სპერმის ბანკი ინტელექტუალი ქალებისთვის, კაცობრიობის ტოტალური გამოთაყვანების საწინააღმდეგოდ - გზაპრესი

სპერმის ბანკი ინტელექტუალი ქალებისთვის, კაცობრიობის ტოტალური გამოთაყვანების საწინააღმდეგოდ

ჩვენს "ზედმიწევნით განსწავლულ" ეპოქაში სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა და ახლა ასეთი ადამიანები ძირითადად, სხვადასხვა სამეცნიერო იდეისა თუ თეორიის საკუთარ "აღმოჩენად" გასაღებას ცდილობენ. სწორედ ასე მოიქცა ერთი ამერიკელი მილიონერიც, რომელმაც გენეტიკური გადაგვარებისგან კაცობრიობის ხსნა განიზრახა.

ამ უჩვეულო წამოწყების შესახებ პირველი ცნობა 1980 წლის 29 თებერვალს, ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან ამერიკულ გაზეთ "ლოს-ანჯელეს თაიმსში" გამოჩნდა. მისმა კორესპონდენტმა, ედვინ ჩენმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ადამიანის სპერმის კერძო საცავის შესახებ, რომლის მფლობელსაც პირადად სტუმრობდა. საცავი სან-დიეგოდან ნახევარი საათის სავალზე, პატარა ქალაქ ესკონდიდოში, ექსცენტრიკოსი მილიონერის, რობერტ გრემის მამულში მდებარეობდა.

გრემმა ჟურნალისტს საცავი დაათვალიერებინა და ისიც გაანდო, რომ კაცობრიობის ძლიერი ნახევრის ყველაზე ჭკვიანი წარმომადგენლების (როგორებიც, მისი აზრით, მხოლოდ ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერები იყვნენ) სათესლე სითხის ნიმუშების მოპოვებას აპირებდა. უფრო მეტიც: მისივე მტკიცებით, სამი ნობელიანტი თანამშრომლობაზე უკვე დათანხმებული ჰყავდა და მალე დონორის როლში სხვადასხვა ქვეყნის არაერთი ასეთივე რანგის მეცნიერის ხილვის დიდი იმედიც ჰქონდა.

GzaPress- ჩემი წამოწყება შერეკილი "ფულის ტომრის" უბრალო ახირება არ გეგონოთ, ძალიან კეთილშობილური, მეტიც - ზოგადსაკაცობრიო მიზანი - მომავალი თაობების გენეტიკური კატასტროფისგან ხსნა მამოძრავებსო, - ინტერვიუს დროს რამდენჯერმე გაუმეორა ჟურნალისტს გრემმა. მისი აზრით, როგორც ამერიკაში, ისე მთელ მსოფლიოში უკვე სრულიად უკონტროლოდ მრავლდებოდნენ "შეზღუდული გონებრივი უნარების მქონე ინდივიდები", რომლებიც უმიზნო ცხოვრებისთვის თვით ბუნების მიერ იყვნენ განწირულნი და სასწრაფო ზომების მიღების გარეშე ადამიანთა მოდგმა უცილობლად ევოლუციური რეგრესის გზას დაადგებოდა. სწორედ ამ "საშიში პროცესის" შესაჩერებლად სჭირდებოდა გრემს სპეციალური საცავიც, სადაც იმ მამაკაცების სპერმის შენახვას აპირებდა, რომლებსაც ხასიათის სიმტკიცე და ინტელექტის სიძლიერე მეცნიერებაში მიღწეული ბრწყინვალე წარმატებებით ჰქონდათ დამტკიცებული. მსგავსი სუპერდონორებისგან შვილების ჩასახვის უფლება კი მხოლოდ და მხოლოდ ინტელექტის ძალიან მაღალი კოეფიციენტის მქონე ქალებს უნდა ჰქონოდათ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, 73 წლის რობერტ გრემს სიცოცხლის დარჩენილი წლების გამოყენება ევგენიკის ანუ ე.წ. "წმინდასისხლიანი ადამიანების" გამოყვანის იდეის ხორცშესხმისთვის ჰქონდა გადაწყვეტილი და ამ "დიადი მიზნის" მისაღწევად არც საკუთარი მილიონების დახარჯვაზე აპირებდა უარის თქმას.

ინტერვიუს შემდეგ ედვინ ჩენი კალიფორნიაში მცხოვრებ ნობელის პრემიის თითქმის ყველა ლაურეატს, ორ ათეულზე მეტ მეცნიერს დაუკავშირდა და გრემის უცნაურ პროექტთან მათი კავშირის შესახებ ჰკითხა. გაირკვა, რომ მეცნიერთა უმეტესობას ამ ადამიანის შესახებ არაფერი სმენოდა, რამდენიმემ კი გრემთან ურთიერთობა დაადასტურა, მაგრამ იმასაც საგანგებოდ გაუსვა ხაზი, დონორობაზე ცივი უარი განვუცხადეო. მაგრამ ჟურნალისტმა ბოლოს მაინც მიაკვლია ერთ ნობელიანტს, სტენფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორ უილიამ შოკლის, რომელმაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მარტო გრემთან ურთიერთობა კი არა, მის პროექტში მონაწილეობაც დაადასტურა. ამის შემდეგ ედვინ ჩენმა ინტერვიუს დაუყოვნებლივ გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.

საგაზეთო პუბლიკაციას უზარმაზარი რეზონანსი მოჰყვა და რობერტGგრემთან ჟურნალისტებისა და მოხალისე ქალების ლამის მთელმა არმიამ დაიწყო რეკვა. 2 მარტს კი მილიონერმა საკუთარ გრანდიოზულ გეგმებზე სასაუბროდ საკუთარსავე მამულში უკვე პრესკონფერენციაც გამართა, სადაც ირწმუნებოდა, - უახლოეს მომავალში ყველა დიდ ქალაქს ელიტური სპერმის საკუთარი საცავი ექნება, ვუნდერკინდების გამოყვანა "ნაკადურ სისტემაზე" გადავა და კაცობრიობას ტოტალური გამოთაყვანება აღარ დაემუქრებაო.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გრემმა შეკრებილთ "ჩანასახების შესარჩევი რეპოზიტორიუმიც" (სწორედ ასე უწოდებდა მილიონერი თავის მიწისქვეშა საცავს) დაათვალიერებინა, რომელსაც ენაკვიმატმა ჟურნალისტებმა მაშინვე "ნობელის სპერმის ბანკი" შეარქვეს. თუმცა, ამ უცნაური ბანკის შემდგომ ბედზე საუბრის გაგრძელებამდე, ცოტა რამ მის სულისჩამდგმელზეც უნდა ვთქვათ.

რობერტ კლარკ გრემი 1906 წელს, პატარა საკურორტო ქალაქ ჰარბერ-სპრინგსში, დანტისტის ოჯახში დაიბადა. სიყმაწვილეში კარუზოსნაირ დიდებაზე ოცნებობდა და სკოლის დამთავრების შემდეგ რვა წელი სიმღერასა და მუსიკაში მეცადინეობას შეალია, მაგრამ ამაო გარჯის შედეგ, საბოლოო არჩევანი სრულიად პროზაულ, თუმცა ბევრად უფრო საიმედო, ოპტომეტრისტის პროფესიაზე შეაჩერა და არც შემცდარა. სწორედ ამ პროფესიამ, უფრო კონკრეტულად კი სათვალის ლინზების პლასტიკატის შემცვლელის გამოგონებაზე ხანგრძლივმა და ნაყოფიერმა მუშაობამ გაუთქვა სახელი და მილიონებიც აშოვნინა. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ტკბილი სიბერის გარანტიამიღებულს, ცხოვრება მხართეძოზე წამოწოლილს გაეტარებინა, კაცობრიობის გადარჩენის იდეა აეკვიატა.

ახალ საქმეს შეჭიდებულ რობერტ გრემს თავიდან თითქოს საწუწუნო არაფერი ჰქონდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ხომ ის მართალია, ცოტა საეჭვო რეპუტაციის, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ადამიანად აქციეს. ყოველ შემთხვევაში, ქალები მისთვის რჩევის საკითხავად და ხშირად - გასათვალისწინებლადაც ნამდვილად მზად იყვნენ და რეპოზიტორიუმის შექმნის სამი წლისთავზე მათგან უკვე ათასზე მეტი განაცხადიც ჰქონდა მიღებული. სხვათა შორის, გრემი ყოველი კანდიდატი ქალისგან კანონიერ ქორწინებაში ყოფნას კატეგორიულად მოითხოვდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, საზოგადოების მორალურ საფუძვლებზე ზრუნვა არასდროს ავიწყდებოდა.

მომავალი გენიოსების დედების საკითხი თუ მეტ-ნაკლებად მოგვარებული ჩანდა, დონორებზე იმავეს ნამდვილად ვერ იტყოდი, რადგან გრემის იდეის გამომზეურებისთანავე მასთან საქმის დაჭერა ნობელის პრემიის არც ერთმა ლაურეატმა აღარ ისურვა. მილიონერმა სიტუაციის გამოსწორება ფილდსის მედლის (უმაღლესი მათემატიკური ჯილდო) მფლობელების ხარჯზე სცადა, მაგრამ ისევ არ გაუმართლა. საქმე საგრძნობლად გაართულა იმ სასტიკმა კრიტიკამაც, რომელიც გრემს გენეტიკოსებმა და ანთროპოლოგებმა დაატეხეს თავს. ასე რომ, "თვითმარქვია ანთროპოლოგსა" და "ჭეშმარიტი მეცნიერების მოძულე ავანტიურისტს" (ძირითადად ასე მოიხსენიებდნენ მას სამეცნიერო წრეებში) დონორების შერჩევის ფარგლების იმდენად გაფართოებაც კი მოუხდა, რომ საბოლოოდ, უნივერსიტეტების რიგით პროფესორებზე, ასპირანტებსა და თვით სპორტსმენებზეც კი დავიდა, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი, 1983 წლისთვის რეპოზიტორიუმის განკარგულებაში სულ 19 დონორის სპერმა აღმოჩნდა.

1980-იანი წლების ბოლოსთვის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, რადგან საცავში ნობელის პრემიის ლაურეატების სპერმა საერთოდ აღარ დარჩა. თუმცა, რაც ადრე იყო, ისიც უსარგებლო აღმოჩნდა, რადგან მალევე გაირკვა, რომ ამ "უძვირფასესი მასალისგან" არც ერთი ქალი არ დაფეხმძიმებულა. მიუხედავად ამისა, გენიოსის დედობის მსურველების რიცხვი მაინც არ მცირდებოდა და შესაბამისად, მათი დაკმაყოფილებაც სულ უფრო რთული ხდებოდა. ბოლოს გრემს ქანცი იმდენად გაუწყდა, რომ მართლაც დიდ ავანტიურაზე წავიდა და თვით ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის თანამეცხედრის, პრინც ფილიპის დონორად "გადაბირებაც" კი სცადა. ყველაფერთან ერთად, იმ დროისთვის პრინცი ფილიპი უკვე არცთუ ისე ახალგაზრდა გახლდათ, მაგრამ გრემს, რომლის დონორებს შორის, 60-70 წლის ათობით ადამიანი იყო, ასაკი ხელის შემშლელად არასდროს ჩაუთვლია. პრობლემების მომატებასთან ერთად, პროექტი ნელ-ნელა იმდენად აშკარა და ზოგჯერ ბოროტი დაცინვის ობიექტადაც კი იქცა, რომ 1991 წელს იუმორისტულმა ჟურნალმა - "დაუჯერებელი კვლევების ანალები" რობერტ გრემს ფსევდომეცნიერებებიდან ყველაზე უაზროს განმსაზღვრელი IgNobel Prize - ანტინობელის პრემიაც კი მიანიჭა.

GzaPress

ყოველივე ზემოთ თქმულის მიუხედავად, რეპოზიტორიუმმა ქალებს შორის პოპულარობა გასული საუკუნის 90-იან წლებშიც შეინარჩუნა. უფრო მეტიც, განაცხადების რაოდენობა იმდენად სტაბილური დარჩა, რომ გრემმა ქალებს ეგრეთ წოდებული მოლოდინის პერიოდი ერთი წლიდან წელიწად-ნახევრამდე გაუზარდა, დონორებს კი მედშემოწმებისა და ინტელექტის დონის განმსაზღვრელი ტესტის გავლა მოსთხოვა. მილიონერმა ასევე ჩათვალა, რომ გენიოსების სპერმაზე მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზრდებოდა, თუ მასში ფულის გადახდა იქნებოდა საჭირო და ფასიც მაშინვე და არცთუ მცირე - სამ-ნახევარი ათასი დოლარი - დაადგინა, მაგრამ ქალების უმეტესობამ უკან მაინც არ დაიხია.

თუმცა, ყველა ცდის მიუხედავად, რეპოზიტორიუმის ყოველწლიური გაყიდვების მოცულობა 40 ათასს ვერაფრით ასცდა, რაც მის შენახვაზე გაწეულ ხარჯებზე ოთხ-ხუთჯერ უფრო ნაკლები იყო. ამიტომაც, მის სულისჩამდგმელს ბიუჯეტის დეფიციტის შევსება საკუთარი ჯიბიდან უწევდა, თუმცა, ეს ნამდვილად არ იყო მისი შფოთვის მთავარი მიზეზი.

1996 წელს რობერტ გრემს 90 წელი შეუსრულდა. მართალია, მილიონერი თავს საკმაოდ მხნედ გრძნობდა და თვით კიბოსგან განკურნებაც კი შეძლო, მოახლოებულ აღსასრულზე ფიქრი მაინც აღარ ასვენებდა. თანაც, აღსასრული აღსასრულად და რეპოზიტორიუმიც უპატრონოდ რჩებოდა. ამიტომაც, თავისი საქმის გამგრძელებლის სასწრაფოდ ძებნას შეუდგა და მალე არჩევანი ოჰაიოელ მეწარმე ფლოიდ კიმბლიზე შეაჩერა. 70-ს მიღწეული, მაგრამ ძალიან მხნე და ენერგიული კიმბლი გრემმა იდეალურ მემკვიდრედაც კი მიიჩნია, რადგან ამ ადამიანს ფულიც ბლომად ჰქონდა და ევგენიკის მომავლისაც ძალიან სწამდა. იდეურ თანამოაზრეებს შორის შეთანხმება მალევე შედგა და კიმბლიმ გრემის რეპოზიტორიუმის შემდგომი ფუნქციონირებისთვის პირველი 400.000 დოლარიც გაიღო, მაგრამ ამის შემდეგ საქმეში უკვე ბედისწერა ჩაერია. 1997 წელს რობერტ გრემი სიეტლში, მეცნიერების მხარდამჭერი ამერიკული ასოციაციის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ სესიის მსვლელობისას ერთ-ორ ახალ დონორს მაინც გამოჰკრავდა ხელს, მაგრამ ამჯერად ბედმა სასტიკად უმუხთლა: სასტუმროს ნომერში აბაზანის მიღებისას გონება დაკარგა და დაიხრჩო.

კაცობრიობის ბედზე ზრუნვით დამაშვრალი მილიონერის სიკვდილს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია და მისი ნეკროლოგები თვით "ნიუ-იორკ თაიმსსა" და "თაიმშიც" კი გამოჩნდა. რაც შეეხება რეპოზიტორიუმის ბედს, რობერტ გრემის ანდერძის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილს თავისი საყვარელი პირმშოს შემდგომი ფუნციონირებისთვის ერთი ცენტიც კი არ დაეტოვებინა. მიუხედავად ამისა, ფლოიდ კიმბლიმ სიტყვა არ გატეხა და პროექტის დაფინანსება განაგრძო. თუმცა, ბედისწერამაც კიდევ ერთხელ "მოიცალა" და 1998 წელს კიმბლიც გრემის გზას გაუყენა.

რობერტ გრემის ქვრივმა და ფლოიდ კიმბლის ვაჟიშვილმა დაფინანსების გარეშე დარჩენილი რეპოზიტორიუმის დახურვაზე მალევე მოილაპარაკეს და 1999 წლის 29 აპრილს ამის თაობაზე გამოაცხადეს კიდეც. გავლენიანმა ამერიკულმა პრესამ ამჯერად პირში წყლის ჩაგუბება არჩია, მომხდარს კი მხოლოდ "სან-დიეგო იუნიონ-ტრიბიუნი" და ისიც ძალიან მოკლე ცნობით გამოეხმაურა.

რობერტ გრემს, ფლოიდ კიმბლის გარდა, თანამოაზრე და რაც მთავარია, საქმის რეალური გამგრძელებელი აღარ გამოსჩენია. რაც შეეხება მისი გარჯის კონკრეტულ შედეგებს: ჟურნალისტ დევიდ პლოცის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, "ერთადერთი და განუმეორებელი" სპერმის ბანკის დახმარებით, სამყაროს დაახლოებით 215-დან 240-მდე ახალშობილი მოევლინა. ბავშვების ზუსტი რიცხვის დადგენა, სხვა მრავალთან ერთად, იმ მიზეზითაც გაჭირდა, რომ დედების უმეტესობა ჩასახვის დეტალების აფიშირებისგან თავიდანვე იკავებდა თავს. სამაგიეროდ, დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ამ ბავშვებს შორის გენიოსები არ ყოფილან. თუმცა, ერთ-ერთმა, უფრო ზუსტად კი - ერთადერთმა ბიჭუნამ, 1982 წელს დაბადებულმა დორონ ბლეიკმა ("დორონი" ბერძნულად "წარმატებას" ნიშნავს) ადრეული ასაკიდანვე მართლაც მრავალმხრივი ნიჭი და საოცარი უნარები გამოამჟღავნა. სამი წლისა კომპიუტერს სრულყოფილად დაეუფლა, ოთხისამ როიალზე კლასიკის დაკვრა და ჰამლეტის მონოლოგების კითხვა დაიწყო, ხუთი წლის ასაკში კი მათემატიკური მწვერვალების დაპყრობას შეუდგა.

დორონ ბლეიკი პრაქტიკულად დაბადებიდანვე ჟურნალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, რასაც განსაკუთრებით, დედამისი - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ეფტონ ბლეიკი უწყობდა ხელს, მაგრამ 18 წლისას ეს ყველაფერი უკვე იმდენად ამოუვიდა ყელში, რომ ჰიპობასთან ერთად, მსუბუქ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლსაც მიეძალა. 2001 წელს ჩამორთმეული ბოლო ინტერვიუს თანახმად (მას შემდეგ ჟურნალისტებთან კონტაქტსა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროში თავისი ინტელექტის გამომჟღავნებას ყველანაირად ერიდება), დორონ ბლეიკს ყველაზე მეტად, მშვიდი ცხოვრება და მხოლოდ ისეთი მეგობრებისა და საყვარელი გოგონას გვერდით ყოფნა სურდა, რომლებიც მას "უცნაური გენეტიკური ექსპერიმენტის შედეგად" მოვლენილ კი არა, უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანად აღიქვამდნენ.

რუსუდან ლებანიძე