"ინტელექტუალი" ყორნები და ყვავები, რომლებსაც თვლა და გეომეტრიული ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ
font-large font-small
"ინტელექტუალი" ყორნები და ყვავები, რომლებსაც თვლა და გეომეტრიული ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ
ერთი უჩვეულო, იშვიათი პროფესიის ადამიანი უნდა გაგაცნოთ: ზურაბ ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობს, პროფესიით ორნითოლოგია.
როგორც ამბობს, საქართველოში 4-5 პროფესიონალი ორნითოლოგი იქნება, თვითონ კი, უკვე ღრმა ბავშვობიდან იცოდა, რომ ამ გზას დაადგებოდა, რომ გარემომცველი სამყარო მისი შესწავლისა და დაკვირვების საგანი გახდებოდა - სამყარო, რომელიც ამდენ გაუმხელელ საიდუმლოს ინახავს:

GzaPress- ორნითოლოგები პროფესიონალები არიან, რომელთა შესწავლის ობიექტი ფრინველთა სამყაროა, თუმცა, არიან მოყვარულები - ე.წ. "ბერდვოჩერებიც" (ბირდ - ჩიტი; წატცჰინგ - ხედვა). საქართველოში დაახლოებით ათამდე ბერდვოჩერი იქნება, ორნითოლოგი კი - 4-5. ეს ის ხალხია, ვისაც ფრინველების ბუნებრივ გარემოში თვალიერება და მათი გადაღება უყვარს. ეს საქმე ბავშვობიდანვე მაინტერესებდა: მახსოვს, ბებიას ბაღში რომ მივყავდი, მაშინაც კი ვაკვირდებოდი ყვავილებს, პეპლებსა და ბუნებას. მინდოდა, ბუნება შემესწავლა. მერე სკოლაშიც ისეთი საგნები მაინტერესებდა, რომელიც ბუნებასთან იყო დაკავშირებული. თელავის პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე, რომელიც ერეკლე მეფის სასახლის გალავნის შიგნით მდებარეობს, იქაც ყველამ იცოდა ჩემი ინტერესის საგანი. თელავი დიდი ქალაქი არ არის და რამდენიმე მეგობართან ერთად მარტივად ვახერხებდი ბუნებაში გასვლას. ხშირად დავდიოდით ტყეში. ხან სოკოებს ვაგროვებდით, ხან კი, უბრალოდ დავხეტიალებდით და ყველაფერს ვაკვირდებოდით. საბუნებისმეტყველო საგნები ყოველთვის მაინტერესებდა და თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან ისეთი წიგნები გამომქონდა, რომელიც მანამდე არავის გაუტანია. მშობლებმაც ხელი შემიწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიასა და ბუნებასთან შეხება არ ჰქონდათ. ამიტომ, ბოლო კლასებში არც კი მიფიქრია, ისე გადავწყვიტე ბიოლოგიურზე ჩამებარებინა. ასე მოვხვდი სახელმწიფო უნივერსიტეტში. გავიარე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და როგორღაც, თავისთავად დაიწყო ჩემი გატაცება ფრინველებით, რაც ჩემი პროფესია გახდა.

- რატომ მაინცდამაინც ფრინველები? რატომ აირჩიეთ ეს სფერო?

- 2000 წელს სტაჟირებაზე წავედი აშშ-ში. იქ იყო ტერიტორია, სადაც მტაცებელი ფრინველების გადაფრენის სხვადასხვა არეალს აკვირდებოდნენ და მე კიდევ უფრო დამაინტერესა ამ საქმემ. თანაც, მაშინ თბილისში მოქმედებდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ველური ბუნების შენარჩუნების ქართული ცენტრი". სწორედ ამ ორგანიზაციაში გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს მომავალზე. თავიდან მოხალისედ ვმუშაობდი ამ ორგანიზაციაში. პრაქტიკული საქმიანობა უფრო მაინტერესებდა, ვიდრე თეორიული ცოდნა, რომელსაც მაშინ უნივერსიტეტი გვაძლევდა. მერე, როდესაც ჩემი ასაკის უცხოელი სტუდენტები გავიცანი, ცოტა არ იყოს, შემშურდა კიდეც: მათ ჰქონდათ გასაქანი, რომ პრაქტიკულად ემუშავათ, წასულიყვნენ თუნდაც აფრიკაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, ძალზე საინტერესო პროექტებში მიეღოთ მონაწილეობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეეძინათ. სწორედ ამერიკაში ყოფნამ დამანახვა, თუ რას ნიშნავს იყო მკვლევარი და მეცნიერი ამ სფეროში. იქიდან რომ ჩამოვედი, საქმიანობა სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელე იმავე ორგანიზაციაში. იქ ერთი, მეტად საინტერესო პროექტი გვქონდა: სატელიტურ გადამცემებს ვადებდით ორბებს, სვავებსა და ბატკანძერებს და მერე ვაკვირდებოდით.
GzaPress
- ასეთი ფრინველი სადღაც, დედამიწის მეორე კუთხეში დაფრინავს და თქვენ აკვირდებით არა?
- დიახ, გადამცემს კისერზე დავუმაგრებთ, მერე ეს ფრინველები დაფრინავენ და ჩვენც გადამცემის მიხედვით ვიგებთ, სად არიან და რას აკეთებენ. გადამცემი 3-4 წელიწადს მუშაობს, მერე ბატარეები ჯდება, ხოლო ძაფი, რომლითაც ამ გადამცემებს ვამაგრებთ, ლპება და ფრინველს გადამცემი თავისთავად სძვრება კისრიდან. ყველა ინფორმაცია მოგვდის ჩვენს მიერვე "დანიშნული" ფრინველების შესახებ. მაგალითად, ყაზბეგში დავადეთ ასეთი გადამცემი ერთ ორბს, რომელიც ჯერ სომხეთსა და აზერბაიჯანში გადაფრინდა, შემდეგ - ირანში, მერე საუდის არაბეთში, მივიდა აფრიკამდე და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა - მოკლედ მთელ ქვეყანას შემოუარა და ჩვენ ამ ყველაფერს თბილისიდან ვაკვირდებოდით.

- თუ არსებობენ რაღაცით გამორჩეული და საინტერესო ფრინველები?

- ყველა ფრინველი თავისთავად საინტერესოა, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც შენ გიზიდავს. ჩემთვის ასეთი ფრინველია მეკირია, რომელიც ფართოდაა გავრცელებულია საქართველოში. მეკირია იმდენად თავისუფლად და კარგად გრძნობს თავს ჰაერში, რომ მიწაზე რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჯდება. მეკირიებს შეუძლიათ ფრენის დროს დაიძინონ, ჰაერში დაწყვილდნენ. მხოლოდ დედალს უწევს მიწაზე ჩამოსვლა, რომ კვერცხი დადოს. მამალი მეკირიები კი, წლების განმავლობაში საერთოდ არ ჩამოდიან მიწაზე. ერთ-ერთ მათგანს გადამცემი დაადეს და ნახეს, რომ სამი წლის განმავლობაში მიწაზე არ დამჯდარა. სხვათა შორის, ალბატროსებსაც შეუძლიათ ასე იფრინონ. მიუხედავად იმისა, რომ ალბატროსი ყველაზე დიდი ფრინველია, უზარმაზარი ფრთის შლილი აქვს, რამდენიმე წლის განმავლობაში მიწაზე არ ჯდებიან. ერთი ასეთი ალბატროსი ცნობილი გახდა იმით, რომ მეცნიერებმა სატელიტური გადამცემი დაადეს და 80 დღეში მთელ დედამიწას შემოუარა. ორბების შესწავლის შემდეგ კავკასიური როჭოს შესწავლა დავიწყეთ, რომელიც ჩვენთან მაღალ მთაში ცხოვრობს, ეს კავკასიის ენდემური სახეობაა ანუ მხოლოდ კავკასიაში ბინადრობს. ვიჭერდით როჭოებს და რადიოგადამცემებს ვადებდით. მერე კი მათ საქციელს ვაკვირდებოდით: სპეციალური ანტენის დახმარებით ვიგებდით, რამდენი კვერცხი დადო, რამდენი ბარტყი გამოჩეკა და საერთოდ, რა გააკეთა. იმის გამო, რომ საკმაო გამოცდილება არ გვქონდა, დავუკავშირდით აიდაჰოს უნივერსიტეტს ამერიკაში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში, როჭოების შესწავლის მხრივ და ერთად დავიწყეთ მათი შესწავლა. ამის შემდეგ აიდაჰოს უნივერსიტეტში წავედი, იქაც სტაჟირება გავიარე და სხვადასხვა კვლევაში ვმონაწილეობდი.

- საქართველოში მობინადრე ფრინველებს შორის ყველაზე მცირერიცხოვანი რომელია?

GzaPress- ბექობის არწივი იშვიათი ფრინველია: საქართველოში მხოლოდ 15-20 წყვილია შემორჩენილი. იშვიათი სახეობაა და საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეტანილი. საოცრად ლამაზი, დიდი ზომის ფრინველია, ხშირად ბუდობს ხეებზე და მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე. ხეების ზედა ნაწილი, სადაც ისინი ბუდობენ, ხშირად ხმება და ქარის დროს ტყდება. ამის გამო მათი ბუდე ინგრევა, რაც მათი ნამატის შემცირებას იწვევს. ჩვენს უნგრელ მეგობრებთან ერთად არწივებს ხელოვნურ პლატფორმას ვუკეთებდით, რომელიც ხეზე მაგრდება და ბუდეს ჩამონგრევისაგან იცავს. სამწუხაროდ, საქართველოში აღარ ბინადრობს უაღრესად საინტერესო ფრინველი, რომელსაც ქართულად სავათი ჰქვია. სავათი XX საუკუნის შუა წლებამდე დიდი რაოდენობით ზამთრობდა საქართველოს ტერიტორიაზე. ის იმით არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ყველაზე დიდი ზომის ფრინველია: ხშირად 20 კგ-საც აღწევს. თითქოს შეუძლებელია, ამხელა ფრინველმა რომ იფრინოს, მაგრამ სავათი თავისუფლად დაფრინავს. მართალია, მასზე მძიმე ფრინველებიც არსებობენ, მაგალითად - სირქლემები ან პინგვინები, მაგრამ ისინი ვერ დაფრინავენ.

- რამ გამოიწვია მათი გადაშენება?

- სამწუხაროდ, სავათს საქართველოში ვეღარ შეხვდებით. კარგად მახსოვს, პაპაჩემი რომ მიყვებოდა, თუ როგორ ზამთრობდნენ სავათები კახეთში, ალაზნის ველზე. ამჟამად ისინი ჩვენთან აღარ არსებობენ. რამდენჯერმე გვითხრეს, რომ სავათი ნახეს, მაგრამ რომ ჩავეძიებით, ვხვდებით, რომ ეს სულ სხვა ფრინველი იყო. აშკარაა, რომ მათი გაქრობა საბჭოთა კავშირის დროს ე.წ. ყამირის ათვისებამ გამოიწვია: მაშინ სტეპების დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის მიწებად გადააქციეს და ეს უზარმაზარი პოპულაცია ამოწყდა. ახლა ეს ფრინველი ძალიან ცოტაა დარჩენილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და უნგრეთში. წილად მხვდა ამის ბედნიერება და ეს საოცარი ფრინველი ნანახი მყავს!

- უცხოეთში ყოფნისას რომელმა ფრინველებმა გაგაოცეს?

- ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე დიდი დრო მაქვს გატარებული, ევროპაშიც ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ იქ ბუნებრივი ლანდშაფტი ცოტაა შემორჩენილი, ჩრდილოეთ ამერიკაში კი ძალიან ბევრი შთამბეჭდავი ფრინველი ბუდობს. ფოტოაპარატი მქონდა და სულ ვცდილობდი ყველა მათგანი გადამეღო, მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეული მაინც კოლიბრია: დიახ, არის ასეთი ფრინველი - ეს ყველაზე პატარა ფრინველია დედამიწის ზურგზე. თავიდან, ახლოს რომ გაგიფრენთ, გგონიათ, რომ ფუტკარმა, ან მწერმა გაიფრინა. პენსილვანიაში, სადაც ვცხოვრობდი, კოლიბრი იქვე ბუდობდა. ჩემს ფანჯარასთან სპეციალური საკვებური მქონდა და ხშირად მოდიოდა. მათი საკვები ყვავილის ნექტარია. საკვებურს ნახვრეტები ჰქონდა და შიგნით შაქრიანი წყალი ესხა. ისიც მოდიოდა და შაქრიან წყალს სვამდა. ეს ძალიან საინტერესო, საოცარი ფრინველია: წონით სულ რამდენიმე გრამია, ფრთებს ძალიან სწრაფად იქნევს და მისი ფრთები ზოგჯერ ფუტკრის, ან ბუზის ფრთებს წააგავს. კოლიბრი საინტერესოა იმითაც, რომ ორ კვერცხს დებს და თითოეული ეს კვერცხი უფრო მეტია წონით, ვიდრე თვითონ ეს ფრინველი. მისი გულისცემის სიხშირე ფრინველებში ყველაზე მეტია, თანაც კოლიბრის ყველაზე ცოტა ბუმბული აქვს. ცნობილია, რომ ყველაზე მეტი ბუმბული გედს აქვს და ყველაზე ცოტა - კოლიბრის. ამერიკაში სხვადასხვა ადგილას მომიწია მუშაობამ, ბევრი საინტერესო ფრინველი და ცხოველი ვნახე, რომელთა პოვნა საკმაოდ რთულია. არ შემიძლია არ ვახსენო ამერიკული ტყის ქათამი. ეს ფრინველი იმით არის საინტერესო და გამორჩეული, რომ ძალიან ნელა დაფრინავს. იმდენად ნელა, რომ წესით ძირს უნდა ჩამოვარდეს, მაგრამ არ ვარდება, რითაც ყოველგვარ წესსა და კანონს ეწინააღმდეგება. თუმცა, ამერიკაში წასვლა სულაც არ არის საჭირო, რომ ფრინველების უჩვეულო, განუმეორებელ თვისებებზე ვისაუბროთ.

- მაგალითად?

- ავიღოთ თუნდაც ჩვეულებრივი ყორანი, რომელიც ყველგან გვხვდება. როდესაც ტესტები ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ ყორანი ყველაზე ჭკვიანია: ყორნებს IQ-ს ტესტებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. რაც შეეხება ყვავებს, მათზე დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ თვლაც კი შეუძლიათ. ლაბორატორიებში ექსპერიმენტები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ყვავებს თვლასთან ერთად მარტივი გეომეტრიული ოპერაციების ჩატარებაც შეუძლიათ. ამ მხრივ გამორჩეულია ბატკანძერი ანუ კრავიჭამია. ეს ძალიან ლამაზი ფრინველია, რომელიც ძვლებით იკვებება. ის ყლაპავს მცირე და საშუალო ზომის ძვლებს და კუჭში ისეთი ძლიერი მჟავები აქვს, რომ თავისუფლად ინელებს. დიდ ძვლებს კი, რომელსაც ვერ გადაყლაპავს, უცნაურად ექცევა: ნაპოვნი აქვს სპეციალური, ძვლის სამტვრევი ადგილი, მიფრინავს იმ ადგილას, ჰაერიდან აგდებს ძვალს, რომელიც ქვებზე იმსხვრევა და მერე ამ ნატეხებს მიირთმევს. ბარტყები, რომლებმაც ეს ჯერ არ იციან, თავიდან ბალახებზე აგდებენ ძვლებს. სხვათა შორის, ყაზბეგში ჩვენ მიერ დანიშნულ ბატკანძერს ჰქონდა ასეთი ადგილი ამოჩემებული, სადაც ძვლებს ამტვრევდა. ერთი სიტყვით, ზოგიერთი ფრინველი უჩვეულო გონიერებით გამოირჩევა, რაც მათ შესწავლას კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის. სწორედ ამიტომ, ფრინველების შესწავლა, მათზე დაკვირვება უაღრესად სასიამოვნო პროცესია!
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
12.06.2015
მართლაც საინტერესოა ...
ანა
29.05.2015
საინტერესოა, წარმატებებს გისურვებთ, ვფიქრობ ასეთი ადამიანები ხშირად უნდა გააცნოთ საზოგადოებას,(თორემ ასე მგონია საქართველოში მხოლოდ კრიმინალები-ღა ცხოვრობენ)
ქეთი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი