ტიმოთი დექსტერი - ყველაზე იღბლიანი შერეკილი
font-large font-small
ტიმოთი დექსტერი - ყველაზე იღბლიანი შერეკილი
ბრძენს უთქვამს, თითო გიჟი ყველა სოფელს უნდა ჰყავდესო. ბრძენობას ნამდვილად ვერ დავიბრალებ და ვერც ყველა სოფლის გიჟს დავუდგები თავდებად, მაგრამ მგონი, საკუთარი თავის პატივისმცემელ ნებისმიერ ერს ერთი ცნობილი შერეკილი მართლა უნდა ჰყავდეს.
თანაც, ზოგს - რეალური პიროვნება, რომელმაც შემდეგ ზღაპრებსა და ლეგენდებში გადაინაცვლა და დღემდე ასე მოაღწია, ზოგსაც - პირიქით. შორს რომ არ წავიდეთ, ამის დასტურად თუნდაც ჩვენი ნაცარქექიაც იკმარებდა. თუმც კი ამჯერად "შორს წასვლა" მაინც მოგვიწევს, რადგან მთლად ოკეანისგაღმელ შერეკილზე უნდა გიამბოთ. სხვათა შორის, მრავალი წლის წინ მცხოვრები ამ ადამიანის სახელი სრულიად უსამართლოდ მანამ იყო მივიწყებული, სანამ თანამედროვე ამერიკულმა კინემატოგრაფმა მის მაგალითზე აგრერიგად სახელგანთქმული ფორესტ გამპის სახე არ გამოძერწა. მაშ ასე, გაიცანით მილიონობით ადამიანის უსაყვარლესი და უკეთილშობილესი კინოგმირის რეალური "წინაპარი", ამერიკის ყველაზე დიდი შერეკილი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი, ლორდი ტიმოთი დექსტერი.

დექსტერი 1748 წლის 22 იანვარს, ბოსტონის მახლობლად, პატარა ქალაქ მალდენში დაიბადა. ის უბრალო ფერმერის შვილი იყო და თითქმის არანაირი განათლება არ მიუღია. 16 წლისამ ბოსტონის ტყავის სახელოსნოში შეგირდად დაიწყო მუშაობა. სარფიანობის მიუხედავად, მაშინ ამ საქმეს მხოლოდ ყველაზე დაბალი კლასის წარმომადგენლები თუ ჰკიდებდნენ ხელს. სიტუაცია დიდად არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც ბოსტონელმა "მეტყავეებმა" ბრიტანელ მოდის მიმდევარ ქალებში ძალზე პოპულარული "მაროკოული ტყავის" წარმოების ტექნოლოგიის მონოპოლიზება და შესაბამისად, კიდევ უფრო გამდიდრებაც მოახერხეს.

GzaPress1769 წელს დექსტერმა ხელობის სწავლა დაასრულა და საკუთარი ტყავის საამქროს ამუშავება გადაწყვიტა, მაგრამ სწორედ იმხანად ბოსტონში ეკონომიკური სიტუაცია და შესაბამისად, ბიზნესის წარმოებაც საგრძნობლად გართულდა. ამიტომ, შეუმდგარმა "მეტყავემ" სასწრაფოდ აიკრა გუდა-ნაბადი და ქალაქ ჩარლსტონს მიაშურა. "ბოროტი ენები" ირწმუნებიან, ჩარლსტონში ჩასულ ტიმოთის ჯიბეში მხოლოდ ათი დოლარიღა ედოო. შესაძლოა, მართლა ასე იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამას მისთვის იქაური მდიდარი ქვრივის, მისის ელიზაბეთ ლორდ-ფროტინჰემის გაცნობასა და მასთან საფუძვლიანად დაახლოებაში ხელი ოდნავაც არ შეუშლია. მიუხედავად იმისა, რომ ტიმოთი ელიზაბეთზე მეტად მისმა ქონებამ მოხიბლა, დიდხანს მაინც აღარ უჭოჭმანია, მასზე ათი წლით უფროს, ოთხი შვილის დედას ცოლობა სთხოვა და დასტურიც მალევე მიიღო.

მდიდარ ქვრივთან ჩასახლებული დექსტერის ახალი მეზობლები (მათ შორის თვით მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორი ჯონ ჰენკოკი და მაშინდელი ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი თომას რასელიც იყვნენ) ამერიკელი საზოგადოების "ჭეშმარიტ ნაღებს" წარმოადგენდნენ. ეტიკეტის წესების შესანიშნავად ცოდნასთან ერთად, წარმატებული ბიზნესმენებიც იყვნენ და მეზობლად შემთხვევით მოხვედრილი "ანგარებიანი ვიგინდარას" თავის ტოლად და სწორად ჩათვლა ფიქრადაც კი არ გაუვლიათ, მაგრამ თავად დექსტერი რატომღაც მაინც ჯიუტად თვლიდა, რომ ამ ჯენტლმენების კეთილგანწყობის დამსახურისთვის სახელმწიფო დაწესებულებაში მაღალანაზღაურებადი თანამდებობის მიღება სრულიად საკმარისი იქნებოდა და თავისი მშობლიური ქალაქ მალდენის ხელმძღვანელობას სამუშაოს გაუთავებელი თხოვნით თავი იმდენად მოაბეზრა, რომ საბოლოოდ არარსებული თანამდებობა - "ირმების კონტროლიორი" დააშვებინა. და ეს მოხდა ქალაქში, საიდანაც, მალდენის საქალაქო ბიბლიოთეკის არქივებში ნაპოვნი იმდროინდელი ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, "ბოლო ირემი 19 წლის წინ გაქრა". დექსტერი თავისი ახალი თანამდებობით ძალზე კმაყოფილი იყო და ამის შემდეგ ცოლის ქონების გაზრდაზე დაიწყო ზრუნვა. თუმცა, მიზნის მისაღწევად მეტისმეტად უცნაური გზა აირჩია და ელიზაბეთის მთელი დანაზოგი ოქრო-ვერცხლით ელვისებურად გაუფასურებული ფასიანი ქაღალდების (იმ დროს მიმოქცევაში მყოფი ეგრეთ წოდებული კონტინენტური დოლარის მცირეთანხიანი ქაღალდის ნომინალების) შესყიდვა დაიწყო. ეს იმდენად სარისკო და უგუნური ნაბიჯი იყო, რომ უდიდესი კრახით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გარემოებათა ყოველგვარ კანონზომიერებას მოკლებული განვითარების ან იქნებ, იმის გამოც, რომ ბრიყვებს მართლა ხშირად უმართლებთ, დექსტერის ავანტიურა ზედმიწევნით წარმატებული გამოდგა. უფრო კონკრეტულად კი, ბრიტანეთისგან ამერიკის დამოუკიდებლობისთვის წარმოებული ომის დასრულებას და ამერიკის კონსტიტუციის მიღებას კონტინენტური დოლარის ღირებულების სრულიად მოულოდნელი, რამდენჯერმე გაზრდაც მოჰყვა, რამაც ტიმოთი დექსტერი იმ დროისთვის მართლაც რომ ასტრონომიული სიმდიდრის პატრონად აქცია. "ფრიად პატივცემული ადგილობრივი ჯენტლმენების" მხრიდან აღიარების მიღწევის მორიგი მცდელობა მისთვის ისევ უშედეგოდ დასრულდა, რადგან ახალგამომცხვარი "ფულის ტომრის" "საშინელი მანერები", კიდევ უფრო "საშინელი ხასიათი" და "გრძელი ენა" მათთვის უწინდებურად მიუღებელი იყო.

გულარხეინმა ტიმოთიმ საკუთარი ხასიათის სხვების მოსაწონად გამოსწორებას ისევ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ამჯობინა და ოჯახთან ერთად მასაჩუსეტსის შტატის საზღვრისპირა ქალაქ ნიუბერიპორტში გადაბარგდა, სადაც ბედს კიდევ ერთხელ ეწია. მანამდე "მთელი რიგი გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებები" განახორციელა. კერძოდ, ჯერ რამდენიმე სავაჭრო გემი, საჯინიბო და მდიდრული ეტლი (რომელზეც სასწრაფოდ საკუთარი ინიციალები ამოატვიფრინა) იყიდა, შემდეგ კი კიდევ უფრო მდიდრული სახლიც (რომელსაც თავად ციხე-დარბაზს ეძახდა) აიშენა.

უბრალო ცნობისმოყვარეების გარდა, ნიუბერიპორტში დექსტერს არც მდიდარი და შურიანი მეზობლები მოჰკლებიან, რომლებიც "სასარგებლო" რჩევას რჩევაზე აძლევდნენ. ერთხელაც, რამდენიმე მათგანმა ვითომ საიდუმლოდ გაანდო, რომ შორეულ ვესტ-ინდოეთში ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს სითბოს შემნახავი ტაფები და მატყლის ხელთათმანებიო. რაღა თქმა უნდა, დექსტერს ვესტ-ინდოეთსა და მის კლიმატზე წარმოდგენაც არ ჰქონდა და გემები ათასობით ტაფითა და ხელთათმანით დატვირთა და სასწრაფოდ გზას გაუყენა. ამის შემდეგ ვაიბიზნესმენს უკვე დიდი და პატარა დასცინოდა, მაგრამ სრულიად მოლოდნელად, კიდევ ერთი სასწაული მოხდა და ვესტ-ინდოეთში, თითქოს სრულიად უსარგებლო ტვირთად ქცეული ტაფები ადგილობრივ მცხოვრებლებს ისე მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს მისი გამოყენება კასრებში თევზის გადასაწყობ ციცხვებად და ერთიანად დაიტაცეს. აი, მატყლის ხელთათმანებს კი ტროპიკებში მართლა არავინ უნდა დახარბებოდა, მაგრამ ამჯერად საქმეში მგონი, უკვე სრულიად გაურკვეველი ძალებიც ჩაერივნენ, რადგან ზუსტად იმ დროს ვესტ-ინდოეთის ნაპირს რუსეთის იმპერიის სავაჭრო ფლოტის გემები მიადგნენ და მათი ეკიპაჟების წევრებმა თავიანთ ქვეყანაში ესოდენ საჭირო საქონლის მთელი პარტია დიდზე დიდი სიამოვნებით შეიძინეს. ასე რომ, ტიმოთი დექსტერი ნიუბერიპორტში არა მარტო გამდიდრებული, იმაშიც ღრმად დარწმუნებულიც დაბრუნდა, რომ ვაჭრობა მისი ჭეშმარიტი მოწოდება იყო.

GzaPressმომხდარით გაცოფებულმა "კეთილისმსურველებმა" სული ოდნავ მოითქვეს და დექსტერს ახლა უკვე მთლად ინდოეთში უკრეს თავი, სადაც თურმე, ბიბლიის "კატასტროფული დეფიციტი" იყო. კიდევ ერთხელ გაბრიყვებულმა დექსტერმა ინდოეთში 40 000 ცალი (!) ბიბლია ჩაიტანა და ჰოი, საოცრებავ! უკლებლივ ყველა წიგნი ქრისტიანმა მისიონერებმა შეიძინეს, რომლებმაც თურმე, სწორედ იმ დროს გაშალეს ინდოეთში ყველაზე აქტიური საქმიანობა. შინ დაბრუნებული "იღბალა" მორიგი გამარჯვებით ტკბებოდა, მისი მოშურნეები კი გულზე მანამ სკდებოდნენ, სანამ მორიგი ხრიკი არ მოიგონეს და ახლა იმაში არ დაარწმუნეს, რომ ბრიტანეთში, ქალაქ ნიუკასლში ანტრაციტის (ქვანახშირის საუკეთესო სახეობის) არნახული დეფიციტიაო. უბირ დექსტერს არც კი სმენოდა, რომ ნიუკასლში ქვანახშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღარო მდებარეობდა. ამიტომ, არც კი დაფიქრებულა, ტონობით ანტრაციტი იყიდა და გზას გაუდგა, მაგრამ როცა ნიუკასლში ჩავიდა, მეშახტეების იმდენად მასშტაბური გაფიცვა და ქვანახშირის ისეთი დეფიციტი დახვდა, რომ ანტრაციტი უზარმაზარი მოგებითაც კი გაყიდა და შინ ისევ გამდიდრებული დაბრუნდა. თანაც, ამის შემდეგ უკვე ვაჭრობის მეთოდები და ტექნიკაც ასე თუ ისე აითვისა და შეძელებისდაგვარად, დახვეწა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, მის ბიოგრაფს თუ დავუჯერებთ, მთლად "სისულელისა და უმეცრების აქტებს" მაინც აღარ სჩადიოდა. გასაყიდ საქონელს კი უწინდებურად ძალიან უცნაურად ირჩევდა. ერთხელ მაგალითად, ბოსტონში ჩავიდა და ვეშაპის ძვლებისა და ულვაშის ლამის მთელი მარაგი დაუფიქრებლად იყიდა. ისევ მოგებული დარჩა, რადგან იმ დროს ვეშაპის ძვლებსა და ულვაშზე, რომელსაც დღეს "1800-იანი წლების პლასტიკატს" უწოდებენ, უზარმაზარი მოთხოვნა იყო და 340 ტონა საქონელი ქალის კორსეტების, საყელოების, მათრახებისა და სათამაშოების მწარმოებლებს 75%-იანი ფასნამატით მიჰყიდა.

ტიმოთი დექსტერის უცნაური სავაჭრო გარიგებებისა და ზღაპრულად გამდიდრების ამბავი მალე მარტო ნიუბერიპორტის კი არა, მასაჩუსეტსის შტატის ფარგლებსაც გასცდა და ამერიკის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე გავრცელდა. ამ გარემოებამ პიროვნულად ვერაფერი შემატა და ისევ ისეთი შერეკილი და ახირებული დარჩა. მეტიც, ბიზნესთან ერთად, ექსცენტრულობა მის პირად ცხოვრებაზეც საგრძნობლად აისახა და სტუმრებს ხშირად იმაშიც კი არწმუნებდა, ცოლი კარგა ხნის წინ გარდამეცვალაო, რის შემდეგაც ქმრის უსაქციელობით გამუდმებით მობუზღუნე, მაგრამ სრულიად საღ-სალამათი ელიზაბეთისკენ იშვერდა ხელს და დასძენდა: "ეს მისის დექსტერია, მოჩვენება, რომელიც ოდესღაც ჩემი ცოლი იყო".

ტიმოთი დექსტერი ლორდი არ ყოფილა, ეს ტიტულიც თავად მიანიჭა საკუთარ თავს და მისივე დაჟინებული მოთხოვნით, ყველა მხოლოდ ასე მოიხსენიებდა. ნიუბერიპორტის "ფრიად პატივცემული ბატონების" მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულებას შიგადაშიგ მაინც გრძნობდა და ეჭვების საბოლოოდ გასაფანტავად თუ სულაც ადგილობრივთა ჭეშმარიტი დამოკიდებულების დასადგენად, ერთხელ საკუთარი სიკვდილის ინსცენირება გადაწყვიტა და კუბოს დასამზადებლად მთელ მასაჩუსეტში საუკეთესო დურგალიც კი დაიქირავა. დურგალმა დექსტერს იმდენად მოხერხებული სასვენებელი დაუმზადა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში საწოლად იყენებდა. ამ უგუგნურზე უგუნური წამოწყების განხორციელებისას ტიმოთიმ საკუთარი ცოლ-შვილი მაინც შეიბრალა და ყველაფერი გაანდო, მაგრამ მკაცრად გააფრთხილა, რომ "როლიდან გამოსვლა" არაფრით გაებედათ.

"გასვენების" დღეს დექსტერის მამულში 3000 კაცი შეიკრიბა. ეს იყო გრანდიოზული მოვლენა, რომლის დროსაც ნიუბერპორტისა და მეზობელი ქალაქებიდან ჩასული პატივცემული ადამიანები ყველაზე ეგზოტიკურ ალკოჰოლურ სასმელებს შეექცეოდნენ და "უდროოდ წასულის" ცხოვრებიდან ყველაზე საინტერესო ამბებს იხსენებდნენ. თავად დექსტერი კი ამ დროს უკანა ეზოში მდგარი საზაფხულო სახლის სარდაფს იყო შეფარებული და ყველაფერს იქიდან აკვირდებოდა. თავიდან თითქოს, მოვლენები სათანადოდ წარიმართა: დექსტერის აცრემლებულ ქალიშვილს (ტიმოთის და ელიზაბეთს საერთო ქალ-ვაჟი ჰყავდათ) თავი ძმის მკერდში ჩაერგო, ვაჟი კი უკვე ისეთი მთვრალი იყო, რომ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე სლუკუნებდა. ალბათ ყველაფერი ასე კარგადაც დასრულდებოდა, "გარდაცვლილს" უცბად თავისი მოღიმარი ცოლისთვის რომ არ მოეკრა თვალი. სამალავიდან გამოვარდნილმა გაცოფებულმა ტიმოთიმ ცოლი სამზარეულოში შეიტყუა და საყვედურებით აავსო, - მგლოვიარეს ოდნავაც არ ჰგავხარო. როცა ხმაურზე სამზარეულოში სხვებმაც შეიხედეს და ხელში ცოცხალი "მიცვალებული" შერჩათ, დექსტერს მათთვის ბოდიშიც კი არ მოუხდია, საკუთარ ქელეხს ისე შეუერთდა.

როცა ტიმოთი დექსტერს 50 წელი შეუსრულდა, თავი კიდევ ერთხელ "მოიგიჟიანა" და მემუარების წიგნი, "მონაჩმახი მცოდნეთათვის ანუ უხეშკაბიანი სიმართლე" დაწერა, რომელშიც, საკუთარი თავისთვის ხოტბის შესხმის გარდა, ცნობილი პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და... საკუთარი ცოლისთვის კბილის გაკვრაც არ დავიწყებია. დექსტერის აზრით, მის "განსაკუთრებულ შედევრს" შექსპირის ნაწარმოებებისთვისაც კი უნდა გაეწია კონკურენცია, მაგრამ ამ წიგნის ერთადერთი განსაკუთრებულობა ის იყო, რომ მონდომების შემთხვევაშიც კი მასში ვერც ერთ სასვენ ნიშანს ვერ აღმოაჩენდით. ავტორმა შეწუხებული მკითხველების შენიშვნა წიგნის მეორედ გამოცემისას (დექსტერის მემუარები რვაჯერ გამოიცა) გაითვალისწინა, ბოლო ცამეტი გვერდი მხოლოდ სასვენ ნიშნებს დაუთმო და ისიც დასძინა, რომ ამჯერად "მარილით" და "პილპილით" საკმარისად მოგამარაგეთ, მათი გემოვნებით "მოყრა" კი თქვენი საქმეაო.

1806 წლის 26 ოქტომბერს, ლორდი ტიმოთი დექსტერი გარდაიცვალა, ოღონდ, ამჯერად - ნამდვილად. სიცოცხლის ბოლო დღეებში ცოდვების გამოსყიდვა სცადა და მთელი თავისი ქონება ცოლ-შვილს, მეგობრებსა და ერთგულ მსახურებს გაუნაწილა. ამერიკის ყველაზე დიდი შერეკილი ნიუბერიპორტის მიტოვებულ სასაფლაოზე, მეუღლის გვერდითაა დაკრძალული და დროთა სიავისგან გადახრილ საფლავის ქვაზე, გვარ-სახელის გარდა, სამადლობელი სიტყვების გარჩევაცაა შესაძლებელი. და მაინც, ვინ იყო სინამდვილეში ტიმოთი დექსტერი? დიდი და ზედმიწევნით გამჭრიახი ბიზნესმენი თუ ბედისგან გამორჩეული მართლაც ყველაზე იღბლიანი შერეკილი? ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ორ საუკუნეზე მეტი ხნის მერეც კი არ არსებობს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2161 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი