მილანური "არდადეგები" ანუ ფილიპინების ქართველი წარმომადგენლის უცხოური შთაბეჭდილება - გზაპრესი

მილანური "არდადეგები" ანუ ფილიპინების ქართველი წარმომადგენლის უცხოური შთაბეჭდილება

მე კი ჩემ მიერ დანახულ, მოდის დედაქალაქად წოდებულ ქალაქზე მოგიყვებით.

"ნიუ-იორკ თაიმსის" რჩევა გავითვალისწინე და მილანში ჩემი ვოიაჟი ამის გამო დავგეგმე-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი იქნება. მილანში როგორც გაეროს ახალგაზრდული მოდელირების დელეგატი, ისე ჩავედი. თუმცა, მონიჭებული მქონდა არა - საქართველოს, არამედ ფილიპინების წარმომადგენლის სახელი - ეს მსგავსი ღონისძიებების წესია.

მილანი 2015 წელს ყველაზე მეტად "ექსპოს" გამო იტვირთება. ეს წლის ყველაზე გრანდიოზული გამოფენაა, ძირითადად - კერძების. "ექსპოს" ახალგახსნილ პავილიონებს უფასოდ ვსტუმრობდით და მხოლოდ ამ დღეს დაემთხვა ცუდი ამინდი - ქარი და წვიმა, მაგრამ გამოფენით მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოსული, უამრავი ადამიანი იყო დაინტერესებული. მილანისთვის ეს დიდი ეკონომიკური წინსვლის გარანტი გახდა. გამოფენა ოქტომბრამდე გრძელდება. პირველ დღეებში შესასვლელ რიგში დგომა ხალხს 2 საათზე მეტ ხანს უხდებოდა. ასე რომ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი ღირსშესანიშნავია "ექსპო"...

პირველი, რაც მილანში მომეწონა, ამინდი იყო. თბილისში ქარი და წვიმა ზამთრიდან მოყოლებული მაისის ბოლომდე გაგრძელდა, ამიტომ გაყინული ჩავჯექი თვითმფრინავში, რამდენიმე საათში კი, ვიტყოდი, მეტისმეტ სიცხეში ჩასვლა. ბუნებრივია, როცა 19 წლისა პირველად სტუმრობ უცხოეთს და ისიც - მარტო, დიდია შანსი, საფრთხე და სხვათა შორის, მოლოდინიც, რომ დაიკარგები. ალბათ, ევროპის სხვა ქალაქებშიც ასე იქნება და ამით მილანს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მილანში დაკარგვა თითქმის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, თუ ყველაზე დაბალი დონის ინგლისურით მაინც ახერხებ საუბარს, ნებისმიერი გამვლელი დიდი მონდომებით დაგეხმარება, აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ყოველი 5 ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გხვდება ბანერები რუკებითა და წარწერებით.

GzaPress

მილანის სიმბოლო პიაცა დუომო - ტაძრის მოედანია, ამიტომ პირველი, რაც იქ უნდა ნახო, სწორედ ეს მოედანი და საკათედრო ტაძარია. განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას კათედრალი პირველ წამებში ახდენს. ის ბევრად დიდი მოცულობისაა, ვიდრე ფოტოებზე ჩანს. სახურავზე ასვლისთვის ბილეთის შეძენაა საჭირო. არსებობს ორი ბილეთი: ფეხით და ლიფტით ასავლელი. ლიფტს თუ აირჩევ, მხოლოდ პირველ სართულამდე ადიხარ, შემდეგ მაინც ფეხით გიწევს სიარული. დუომოს სახურავიდან მთელი მილანის დანახვაა შესაძლებელი. ცათამბჯენების უკან ხანდახან თურმე ალპების იტალიური ნაწილიც კი ჩანს, რომლის დანახვაც, ალბათ ნისლის გამო, მე ვერ შევძელი... მილანის საკათედრო ტაძრის სახურავიდან ადვილია იმის შემჩნევა, რომ ტაძრის ყოველი სვეტი სკულპტურით ბოლოვდება. კედლებიც ქანდაკებებითაა სავსე. ტაძრის ცენტრში და ყველაზე მაღლა ღვთისმშობლის ოქროს ქანდაკებაა, მას იტალიელები "მადონას" უწოდებენ.

კათედრალიდან ორ გაჩერებაში ქალაქში ყველაზე დიდი პარკი, პარკო ზემპიონეა. შესანიშნავი ადგილია ველოსიპედით სეირნობისთვის ან სარბენად, ასევე, ხშირად ასეირნებენ ძაღლებს, კითხულობენ წიგნებს (ისე, იტალიელებისთვის შუა ქალაქში სირბილიც არ წარმოადგენს უხერხულობას). ზემპიონეში რამდენიმე ღამის კლუბიცაა. ჩემი ყურადღება ასევე მიიქცია მეტროს ე.წ. "სან ბაბილას" გაჩერებამ, სადაც ჩამწკრივებულია უამრავი ძვირად ღირებული (ძირითადად - სამოსის) მაღაზია და ძვირფასი რესტორნები. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც კითხვაზე, - რა მიმართულებით უნდა წავიდე ამა და ამ ადგილზე მოსახვედრად, რამდენიმე ადამიანმა ის პასუხიც არ გამცა, რომ "არ იცის". პასუხის ღირსად საერთოდ არ ჩამთვალა. ბუნებრივია, ვიფიქრე, რომ აქ ქალაქის ყველაზე მაღალი საზოგადოება ცხოვრობს, რომელთათვის დრო როგორც იტყვიან, ფულია...

ქალაქის ცოტა მოშორებით შეგიძლიათ ნახოთ ე.წ. "საფეხბურთო ლა სკალა" - ჯუზეპე მეაცას სახელობის "სან სიროს" სტადიონი, რომლის მოედანზეც დაახლოებით ერთი საუკუნეა, თამაშობს ევროპაში ორი ძლიერი გუნდი - "ინტერი" და "მილანი". "სან სირო" დიდი და ლამაზი ნაგებობაა. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე საათით ავცდი თამაშს, რომელიც იქ იმართებოდა და საფეხბურთო ატმოსფერო მილანში ვერ შევიგრძენი. როცა მატჩი არ არის და არც ბილეთები იყიდება, თანაც საღამოა და მუზეუმიც არ მუშაობს, "სან სირო" მიტოვებულ შენობას ჰგავს, რომლის სიახლოვესაც ვერავის შეხვდებით, რამდენიმე გზააბნეული ტურისტის გარდა, მაგრამ ის უზარმაზარი და თავისი ისტორიით უდიდესი სტადიონია და განცდა, რომ ფეხბურთის მხრივ განსაკუთრებულ დროს არ ხარ აქ, ცოტა დამამწუხრებელია...

"სან სიროსგან" არც ისე მოშორებითაა "მილანის" გუნდის ახალი ოფისი, რომელიც გასულ წელს აშენდა. ოფისის წინაც ერთგვარი მოედანია, პიაცა, რომელიც ასე უყვართ იტალიელებს. აქ ბევრი ბავშვი დარბის, თამაშობენ ბურთს ან ველოსიპედით გარს უვლიან "კაზა მილანს". ორიგინალური დიზაინის ოფისი ორ ფერში - შავსა და წითელშია გადაწყვეტილი. შიგნით, მაღაზიაში ახალი, შემდეგი სეზონის ფორმები უკვე კიდია, მომსახურე პერსონალი კეთილგანწყობილია და აღნიშნავს, რომ დღეს მუზეუმის დათვალიერება გვიანია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხვალ კვირაა, მაინც მუშაობენ და მოსვლა შეიძლება... მაღაზიაში, რა თქმა უნდა, იყიდება ყველა ზომის მაისური, ყველანაირი აქსესუარი "მილანის" ლოგოთი, ბურთები, ბუცები და ა.შ. მაგრამ რამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ინტერიერია - სვეტებში "გამავალი" ათლეტების წითელი, სკულპტურები...

მილანში ჩასვლის პირველივე წუთებში შესამჩნევია, რომ აქ ძალიან ბევრი აზიელია. გვხვდება უამრავი ჩინური თუ იაპონური რესტორანი, სასტუმროების აზიელი მეპატრონეები. ტრამვაიში, რომელიც ქალაქში გადასაადგილებლად ძალიან პოპულარულია, აზიელები თითქმის სჭარბობენ კიდეც იტალიელებს. ეს წამით ჰბადებს შეგრძნებას, თითქოს იტალიაში არც ხარ... ქუჩაში ბევრი ტურისტი დადის ველოსიპედით, პატარა მანქანებით და ე.წ. "მოტორინოებით", მაგრამ ტურისტებს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე ღიმილის მომგვრელი ალბათ იმის დანახვაა, როგორ "მისეირნობენ" სამსახურისკენ ველოსიპედზე მჯდომი, შარვალ-"კოსტუმში" გამოწყობილი, კეისით აღჭურვილი, სიმპათიური მამაკაცები. როგორც ამბობენ და როგორც თავად ვნახე, მამრობითი სქესი იტალიაში ძალიან მიმზიდველი და დახვეწილია. ქალებზეც ვერ ვიტყვი აუგს, მაგრამ ისინი კაცების ფონზე თითქოს შეუმჩნევლები რჩებიან...

GzaPress

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სუფთა და მოწესრიგებულია. კვლავ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დაბნეულიც რომ იყო, ვერ დაიკარგები, თუ, რა თქმა უნდა, კითხვა იცი და ისიც, თუ რა მიმართულებით მიდიხარ. ყოველ გაჩერებაზე თითქმის ცხვირწინ გიწერია, სად ხარ და სად იქნები შემდეგ გაჩერებაზე. მეტროზე თუ ვისაუბრებთ, იქ ხაზებს სხვადასხვა ფერი აქვს როგორც რუკაზე, ისე რეალობაში. როგორც ვიცი, ასეა ევროპის ბევრ სხვა ქალაქში და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ ლამაზი და ესთეტიკურად ძალიან სასიამოვნოა. მაგალითად, წითელი ხაზიდან, სადაც წარწერები, იატაკი, მოაჯირები წითელია, გადადიხარ ყვითელზე და ფერები იცვლება. ეს არა მარტო ლამაზი, არამედ გამოსადეგიცაა. რუკაც რომ არ გქონდეს, იმ მომენტში იცი, რომელ ხაზზე ხარ.

ყველაზე მეტად სუნი, არომატი მახსოვს, რომელიც ქალაქში ტრიალებს. მაისში ბუნება იღვიძებს და არომატი შედარებით მძაფრად შეიგრძნობა. გინდ ზემპიონეს პარკში, გინდ ქუჩაში და გინდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში თითქოს მხოლოდ ერთი, დამახასიათებელი და ძალიან სასიამოვნო სურნელი იგრძნობა. სიმართლე გითხრათ, ცოტა შემშურდა...

ვერ დავიჟინებ, რომ მილანში არ მინახავს, როგორ აგდებენ სიგარეტის ნამწვს ქუჩაში და ანაგვიანებენ გარემოს... მინახავს, თანაც - ბევრჯერ. აგდებენ, მაგრამ ნაგავი არ არის, არც მტვერია. ეს როგორ ხდება, არ ვიცი, ალბათ მალევე ასუფთავებენ ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აგდებენ ძირითადად წვრილმან ნარჩენებს და არა, მაგალითად, სიგარეტის კოლოფს - ფანჯრიდან ან ავტომობილიდან. ავტომობილს რაც შეეხება, მისი გზაც რომ იყოს, თუ გზასთან მიახლოებული ქვეითი დაინახა, ალბათ, ძალიან უნდა ეჩქარებოდეს, რომ არ მისცეს გადასვლის საშუალება... ხოლო როცა მგზავრობ და ადგილი თავისუფლდება ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ფეხზე მდგომები ერთმანეთს უყურებენ, ასე ვთქვათ, "ზვერავენ" და შემდგომ ჯდება ცარიელ ადგილზე რომელიმე. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ყველას უთმობს ადგილს, მაგრამ არც დასწრებაზე არიან.

ამბობენ, რომ მილანი ხმაურიანი, დატვირთული ქალაქია, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ ის ჩრდილოეთში, ლომბარდიაში მდებარეობს და თანაც, უამრავი ტურისტით თუ მიგრანტითაა სავსე. არც ისეთი "იტალიური" ხმაურია, როგორსაც ველოდი. ვერც იმას ვიტყვი, რომ "ექსტრემალურად" დუღს ყველაფერი და საოცარი სისწრაფით მიდის ცხოვრება. უბრალოდ, ალბათ ამ ყველაფერს შეჩვევა უნდა. ბევრი ადამიანი მიდის 8-9 საათზე სამსახურში, ხოლო გვიან ღამე კლუბებსა თუ რესტორნებში ერთობა. ეს კარგი უნდა იყოს - მონდომებით მუშაობენ, შემდგომ დამსახურებულად ისვენებენ.

დაბოლოს, მილანში ასეა: პატარა იტალიელი პიცასა და ღვინოს გთავაზობს; უფროსი - რაიმე დიდ კომპანიაში მუშაობს და სულ გადარბენაზეა; აზიელები მოედანზე მოულოდნელად ხელის გულზე სიმინდს გიყრიან, განზე გაწევინებენ ხელს, დაუსტვენენ და როცა მტრედი დაგაჯდება, სურათებს გიღებენ და ამაში გთხოვენ საკმაოდ დიდ თანხას; მდიდარი ვიზიტორები მოედანზე ჩამწკრივებულ მაღაზიებში ყიდულობენ ტანსაცმელს ან ათვალიერებენ "ფერარის" მაღაზიას; შენ კი თუ უბრალოდ მოდელირების დელეგატად ხარ ჩასული, მუშაობ, კონტაქტებს აფართოვებ და საღამოს, სანამ წვეულებაზე წახვალ, დიდი ალბათობით პარკთან, დასასვენებლად აპირებ სასტუმროსთან გავლას... გზაში, მეტროში ერთ-ერთი გაჩერება, "დუომო" გხვდება და ისევ ისე ვერ ითმენ, როგორც სხვა დღეებში, მიმართულებას ივიწყებ და ამოდიხარ მეტროდან, მარტო ზიხარ ამ ულამაზეს მოედანზე ტაძრის წინ და ფიქრობ: თითქოს არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ როგორ იქმნება პატარა დეტალებით ასეთი მოწესრიგებული, დიდი და თანამედროვე ქალაქი - მილანი!

ეკა აბაშიძე