფა-ნაწილაკებზე დაკვირვებისთვის განკუთვნილი აპარატი და სხვა არაჩვეულებრივი ნივთები, რაც ბავშვებს რადიოაქტიურ მასალებზე მუშაობის საშუალებას აძლევდა. კომპლექტში შედიოდა ბირთვული ფიზიკის ძირითადი საკითხების ზოგადი ცნობარიც. ამ გამოგონების თანაავტორი გენერალი - ლესლი გროუსი იყო, რომელიც ადრე ამერიკული ატომური ბომბის შექმნაში მონაწილეობდა. კომპლექტი საკმაოდ ძვირად ფასობდა, მაგრამ შეძლებული მშობლები საკუთარი შვილებისთვის სახსრებს არ იშურებდნენ - შეფუთვაზე ხომ ეწერა, რომ სათამაშო ბავშვების "შემეცნებას ავითარებდა". მოგვიანებით გაირკვა, რომ ურანი-238 ავთვისებიან სიმსივნესა და სისხლის კიბოს იწვევს.

1990-იან წლებში დახლებზე გამოჩნდა თოჯინა, რომლის სახელიც შეიძლება ასე ითარგმნოს - "კომბოსტოში ნაპოვნი ბავშვი". ის ფირმა Mატტელ-მა გამოუშვა, რომელმაც თავის დროზე სახელი თოჯინა ბარბის გამოშვებით გაითქვა. "კომბოსტოს ბავშვი" თავიდან მშობლებში დიდ აღტაცებას იწვევდა. თოჯინა ძალიან ჰგავდა ახალშობილს, ჰქონდა სახელი და "დაბადების" მოწმობა. რაც მთავარია, მას ჭამა შეეძლო, უფრო მეტიც - ღეჭვა და საკვების ყლაპვა. ეს მომავალი დედიკოებისთვის თითქოს გამოსადეგიც იყო, რადგან ისინი ბავშვობის ასაკიდან ჩვილის მოვლას სწავლობდნენ. თუმცა, ეს გულისამაჩუყებელი ქმნილება მალე მშობლებისთვის დიდი უსიამოვნების მიზეზად გადაიქცა: თოჯინამ ბავშვების 30-ზე მეტი თითი შეიწირა და ისინი სხვაფრივაც დააზიანა.

ჩამოთვლილი შემთხვევების გამომზეურების შემდეგ ხმამაღალი სასამართლო პროცესები გაიმართა, რის შედეგადაც კომპანიები სახიფათო სათამაშოების წარმოებას წყვეტდნენ; ხდებოდა მათი სავაჭრო ქსელიდან ამოღება და დაზარალებულებს უზარმაზარ კომპენსაციებსაც უხდიდნენ.

ჩინეთში წარმოებული

ჩვენში მეტწილად ჩინური პროდუქციით ვაჭრობენ, რომლითაც ასევე მსოფლიო ბაზარია მოცული. სამწუხაროდ, კომუნისტური ჩინეთის წარმოება რაოდენობიდან ხარისხზე ვერაფრით გადაერთო. ბევრი სათამაშო, რომელსაც გარეგნული მიმზიდველობა აქვს, ჯანმრთელობისთვის თურმე სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბავშვმა ცუდად დამაგრებული სათამაშოს დეტალი გადაყლაპა ან ტრავმა ზერელედ აწყობილი სათამაშოს კონსტრუქციის დაშლის შედეგად მიიღო - მაგალითად, მავთულის კარკასით ან ზამბარით. ბეჭდურ მედიაში მრავალი ამგვარი შემთხვევა გამოქვეყნდა. სანიმუშოდ ერთიც კმარა: სამმა პატარამ რამდენიმე მაგნიტი გადაყლაპა, რომელიც ადვილად მოშორდა პლასტმასის სათამაშოებს. მაგნიტებმა ბავშვის ორგანიზმში ერთმანეთი მიიზიდეს და ნაწლავის პერფორაცია გამოიწვიეს.

ხშირი იყო ისეთი შემთხვევაც, როცა სათამაშოები ტოქსიკური პლასტმასით დამზადებული აღმოჩნდა. ისინი ფენოლსა და ფორმალდეგიდს შეიცავდა. ეს ნივთიერებები ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებებს იწვევენ; ასევე, კიბოსა და რეპროდუქციის ფუნქციის დარღვევას.

ჩინურ სათამაშოებში სხვა ტოქსიკური ნივთიერებებიც აღმოაჩინეს - ქსილოლი, ტოლუოლი, მეთილის სპირტი და ტყვიაც კი.

იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვები "აირის ტოქსიკური მოქმედების" დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულნი აღმოჩნდნენ. დადგინდა, რომ ისინი მოიწამლნენ სათამაშოთი, რომელსაც "მყრალი ბომბი" ერქვა. უცნაურია, მაგრამ სახელწოდება თვითონ მეტყველებს საკუთარ თავზე. ეს სათამაშო გოგირდწყალბადს შეიცავდა.

თითქმის იმავე პერიოდში, აშშ-ში შეიქმნა დიდი სკანდალი იქ იმპორტირებული ჩინური თოჯინა-ბარბის გამო. ამ თოჯინების მთელ პარტიაში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს. ისინი მთლიანად გაყიდვების ქსელიდან ამოიღეს, რამაც კომპანია "ლი და ვანცზიუის" (ამ პროდუქციის მწარმოებელს) 700 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. ფირმის მფლობელმა - ჩჟან შუხუნმა ეს ვერ გადაიტანა და მზა პროდუქციის საცავში, სადაც უამრავი უკან დაბრუნებული თოჯინა-ბარბი იყო დასაწყობებული, თავი ჩამოიხრჩო.

მონსტრებით გატაცება

საიდუმლო არ არის, რომ სათამაშოების ინდუსტრიამ უკანასკნელ ათწლეულებში არნახულ წარმატებებს მიაღწია.

განსაკუთრებით დამაფიქრებელნი არიან ზღაპრული და ანიმაციური გმირები, მახინჯები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების წყალობით იმდენად ოსტატურად არიან დამზადებულნი, რომ შემთხვევით მნახველში შეძრწუნებასა და ზიზღს იწვევენ. თუმცა, ბავშვებს მათი სულაც არ ეშინიათ. პირიქით, მათ ისინი მოსწონთ. აქ უკვე მშობლები უნდა დაფიქრდნენ - როგორი გრძნობები და წარმოდგენები იდგამენ ფესვებს ნორჩ არსებებში, როცა ისინი მონსტებს იმდენად ეჩვევიან, რომ ღამით სასთუმალთანაც ილაგებენ? როცა ბავშვი საძაგელი არსებითაა მოხიბლული, ეს იმას მოწმობს, რომ მის ჩამოუყალიბებელ ცნობიერებაში წარმოდგენა კეთილსა და ბოროტზე უკვე დამახინჯებულია. იმ ბავშვებს, რომლებსაც იზიდავთ სიმახინჯეები და სისაძაგლე, ეცვლებათ არა მხოლოდ ესთეტიკური გრძნობები, არამედ თვითგადარჩენის ინსტინქტებიც. შემდგომ ცხოვრებაში ამან შეიძლება ისინი იმ აზრამდე მიიყვანოს, რომ დამნაშავენი ნორმალურ ადამიანებად მიიჩნიონ და ისიც სრულიად შესაძლებელია - ნარკოტიკების მიღებაც ნორმის ნაირსახეობად ჩათვალონ. ასეთ დასკვნას ფსიქოლოგები აკეთებენ.

ვირტუალური სამყარო

GzaPressგანსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ინტერნეტი და კომპიუტერული თამაშები. "გეიმერი" (მოთამაშე) ვირტუალურ სამყაროში გადადის, რომელიც უფრო მეტად განვითარებული კომპიუტერული ტექნოლოგიების წყალობით, განურჩევლად ემსგავსება რეალურ სამყაროს და შეიძლება ითქვას, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანიცაა. ზოგჯერ ასეთი თამაშებით უზომო გატაცება პათოლოგიურ ფორმებს იღებს და ადამიანები საკუთარ ახლობლებს სასიკვდილოდაც კი იმეტებენ.

აღმოჩნდა, რომ მოზარდები ჭკუას ჰკარგავენ იმ კომპიუტერულ თამაშებზე, სადაც ვირტუალური გმირები ძალადობენ, აწამებენ და კლავენ. რეალურ მკვლელობათა პრელუდიად თამაშის რაიმე მიზეზით შეფერხება იქცევა ხოლმე. მაგალითად, ვიღაცას მშობელი კლავიატურას დაუმალავს, ან "აბეზარი ჩვილი" ახალგაზრდა მშობელს ხელს უშლის გართობაში...

რა თქმა უნდა, მკვლელობის შემთხვევები ჯერჯერობით ბევრი არ არის. "გეიმერთა" უმეტესობა დანაშაულზე არ მიდის. ისინი ძირითადად ჩვეულებრივი ცხოვრების მიმართ კარგავენ ინტერესს და მას ვირტუალური სამყაროთი ჩაანაცვლებენ. მოთამაშენი ნორმალურ კვებასა და ძილს წყვეტენ. საზღაურად - შინაგან ორგანოთა დაავადებებს იღებენ.

კომპიუტერულ თამაშებს ზოგჯერ თვითმკვლელობებიც უკავშირდება, რისი მიზეზიც არა მარტო ფიზიკური და მორალური გამოფიტვა ხდება, არამედ ამის თანამდევი დეპრესიაც.

დადგენილია, რომ კომპიუტერული მიჯაჭვულობა ნარკომანიას უთანაბრდება. ყველაზე ხშირად, მსხვერპლად ბავშვები და მოზარდები იქცევიან ხოლმე, რომელთა ფსიქიკაც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შესაძლოა ბავშვი არ იქცეს კომპიუტერულ ნარკომანად, მაგრამ გადაჭარბებულად გატაცება გასართობი საფრთხობელებითა და თანამდევი სისასტიკით, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, მისი ფასეულობების სისტემის სამუდამოდ დეფორმირებას ახდენს.

ირინა ჯანდიერი