იარუმალის წყევლა - გზაპრესი

იარუმალის წყევლა

ამასთან, ძირძველი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, სასიკვდილო დაავადების მატარებლად ითვლება. ისინი შიშით ელოდებიან - როდის დადგება მათი ჯერი. გასაკვირი არ არის, რომ ალცჰაიმერის დაავადებასთან კაცობრიობის ბრძოლაში იარუმალის სახელი ფორპოსტად გადაიქცა.

"მგრგვინავი კოქტეილი"

GzaPressამ ადგილებში აქტიურად XVIII საუკუნის შუახანს დასახლდნენ. ძირითადად, ანდის მთისწინეთში, ევროპიდან ლტოლვილი გლეხები დაბინავდნენ, რომლებსაც ესპანელი მებატონენი გადასახადებით სულს ხდიდნენ. საბოლოოდ, ლტოლვილთა თავისუფალ ცხოვრებას მაინც დაესვა ჯვარი. 1787 წლის მარტში, უცებ, ანტიოქიის დეპარტამენტის გუბერნატორი გამოჩნდა - ხუან ანტონიო ველარდე, ამ ადგილებში დასახლების დაფუძნების შესახებ ბრძანება წაიკითხა და განაცხადა, რომ ამიერიდან ამ ადგილს სან-ლუის-დე-გონგორი ეწოდებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კათოლიკურ წმინდანთა შორის არავითარი ლუის გონგორელი არ არსებულა. როგორც ჩანს, შმაგი ფანტაზიის მქონე გუბერნატორმა ის უბრალოდ გამოიგონა. როცა დასახლება ქალაქად გადაიქცა, მან სახელიც იცვალა და იარუმალი გახდა.

- იქნებ, ჩვენ სწორედ იმიტომაც ვართ დაწყევლილნი, რომ გუბერნატორმა ჩვენს ადგილს ყალბი წმინდანის სახელი უწოდა, - სევდიანად ხუმრობენ იარუმალელები.

არსებობს ლეგენდაც, რომელიც თითქოსდა ხსნის იმას, რაც ქალაქში ხდება. გადმოცემის მიხედვით, მრავალი წლის წინ, ქალაქში უსინათლო მღვდელი ჩამოვიდა, რომელიც ტაძრის ასაშენებლად ფულს აგროვებდა. ადგილობრივებმა მართალია, დიდი ხალისით არა, მაგრამ შესაწირი მაინც გაიღეს.

მღვდელს საჭირო თანხა მოუგროვდა, მაგრამ ერთ ღამეს, როცა მას ტავერნაში ეძინა, შესაწირის ყუთი ვიღაცამ მოიპარა. როცა მღვდელმა გაიღვიძა, ჯერ მშვიდად მოითხოვა ნაძარცვის ნებაყოფლობით დაბრუნება. შემდეგ საშინლად გაცხარდა და ადგილობრივები სასტიკად დაწყევლა. ჰოდა, გამოდის, რომ ალცჰაიმერის დაავადება - ეს ანგარიშგებაა წინაპართა მიერ ჩადენილი ქურდობისთვის.

მეცნიერები იარუმალელთა ტანჯვას სხვა მიზეზებით ხსნიან: ლტოლვილი გლეხები დიდი დროის მანძილზე საკმაოდ ჩაკეტილად ცხოვრობდნენ და მაინცდამაინც არ მოსწონდათ მათ დასახლებაში უცხოელთა სტუმრობა. ძალიან ხშირი იყო ნათესაური ქორწინებები არა მხოლოდ ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილთა შორის, არამედ, ხშირად - ოჯახის წევრთა შორისაც კი. როგორც ჩანს, "არაკეთილსაიმედო" გენებით დაავადება შთამომავლობას გადაეცა (ინცესტი ხომ ისედაც წინა პირობაა დაავადებათა წარმოშობისთვის). ამასთან, იარუმალელნი დღემდე, ძალიან იშვიათად ტოვებენ ქალაქს. ახლო ნათესავებს შორის ქორწინებები კი, არც ახლა ითვლება იშვიათობად, რაღა გასაკვირია, თუ ადგილობრივთა ძარღვებში "მოწამლული კოქტეილი" მოქმედებს?..

თავს მოიწამლავდნენ, მაგრამ ავიწყდებათ

GzaPressქალაქისა და მისი შემოგარენის მოსახლეობის საერთო რაოდენობა დაახლოებით 45 ათასი ადამიანია. მათგან 5 ათასი ადამიანი სტაბილურად ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯება, რომელსაც თვითონ La bobera-ს ("ჭკუასუსტობასა და იდიოტიზმს") უწოდებენ. დაავადება, რომელსაც ზოგადად ასაკობრივ პრობლემად მიიჩნევენ, აქ 30 წლის ქალებსა და კაცებსაც აღენიშნებათ. პრაქტიკულად, ყველა იარუმალელი საკუთარ თავში დაავადების რისკს ატარებს.

წარმოიდგინეთ, რა ატმოსფერო სუფევს ამ ქალაქში. მართალია, ეს ადამიანები ცდილობენ, იუმორით მოეკიდნენ საკუთარ პრობლემას, მაგრამ არცთუ ხალისიანად გამოსდით და ამბობენ: თუ მე La bobera-თი დავავადდები, აუცილებლად საწამლავს მივიღებ. მთავარია, ეს დაპირებაც არ დამავიწყდესო. ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი პროგრესირებადი სკლეროზია...

La bobera-ს გამოვლინებებს ადგილობრივები უკვე მიჩვეულები არიან, მაგრამ მაინც, ერთმანეთს უყვებიან ხოლმე განსაკუთრებით გახმაურებულ მოვლენებზე. მაგალითად, "უხუცესი" ჯონ ჰაირო, რომელიც ადგილობრივ მდიდრებთან დარაჯად მსახურობდა, კარგა ხანს მშვენივრად უძღვებოდა საკუთარ მოვალეობებს და აი, ერთხელ, გვიან საღამოს, როცა მეპატრონენი შინ ბრუნდებოდნენ, ვილის ჭიშკარიცა და ყველა კარი ფართოდ გაღებული დახვდათ. სამუშაოდან წასვლის წინ, ჯონმა რატომღაც ყველა კარი გააღო. ამან ნათელი გახადა, რომ ჯონს La bobera "ეწვია". რა თქმა უნდა, ჯონი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და ის უკვე ვეღარავის ცნობდა; აგრესიული გახდა; ცდილობდა სახლიდან გაქცევას. მისი 18 წლის ქალიშვილი ავგუსტინა, გარდა იმისა, რომ ძლივს უმკლავდებოდა მამის დაავადებას, შეშინებულიც იყო იმით, რომ მალე თვითონაც დაავადდებოდა. როგორ არ მეთვალყურეობდნენ და უვლიდნენ, მაგრამ მაინც ვერაფერი იღონეს: ერთხელ, ღამით მან ხელი ჰკრა ცოლს და როგორც იყო - საცვლების ამარა, სახლიდან გაიქცა. ორი დღის შემდეგ ის მთებში გაყინული იპოვეს.

სიშმაგის გამოვლინებები იარუმალში შედარებით იშვიათია. უფრო ხშირად, Lა ბობერა-ს მსხვერპლი ეტაპობრივად დეგრადირდება და უბრალო მოქმედებების შესრულების უნარს კარგავს. მათ ჯერ კოვზით კვებავენ, შემდეგ - ბოთლით, ბოლოს - ინტრავენურად; ამის შემდეგ კი, სიკვდილი დგება.

სხივი სარკმელში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, მოცემული დროისთვის, მსოფლიოში ალცჰაიმერით დაავადებულია დაახლოებით 36 მილიონი ადამიანი. 20 წლის შემდეგ, ეს რიცხვი შესაძლოა, თითქმის ოთხჯერ გაიზარდოს, მაგრამ სწორედ იარუმალია ის ადგილი, რომელზეც კაცობრიობის იმედია დამყარებული, ამ სასტიკ დაავადებასთან ბრძოლის საქმეში.

მკვლევარი-ნევროლოგი, ფრანსისკო ლოპერა დაიბადა და გაიზარდა იარუმალში. ფრანსისკო სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, როცა მისი ერთ-ერთი ნათესავი La bobera-თი დაავადდა. მას შემდეგ, დაიფიცა, რომ იპოვიდა წამალს ალცჰაიმერთან გასამკლავებლად. დროთა განმავლობაში ექიმი ლოპერა ანტიოქიის უნივერსიტეტში მოეწყო სამუშაოდ და უკვე რამდენიმე წელია, ამ დაავადებასთან ბრძოლის პროგრამას ხელმძღვანელობს. ეს მსოფლიო პროექტის ნაწილია, რომლის ჩარჩოებშიც ალცჰაიმერის დაავადებისგან განკურნებისთვის 100 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

GzaPress

განყოფილების ერთ-ერთ ლაბორატორიაში, რომელსაც ექიმი ლოპერა ხელმძღვანელობს, არის ოთახი, სადაც რამდენიმე მაცივარია დამონტაჟებული. მათში ალცჰაიმერით გარდაცვლილთა ტვინები ინახება. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ნათესავების დაყოლიება, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც სამეცნიერო დანიშნულებისთვის დათმობაზე წასვლა არჩიეს და ორგანოთა ბანკი ნელ-ნელა ივსება. ამაში ექიმი ლოპერას ავტორიტეტი მთავარ როლს თამაშობს. - ის ხომ მათი მკვიდრია და თვითონაც ამ ვერაგი დაავადების მატარებლად ითვლება; მასშიც არის "შხამიანი გენის" მოცემულობა და ამიტომაც თანამოქალაქენი მეტად ენდობიან, ვიდრე ვინმე, უცხოეთიდან ჩამოსულ მკვლევარს.

პირველადი შედეგები უკვე არსებობს. რამდენიმეწლიანი კვლევის შემდეგ, ექიმმა ლოპერამ ექსპერიმენტული პრეპარატი შეიმუშავა, რომელმაც უნდა შეაჩეროს დაავადების განვითარება ადრეულ სტადიაში.

იარუმალში საამისოდ უკვე შეირჩა 30-დან 60 წლამდე ასაკის 300 მოხალისე. ყოველი მათგანი დაავადებული გენის მატარებელია; თუმცა, La bobera-ს ისინი ჯერ არ დაუავადებია. მოხალისეებს ექსპერიმენტული პრეპარატის ინიექციათა კურსი ჩაუტარდათ. ექსპერიმენტის შედეგების შესახებ ფართო აუდიტორია მხოლოდ 2020 წელს შეიტყობს, მაგრამ არაოფიციალურ დონეზე ყველაფერი გაცილებით ადრე გაცხადდება. სტატისტიკურად, უახლოეს წლებში, რამდენიმე ათეული მოხალისე აუცილებლად დაავადდება, თუკი "ჯადოსნური წამალი" არ იმოქმედებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, შეიძლება თამამად ითქვას, რომ კაცობრიობამ გიგანტური ნაბიჯი გადადგა ყველაზე გავრცელებული ჭკუასუსტობის დასამარცხებლად და ამ გამარჯვების მთავარი რგოლი, სწორედ "დაწყევლილი" ქალაქი - იარუმალი აღმოჩნდა.

მოამზადა ირინა ჯანდიერმა