ხელნაკეთი თოჯინების ხიბლი და "მზე" - მაკა ჩიჩუას კოსტიუმზე - გზაპრესი

ხელნაკეთი თოჯინების ხიბლი და "მზე" - მაკა ჩიჩუას კოსტიუმზე

როგორც გაირკვა, ეს ხელნაკეთი ნივთი დიზაინერ ანუკა უთურგაიძეს შეუქმნია, რომლის დამზადებული თოჯინები ინტერნეტსივრცეში (და არა მარტო) დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს.

- ალბათ, ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვედი. დღესაც ძალიან მიყვარს თოჯინები, სათამაშოები, ყველაფერი ფუმფულა და საყვარელი. პატარაობისას არც სათამაშოების დამზადებას ვცდილობდი და არც თოჯინებს ვუკერავდი კაბებს, მაგრამ მათი სიყვარული დიდხანს გამყვა, რის გამოც ძმა ხშირად დამცინოდა. 12 წლისა ლოგინში ვიწვენდი თოჯინას და ამის დასაფიქსირებლად სურათი გადამიღეს (იღიმის)...

GzaPress

- სათამაშოების გაკეთების სურვილი როდის გაგიჩნდა?

- ყველამ იცით, 90-იან წლებში როგორ ჭირდა თავის გატანა და ფული რომც გქონოდა, საყიდლად ფანქარსაც ვერ იშოვიდი. ჰოდა, ჩემი ბავშვობის დროინდელი ფანქრები, სათამაშოები გამოვქექე ძველმანებიდან. ერთხელაც, როცა ჩემი უფროსი გოგონა თამაშობდა, მთხოვა, თოჯინის საწოლი მინდაო. ჯოხებით, ფიცრებით შევუკარი ეს საწოლი, საკმაოდ კარგი გამოვიდა. მერე ვიფიქრე, - იქნებ თოჯინის შეკერვა ან მოქსოვა ვცადო-მეთქი. მოვსინჯე და ესეც კარგი გამოვიდა. პირველად გავაკეთე ვარდისფერი და ცისფერი ბაჭიები. სხვათა შორის, ის სათამაშოები დღემდე მაქვს. შვილს ჩემი ნამუშევარი რომ მოეწონა, ამან სტიმული მომცა, ინტერესი გამიჩინა და ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ა.შ.

- ანუ ქსოვა გეხერხებოდა...

- თოჯინის დამზადებას ელემენტარული, ქსოვის ანბანის ცოდნა სჭირდება და ფანტაზია. აი, სვიტერებსა და კაბებს ვერაფრით მოვქსოვ. როცა თოჯინაზე მუშაობას ვიწყებ, გონებაში მაქვს მონახაზი, როგორი უნდა გამოვიდეს და იმედი არასდროს გამცრუებია, ყოველთვის ისეთი გამოდის, როგორიც წარმომიდგენია. მერე ამ ახალგაკეთებულ სათამაშოს დიდხანს ვეფერები. კარგა ხანს ჩემს მაგიდაზე დევს და ვტკბები მისი ცქერით, მაგრამ როცა მომდევნო თოჯინაზე მუშაობას ვასრულებ, უკვე "მოძველებული" თაროებზე ინაცვლებს. ჩემს ოთახში რომ შემოიხედო, ყველგან ნაქსოვი ან ჩემი ბავშვობის დროინდელი სათამაშოები, შვილების თოჯინებია, რომლებიც ჩემგან განსხვავებით, მათ უკვე აღარ აინტერესებთ (იცინის). დაბადების დღეზე შვილმა სათამაშო მგელი მაჩუქა. ძალიან რომ გამიხარდა, მითხრა: ვიცოდი, რომ ყველაფერზე მეტად, ამ საჩუქრით გაგახარებდიო.

- იმ 90-იან წლებში, შენი შვილის სათამაშოები შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. გარშემო მყოფები ხომ არ გთხოვდნენ, მათი შვილებისთვისაც შეგექმნა რაიმე მსგავსი?

- როგორ არა და ვქსოვდი კიდეც მეგობრების, მეზობლების, ნათესავების შვილებისთვის.

GzaPress

- და ეს შენი შემოსავლის წყაროდ იქცა?

- არა, ამ სათამაშოებს ახლობლების შვილებს ვჩუქნიდი. ამ საქმით ფულის შოვნაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ... ცოტა ხნის წინ უმუშევარი დავრჩი და მეგობრები შემიჩნდნენ, საიტი გააკეთე, შენი თოჯინების ფოტოები ატვირთეო. მერიდებოდა: სირცხვილია, ეს როგორ გამოვფინო ან როგორ გავყიდო, ფასი როგორ დავადო-მეთქი? თოჯინების პირველი პარტია, რომლებიც ასე ვთქვათ, გასაყიდად გავიმეტე, ხელის კანკალით გავატანე მეგობარს. მიხარია, რომ ისეთმა ადამიანებმა იყიდეს, რომლებსაც ვიცი, სათამაშოები უყვართ, გაუფრთხილდებიან და სხვის შრომასაც დააფასებენ. ჩემი ნამუშევარი სადმე უდიერად მიგდებული რომ ვნახო, გული მომიკვდება. საიტის წყალობით მივხვდი, რომ ხალხს მოსწონდა ჩემი ნამუშევრები და ამან მეტი სტიმული მომცა. ჩემი მეგობრები მართლები იყვნენ, როცა მიჩიჩინებდნენ, ბევრი თოჯინა გამეკეთებინა და გამომეფინა საიტზე მაინც.

- იყო დრო, როცა თოჯინების კეთების სურვილი არ გქონდა?

- კი. როცა ჩემი გოგონები წამოიზარდნენ, მერე ამ მხრივ საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა. დაახლოებით 3 წლის წინ თანამშრომელმა მთხოვა, - შენ ადრე სათამაშოებს ხომ აკეთებდი და გთხოვ, რამე მომიქსოვეო. თავიდან უარი ვუთხარი, - აღარ მახსოვს, როგორ ვაკეთებდი-მეთქი, მაგრამ რომ არ მომეშვა, გავუკეთე. ძალიან მოეწონა ჩემი ჯამბაზი. მერე დაქალის ბავშვს დაბადების დღეზე მივართვი ხელნაკეთი თოჯინა და პატარა ისე აღფრთოვანდა, მივხვდი, ეს საქმე არ უნდა მიმეგდო. როცა ვხედავ, ჩემი საქმე დაფასებულია, ეს სტიმულს მაძლევს და მიბიძგებს ყოველი მომდევნო თოჯინის გაკეთებისკენ, ახალ-ახალი იდეა მოდის...

- ამდენი მოლაპარაკე, მოძრავი სათამაშო იყიდება მაღაზიაში. როგორ ფიქრობ, რატომ მოსწონთ ისევ ხელნაკეთი თოჯინები?

- ალბათ იმიტომ, რომ განსხვავებულია. თან, თითოეულ მათგანში იმ ადამიანის სულის ნაწილი დევს, რომელიც მას ქმნის. მე თოჯინებში ვაქსოვ სიყვარულს, სითბოს და მერე ალბათ, ეს მუხტი სხვაზეც გადადის. თან, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება და ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა. თან ორი ერთნაირი თოჯინა არასდროს გამომდის, ყველა ინდივიდუალურია. ვფიქრობ, ჩემს თოჯინებს თავიანთი ხასიათი, დადებითი მუხტი აქვთ.

- ისინი სულ იღიმიან თუ ზოგჯერ, გაბრაზებულებიც არიან?

- ბოლოს გავაკეთე "გადრუნჩულტუჩებიანი" თოჯინების ვარიანტი, მაგრამ ისინი მოწყენილები არ არიან. ვფიქრობ, ღიმილი, დადებითი ემოცია გადამდებია და ამიტომაც, ჩემი თოჯინებიც ხშირად იცინიან.

GzaPress

- სამუშაოდ რა მასალას იყენებ?

- ძაფს, ბამბას ან მატყლს... წლების წინ სათამაშო მოვქსოვე და ვინაიდან ბამბა არ მქონდა, ღრუბელი ჩავდე. დროთა განმავლობაში, ღრუბელი გაფუჭდა, დაიშალა და ქსოვილიც დააზიანა. ასე რომ, ახლა მხოლოდ ბამბას ან მატყლს ვიყენებ.

- მატერიალური თვალსაზრისით, სამკაულების დამზადება უფრო ხელსაყრელი არ არის?

- შესაძლოა მართალი ხარ, მაგრამ მირჩევნია, ბავშვებს ვასიამოვნო და ის გავაკეთო, რაც თავადაც მომწონს. თან, არ დაგავიწყდეთ, ყველაზე კარგი შემფასებელ-დამფასებლები, ყველაზე გულწრფელები ბავშვები არიან (იღიმის)... თუმცა, ეს ყველაფერი ურთულესი გასაკეთებელია. საშუალო სირთულის თოჯინის მოქსოვას მინიმუმ 7 საათი სჭირდება. ჯერ ქმნი სხეულს, თავს, თმას, მერე კი ტანისამოსს, ტრუსს, კაბას, რომელიც ნაქარგით ან რაიმე დეტალით უნდა დაამშვენო. ერთხელ შვილებისთვის ჩინური თოჯინა ვიყიდე. თამაშისას ვარცხნილობა დაუშალეს, უნდა დავვარცხნოთო. აღმოჩნდა, რომ მელოტი იყო, მხოლოდ წინ ჰქონდა თმა და ლამაზად აწეული. ამან პატარებზე დამთრგუნველად იმოქმედა. ჰოდა, ვცდილობ, ჩინელების შეცდომაAარ გავიმეორო. ჩემი მოქსოვილი თოჯინა მელოტი არასდროს არის. თმა რომც დაუშალონ, თავზე ცარიელ ადგილს ვერ იპოვიან, თითოეული ღერი სათითაოდ მაქვს "ჩანერგილი".

- შენი "მზე" მაკა ჩიჩუას კოსტიუმზე როგორ აღმოჩნდა?

- ერთი ჩემი ნამუშევრების თაყვანისმცემელი გოგო დამიკავშირდა და მთხოვა, მისთვის სააღდგომოდ სასაჩუქრე კურდღლები დამემზადებინა. შეკვეთა რომ ჩავაბარე, აღფრთოვანდა. მერე მომწერა, - ყველას ძალიან მოეწონაო. კიდევ მომცეს შეკვეთა და ისევ მადლობა მივიღე. შემდეგ მითხრა, - იმ კომპანიას, სადაც ვმუშაობ, ბავშვთა დღისთვის "მზეებს" თუ დაუმზადებო? რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. როგორც ჩანს, ეს კომპანია ჩართული იყო "მზის ფესტივალში" და სწორედ მათი წყალობით მოხვდა ჩემი ნამუშევარი პირველი ლედის კოსტიუმზე. მეგობარმა ამის ამსახველი ფოტო "ფეისბუკზე" რომ ამიტვირთა, ძალიან გამიკვირდა და თან - მესიამოვნა.

- წლების განმავლობაში მუშაობდი "მედიაპალიტრაში"...

- პროფესიით მოდელიერ-დიზაინერი ვარ. სამხატვრო აკადემიაში გვიან ჩავაბარე. ნაადრევად გავთხოვდი, მერე ბავშვები გაჩნდნენ და... 25 წლის გახლდით, როცა სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე - ეს დედის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გადავწყვიტე. 2005 წელს "ლიტერატურული პალიტრის" მხატვარ-დიზაინერად დავიწყე მუშაობა. 2 წლის შემდეგ ჟურნალ "რეიტინგშიც" დასჭირდათ დიზაინერი, მერე პარალელურად, ჟურნალ "გზაშიც" ვმუშაობდი, რაღაც პერიოდი "კარუსელთანაც" ვთანამშრომლობდი.

- ახლა ბავშვთა ცენტრში მუშაობ. პატარების სიყვარულმა შეგაცვლევინათ საქმიანობა?

- არა, რაღაც მიზეზების გამო, "მედიაპალიტრიდან" წამოსვლა მომიხდა. მერე გავიგე, რომ "ბიბლუსმა" გახსნა საბავშვო ცენტრი "ბიბლუსი კიდს" და სჭირდებოდათ ძიძა ანიმატორები, რომელთა მოვალეობაში არა მხოლოდ ბავშვების გართობა, მოვლა-პატრონობა შედის, არამედ ხელსაქმის სწავლებაც. გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, ბავშვებს 1 საათით გვიტოვებენ და მათზე ჩვენ ვზრუნავთ. გვაქვს ხატვის, ძერწვის, სათამაშოს კეთების, ორიგამის, ბისერებით აქსესუარის აწყობის დღე და ა.შ. პატარების მიერ მომზადებული ნივთები ჩვენთან რჩება, შაბათობით კი ეწყობა ამ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ნახატები თუ ნივთები იყიდება სიმბოლურ ფასად და თანხა სპეციალურ ყუთში იყრება, მერე ხმარდება ქველმოქმედებას. ამით ბავშვებს პატარაობიდანვე ვასწავლით სიკეთის კეთებას, ისინი ეხმარებიან გაჭირვებაში მყოფ პატარებს. "ბიბლუსი კიდში" შაბათ-კვირას ვიწვევთ მსახიობს, რომელიც ბავშვებს ზღაპარს უკითხავს, მერე სვამს კითხვებს და ვინც სწორად უპასუხებს, დააჯილდოებენ... მოკლედ, პატარები საინტერესო გარემოში გაატარებენ ერთ საათს. მინდა, ყველა პატარას მივეფერო თქვენი ჟურნალის მეშვეობით და ვთხოვო: მოეფერეთ, გაუფრთხილდით სათამაშოებს.

ლიკა ქაჯაია