მოგზაურობა ტაოში - გზაპრესი

მოგზაურობა ტაოში

ასე მგონია, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართველი ერთხელ თუ მოხვდები, ვეღარ მოეშვები. თვითონაც რომ არ განებებს თავს?!. თან გტკენს, გაშიებს და ყელს გიშრობს, თანაც მალამოდ გედება, გაპურებს და ტკბილმწარე ცრემლით გნამავს... სწორედ რაღაც ამდაგვარი დაგვემართა მე და ჩემს მეგობრებს და არა მარტო ჩვენ - ამ დღეში მყოფს სხვასაც ბევრს გადავყრივარ. რამდენიმე თვის წინ, შემოდგომის უცნობ ტაოში მოგზაურობის შემდეგ გაზაფხულის უცნობ-ნაცნობი ტაო-კლარჯეთის მონახულება მოგვინდა. სანახავიც და სალოცავიც რომ არ ილევა ამ დალოცვილ მიწაზე?!. რაც მთავარია, უკვე მომავალი მოგზაურობაც დავგეგმეთ. თუ იცით, ამას რა ჰქვია? მე კი ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვით, - რაც გავიფიქრე, იმას ყვირილი არ უყვარს, ჩურჩული "ურჩევნია"... და კიდევ, სიმღერა უხდება... ფაქტია, მოუხდა, რადგან ოთხი დღის განმავლობაში თანამგზავრად სწორედ ქართული სიმღერები გვახლდა.

GzaPress სოფელ-სოფელ, კლდე-კლდე და მთა-მთა დავდიოდით, 1 500-მდე კილომეტრი გავიარეთ მანქანით (ფეხით სიარულზე აღარაფერს ვამბობ), ვკეცეთ, ვკეცეთ და მაინც ვერ დავკეცეთ ისტორიული საქართველოს მადლიანი მიწა. თვალებს ვაცეცებდით, სადმე ციხე ან ეკლესია არ გამოგვრჩენოდა. საშემოდგომო მოგზაურობის მსგავსად, ზოგიერთ ადგილს ახლაც ვერ მივაკვლიეთ. ეგ არაფერი, შემდეგ ჯერზე დავლაშქრავთ, მანამდე კი გაზაფხულის სურნელით სავსე ამბებს მოგიყვებით სევდასა და აღმაფრენაზე, ტკივილსა და სიხარულზე, უცნობ და ნაწილობრივ ნაცნობ ტაო-კლარჯეთზე და ცოტასაც - ჩვენზე, 9 ადამიანზე, რომლებიც იმ მიწამ გადაგვაჯაჭვა და ერთმანეთი შეგვაყვარა.

საქართველო-თურქეთის საზღვარი დილაადრიან გადავკვეთეთ და დაბა ფოცხოვისკენ (ოსოფ) წავედით. გზად ჯაყის ციხე შევნიშნეთ. წვიმდა და მხოლოდ შორიდან გადაღებას დავჯერდით. მერეს ციხესაც ჩავუარეთ - მდინარე ფოცხოვის მარჯვენა ნაპირას, გორაკზეა აშენებული. მის ქვემოთ, ფერდობის შუა წელზე, დარბაზული ეკლესია დგას, მინაშენით. ტაძრის პერანგი მთლიანად შემოძარცულია. ეს ძეგლი X საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ავიდოდით, მაგრამ მდინარემ დაგვაბრკოლა, ფონის ძებნაც აღარ დავიწყეთ, რადგან წინ დიდი გზა გვქონდა გასავლელი და ვჩქარობდით.

მესხური ბანიანი სახლებით გამორჩეულ სოფელ ხეოთს ამჯერადაც ვესტუმრეთ, ხოლო ისტორიულ სამცხეში, მდინარე ფოცხოვისა და ჯაყის წყლის შესართავთან, ყველის (ყუელის) ციხეზე, წვიმის მიუხედავად, მაინც ავედით. ამ ციხეს წერილობით წყაროებში ხშირად მოიხსენიებენ. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: "წურწყუმს ზეით, ჯაყის წყალზედ, არს ყუელის ციხე, მრავალჯერ შემუსრვილი და აწ ოხერი". მას IX საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის პირველ ნახევარში გურგენ დიდი ერისთავთერისთავი ფლობდა. X საუკუნეში ციხე არაბებმა აიღეს, 1074 წელს კი გიორგი II-ესა და თურქებს შორის დიდი ბრძოლა მომხდარა. კიდევ ბევრი ბრძოლა გადახდომიათ ციხის მეციხოვნეებს. აშკარაა, სტრატეგიულად ძალზე მნიშნელოვან როლს ასრულებდა და სამწუხაროა, რომ XVII საუკუნიდან სრულიად მიტოვებულია. წლებს ყველის ციხე ძალიან დაუზიანებია. მის ტერიტორიაზე ნაპოვნია ქვის რვაწახნაგოვანი სტელა და სვეტის ორ წახნაგზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერები. პირველი წარწერა IX საუკუნით თარიღდება და ხუთსტრიქონიანია: "საყდარი იოვანე ერისთავისა. სახელითა ღმრთისაითა იოვანე ერისთავისა ესე ჯუარი ჩვენ ყვავას ძეთა ავჰმართეთ". სტელა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ისევე, როგორც ბევრი სხვა ძეგლი, ყველის ციხეც არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

გზა განვაგრძეთ და ერუშეთის დათოვლილი უღელტეხილიც გადავიარეთ. ჩვენი მინიბუსის უცვლელმა შტურმანმა, ზვიად ჩიტაურმა ზღვის დონიდან ყველაზე დიდი სიმაღლე - 2 550 მეტრი დაგვიფიქსირა. არდაჰანის პროვინციის ჰანაკის რაიონში ავტოგასამართ სადგურთან შევჩერდით. ხოდურეთის ეკლესიისა და ველის კომპლექსის კოორდინატების დაზუსტება გვინდოდა. დახმარება იქვე მომუშავე თურქ ახალგაზრდებს ვთხოვეთ, რუკებიც ვაჩვენეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი თურქულის ვერაფერი გავიგეთ და ერთმა ახალგაზრდამ გამოყოლა შემოგვთავაზა. უარს როგორ ვეტყოდით და, ჯგუფის ხელმძღვანელის, შემდგომში ჩვენგან "გენერალისიმუსად" წოდებული თამთა ჭანტურიას გვერდით მივუჩინეთ ადგილი.

GzaPress

ხოდურეთის IX-X საუკუნეების ეკლესია ერუშეთშია. სოფელ ორშეთში შევუხვიეთ და ფეხით გავუყევით წითელმიწიან გზას. ჩვენკენ ხან ძაღლები იწევდნენ ყეფით, ხან რამდენიმე უცნაური თურქი ქალი - "ალთუნ-ალთუნის" ("ოქრო-ოქროს") ყვირილით. ალბათ ოქროსმაძიებლები ვეგონეთ, ოღონდ ამას მოგვიანებით მივხვდით, პარეხთაში. ძირითადად კი, სოფელში საკმაოდ კეთილგანწყობილი მოსახლეობა შემოგვხვდა. ჯგუფის ყველაზე ხმაურიანი წევრი - ბესო თურქების შრომისმოყვარეობის გამო აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. მართლა გულწრფელად შეგვშურდა, აქაც და შემდეგ - სხვა სოფლებშიც ამდენ ათვისებულ-დამუშავებულ მიწას რომ ვხედავდით. სოფლის გზებზე კიდევ დავწერ, მაგრამ ახლაც აღვნიშნავ, რომ, მიუხედავად ტალახისა, გზას მთელ სიგრძეზე ქვის დაბალი ჯებირი გასდევდა და სავარაუდოდ, უახლოეს ხანში ასფალტსაც დააგებენ. ნათლად ჩანდა, როგორ ზრუნავს თურქეთის სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე ქალაქად და სოფლად. ბესოს მახვილ თვალს არც მიწიდან ამოსული კვამლი (სოფელში სახლები, ფაქტობრივად, მიწაშია) და არც მოშორებით მოყიყინე, ლამის ცხვრისხელა ბატები გამორჩენია...

ჩვენს გამცილებელ მურათ აიდინთან ერთად, რომელსაც წინაპარი ქართველი ჰყოლია და ძალიან უყვარს საქართველო, პატარა შემაღლებულ გორაკზე მდგარ, გვარიანად დაზიანებულ ეკლესიასთან ავედით. ადგილობრივების ნაწილი უკვე იქ დაგვხვდა. ჯგუფის ყველაზე პატარა წევრმა, 15 წლის ლაზარემ (მას "ვიკინგი ლაზოგურჯი" შევარქვით) დაინახა, ეკლესიის ერთი ქვა სასწრაფოდ რომ გადააბრუნეს თურქებმა. მანამდე არ დაეხსნა, ვიდრე ისევ არ გადმოაბრუნებინა. ქვაზე მოზრდილ დისკოებს შორის მოქცეული ლამაზი ჯვარი იყო გამოკვეთილი. ხოდურეთის პატარა, დარბაზული ეკლესია სამეცნიერო ლიტერატურაში არცთუ დიდი ხნის წინ "გაიცნეს". პატარა ტაძარი სწორ რიგად დაწყობილი, კარგად გათლილი ქვის კვადრებითაა??? ნაგები. ქვების ნაწილი ირგვლივაა მიმოფანტული და გვარიანად დახავსებულა. ნაწილობრივ ხავსიანია თვით ეკლესიაც. სანთლები ტაძრის წინ დავანთეთ. თურქებს არ გაუპროტესტებიათ. მერე მათთან ერთად ფოტოებიც გადავიღეთ და ვთხოვეთ, ჯვრიანი ქვა ასევე დაეტოვებინათ და არც სანთლები ჩაექროთ. "თამამ, თამამო", - დაგვთანხმდნენ და გამოგვაცილეს...

კვლავ მანქანაში ჩავსხედით და საოცნებო ველის კომპლექსისკენ დავიძარით. მურათმა იოლად მიგვიყვანა სოფლამდე. ხალხი ხალისით გვხვდებოდა და გვესალმებოდა. გავოცდით, ლამის მიწამდე ჩასულ მიწურების კარებს ნუმერაცია რომ შევნიშნეთ. წარმოგიდგენიათ, თბილისში არ არის ხეირიანად დანომრილი სახლები და იქ, ღრმა სოფელში, ყველა კარს ნომერი აქვს! ველის კომპლექსის ტერიტორიას იოლად მივადექით. სამწუხაროა, რომ მასზე ინტერნეტში არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

GzaPress

ველის კომპლექსისკენ წასულებს ვიღაც თურქი წამოგვეწია და ჟესტიკულაციით მივხვდით, ნანგრევებისკენ არ გვიშვებდა. არც მურათის ახსნა-განმარტებამ გვიშველა და არც ჩვენმა თხოვნამ გაჭრა. თუკი არ დავემორჩილებოდით, აშკარად ჟანდარმერიასთან დარეკვას აპირებდა. მიზეზს ვერაფრით მივუხვდით - ერთმანეთის არ გვესმოდა და ამ ულამაზესი ადგილის ნახვის იმედიც გადავიწურეთ, რომ... აბა, თუ მეტყვით, რა შეიძლება აკავშირებდეს ველის კომპლექსსა და რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამას"? ახლავე აგიხსნით: აკრძალვის შემდეგ უკან მობრუნებას ვაპირებდით, რომ ბესომ იმ კოსტიუმიან თურქს საყვედურნარევი ღიმილით და ქართულ-რუსულ ჟესტების ენაზე უთხრა, - ოქრო კაცო, არ გრცხვენია, "იზ ტიფლისი იეხალ, იეხალ", აქამდე მოვსულვარ და ახლა უკან გვაბრუნებო? არ ვიცი, ამ თურქს გაახსენდა, რომ იმ დღეს 9 მაისი იყო, საბჭოთა კავშირის ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე, თუ "ჯარისკაცის მამა" ჰქონდა ნანახი, ან ბატონი რეზოს გარდაცვალების ამბავი შეეტყო, ფაქტია, რომ ბესოს სიტყვებმა ჯადოსნურად იმოქმედა, კაცმა გულიანად გაგვიღიმა, ხელით გვანიშნა, წადითო, და მშვიდობიანად გაგვშორდა! აი, ასე გაგვიძღვა "ჯარისკაცის მამა" ველზე.

ველის კომპლექსი კი მართლაც გრანდიოზული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. რადგან მასზე ვერაფერი ვიპოვე ინტერნეტში, დასახმარებლად ტაო-კლარჯეთში მოწყობილი მრავალი ექსპედიციის წევრს, არქიტექტორსა და ხელოვნებათმცოდნეს, ნინო ბაგრატიონს მივმართე.

ნინო ბაგრატიონი:

- კონცხს, რაზეც ველის კომპლექსი არის გაშენებული, გარშემო მტკვარი უვლის. ეს გახლავთ გამორჩეულად კარგად ჩამოყალიბებული კომპლექსი, სადაც თავმოყრილია ციხეები, საკმაოდ კარგად შემორჩენილი ორსართულიანი სასახლე, ხოლო მთის ფერდზე არის X საუკუნის დარბაზული ეკლესია. სამწუხაროდ, ეკლესიის მხოლოდ გეგმის ამოკითხვაა შესაძლებელი.

დღესდღეობით მას სრულიად შემოძარცული აქვს საპირე ქვები და მხოლოდ ქვის ბუდეებია დარჩენილი. რადგან ხელშესახები არაფერი გვაქვს, ვერც იმას გავარკვევთ, რა ქვითაა ნაშენი. ეს კომპლექსი, სავარაუდოდ, ჯაყელებს ეკუთვნოდათ. XX საუკუნის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა, 1995 წელს კი ჩვენმა ექსპედიციამაც დაათვალიერა. ვერ ვიტყვი, რომ სულ მთლად შეუსწავლელია, სპეციალისტებმა მეტ-ნაკლებად იციან მის შესახებ, თუმცა ტურისტულ მარშრუტში შეტანილი ნამდვილად, არ არის. საერთოდაც, ერუშეთის სხვა ძეგლებიც ნაკლებად გვხვდება ტურისტულ მარშრუტში, არადა, ძალიან საინტერესო ძეგლებია...

უკვე ბინდდებოდა და ავჩქარდით. ჩვენს ახალ მეგობარს, მურათსაც აგვიანდებოდა და კვლავ ავტოგასამართ სადგურთთან დავაბრუნეთ, გულთბილად გამოვემშვიდობეთ და ახლა უკვე სოციალური ქსელით გრძელდება ჩვენი მეგობრობა.

არდაღანის (ყოფილი არტაანის) გავლით ქალაქ შავშეთში მივედით და პირველი ღამე იქ გავათიეთ, ჯემალთან, რომელსაც ქართველი მეუღლე რამდენიმე წელიწადია, გარდაცვლია. ძალიან უყვარს ქართველები, საქართველოს ხშირად სტუმრობს და ქართულადაც მშვენივრად ლაპარაკობს. ჩვენც თბილად მიგვიღო - წინასწარ იცოდა თამთასგან ჩვენი ჩასვლის თარიღი და გველოდებოდა. ჯემალს ჩვენებური ღვინოც ძალიან უყვარს და საგანგებოდ წამოვუღეთ. არც თვითონ დაგვრჩა ვალში - საღამოს გულითადად გვიმასპინძლა. ქართული სისხლი მასაც ჰქონია და სხვაგვარად როგორ მოიქცეოდა?! დაგვაბინავა, საქართველოს მთისა და ბარის ამბები გამოგვკითხა, ცოტა - თავისიც გვითხრა და დაგვემშვიდობა.

GzaPress

მეორე დღეს, დილაადრიანად შემართებით გავიღვიძეთ, ბევრი ძეგლის ნახვა უნდა მოგვესწრო. დარს ვნატრობდით და უპირველესად, ამინდის პროგნოზი შევამოწმეთ. ჯგუფში მზევინარ მჟავანაძე გვყავდა (მეტსახელად - მზეოთიჩარი) და დასახმარებლად მასაც მივმართე. თუ ინტერნეტპროგნოზმა გვიმუხთლა, მზეს "მოიყვან-მეთქი"? - ვკითხე. დაბეჯითებით დაგვპირდა, - აუცილებლადო, - და დააყოლა: თუ ვერ "მოვიყვან", თავად მზე არ ვარო?.. დაგვაიმედა.

ჯგუფი გაძლიერებულად ვიკვებებოდით - ამისთვის საგაზაფხულო ექსპედიციის ახალი წევრი - შეფკუკი ლია ზრუნავდა. ამიტომ დავაწინაურეთ და "ჭამის მინისტრის" სავარძელიც კი ვუბოძეთ. პირველ დღეს სიარულშიც ძალიან იყოჩაღა და ყველა დაბრკოლება დასძლია.

ლია:

- საოცარი განწყობა მაქვს. აღფრთოვანებული ვარ. ასეთ ზღაპარში მოხვედრას არ ველოდი. ეს, რომ იტყვიან, კულტურული შოკი იყო.

ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი ახალი წევრი, პოეტი-რომანტიკოსი გიო (მეტსახელად, იუნგა ვან გიო) მეორე დილიდან "მთების გადადგმასაც" კი აპირებდა. კიდევ კარგი, გადაიფიქრა და ისევ ლექსების წერა ამჯობინა, თორემ თურქებმა კაშხლების გამო ისე გადათხარეს უზარმაზარი მთები და კლდეები, გიოს შეჭიდება საკონტროლო გასროლის ტოლფასი იქნებოდა ჩვენი ისტორიული მიწა-წყლისთვის.

შავშეთს დავემშვიდობეთ და გეზი ულამაზესი ტბეთისკენ ავიღეთ.

ირმა ხარშილაძე