ახალი აღმოჩენა მცხეთაში - ბიზანტიის იმპერატორის ოქროს მონეტა
ოქროს საკიდები, ბეჭდები, საკინძეები და ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VIII-ის (1025-1028 წწ.) მონეტა _ უნიკალურ მასალებს მცხეთაში, ფიქრის გორაზე, კერძო მფლობელის ტერიტორიაზე მიაკვლიეს. ოქროს მონეტა, რომელზეც მაცხოვარია გამოსახული, XI საუკუნით თარიღდება. ძვირფასი თვლებით მოჭედილი საყურეები და სამაგრები უფრო ადრეულ ხანას, IV-VI საუკუნეს მიეკუთვნება.
XI საუკუნის მონეტის აღმოჩენა IV-VI საუკუნეებით დათარიღებულ სხვა ნივთებთან ერთად ადასტურებს, რომ ერთი და იგივე სამაროვანი დაკრძალვისთვის რამდენჯერმე გამოიყენებოდა. ნაპოვნია ძვირფასი თვლებით გაწყობილი საკინძი, რომელსაც მფლობელი ქალი, არქეოლოგების განმარტებით, ვარცხნილობისთვის იყენებდა.
ნიკოლოზ მაისურაძე (არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი): "მიკვლეულია ქვასამარხები, ე.წ. ქვაყუთები, სადაც ერთდროულად ოთხი მიცვალებულია დაკრძალული. ჩანს, ეს საგვარეულო სამარხები იყო და შესაბამისად, ისინი აქ სხვადასხვა დროს დაკრძალეს".
მცხეთაში, ფიქრის გორაზე სამარხებს 2014 წლის ივლისში, კერძო მესაკუთრის ნაკვეთში მიწის სამუშაოებისას შემთხვევით მიაგნეს. შემდეგ ტერიტორიის შესწავლა არქეოლოგებმა დაიწყეს. ადრეული შუა საუკუნეების სამაროვანში ხუთი ტიპის სამარხი გამოიკვეთა: ორმოსი, თიხის ფილებისა, ქვატეხილებითა და ქვიშაქვის ფილებით ნაგები, ქვის კვადრებით ნაგები და ქვის ფილებით შედგენილი. დომინანტი აქ სწორედ ქვასამარხებია. გავრცელებულია როგორც საოჯახო საკრძალავები, ასევე ინდივიდუალური სამარხებიც და აქ უმეტესობა ქრისტიანული წესით არის დაკრძალული.
აღმოჩენილი არტეფაქტები იმ მასალების ტიპის შესაბამისია, რომლებიც მცხეთაში სხვადასხვა ადგილას არის გამოვლენილი. ოქროს ნივთების გარდა, ახალ აღმოჩენებშია საკინძეები, სანელსაცხებლეები, სხვადასხვა მასალით დამზადებული ბეჭდები და მძივები. შესწავლილია ორმოცდახუთი სამარხი, ოცდახუთის კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მეცნიერთა ვარაუდით, უნიკალურ ექსპონატებს კიდევ რამდენიმე ათეული შეემატება.
მცხეთაში, ფიქრის გორაზე მიკვლეულ არტეფაქტებს მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება და საზოგადოებას შემოდგომაზე მის ხილვას თბილისში შეძლებს. საბოლოოდ ნივთები მცხეთის ახალ მუზეუმში გამოიფინება.
ჟურნალი "ისტორიანი", 2015 წელი