"წყლის დიეტასთან" დაკავშირებული მითი და რეალობა - გზაპრესი

"წყლის დიეტასთან" დაკავშირებული მითი და რეალობა

შედეგიც ზუსტად იგივეა - არსებობენ ადამიანები, ვინც წყლის ზედმეტი რაოდენობისა და შეუფერებელ დროს მისი მიღების გამო უკუშედეგი - წონაში კლების ნაცვლად, ზედმეტი კილოგრამები მიიღო...

გავრცელებული რეკომენდაციის მიხედვით, დღეში მინიმუმ ორი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ. მაგრამ საკამათოა მიღებასა და მიღებას შორის შუალედები, დროის მონაკვეთი კვების წინ და კვების შემდეგ. არსებობს მოსაზრება, რომ წყალი ხელს უწყობს წონაში კლებას. ასევე ამბობენ, თითქოს პირიქით - წყალი ამძიმებს ორგანიზმს, ანეიტრალებს კუჭის წვენის აქტივობას და ხელს უშლის საჭმლის მონელების პროცესს. მითისა და რეალობის ერთმანეთისგან გასამიჯნად ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძეს მივმართეთ...

- ქალბატონო ელენე, არსებობს ორი მოსაზრება: "წყალი ასუქებს" და "წყალი ხელს უწყობს გახდომის პროცესს". რომელი შეესაბამება სიმართლეს?

- პირველი ფრაზა შეგვიძლია, უყოყმანოდ გამოვრიცხოთ, რადგან წყალი ნამდვილად არ ასუქებს, მარტივი მიზეზის გამო: მას არ გააჩნია კალორაჟი. თუ წყლის მიღების შემდეგ სასწორზე წონის მაჩვენებელი იმატებს, ეს მარილიანი საკვების მიღებასთანაა დაკავშირებული. ამ დროს წყალი რჩება ორგანიზმში და გროვდება ქსოვილებში, რაც შეშუპებას იწვევს. რაც შეეხება მეორე ფრაზას: წყალი ნამდვილად უწყობს ხელს გახდომის პროცესს. წყლის მიღება აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, რაც პირდაპირ კავშირშია წონის კლებასთან.

- ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, ყოველ დილით, უზმოზე ერთი ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ? ეს განურჩევლად, ყველასთვის სასარგებლოა?

GzaPress- საჭიროა, პაციენტი ყოველთვის ინდივიდუალურად შევაფასოთ, გავითვალისწინოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ გარკვეული რეკომენდაციები. არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როდესაც დილით უზმოდ წყლის მიღება იკრძალება, ხოლო თუ ორგანიზმი ჯანმრთელია, კარგია უზმოდ ოთახის ტემპერატურის წყლის მიღება. დილით მიღებული წყალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს საჭმლის მონელებისთვის ამზადებს. ამასთანავე, ხელს უწყობს ორგანიზმის გაღვიძებას და მასში მიმდინარე პროცესების გააქტიურებას.

- რა რეჟიმით მივიღოთ წყალი, რომ ის წონის კლების პროცესში ჩაერთოს?

- წყალი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით უნდა მივიღოთ, მიუხედავად იმისა, გვექნება წყურვილის შეგრძნება თუ არა. წყლის მიღება გახდომისთვის რომ გამოვიყენოთ, პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ მარილი.

- ვისაც წყლის დალევა უჭირს, შეუძლია, ის ყავით ან ჩაით ჩაანაცვლოს?

- ყავისა და ჩაის დალევა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს სითხის მიღებას, რადგან ამ სასმელებში შემავალი კოფეინი, პირიქით, ხელს უწყობს წყლის გამოდენას ორგანიზმიდან.

- რის მიხედვით განისაზღვრება დღის მანძილზე მისაღები წყლის რაოდენობა?

- ესეც ინდივიდუალურია და ასაკის, სიმაღლის, წონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, სპორტული მედიცინის მსოფლიო ასოციაციის მიერ შემუშავებული ფორმულის მიხედვით, ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 0.033-ზე და მიღებული რაოდენობის წყალი დავლიოთ დღის განმავლობაში.

- ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს, ვინც ყოველდღიურად არ იღებს საკმარისი რაოდენობის წყალს?

- ჩვენი ორგანიზმის 70% წყლისგან შედგება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ორგანიზმში მისი ბალანსი, რადგან მისი როგორც ჭარბი რაოდენობა, ისე ნაკლებობა ორგანიზმში კონკრეტულ დარღვევებს იწვევს. წყლის დეფიციტმა ანუ დეჰიდრატაციამ, შესაძლებელია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორგანოთა აბსოლუტურად ყველა სისტემაზე. დეჰიდრატაციის ნიშნებია: გამძაფრებული წყურვილის გრძნობა, ტკივილი სახსრებსა და კუნთებში, თავისა და ქვედა კიდურების ტკივილი, თავბრუსხვევა და ყაბზობა. წყლის დეფიციტი, რაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწყობრიდან გამოსვლას, შესაძლებელია, ჰიპოვოლემიური მდგომარეობის, ტაქიკარდიისა და დაბალი არტერიული წნევის მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, ორგანიზმში არასაკმარისი წყლის შემცველობა გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, რაც იწვევს შებერილობას, ყაბზობას. შარდ-სასქესო სისტემაში იჭრება ინფექციური და თირკმლის კენჭოვანი დაავადებები. ორგანიზმის გაუწყლოება იწვევს ზოგად სისუსტეს, ადვილად დაღლას, თმისა და კანის სტრუქტურის დარღვევას. შესაძლებელია ტემპერატურული ცვლილებების გამოვლინებაც. რადგან გაზაფხულსა და ზაფხულზე ორგანიზმში სითხის დანაკარგი იზრდება, ამ სეზონებზე განსაკუთრებულად უნდა გავზარდოთ მისაღები წყლის რაოდენობა.

- რამდენად საშიშია ჭარბი წყლის მიღება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებებისას? და საერთოდ, როდის უნდა ავარიდოთ ამას თავი?

- ნაღველ-კენჭოვანი დაავადებებისას წყლის მიღება შეზღუდული არ არის, მაგრამ თირკმლის კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში მისი მიღება უნდა შეიზღუდოს მკურნალობის დროს, რადგან არსებობს საშიშროება, რომ კენჭი სადინარში მოხვდეს. თუმცა, თირკმელში კენჭის ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება. წყლის მიღება ასევე არ არის რეკომენდებული გულ-სისხლძარღვთა და შარდ-სასქესო სისტემის გარკვეული პათოლოგიების დროს.

შორენა ლაბაძე