სპეციალისტთა რჩევები: - გზაპრესი

სპეციალისტთა რჩევები:

"რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში ბავშვისათვის რძე შევიძინე. შინ რომ მივიტანე და ავადუღე, რძე აიჭრა და მისი გადაქცევა მომიხდა. რასაკვირველია, მაღაზიის გამყიდველს ეს მოვუყევი, საყვედურიც ვუთხარი და თანხის უკან დაბრუნებაც მოვთხოვე, მან კი, აქეთ შემომიტია და შეურაცხყოფა მომაყენა: რა ვიცი, იქნებ ტყუილს ამბობ და ჩემთვის ფულის დაცინცვლა გინდაო... (?!) - ერთი სიტყვით, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი!

მსგავსი შემთხვევა, რომლის შესახებაც ჩემმა ნაცნობმა მიამბო, ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს გადახდენია. ჩვენს სავაჭრო ქსელში გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის საეჭვო ხარისხზე არაერთგზის თქმულა და დაწერილა, გამონაკლისს არც რძის პროდუქტები წარმოადგენს. უფრო მეტიც - რამდენიმე თვის წინ "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" მორიგი კვლევა ჩაატარა და შემაშფოთებელი შედეგები გამოაქვეყნა: რძის პროდუქტების 15 სახეობიდან 10 ფალსიფიცირებული აღმოჩნდა. ახლახან ორგანიზაციამ სხვადასხვა კომპანიის მიერ გამოშვებული რამდენიმე სახეობის რძე შეისწავლა და კვლავ უარყოფითი დასკვნა გამოიტანა.

ლია თოდუა, "ცენტრის" პროგრამების ხელმძღვანელი:

- მოქალაქეებმა ბევრჯერ მოგვმართეს თხოვნით, რომ ქართული ფირმების მიერ გამოშვებული რძე შეგვემოწმებინა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ლაბორატორიების შესაძლებლობები ძალზე მწირია, ამიტომ, ამ თხოვნის დაკმაყოფილება კარგა ხანს ვერ შევძელით. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ლაბორატორია დაგვთანხმდა, რომ რძის ცხიმის შემადგენლობა შეემოწმებინა და ჩვენც დავიწყეთ ამ მახასიათებლის კვლევა: შევიძინეთ სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული რამდენიმე სახეობის რძე, მაგრამ ზოგიერთი მათგანის ეტიკეტიდან გავარკვიეთ, რომ ეს პროდუქტები მცენარეულ ცხიმს შეიცავდა, ასეთი პროდუქტი კი ნამდვილი რძე არ არის. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ნამდვილ რძეში რძის ცხიმის შემადგენლობა 100% უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რძე არ არის. სამწუხაროდ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ისეთი პროდუქტის "რძის" სახელით გაყიდვას, რომელშიც რძის ცხიმი მხოლოდ რამდენიმე პროცენტია, დანარჩენი კი - გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერებაა. სავარაუდოდ, ეს ფირმები რძეს ამზადებენ იაფფასიანი რძის ფხვნილისაგან, რომელსაც გაურკვეველი წარმოშობის ცხიმებს უმატებენ. ამის გამო მწარმოებელს ე.წ. რძის გამოშვება შედარებით იაფი უჯდება, მყიდველი კი - ზარალდება. სხვათა შორის, რძის პროდუქტზეც იგივე უნდა ვთქვა: სამიოდე თვის წინ შევამოწმეთ რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებული რძის პროდუქცია - ხაჭო, მაწონი და არაჟანი. პირველ რიგში, მათი ეტიკეტები შემოწმდა. თხუთმეტი სახეობიდან ათის ეტიკეტს ეწერა, რომ მცენარეულ ცხიმს შეიცავდა, შესაბამისად, მათ ლაბორატორიულ შემოწმებას აზრი არ ჰქონდა - ეს არ გახლდათ ნამდვილი რძის პროდუქტი, ამიტომ, მხოლოდ დანარჩენი ხუთი შევამოწმეთ და მხოლოდ ეს ხუთი იყო ნამდვილი რძის პროდუქტი.

GzaPressუარყოფითად მოქმედებს თუ არა მცენარეულ ცხიმებზე დამზადებული "რძე" ჩვენს ჯანმრთელობაზე? - რასაკვირველია. იაფფასიანი ცხიმები, რომლებიც ასეთ "რძეშია" გამოყენებული, ნამდვილად არ არის სასარგებლო, რადგან შესაძლოა, მათში მაღალი იყოს ე.წ. ტრანსცხიმების რაოდენობა, რომლებიც ძალზე საზიანოა. არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული რეკომენდაცია, რომ ხელოვნურად წარმოქმნილი ტრანსცხიმები მთლიანად უნდა ამოვიღოთ მოხმარებიდან.

ამავე მოსაზრებას გამოთქვამს სურსათის ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძეც:

- რძისა და მისგან წარმოებული პროდუქტების ფალსიფიკაცია დაუშვებელია, რადგან ის ბავშვების მთავარი საკვებია. საერთაშორისო ნორმის მიხედვით, დაუშვებელია რძის პროდუქტის სახელით ისეთი სასურსათო პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც ნამდვილი რძის ცხიმისაგან არ არის დამზადებული. ეს ეხება როგორც რძეს, ასევე კარაქს, ნაღებს, ხაჭოს, არაჟანს და ა.შ. არაჟანი რძის ცხიმისგან მიღებული პროდუქტია, ჩვენ კი რას ვყიდულობთ? - "არაჟანი" აწერია, მაგრამ მცენარეულ ცხიმზეა დამზადებული. კარაქი არ შეიძლება ეწოდოს პროდუქტს, რომლის ეტიკეტს ერთდროულად აწერია "კარაქიც" და "სპრედიც" - ეს ორი, ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებაა. სპრედი არის ნარევი, ხოლო კარაქი - რძის ცხიმისაგან მიღებული პროდუქტი. ფალსიფიცირებული რძის პროდუქტის გარჩევა ჩვეულებრივისგან შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. სპეციალისტებსაც კი უჭირთ, ეჭვი შეიტანონ რძის პროდუქტების ხარისხში გემოს, სუნის ან ვიზუალური მხარის მიხედვით. როდესაც ეს პროდუქტები არ არის დამზადებული რძის ცხიმზე, შედარებით დაბალ ფასში უნდა იყიდებოდეს. ჩვენთან კი ეს წესი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა, შესაბამისად, ირღვევა მომხმარებლის უფლებებიც. არაჟანს, ხაჭოს ან მაწონს, რომელსაც შერეული აქვს ათასგვარი შემავსებელი ან სხვა ქიმიური ნივთიერება, არ შეიძლება, რძის პროდუქტი ეწოდოს. ადამიანმა მარგარინი თვეში ერთხელ რომ მიიღოს, არაფერი დაუშავდება, მაგრამ კარაქის მაგივრად ყოველდღიურად მისი მიღება დაუშვებელია.

- ქალბატონო ეთერ, რის მიხედვით განისაზღვრება რძის ნატურალობა და ხარისხი?

- რძის ნატურალობას განსაზღვრავს ყველა ძირითადი ნივთიერება, რომლის გარეშეც ის თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. მცენარეულ ცხიმზე დამზადებული "რძეს" კი არ შეიძლება რძე ვუწოდოთ - ეს არის გაურკვეველი წარმოშობის ფალსიფიცირებული ნივთიერება. საგანგაშო ფაქტია, როდესაც რძეში მხოლოდ 5,6 ან 10%-ია რძის ცხიმი, დანარჩენი კი - არავინ იცის - რა. საერთოდ, მწარმოებელმა ფირმამEპროდუქტის შემადგენლობა ეტიკეტზე ზედმიწევნით უნდა მიუთითოს, რადგან არსებობს ორგვარი ფალსიფიკაცია - ტერმინის ფალსიფიკაცია არანაკლებ საზიანოა პროდუქტის ფალსიფიკაციაზე. ტერმინის ფალსიფიკაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სპრედს აწერია "კარაქი" და მომხმარებელს ის ნამდვილი კარაქი ჰგონია. წარმოებიდან მომხმარებლამდე ნებისმიერმა საკვებმა პროდუქტმა უნდა გაიაროს ყველა რგოლი, რომელიც აუცილებელია. შესაძლოა, პროდუქტი თავიდან ხარისხიანი იყოს, მაგრამ არ შეინახონ შესაფერის გარემოში და მან მომხმარებლის მოწამვლა გამოიწვიოს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენში ამ სფეროში ყველაფერი რიგზე არ არის. ამიტომაც გვსურს, რომ ქვეყანაში რძის პროდუქტების კონტროლი გამკაცრდეს.

სპეციალისტები გვირჩევენ: როდესაც რძეს, კარაქს, არაჟანს, ან ნებისმიერი სხვა დასახელების რძის პროდუქტს ყიდულობთ, გულდასმით უნდა წაიკითხოთ, რა აწერია მას ეტიკეტზე, გაეცნოთ მის შემადგენლობას. ასევე გულდასმით უნდა დააკვირდეთ შენახვის ვადასა და იმას, თუ რა პირობებში ინახავენ ამ პროდუქციას. თუ რძე ან რძის პროდუქტი ამჟავებული და უხარისხო აღმოჩნდება, სრული უფლება გაქვთ, მაღაზიას უკან დაუბრუნოთ და დახარჯული თანხის ანაზღაურება მოსთხოვოთ - ეს უფლება კანონით გაქვთ მონიჭებული! ეცადეთ, რძის პროდუქტები მაცივარში შეინახოთ, რადგან მათი დაბალ ტემპერატურაზე გაჩერება აუცილებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე