მარტინ ფრენკელი - მეოცე საუკუნის უდიდესი თაღლითი მილიარდერი - გზაპრესი

მარტინ ფრენკელი - მეოცე საუკუნის უდიდესი თაღლითი მილიარდერი

ეჭვმიტანილი - 44 წლის მულტიმილიონერი ფინანსისტი მარტინ ფრენკელი, რომელმაც თითქმის 3 მილიარდი დოლარი მიითვისა, იმხანად უკვალოდ გამქრალიყო. ძებნას, რომელსაც შტატების ტერიტორიაზე გამოძიების ფედერალური ბიურო, ევროპის ტერიტორიაზე კი ინტერპოლი აწარმოებდნენ, შედეგი ჯერ არ გამოეღო. უფრო მეტიც, მაძებრები უკვე იმასაც აღიარებდნენ, ფრენკელს ალბათ ვერც ვერასოდეს ვიპოვითო, მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება და XX საუკუნის ყველაზე დიდი თაღლითი სასამართლოს წინაშე მაინც წარდგა. მივყვეთ თანამიმდევრობით...

ყველა, ვისაც მარტინ ფრენკელთან ურთიერთობა ჰქონია, თითქმის ერთხმად აღნიშნავდა, რომ ის ძალზე უცნაური ადამიანი იყო. გრინვიჩში (კონექტიკუტის შტატი) მან ერთმანეთის მეზობლად მდგარი ორი სახლი იყიდა. ერთში, რომელიც 3 მილიონი დოლარი დაუჯდა, რკინისმავთულიანი მაღალი ღობე ჰქონდა შემოვლებული და სათვალთვალო კამერებით იყო აღჭურვილი, თვითონ ცხოვრობდა და მუშაობდა, მეორეში კი - შედარებით მოკრძალებულად მოწყობილში - ფეხი არასდროს შეუდგამს.

მრავალრიცხოვანი მსახურებითა და საყვარლებით გარშემორტყმული ფრენკელი თითქმის მთელ დროს სახლში ატარებდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო იმ "გიჟური ცხოვრებით", რომელიც მის გარშემო ჩქეფდა. აი, რას იხსენებს მისი პირადი მზარეული, რობერტ რენდოლფი: "ბოსს რამდენიმე სავალდებულო მოთხოვნა ჰქონდა: 1) ჭიქები, განსაკუთრებით კი მათი არშიები, სუფრაზე ყოველ მიტანამდე უთუოდ უნდა გამესტერილებინა; 2) ხილის წვენები დღეში ორჯერ მაინც უნდა გამეფილტრა: 3) თევზი და ზღვის პროდუქტები შეძენის დღესვე უნდა მომემზადებინა ანდა გადამეყარა. ბოსის საყვარელი საჭმელი უცხიმო მოცარელას პიცა იყო, თუმცა, ეს სიყვარულზე მეტად, თავის დაზღვევას ჰგავდა, რადგან სჯეროდა, რომ ამ პიცით მოწამვლა შეუძლებელი იყო".

GzaPressრენდოლფი თავის სამუშაოს ცოტა უცნაურად კი თვლიდა, მაგრამ მასზე უარის თქმა არც უფიქრია, რადგან ძალიან კარგად უნაზღაურდებოდა: ბოსი და მისი მრავალრიცხოვანი საყვარლები ხომ ფულს არასდროს ითვლიდნენ. მაგალითად, ერთხელ საყიდლებზე წასასვლელად გამზადებულმა მზარეულმა აღმოაჩინა, რომ მანქანაში ბენზინი აღარ ჰქონდა და ბაზრამდე ავტოგასამართ სადგურზე შევლა მოუწევდა. ფრენკელმა მას 800 დოლარი მისცა, თან, არხეინად ჰკითხა, - ავზის ბოლომდე ასავსებად ხომ გეყოფაო? მეორედ, წვეულებისთვის პროდუქტების საყიდლად, ბოსის ერთ-ერთ "მეგობარ გოგონას" 1.200 დოლარი სთხოვა, მან კი 1 800 მისცა და თან დააყოლა: ხურდა დაიტოვეო.

მარტინ ფრენკელს რამდენიმე პირადი მძღოლი და პირადი ლიმუზინი ემსახურებოდა. თუმცა, საყვარლები (ბოსის ლიმუზინებით ძირითადად ისინი სარგებლობდნენ) ყოველთვის მანქანებზე მეტი ჰყავდა და ამიტომაც, ლამის ყოველი დღე მათი ჩხუბით იწყებოდა და მთავრდებოდა, რასაც ერთ-ერთმა ენაკვიმატმა მძღოლმა "ლიმუზინების ომიც" კი უწოდა. თავად ფრენკელი მხოლოდ სპეცშეკვეთით დამზადებული ავტომობილით (ჩვეულებრივი ლიმუზინი ორად გააჭრევინა და სიგრძის მოსამატებლად, შუაში ლითონის 10-სანტიმეტრიანი ნაჭერი ჩაასმევინა), თანაც, ძალზე იშვიათად თუ სარგებლობდა, რადგან კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და სახლშიც ყოფნისასაც მხოლოდ ორ ოთახში - საძინებელსა და კაბინეტში შედიოდა. "დაგრძელებული ლიმუზინის" მძღოლის თქმით, "ბოსი სახლიდან ძალიან იშვიათად, მარტო ექიმთან ან პარიკმახერთან თუ გადიოდა. რესტორანში სავახშმოდ კი სულ ორჯერ ყოფილა". მარტინის ყველაზე საყვარელი ადგილი უძვირფასესი მასალით მოპირკეთებული კაბინეტი იყო. მისი სამუშაო მაგიდის წინ უამრავი ლომბერის მაგიდა იდგა, რომლებზეც ტელევიზორები და კომპიუტერის მონიტორები ოთხ რიგად იყო ჩამწკრივებული. ასე რომ, ზოგჯერ ფრენკელს ერთდროულად 80 ეკრანიც კი "შესცქეროდა". ტელევიზორებთან ვიდეომაგნიტოფონები იყო მიერთებული, რომლებზეც ფინანსური სიახლეების ყველა გამოშვება იწერებოდა. უამრავი ვიდეოკასეტით ცალკე კარადა იყო გამოტენილი. ერთხელაც, პირადი მცველის შენიშვნაზე, - რად გინდათ ამ ყველაფრის შენახვა, ხომ შეიძლება, ერთხელაც მონიტორებით გადაძეძგილმა მაგიდებმა და კასეტებით სავსე კარადამ სიმძიმეს ვეღარ გაუძლოს და უბრალოდ დაიშალოსო, - მოწყალე ღიმილით უპასუხა: წარმოდგენაც კი არ გაქვს, ეს რა ფასდაუდებელი ინფორმაციააო.

ფრენკელი ძირითადად, პორნოფილმებს უყურებდა და ერთი მსახური ჰყავდა საგანგებოდ იმისთვის, რომ ახალი ფილმებით მოემარაგებინა. ერთი კი მარტო იმაზე აგებდა პასუხს, რომ სამზარეულოში ბოსის საყვარელი, ხმელი მუხუდოს სახეობა არ გამოლეულიყო. ფრენკელის საინვესტიციო კომპანიის (რომელიც ასევე მის სახლში იყო განთავსებული) ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ერთხელ ბოსმა ყველა ტელეფონის აპარატის შეცვლა მხოლოდ იმიტომ უბრძანა, რომ მათი ყურმილების ფორმამ გააღიზიანა. კაბინეტში მარტინი თითქმის მთელ დღეს ატარებდა, ხანმოკლე შესვენებისას კი სახლში მყოფ რომელიმე სატრფოსთან ერთად საძინებელში განმარტოვდებოდა ხოლმე. ამ დროს საძინებელში შესვლის ანდა თუნდაც კარზე დაკაკუნების უფლება არავის ჰქონდა.

რადგანაც მარტინი სახლიდან თითქმის არ გადიოდა, საყვარლების ძებნა ძირითადად გაზეთებში გამოქვეყნებული საქორწინო განცხადებების მეშვეობით უწევდა. "მისტერ კინგს ყველა თავისი გოგონა ძალიან უყვარდა და მათზე ყოველთვის ზრუნავდა", - იხსენებს ფრენკელის შინამოსამსახურე, ვერა მირონოვა. მისტერ კინგი ვინღააო? - იკითხავს ალბათ, მკითხველი. ვინ და თავად მისტერ ფრენკელი, რომელსაც "ჯონ კინგის" გარდა, კიდევ სამი - "მაი გოლდმანის", "ერიკ სტივენსის" და "დევიდ როსის" (საკუთარი დაცვის უფროსის) გვარ-სახელებითაც იცნობდნენ. სხვათა შორის, იმავე ვერა მირონოვამ, რომელმაც ფრენკელთან ექვსი წელი იმუშავა, მისი ნამდვილი გვარ-სახელი მხოლოდ პოლიციაში ჩვენების მიცემის დროს შეიტყო.

შერჩეული საყვარლები (ზოგჯერ ერთდროულად ოციც კი!) ფრენკელის სახლში ცხოვრობდნენ და მისი "პირველი ცოლობისთვის" ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი ხერხით იბრძოდნენ. როცა რომელიმე მათგანი მართლა ყველა ზღვარს გადადიოდა და ბოსსაც მეტისმეტად მოაბეზრებდა თავს, ის მეზობლად მდგარ მეორე სახლში გადაჰყავდათ. როგორც სხვა ყველაფერში, მარტინ ფრენკელი პირად ცხოვრებაშიც მთლად ტრადიციების მიმდევარი არ გახლდათ და ამიტომაც, პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა მაღაზიიდან გამოწერილი, სადომაზოხისტებისთვის განკუთვნილი უამრავი ნივთი, მათ შორის - დიდი რკინის გალიაც კი აღმოაჩინა. ყველა იმ ქალმა, ვისი დაკითხვაც მოხერხდა, მარტინი მხოლოდ "ცოტა უცნაურ, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელ და მდიდარ მამაკაცად" მოიხსენია.

GzaPressროცა ადამიანი 3 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობს და ლამის ყოველთვიურად ამდენივეს ხარჯავს, ჩნდება კითხვა - საიდან ამდენი ფული? მარტინ ფრენკელის ყველა საქმიან პარტნიორს (რომელთა შორისაც ამერიკის ხუთი შტატის თერთმეტი სადაზღვევო კომპანია და თვით ვატიკანის წარმომადგენელიც კი იყო) ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ ის მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე საინვესტიციო ფონდ Liberty National Securities-ს ედგა სათავეში. არადა, სინამდვილში, ასეთი ფონდი საერთოდ არ არსებობდა. თავად ფრენკელი კი თავის დროზე ბინძურ მაქინაციებში იყო მხილებული და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა. სხვა პროფესია, ისევე როგორც ნორმალური განათლება, ფრენკელს არასდროს ჰქონია. თუმცა, ამას მისთვის თაღლითური გზით უზარმაზარი ფულის შოვნაში ხელი ოდნავაც არ შეუშლია. მარტინ ფრენკელის მიერ შექმნილ თაღლითურ სქემაზე დაწვრილებით საუბრით მკითხველს არ დავღლით, მით უმეტეს, რომ მასში გარკვევა თავის დროზე თვით მრავლისმნახველმა გამოძიების ფედერალურმა ბიურომაც კი ძლივს შეძლო. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ყველაფერი 1989 წლიდან, ფრენკელის მიერ ცრუმაგიერი პირის მეშვეობით საინვესტიციო კომპანია ჩრეატივე Pარტნერს Fუნდ LP.-ის დარეგისტრირების შემდეგ დაიწყო, რომელიც დღემდე ამერიკის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე ცნობილ "აფერისტულ" კომპანიადაა აღიარებული. თავისი არსით ის ახალი ფინანსური პირამიდა იყო, ოღონდ მისი მეანაბრეები "საცოდავი გროშების" მქონე უბრალო ადამიანები კი არა, საკმაოდ შეძლებული სადაზღვევო კომპანიები იყვნენ, რომლებმაც გაქნილ თაღლითს იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა - ერთი მილიონი დოლარი მიანდვეს. ასე დაადგა მარტინ ფრენკელი დანაშაულებრივ გზას, რომელმაც საბოლოოდ, თითქმის სამი მილიარდი დოლარი აშოვნინა.

როგორც კი დიდი ფულის სუნი ეცემოდა, ერთი შეხედვით ძალიან გულუბრყვილო და დაბდურა ფრენკელი უმალ ნამდვილ მტაცებლად იქცეოდა, მიზნისკენ მიმავალ გზაზე არავის ინდობდა და ამ მხრივ გამონაკლისი თვით ვატიკანისთვის, უფრო სწორად კი მისი ერთ-ერთი გულუბრყვილო წარმომადგენლისთვისაც არ დაუშვია. თუმცა, ამჯერად საკმაოდ გრძელი გზის გავლა კი მოუხდა. 1998 წლის იანვარში თაღლითობაში უკვე საკმაოდ გამობრძმედილმა ფრენკელმა ვატიკანის მაღალი რანგის სასულიერო პირი გაიცნო, რომელსაც წმინდა ტრაპეზისთვის 50 მილიონი დოლარის შეწირვა შესთავაზა, ოღონდ - იმ პირობით, თუ სანაცვლოდ, მის კონტროლქვეშ მოქმედ კომპანიებში ვატიკანის ფულის ინვესტირების უფლებას მიიღებდა. ამ საკითხზე სასაუბროდ ფრენკელთან სტუმრად მისულ ვატიკანის წარმომადგენელს მასზე შესანიშნავი შეხედულება ჩამოუყალიბდა, რადგან წიგნის კარადები მხოლოდ სასულიერო ლიტერატურით გამოტენილი დახვდა, ზედმიწევნით თავაზიანი და მოწიწებული მასპინძელი კი სახარებიდან ნაწყვეტების ზეპირად ციტირებას ახდენდა და მხოლოდ იმაზე თუ ლაპარაკობდა, ქველმოქმედებისთვის 2 მილიარდი დოლარის გაღებას და ამ გზით ღარიბი და ავადმყოფი ბავშვების დახმარებას როგორ აპირებდა. ნანახითა და მოსმენილით კმაყოფილ სტუმარს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მის წინაშე ქადაგად დავარდნილი "მხურვალე კათოლიკე" ფრენკელი სინამდვილეში, ორთოდოქსულ ებრაულ ოჯახში იყო გაზრდილი, იურისტ მამამისს კი ქალაქ ტოლედოში ადგილობრივი სინაგოგის ერთ-ერთ ბურჯადაც იცნობდნენ. თანამშრომლობაზე წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ვატიკანის წარმომადგენლთან მოლაპარაკება საბოლოოდ მაინც ჩაიშალა. მასთან მეორე შეხვედრისას შინაყუდა ფრენკელმა თავისი ერთ-ერთი "საქმიანი" საყვარელი გაგზავნა, რომელიც დათქმულ ადგილას - კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, შემოტმასნილი შორტითა და ღრმად დეკოლტირებული მაისურით გამოცხადდა.

კათოლიკურ წრეებში შეღწევა მარტინ ფრენკელმა მხოლოდ მეორე ცდის შემდეგ მოახერხა. თუმცა, მანამდე, 1998 წლის აგვისტოში, ბრიტანული ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში წმინდა ფრანსისკ ასიზელის სახელობის ფონდი დაარეგისტრირა, რომლის საწესდებო ამოცანაც ავადმყოფი ბავშვების დახმარება, რეალურად კი - მისი დამრეგისტრირებლის თაღლითურ ფინანსურ სქემასთან მიერთება იყო. ამის შემდეგ ფრენკელმა ვატიკანის გამოცემის, Monitor Ecclesiasticus-ის და ამავე სახელწოდების საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი, 81 წლის მილიო კოლაჯოვანის გაცნობა მოახერხა. კოლაჯოვანიმ მას პაპის ორ თანაშემწესთან შეხვედრა მოუწყო, რომელიც სრულიად უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ თაღლითმა უკან მაინც აღარ დაიხია და მისგან საბოლოოდ თავბრუდახვეულ უხუცეს სასულიერო პირს ორ ისეთ ყალბ დოკუმენტზეც კი მოაწერინა ხელი, რომლებმაც 1,9 მილიარდი დოლარი მოუტანა.

მაგრამ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი მაინც მთავრდება და მარტინ ფრენკელის იდილიური ცხოვრებაც პირველად მისისიპის შტატის სადაზვევო ბიზნესის მაკონტროლებლის ზარმა დაარღვია. ჩინოვნიკმა მკაცრად იკითხა, თუ რის საფუძველზე მოხდა შტატის სამი სადაზღვევო კომპანიის ანგარიშებიდან 200 მილიონი დოლარის ფრანსისკ ასიზელის ფონდში გადარიცხვა და ფულის სასწრაფოდ უკან დაბრუნება მოითხოვა. ეს ამბავი 1999 წლის 29 აპრილს მოხდა. 5 მაისისთვის კი ფრენკელმა უკვე ყველა თანამშრომელი და საყვარელი დაითხოვა, ყველა ანგარიშიდან ფული მოხსნა, მისი დიდი ნაწილით ძვირფასი ქვები შეიძინა, შემდეგ გრინვიჩის ორივე სახლს ცეცხლი წაუკიდა და უკვალოდ გაქრა. ხანძრის ადგილას თითქმის ერთდროულად მისულმა პოლიციამ და მეხანძრეებმა დაწვას გადარჩენილი ორი საინტერესო დოკუმენტი აღმოაჩინეს. პირველში ფრენკელის ერთი დღის გასაკეთებელი საქმეები იყო ჩამოთვლილი: "1. ფულის გათეთრება. 2. დოლარების ისრაელში გადატანა და - პირიქით"; მეორეში კი პერსონალური ჰოროსკოპის შეკითხვები: "ვიქნები თუ არა უსაფრთხოდ? მოვხვდები თუ არა სამოთხეში?"

სამოთხეში მოხვედრაზე რა გითხრათ, მაგრამ პოლიციის ხელში მარტინ ფრენკელი კი ნამდვილად მოხვდა. როცა გერმანიის ერთ-ერთ სასტუმროში ბრიტანეთის მოქალაქის ყალბი პასპორტით მცხოვრებ ამერიკელ ძებნილს კარზე მიუკაკუნეს, ის პოლიციელებს შემდეგი სიტყვებით შეეგება: - მაინც მომაგენით, ხომ? ამერიკაში ექსტრადირებულ XX საუკუნის უდიდეს თაღლითს ციხეში ლამის 200 წლით გამწესებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 2004 წელს სასამართლო მას მხოლოდ 16 წლითა და 8 თვით პატიმრობა აკმარა.

რუსუდან ლებანიძე