მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
font-large font-small
მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
წერილი მეორე
ვიდრე ტბეთისკენ გავემგზავრებოდით, ჩვენს მეგობარ მურათთან ერთად კიდევ ერთი ეკლესიის - ბერკის ნანგრევი მოვინახულეთ.

ბერკიშიც შემოგვეგებნენ თურქები და ტაძრიდან გამოსვლამდე გარეთ გვდარაჯობდნენ. აქაც ძაღლების ალყაში მოვექეცით, მაგრამ ამჯერადაც ვიმარჯვეთ. ბერკის დარბაზული ეკლესია "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიცაა" მოხსენიებული.

ბერკი X საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული, ნაშენებია რუხი ფერის ბაზალტის ქვით და დამშვენებულია წითელი ქვებით. დასავლეთის სარკმელზე თვალსაჩინოა ბოლნური ჯვრის გამოსახულება. ეკლესიის კამარა ჩანგრეულია, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარები, აფსიდის სარკმლის საპირეები და აფსიდის შუა ნაწილი განგრეულია, ხოლო სამხრეთის მინაშენიდან მხოლოდ აფსიდის ნაშთია შემორჩენილი. აქ საღამო ხანს ვიყავით და ბინდში განსაკუთრებულად დაობლებული გვეჩვენა ეს პატარა ეკლესია. იქიდან შავშეთისკენ გავემგზავრეთ, როგორც გიამბეთ, ღამე ჯემალის სასტუმროში გავათენეთ და დილიდანვე გავეშურეთ ტბეთისკენ, სადაც ერთ დროს XII საუკუნის ულამაზესი ფრესკები ყოფილა; სადაც მონასტერი XVII საუკუნის II ნახევრამდე მოქმედებდა და სადაც შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას მუსლიმანთა სალოცავი გაუხსნია. დღემდე შემორჩენილ 1888 წლის ფოტოზე ჩანს, რომ XIX საუკუნეშიც კი ტბეთის ტაძარი კარგად იყო შენახული. იმხანად ის გიორგი ყაზბეგმა, დიმიტრი ბაქრაძემ და ნიკო მარმა შეისწავლეს. საუბედუროდ, ტბეთმაც ტაო-კლარჯეთის ბევრი დიდი ტაძრის ბედი გაიზიარა - 1961 წელს იგი ააფეთქეს...
GzaPress
სოფელ ტბეთს დღეს თურქული სახელწოდება აქვს - ჯევიზლი, რაც ჩვენებურად "კაკლიანს" ნიშნავს. იქაურობა 2009 წლის შემდეგ აღარ მენახა, მაგრამ მაშინდელი ემოცია ჯერაც არ გამნელებოდა. ულამაზესი ხეობით შედიხარ მწვანეში ჩაფლულ სოფელში, გზად საოცრად ქართული სახლები გხვდება და განსაკუთრებულად გრძნობ საქართველოს სურნელს. კაკლის ხეების სიმრავლე ჩემს იმერულ სოფელს, არგვეთს მახსენებს. საერთოდაც, ტაო-კლარჯეთში საქართველოს შეგრძნება მუდამ თან გდევს და არა მარტო ქართული ტაძრების გამო - ბუნებაა საოცრად ქართული და კიდევ - დამხვდურთა თვალები... ტბეთის პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთერისთავ აშოტ კუხს აუშენებია, ტბეთის პირველი ეპისკოპოსი კი სტეფანე მტბევარი ყოფილა. XI საუკუნეში ეპისკოპოს საბა მტბევარს ციხესიმაგრე აუგია და ასე დაუცავს ის მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ მტბევარ ეპისკოპოსს შავშეთის ერისთავობაც უბოძეს. ღვთისმშობლის სახელობის ეს ზღაპრული ტაძარი, უფრო სწორად ის, რაც მისგან შემორჩენილა და მთლიანად, ტბეთის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული, სამწერლო კერა იყო. აქ მოღვაწე სტეფანე მტბევარმა დაწერა "წამება წმინდისა მოწამისა გობრონისი". ცნობილია ტბეთის წარწერები. მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რისგანაც მთავარი ტაძრის ნაწილი და დასავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ში პატარა დარბაზული ეკლესიის მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. დაიკარგა და გაიბნა მთავარი ტაძრის შემამკობელი მრავალი დეტალი. ხომ ასე დაინგრა, და მაინც, მისი ულამაზესი ჩუქურთმების დანახვისას დღესაც ჟრუანტელი გივლის; დღესაც მოწიწებას გგვრის მისი სიდიადე... მის შემყურეს მუხრან მაჭავარიანის ლექსიდან სტრიქონი გამახსენდა: "...ვერ დამადუმონ,/ ვერ დამძალონ - /თუნდა ჩამქოლონ..."

ცრიდა და წვიმა გადაღებაში ხელს გვიშლიდა. საკურთხეველში მაცხოვრის ფრესკას ვეძებდით. თამთამ მაინც მიაკვლია. სანთლები დავანთეთ, ჩვენი წინაპრების სულები ვახსენეთ, ცოცხლებს ჯანმრთელობა ვუსურვეთ და ექსპრომტად შექმნილმა ტრიომ - ლაზარემ, ბესომ და მე "ქრისტე აღდგა მკვდრეთით" ვიგალობეთ (ამ რიტუალს მანამდეც და მერეც ყველა ეკლესიაში ვატარებდით, თვით თურქების თანდასწრებითაც, თუმცა, საბედნიეროდ, არავის გაუპროტესტებია). ტაძრის ეზოდან გამოსულები ტბეთელებმა ჩაიზე მიგვიპატიჟეს. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა განსაკუთებით მიიქცია ჩვენი ყურადღება. ულამაზესი და საოცრად ქართული თვალები ჰქონდა. თამთამ ფოტოც გადაუღო და "კლარჯეთის უფლისწული" უწოდა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში რომ დადო მისი ფოტო, ამოუცნიათ: ეს ხომ იუსუფია (ანუ უსუპი), ბორჩხაში მუშაობს და ყველა იქაური ქართველი იცნობს. იუსუფს ქართველი მამა ჰყავსო.
GzaPress
ტბეთიდან უკან დავბრუნდით და ოქრობაგეთის ეკლესიის ნანგრევების ძებნა დავიწყეთ. სოფელ კოფრულუში ეკლესიამდე ჯერ სასახლის ნანგრევებს მივაკვლიეთ. რომელიღაც თურქი მოსახლის მიწაზეა მოქცეული. ცხადია, მასპინძელიც მხრდამხარ მოგვყვებოდა, ალბათ თანამოძმეებივით ისიც შიშობდა, განძს არ წავწყდომოდით და არ წამოგვეღო. ჩვენ კი უფრო დიდი განძი წამოვიღეთ - უძველესი ვაზის აკვირტებული რამდენიმე ტოტი მოვჭერით და დიდი რუდუნებით ვატარეთ საქართველომდე. თურქმა ეკლესიის გზაც მიგვასწავლა. გზას ვამბობ, თორემ ამჯერად ტრადიციულად ასფალტიანი კი არ იყო, სოფელში ბეტონის გზა დაეგოთ. ქვემოთ დავეშვით და სახლებს ვათვალიერებდით - აშკარად ქართული ტაძრების ქვებისგან იყო ნაშენები. მიდი და, ნუ გაგისკდება გული! კიდევ რომელიღაც თურქის კარ-მიდამოში აღმოვჩნდით - გაუღიმარი ცოლ-ქმარი მუშაობდა და ეჭვით შემოგვხედეს. მიხვდნენ, მათ ეზოში საცოდავად მდგარი უძველესი ეკლესიის მოზრდილი ნანგრევები რომ გვაინტერესებდა. სწორედ ეს იყო ოქრობაგეთის ეკლესია, სადაც მხოლოდ ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილი, კერძოდ საკურთხეველი და მის გვერდით, სწორკუთხა, ძალზე დახვეწილი, პროპორციული პასტოფორიუმებია (დამხმარე საღვთისმსახურო სათავსი ცენტრალური აფსიდის ორივე მხრიდან) შემორჩენილი. აღმოსავლეთის მხრიდან ტაძარი მთის ფერდშია ჩაჭრილი და ნახევრად მიწაშია, ამიტომ საკურთხევლის ცენტრალური სარკმელი - საკმაოდ მაღლაა გაჭრილი, ხოლო პასტოფორიუმებს აღმოსავლეთით - სწორკუთხა ნიშები, სარკმლები კი გვერდითა კედლებზე აქვს გაჭრილი. საკურთხევლის მრგვალი სარკმლის ქვეშ სწორკუთხა ნიშია. ეკლესია ნაშენია რუხი და მოყავისფრო უხეშად დამუშავებული კლდოვანი ჯიშის ქვებით, ასევე - კარგად დამუშავებული ბაზალტის ქვებით. მისი მაშტაბურობიდან გამომდინარე, სპეციალისტების აზრით, ეკლესია გუმბათიანი ნაგებობა იყო. შემორჩენილი ფრაგმენტებისა და დეტალების გათვალისწინებით ეკლესია X საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს. იმავე სოფელში, ულამაზეს მონდორში ძველი ქვებით ნაშენები თაღებიანი შენობის ნანგრევები ვნახეთ. იქვე, აქეთ-იქით მოზრდილი დახავსებული ქვები ეყარა. ჯგუფის მამაკაცებმა - ბესომ და ლაზარემ შეძლებისდაგვარად გადააცალეს ხავსი და ზედ მოჩუქურთმებული ვარსკვლავები აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ეს ქართული საფლავების ქვები იყო...
GzaPress
ოქროსბაგეთიდან პარეხთასკენ ავიღეთ გეზი. გავიარეთ დიდი და ლამაზი სოფელი კოჩაბეი, რომელიც საოცრად ჰგავს ქართულ სოფელს ბუნებითა და სახლებით, მაგრამ არა - ასფალტიანი გზით; კვლავ გადავჭერით ქალაქი შავშეთი; გავიარეთ სათლეს ციხე, სადაც ოდესღაც აფთიაქი იყო მოწყობილი... თურქეთის სოფლები და ქალაქები განსაკუთრებულად აჭრელებულ-ფერადი და ხმაურიანი გვხვდებოდა - არჩევნებისთვის ემზადებოდნენ და სააგიტაციო მუშაობა გაეჩაღებინათ.

გადავიარეთ ხიდი, რომელიც იმერხევსა და შავშეთს ჰყოფს. იქვეა მდინარეების - შავშეთ-იმერხევის შესართავი, რომელიც მდინარე ჭოროხს უერთდება. ზვიადმა ამიხსნა, რომ აქვე შენდება უდიდესი ჰესი, რომელსაც ოთხი მდინარე ავსებს: შავშეთ-იმერხევის წყალი, ბანა-ოლთისის წყალი, ჭოროხი და არტანუჯის წყალი. ძველი გზა ნელ-ნელა იტბორება, დაიტბორება ხანძთის გზის ნაწილიც. ჩვენ ახალი გზით ბერთას ხეობას გავუყევით, როგორმე პარეხთაში უნდა ავსულიყავით. ორთაკოიში ჩავედით. კლდეებზე ისეთი ნისლი ჩამოწოლილიყო, ჩვენ კი ფეხით კლდე-კლდე უნდა გვევლო, რომ ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდით, ბილიკებს დავინახავდით თუ არა. სამ ახალგაზრდა თურქს გამოვკითხეთ პარეხთას გზა, მათ კი გამოყოლა შემოგვთავაზეს. წინადადება სიამოვნებით მივიღეთ და ასე გავიცანით ახალი თანამგზავრები - მუსტაფა, ჰუსეინი და აიდე. მათი მეგზურობით იოლად აღმოვჩნდით ორ კლდეს შორის გაშენებულ, უფრო სწორად, კლდეში თითქოს დაკიდებულ მონასტერში.

პარეხთა, ბერთისა პარეხნი, პარეხი - მის შესახებ მოთხრობილია "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა" და "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში". როგორც ჩანს, მონასტერი აქ ჯერ კიდევ გრიგოლის ეპოქამდეც არსებობა.
GzaPress
თორმეტ სავანეთაგან ერთ-ერთი კარჩხალას ხეობის კლდოვან და უხვი ჩანჩქერებით გამორჩეულ ადგილას მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსის შუაში, კლდის ზემოდან ჩანჩქერი გადმოდის და კიდევ უფრო წარმტაცს ხდის იქაურობას.

სამონასტრო ნაგებობებიდან შემორჩენილია სამნავიანი ბაზილიკა, დარბაზული ეკლესია და სხვადასხვა სამონასტრო ნაგებობები. ციკლოპური ქვებით ნაშენი დიდი დარბაზი სატრაპეზოდ არის მიჩნეული. სამნავიანი ბაზილიკური ეკლესია, ორი წყვილი სვეტით არის დაყოფილი, აღმოსავლეთით - აფსიდითა და პასტოფორიუმებით. ამ ეკლესიას სამხრეთით კარი კლდის პირას ეხსნება. მკვლევარ ვახტანგ ჯობაძის მოსაზრებით, აქ იყო აივანი, საიდანაც დიდებული ხედი იშლებოდა.

მეორე ეკლესია არის მართხკუთხა მოხაზულობის დარბაზი აფსიდით. ჩრდილოეთით მიდგმული აქვს გრძელი სათავსი, სადაც ვახტანგ ჯობაძეს სავარაუდოდ, ევქარისტიული ღვინის შესანახი ქვევრები უნახავს. ამ ეკლესიების აღმოსავლეთით, კლდის თავზე, მესამე დარბაზული ეკლესიაცაა, რომლის საკურთხეველი კლდეშია შეჭრილი. სამხრეთისა და დასავლეთის კედლები დანგრეულია, სამხრეთის - ნაწილობრივ.

ეკლესიის ინტერიერში, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ნაპოვნია შავი საღებავით დატანილი ნუსხური წარწერა...

ისტორიკოს ბუბა კუდავას მონათხრობით, პარეხთა პირველად 1904 წელს ნიკო მარს მოუნახულებია და აღუწერია, თუმცა, წარწერა ვერ შეუმჩნევია. წარწერები ვერ ნახეს ვერც მონასტრის მომდევნო პერიოდის მკვლევრებმა - ვახტანგ ჯობაძემ და ბრუნო ბაუმგარტნერმა. 1995 წელს მონასტრის სამხრეთ ნაწილში მდებარე ნაგებობის (სამლოცველოს) აფსიდში წარწერა შეუმჩნევია და მოკლე ინფორმაცია გამოუქვეყნებია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციის ხელმძღვანელს დავით ხოშტარიას. სამწუხაროდ, 2007 წლის ექსპედიციის წევრებს - ნინო და გიორგი ბაგრატიონებს (რომელთაც განსაკუთრებით ვემადლიერებით ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე მოწოდებული ინფორმაციებისთვის. - ავტ.) წარწერა ადგილზე აღარ დახვედრიათ.

ბატონი ბუბას თქმით, საბედნიეროდ, პარეხთაში კიდევ ერთი წარწერა ყოფილა და იგი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მკვლევრებს ვერ შეუმჩნევიათ. ეს

წარწერა 2007 წელს აღმოაჩინა და გადაიღო ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა გიორგი კალანდიამ, მაგრამ მაშინ არავის შეუსწავლია.
GzaPress
პარეხთას წარწერის ადგილზე კვლევის საშუალება ბუბა კუდავას პირველად 2010 წლის 20 მაისს, მეგობართა მცირე ჯგუფთან ერთად ტაო-კლარჯეთში სტუმრობისას მისცემია. სწორედ მაშინ ამოუკითხავს კიდეც - ქარაგმით ნაწერი

"ადიდენ ღმერთმან ბაგრატ კურაპალატი". ორსაათიანი მუშაობის შემდეგ კი წარწერის შემორჩენილი ნაწილი თითქმის სრულად გაუშიფრავთ. ბუბა კუდავას აღწერით, ვიცოდით, რომ წარწერა მდებარეობდა "სამლოცველოს ინტერიერში, სამხრეთ კედლის შუა მონაკვეთზე, ოდნავ დასავლეთით, შელესილობაზე, ადამიანის სიმაღლეზე ზემოთ, იატაკის დონიდან დაახლოებით 2,5 მეტრზე". უბედნიერესები ვიყავით, შავი მელნითა და საოცრად ლამაზი კალიგრაფიით შესრულებულ წარწერას რომ მივაკვლიეთ. მისით, რატომღაც ჩვენი თურქი მეგზურებიც დაინტერესდნენ. სხვათა შორის, ეკლესიაში ჩვენი დანთებული სანთლებისა და გალობის შემსწრე მოღიმარმა აიდემ მაღლა აწეული ცერა თითით მანიშნა, კარგიაო. მაშინ ვერ მივხვდი, რა უხაროდა, მაგრამ უკანა გზაზე "ალთუნი" ანუ ოქრო რომ მოიკითხეს თურქებმა, ცხადი იყო, ჩვენი ბედნიერი გამომეტყველება ოქროს სავარაუდო ადგილსამყოფლის აღმოჩენით გამოწვეული ეგონათ. აბა, როგორ წარმოიდგენდნენ, საქართველოდან კილომეტრებს და წვიმასა და ნისლში ამხელა ციცაბო კლდეებს ჩვენი მამა-პაპის ნაშენ-ნაამაგარის მოსალოცად თუ გამოვივლიდით.
უსაზღვროდ აღტაცებულები პარეხთადან ბერთას მოსაძებნად გავეშურეთ.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი