არასოდეს დაბეჭდო გაზეთში ის, რასაც შენი მოახლე ვერ გაიგებს - გზაპრესი

არასოდეს დაბეჭდო გაზეთში ის, რასაც შენი მოახლე ვერ გაიგებს

მას მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე მოუხდა მოღვაწეობა. ეს კი ის დრო იყო, "დილის ჩაიზე მისაყოლებელი" ინგლისური გაზეთების მიბაძვით, ძირითადად, ობლიგაციებისა თუ საფონდო ბაზრების მდგომარეობის აღწერით დაკავებულმა ამერიკულმა ჟურნალისტიკამ თანდათან საპროტესტო ხასიათი რომ მიიღო და სიმართლის სახელით და მის დასაცავად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაც წამოიწყო.

ამ მიმართულებით პირველი ფრთხილი ნაბიჯები მარკ ტვენმა გადადგა, მერე კი მისი დაწყებული საქმე ერთმანეთის დაუძინებელმა მტრებმა და კონკურენტებმა - უილიამ ჰერსტმა და ჯოზეფ პულიცერმა განაგრძეს. გამოჩენილი ადამიანების ღვაწლის შეფასებისას საზოგადოება ხშირად სუბიექტური და ძალზე დაუნდობელიც კია. მაგრამ კიდევ უფრო დაუნდობელი დრო, ადრე თუ გვიან, მაინც ყველას თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე. ასე მოხდა ამ ორი დიდი ამერიკელის შემთხვევაშიც და იმით, რომ დღეს თანამედროვე ჟურნალისტიკის მამამთავრად პირველ რიგში სწორედ ჯოზეფ პულიცერს მოიხსენიებენ და ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოსაც მისი სახელი ჰქვია, ალბათ, მთავარი უკვე ნათქვამია, დანარჩენზე კი შეძლებისდაგვარად ქვემოთ მოგახსენებთ.

GzaPressჯოზეფ პულიცერი 1847 წელს, უნგრეთის პატარა ქალაქ მაკოში დაიბადა. მამა მარცვლეულით მოვაჭრე მდიდარი ებრაელი, დედა კი გერმანელი და, თანაც, თავგადაკლული კათოლიკე ჰყავდა. განსხვავებული აღმსარებლობების მიუხედავად, პულიცერის მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ერთურთის აზრსაც დიდ პატივს სცემდნენ. თუმცაღა, შვილების განათლებასთან დაკავშირებით ჯოზეფის დედა ბოლომდე შეუვალი დარჩა და ორივე (ჯოზეფის გარდა პულიცერების ოჯახში კიდევ ერთი ვაჟიშვილი იზრდებოდა) სასულიერო სემინარიაში შეიყვანა. მაგრამ ჯოზეფი რელიგიისადმი სრულიად გულგრილი აღმოჩნდა და მშობლებმა მალევე ბუდაპეშტის საერო სკოლაში გადაიყვანეს, სადაც ჩინებული განათლება მიიღო.

დედ-მამის საერთო სურვილის მიუხედავად, ჯოზეფისგან ვერც მამის საქმის გამგრძელებელი დადგა, რადგან მხოლოდ სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა და სკოლის დამთავრებისთანავე ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი გერმანიის არმიებში მოხალისედ ჩარიცხვაც სცადა. თუმცაღა, ცუდი მხედველობისა და "საერთო ავადმყოფური იერის" გამო ორივეგან უარი უთხრეს. ჯოზეფს ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია და საბოლოოდ ამერიკის ჩრდილოეთის არმიის (იმხანად ამერიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა) დაქირავებული უცხოელი ჯარისკაცი გახდა.

სამხრეთელების წინააღმდეგ ჯოზეფი ერთი წელი იბრძოდა. მერე კი ომი დასრულდა და ისიც სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს.

უცხო ქვეყანაში უსაქმოდ და უსახსროდ დარჩენილი პულიცერისთვის ნებისყოფას არც ამჯერად უღალატია და კიდევ ერთი წელი მტვირთავად, ოფიციანტად, სადგურის მებარგულად და ჯორების მწყემსადაც კი იმუშავა. თანაც, სამუშაოს ძებნაში ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში გადასვლაც ხშირად უწევდა და მიუხედავად იმისა, რომ სენტ-ლუისში გაგანია ქოლერის ეპიდემიის დროს ჩააღწია, თავისი ცხოვრების მთავარი საქმე სწორედ და ამ პატარა ქალაქში იპოვა. ოღონდ, ეს, ცხადია, ცოტა მოგვიანებით მოხდა.

სენტ-ლუისში ახალჩასულმა კი თავი რომ როგორმე გაეტანა, კბილების ღრჭიალით ითავა არსენალის უფროსობა, რომლის მოვალეობაშიც, სხვასთან ერთად, ქოლერით გარდაცვლილთა დასაფლავებაც შედიოდა.

პულიცერი კარგად ხვდებოდა, რომ ენის ცოდნის გარეშე ფეხს საფუძვლიანად ვერსად მოიკიდებდა. ამიტომაც, მძიმე სამუშაოს მიუხედავად, ინგლისური ენის სწავლისთვისაც პოულობდა დროს და ამ მიზნით ქალაქის ბიბლიოთეკას საკმაოდ ხშირად აკითხავდა. ბედმაც სწორედ ამ ბიბლიოთეკაში უფრო ზუსტად კი მის საჭადრაკო ოთახში გაუღიმა, სადაც დროდადრო, სამკითხველო დარბაზში მეცადინეობის შემდეგ შეივლიდა ხოლმე. ფრანგულისა და გერმანული ენების ჩინებულად ცოდნის გარდა, პულიცერი ჭადრაკშიც კარგად ერკვეოდა და ერთხელაც, ერთ-ერთ საჭადრაკო დაფასთან მოთამაშე მამაკაცებს დროული და საჭირო რჩევაც მისცა. მოთამაშეები გერმანულ ენაზე გამომავალი ადგილობრივი გაზეთის, Westliche Post-ის მეპატრონე და რედაქტორი აღმოჩნდნენ. ისინი ყმაწვილის გამჭრიახობით იმდენად მოიხიბლენ, რომ ცოტა ხანში თავიანთი გაზეთის რეპორტიორობა შესთავაზეს. აი, ასე, ერთი შეხედვით თითქოს სრულიად შემთხვევით მოხვდა ჟურნალისტიკის სამყაროში ადამიანი, რომელმაც შემდგომში მარტო მისი იერის კი არა, შინაარსისა და დანიშნულების შეცვლაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა.

მკითხველს თავს აღარ შევაწყენ იმის დაწვრილებით მოყოლით თუ როგორ სწრაფად შეუდგა კარიერულ კიბეს ახალგამომცხვარი ჟურნალისტი ჯოზეფ პულიცერი, როგორ გახდა ჯერ "ველსტლიშე პოსტის" წამყვანი რეპორტიორი, შემდეგ კი მისი თანადამფუძნებელიც. ამის პარალელურად, როგორ აქტიურად ჩაება სენტ-ლუისის პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ცხოვრებაში და მდიდარ ქალზე დაქორწინებისა და ამ გზით ამერიკის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ელიტურ წრეებში ფრიად მიღებული და პატივსაცემი ფიგურაც გახდა.

GzaPressჟურნალისტიკაში პულიცერის გამოჩენამდე ამერიკაში გაზეთებს ძირითადად მდიდრები (აბა უბრალო ადამიანებს ობლიგაციების და საფონდო ბაზრების მდგომარეობა რაში აინტერესებდათ) კითხულობდნენ. დანარჩენებს, მათ შორის საშუალო კლასის წარმომადგენლებსაც, არათუ ქვეყანაში, მშობლიურ ქალაქში მიმდინარე მოვლენებზეც კი ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ. მეტიც, მათ ამის ცოდნის აუცილებლობაც კი არ ესმოდათ. არადა, მაშინდელი საზოგადოება უპირატესად სწორედ ასეთი ადამიანებისგან შედგებოდა და ჯოზეფ პულიცერმაც მათი მსოფლმხედველობის ძირფესვიანად შეცვლა გადაწყვიტა. ოღონდ მანამდე თავად ჟურნალისტიკის გარდაქმნა იყო საჭირო.

1878 წელს პულიცერმა გაზეთი St. Louis Post-Dispatch შეიძინა და მისი ბიზნესმოდელის ჩამოსაყალიბებლად კარგა ხანს დღე და ღამეს ასწორებდა. საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ გაკოტრების პირას მისული კიდევ ერთი გაზეთის - The New York World-ის მფლობელიც გახდა და სულ მალე ნიუ-იორკის ყველაზე პოპულარულ, საბოლოოდ კი მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდტირაჟიან და მაღალშემოსავლიან გამოცემად გადააქცია. იმ წლების განმავლობაში, რაც "უორლდს" პულიცერი ედგა სათავეში, მისი ტირაჟი 15 ათასიდან მილიონ ეგზემპლარამდე, ხოლო წლიური შემოსავალი ნახევარ მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მთლიანობაში კი საგაზეთო საქმიანობით პულიცერმა 20-მილიონიანი ქონება დააგროვა.

"დისპეტჩის" და "უორლდის"-ის გარდა კიდევ რამდენიმე გაზეთის ყიდვისა და მათი მასობრივი მკითხველისთვის განკუთვნილ გამოცემებად გარდაქმნის შემდეგ, პულიცერმა თავისი ნოვატორული კონცეფციაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა და სულ ერთ ფრაზაში - "ამიერიდან გაზეთები სქელჯიბიანთა კი არა, უბრალო ადამიანების ინტერესებს მოემსახურებიან" - ჩაატია. თუმცაღა, ნოვატორთან ერთად, პულიცერი მოგებით დაინტერესებული მეწარმეც იყო და მშვენივრად ხვდებოდა, რომ, დაბალი და საშუალო კლასის წარმომადგენლებზე ფსონის ჩასვლით, თავის კონკურენტებზე ბევრად უფრო ფართო აუდიტორიის მოცვა შეეძლო. ამ აუდიტორიის სათანადოდ მოსამართად კი მის უზარმაზარი ასოებით აწყობილ მყვირალა სათაურებიან გაზეთებში ძალიან ბევრი რამისთვის, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების, სპორტისა და კულტურის ახალი ამბების, ქალებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი რუბრიკების, იუმორის სვეტისა და თვით რეკლამისთვისაც უნდა მოძებნილიყო ადგილი და ასეც მოხდა. ანუ თანამედროვე გაზეთის ყველა ის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რომლებიც დღევანდელი მკითხველისთვის იმდენად ჩვეულებრივია, რომ მათ არსებობას ვეღარც კი ამჩნევს, თავის დროზე მხოლოდ ამ ერთმა ადამიანმა მოიფიქრა. და სწორედ ეს ყველაფერი ერთად აღებული იქცა პულიცერის მიერ შექმნილ ახალ საგაზეთო სტილად, რომელსაც მოგვიანებით "ახალი ჟურნალიზმი" უწოდეს.

პულიცერის ჟურნალისტური სტილის ერთ-ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველ სტატიაში, რეპორტაჟსა და თვით ნარკვევშიც კი უთუოდ სიუჟეტი, ამბავი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ფაქტები, სოციალური ფონი და სტატისტიკა კი არა, დრამაც უნდა გამოჩენილიყო. დრამატული ახალი ამბების საძებნელად ის ჟურნალისტებს მარტო ამერიკის და ევროპის კი არა, მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში გზავნიდა. მისმა რეპორტიორებმა პირველებმა დაიწყეს ინტერვიუების პირდაპირ ქუჩაში, თანაც, უბრალო ადამიანებისგან აღება და მალე მათი ხელიდან გამოსული პუბლიკაციები მართლაც ამაღელვებელი ქალაქური დრამასავით საკითხავი გახდა. თუმცაღა, ყველაზე დიდ მნიშვნელობას პულიცერი მაინც მისი ჟურნალისტების მიერ მოწყობილ ეგრეთ წოდებულ "ჯვაროსნულ ლაშქრობებს" - რეპორტაჟის სტილში დაწერილ ერთგვარ სარედაქციო შემოწმებებს ანიჭებდა. ასეთი "შემოწმებების" დროს ჯოზეფ პულიცერი საზოგადოებაში დაგროვილ არაერთ მანკიერებას, განსაკუთრებით დაუნდობლად კი სახელმწიფო მოხელეების, მაღალი თანამდებობის პირების კორუმპირებულობას ამხელდა, რაც ზოგიერთ მათგანს კარიერადაც კი უჯდებოდა. თუმცაღა, "ჯვაროსნული ლაშქრობის" უმაღლეს მწვერვალად მაინც პულიცერთან მომუშავე ერთადერთი ჟურნალისტი ქალის - ნელი ბლაის მიერ ნიუ-იორკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე დაწერილი სტატია იქცა. ამ დაწესებულებაში შესაღწევად ბლაიმ სიგიჟის იმდენად დამაჯერებლად სიმულირება მოახერხა, რომ ხუთი ფსიქიატრიდან ოთხმა უპირობო "შიზოფრენიის" დიაგნოზი დაუსვა. რამდენიმე კვირის შემდეგ, ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დიდი გაჭირვებით თავდაღწეულმა ჟურნალისტმა თავის რეპორტაჟში დაწვრილებით აღწერა ამ დაწესებულების ბინადართა უსაშინლესი ყოფა, რასაც იმხელა სკანდალი მოჰყვა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის მესვეურები ამ სფეროს სასწრაფო რეფორმირებას შეუდგნენ.

არანაკლებად შედეგიანი იყო პულიცერის მიერ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით გატარებული საგაზეთო კამპანიებიც. ნიუ-იორკის სახელგანთმული სიმბოლო - თავისუფლების ქანდაკება ამ ქალაქში გამოჩენას სწორედ ერთ-ერთ ასეთ საგაზეთო კამპანიას უნდა უმადლოდეს. როცა პულიცერმა შეიტყო, რომ ჩინოვნიკები საფრანგეთიდან ამერიკაში თავისუფლების ქანდაკების ჩატანას არ ჩქარობდნენ, ნამდვილი საინფორმაციო სკანდალი მოაწყო, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო მოხელეებს დღენიადაგ იმ პრინციპებს შეახსენებდა, რაზეც ამერიკა იდგა, ხოლო რიგით მოქალაქეებს ამ საკითხისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო საყვედურობდა. "ქვეყანას საკუთარი სიმბოლოები უნდა ჰქონდეს. - ხშირ-ხშირად იმეორებდა იგი. - ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმბოლო კი თავისუფლებაა". პულიცერის წყალობით, თავისუფლების ქანდაკება ამერიკაში მალევე ჩაიტანეს და დიდი ზარ-ზეიმითაც აღმართეს. მეტიც, ძეგლი თავად ქვეყნის პრეზიდენტმა გახსნა და მგზნებარე სიტყვაც წარმოთქვა.

სხვასთან ერთად, ჯოზეფ პულიცერი ამერიკაში ყვითელი პრესის საფუძვლის ჩამყრელადაც ითვლება. სწორედ მის The New York World-ს უწოდეს პირველად "ყვითელი პრესა". სხვათა შორის, ყვითელ ფერს, როგორც ატრიბუტს, თავიდან სრულიად პირდაპირი დანიშნულება ჰქონდა, რადგან ის შავ-თეთრი "უორლდის" ფურცლებზე გამოჩენილი პირველი სხვა ფერი იყო. "უორლდი" საერთოდაც პირველი ამერიკული გაზეთი იყო, რომელმაც ფერადი დამატებებისა და კომიქსების გამოყენება დაიწყო. ისიც უთუოდ აღსანიშნავია, რომ ტერმინი "ყვითელი პრესა" თავიდანვე ბულვარულობასა და ჭორების პუბლიკაციასთან როდი იყო დაკავშირებული. ის "უორლდის" გასართობ გვერდზე გამოჩენილ კომიკური პერსონაჟზე - "ყვითელ ბიჭუნაზე" შექმნილი კომიქსების წყალობით გაჩნდა.

GzaPressაგრესიული ჟურნალისტური სტილის გამო ჯოზეფ პულიცერმა არაერთი მტერი შეიძინა. პანამის არხის მშენებლობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში თვით ამერიკის პრეზიდენტის - თეოდორ რუზველტის მხილების გამო კი მის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეც აღიძრა. პროცესი საკმაოდ გაიწელა და პულიცერმაც ამ ხნის განმავლობაში სერიოზული დევნა-შევიწროება გადაიტანა. თუმცაღა, საბოლოოდ, ამერიკული სასამართლო მაინც მის ანუ სიტყვის თავისუფლების მხარეს დადგა. ამ გზით ჯოზეფ პულიცერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჟურნალისტიკას შეუძლია და ვალდებულიცაა, სოციალურად პასუხისმგებლიანი იყოს. უბრალო ადამიანებს კი პირველ რიგში იმის რწმენა განუმტკიცა, რომ საზოგადოების ბედს საბოლოოდ, "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" და მათი სქელი ჯიბეები კი არა, ის ადამიანები წყვეტენ, ვინც პრობლემებზე თვალს არასდროს ხუჭავს და არც სიმართლის საჯაროდ თქმის ეშინია.

ჯოზეფ პულიცერი 1911 წლის 29 ოქტომბერს, თავის საყვარელ იახტა "თავისუფლებაზე" გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე პირად მდივანს უკარნახა სიტყვები, რომლებიც მის პროფესიულ ანდერძად უნდა ჩაითვალოს: "მხოლოდ პასუხისმგებლობის გულწრფელი გრძნობა იხსნის ჟურნალისტიკას შეძლებულთა კლასისადმი მონური მორჩილებისგან, რომლებსაც ეგოისტური მიზნები ამოძრავებთ და საზოგადოებრივ კეთილდღეობას ეწინააღმდეგებიან".

პულიცერის ანდერძის თანახმად, მისი ქონების ნაწილი, 2 მილიონი დოლარი კოლუმბიის უნივერსიტეტს ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლის შესაქმნელად და გამორჩეული ჟურნალისტებისთვის (აგრეთვე, მწერლებისა და მუსიკოსებისთვის) პრემიის დაწესებისთვის გადაეცა. მას შემდეგ პულიცერის პრემიის მიღება ნებისმიერი ჟურნალისტისთვის უდიდესი პატივია. მისი დამაარსებლისთვის კი ყველაზე დიდი პატივი ამ ჯილდოს უბრალოდ ნიჭიერი და შეუპოვარი ჟურნალისტისთვის კი არა, უპირველესად ალბათ, მაინც იმ ადამიანისთვის გადაცემა იქნებოდა, ვისაც საზოგადოების ღირსეული სამსახური შეუძლია და ამას აკეთებს კიდეც. პულიცერის პრემიის ყველაზე ავტორიტეტულ ნომინაციასაც ხომ სწორედ ასე - "საზოგადოების სამსახურისთვის" - ჰქვია და მასში გამარჯვებულს 10 ათას დოლართან ერთად ოქროს მედალიც გადაეცემა.