წიგნების ქურდი მსახიობი
მსახიობს უწიგნურობა ძალიან ეტყობა", ამბობს ჯგუფ "ფრანის" სოლისტი, გაგა ჩიხლაძე. მიუხედავად ასაკისა, ზღაპრებს დღესაც დიდი ინტერესით კითხულობს. მისი საყვარელი ავტორი გურამ დოჩანაშვილია.
პრეამბულის მაგიერ
- წიგნი მოგიპარავს?
- (იცინის) არაერთხელ მომიპარავს. ჩემი წიგნების ქურდობის ამბები იცი და და ამიტომ მეკითხები? სტუდენტობისას პიესებით, დრამატურგიით დავინტერესდი. დოსტოევსკის, ბულგაკოვის, შექსპირის ტომეულებს რომ მივადექი... მოპარული წიგნებისგან ბოლოს კარგი ბიბლიოთეკა გამომივიდა.
- ვის ჰპარავდი?
- სადაც არ უნდა მივსულიყავი, შემეძლო წიგნი ამეღო და წამომეღო. ხომ იცი, სანამ სუფრა გაიშლება, ნარდს რომ გააგორებენ. ამ დროს წიგნების კარადასაც შევათვალიერებდი ხოლმე და შინ დაბრუნებისას, სასურველი წიგნი უბით მომქონდა. 40-50 წიგნი მაინც მქონდა მოპარული. თან ყველა ისეთი, რომელიც მაინტერესებდა და თან ვკითხულობდი.
- იმ წიგნებს დღესაც ინახავ?
- არა. მე ხომ ქუთაისელი ვარ, სტუდენტობის წლებში თბილისში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. ის ბინა გატეხეს და აბსოლუტურად ყველა წიგნი მომპარეს. გული ძალიან დამწყდა. 3 ცალი მარტო "ვეფხისტყაოსანი" მქონდა.
- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- გურამ დოჩანაშვილი ჩემი საყვარელი ავტორია. კეჟერაძეებთან ვიძმაკაცებდი, მის სხვა პერსონაჟებთანაც ვიმეგობრებდი.
- საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟისთვის მიგიმსგავსებია?
- შენი თავი შეგიძლია, ყველა ნაწარმოებში იპოვო. როცა სპექტაკლზე ვმუშაობ, ფილმს ვუყურებ ან მხატვრულ ნაწარმოებს ვკითხულობ, ყოველთვის ვირჩევ ერთ გმირს, რომელიც თავად ვარ და ასეთი თავგადასავლით კითხვა უფრო საინტერესოა. ზღაპრებიც ძალიან მიყვარს.
- ამ წუთას, სცენაზე რომელ გმირს განასახიერებდი?
- ახლა, ამ წუთში? დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ბერი, მღვდელი... უცნაურობა მჭირს, სულ მინდოდა, უარყოფითი პერსონაჟი მეთამაშა. გაიძვერა ტიპი მინდოდა ვყოფილიყავი. საკუთარ თავს დრამაში მეტად ვხედავ, ახლა კი სრულიად განსხვავებული როლის თამაში მომინდა.
- სასულიერო პირის თამაშის სურვილი რატომ გაგიჩნდა?
- ამ კითხვაზე პასუხი თავადაც არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთან ყველაზე ახლოსაა. იმედი მაქვს, რომ ოდესმე ვითამაშებ.
- "არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის. მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრეთ წოდებულ პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული". რომელ ცნობილ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?
- გურამ დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ღვინომ და სუფრამაც პატივისცემა დაკარგა. ღვინის სმას თავისუფლებამდე ვეღარ მივყავართ. ღვინო გაიგივდა პირდაპირ თრობასთან და არა იმ ურთიერთობებთან, რომელიც ამ ღვთიურმა სითხემ შეიძლება მოიტანოს.
- იოანე პეტრიწის განმარტებით, ძველად არსებობდა რიტორიკის 3 დარგი: თანამზრახველთა სათათბირო, საპაექრო, სადაც პოლემიკა იმართებოდა. დაასახელეთ მესამე დარგი, სადაც კარგად სჩანს ორატორობის სიდიადე.
- უნდა დავფიქრდე და გამოვიცნობ.
- მიგანიშნებ, თემატურად წინა შეკითხვის გაგრძელებაა.
- მივხვდი, სუფრა და თამადობა, არა?
- რა თქმა უნდა. რომელი მწერლის პერსონაჟია კირილე მიმინოშვილი?
- დავით კლდიაშვილის. ჩემიანია, იმერელია.
- ვის ეკუთვნის ფერწერული ტილო - "იმერეთი, დედაჩემი"?
- კაკაბაძეს.
- რომელი ჯირკვალი გამოყოფს ნივთიერება ადრენალინს?
- არ ვიცი.
- თირკმელზედა. მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარე რომელია?
- ამაზონი.
- "არ მკითხოთ, როგორ ვიშოვე პირველი მილიონი, მაგრამ შემდეგი მილიონები სუფთად მაქვს ნაშოვნი". - ამბობდა ადამიანი, რომელიც პირველი მილიარდელი იყო მსოფლიოში. დაასახელე ვიზეა ლაპარაკი?
- როკფელერზე.
- დაასახელე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც კინოში იმედა კახიანმა, ხოლო თეატრში - გოგი გეგეჭკორმა განასახიერა.
- მინიშნებას ვერ მეტყვი?
- ეს პერსონაჟიც იმერელია.
- მაშინ გამოვიცნობ, მადროვე (პაუზის შემდე), დავით კლდიაშვილის პლატონ სამანიშვილი.
- პირველად გვხვდება ძველ ეგვიპტეში, მისი ტარება ფარაონთა და მათთან დაახლოებული პირების პრივილეგია იყო. ძველ საბერძნეთში კი მისი ტარება ნებადართული იყო ყოველი ზრდასრული ადამიანისთვის, მონების გარდა. რაზეა ლაპარაკი?
- არ ვიცი...
- მიგანიშნებ, ამ რაღაცას ქალებიც ატარებდნენ და კაცებიც. დღესაც ასეა.
- შეიძლება ძალიან მარტივი პასუხი აქვს, მაგრამ ვერ ვხვდები. ერთდროულად ბევრ რამეზე შეიძლება იფიქრო. სწორი პასუხი არ ვიცი.
- ფეხსაცმელზეა ლაპარაკი.
- ასეც ვფიქრობდი.
- "მატარებლები და პოეტები,/ ეს შედარება რით გავამართლო?/ ყველა თავისი შემოქმედებით არის სახალხო, ზოგიც საბარგო". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?
- შოთა ნიშნიანიძე.
- რომელ მთაზე არ არის ნებადართული ქალისთვის ფეხის დადგმა?
- ათონის მთაზე, სადაც წმინდა მამები ცხოვრობენ.
- X საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა დახმარებისთვის დავით კურაპალატს მიმართა. ვინ მეთაურობდა ბიზანტიაში გაგზავნილ ჯარს?
- თორნიკე ერისთავი.
- წამში ერთხელ არის, წუთშიც ერთხელ არის, თვეში არ არის და წელიწადში 2-ჯერაა. რა არის?
- "წ". მეც არ მეგონა, თუ გამოვიცნობდი.
- "შენ ერთადერთი ხარ, ვის წინაშეც მუხლს ვიყრი და თავდახრილი შევდივარ შენს აკლდამაში". - ეს სიტყვები ალექსანდრე მაკედონელს ეკუთვნის. ვის მიმართავდა ასე მხედართმთავარი?
- საკუთარ ცხენს.
- რას ეძახიან დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს?
- ბადაგს გულისხმობ? ბადაგი ღვინო არ არის.
- მე ღვინოზე გელაპარაკები.
- არ ვიცი და ძალიან მაინტერესებს.
- ორდინალური.
- მართლა? ამას აუცილებლად დავიმახსოვრებ.
- ვარძიაში ნამყოფი ხარ?
- დიახ.
- გახსოვს, რამდენ სართულადაა განლაგებული ვარძიის სამონასტრო კომპლექსი?
- ვერ გიპასუხებ, ასეთი დეტალები არ მამახსოვრდება.
- 13 სართულად. რომელ სახელმწიფოს აკავშირებს დიდ ბრიტანეთთან გვირაბი - "ინგლიშ ჩენელი"?
- საფრანგეთს.
- რომელ მხატვარს ეკუთვნის ყველაზე მეტი ავტოპორტრეტი?
- არ ვიცი.
- რუბენსს. რომაელები განსაკუთრებულ წერილებს სტანდარტულ ფრაზას აწერდნენ: "შენ და..." დაასახელე ბოლო სიტყვა.
- არ ვიცი.
- "შენ და ცეცხლს".
- ა!!! აარული კუდიანებს. ამასაც დავიმახსოვრებ. ორდინალურიც ვისწავლე.
- ცნობილია, რომ მომთაბარე მონღოლები დაბეგვილ უმ ხორცს მიირთმევდნენ. როგორ ბეგვავდნენ ისინი ხორცს?
- არ ვიცი, ამ კითხვის პასუხი რამდენად არის, მაგრამ წამიკითხავს, როცა ცხენებით გადაადგილდებოდნენ, ხორცს უნაგირის ქვეშ ინახავდნენ და ისე მგზავრობდნენ. შესაძლოა, ამ დროს იბეგვებოდა.
- დიახ. მეცნიერულად მას ფილემატოლოგიას უწოდებენ. რაზეა ლაპარაკი?
- ფილემატოლოგია? პირველად გავიგე.
- კოცნა.
- მადლობა, რომ ამდენი საინტერესო რამ მასწავლე.
- დაბოლოს...
- ....(მაწყვეტინებს) ჯერ ნუ დაამთავრებ, გთხოვ.
- ეს რუბრიკა ასე ძალიან თუ მოგეწონა, სხვა დროს კიდევ დაგიკავშირდები. ახლა კი დაასრულე ნიცშეს ცნობილი გამონათქვამი: "სიყვარულის სიმცირე კი არა მეგობრობის ნაკლებობა განაპირობებს უიღბლო..."
- ეს გამონათქვამი არ ვიცი.
- "...უიღბლო ქორწინებას".
თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"