საბავშვო ბაღში დაწყებული სიყვარული - გზაპრესი

საბავშვო ბაღში დაწყებული სიყვარული

მარინა ახლაც ძალიან უყვართ ქმრის ნათესავებს და მართლაც, თითს არ ამოისვამენ, თვალშიც რომ ჩაუვარდეთ. არადა, თავის დროზე, როცა გურამმა ცოლად შეირთო და მკაცრი მოთხოვნის მიუხედავად, ვერაფრით დააშორეს 18 წლის "ღლაპები" ერთმანეთს, გულები დაიხეთქეს...

ახლა ღიმილით იხსენებს ოთხმოც წელს მიღწეული დედამთილი:

- ახლა გასუქდა და ასაკში რომ შევიდა, ქალს დაემსგავსა. მაშინ ყვავის ბახალას ჰგავდა - შავი, გაწრეპილი, არც თეძო ჰქონდა, არც - ძუძუ. ჩემი გურამი კიდევ, ანგელოზი იყო: თეთრი, პუტკუნა, მხარბეჭიანი... მაგათი გაპარვის ამბავი რომ გაიგეს, მოსალოცად კი არა, სამძიმარზე მოდიოდნენ ქალები...

მძახალს სიტყვა მარინას დედამ ჩამოართვა:

- სიმართლე გითხრათ, არც გვეგონა, თუ მაგის ბედს მოვესწრებოდით. მამიდებს დაემსგავსა და ის საცოდავები კიდევ, გაუთხოვრები დაიხოცნენ; კაცს კი არა, ყვავს არ დაუჩხავლია მათ ბედზე.

- რამდენჯერ გამაგონე, - შენ რა გაგათხოვებსო?! - ეღიმება მარინასაც.

- კი არ დაგცინოდი, შვილო, გულს ვასკდებოდი შენი საცოდაობით და თან, იმ აზრს გაგუებდი, რომ მარტოხელობა გელოდა.

- სწორედაც მაგ ჭკუაზე იყო! - როხროხებს ძია გურამი, რომელიც ახლაც ლამაზია და ცოლს მართლაც, ასი თავით ჯობია. ცოლს ხელი გადახვია და თავზე მიეფერა: - მარინა ისეთი მოხერხებულია, თავსაც მიხედა და მეც კაცად მაქცია. სხვასთან ჩემნაირი ხათრიანი კაცი ვერც ივარგებდა ალბათ, ამან კი ფასი დაადო ჩემს კაცობას...

- მამი, ის მოჰყევი, პირველად როდის "შეგაბა"! - აქეზებს მამას გიორგი, რომელსაც შავტუხობა დედისგან დაჰყოლია, მაგრამ უხდება და მერე როგორ, შვილებიც ეშხიანი ჰყავს...

- ოთხი წლის ვიყავი, ჩვენს სოფელში საბავშვო ბაღი რომ გაიხსნა და დედამ იქ მიმაბრძანა. ჰოდა, იმ ჯგუფში ჩამრიცხეს, სადაც ერთი კვირით ადრე მარინა მიეყვანათ. დამინახა თუ არა, მომვარდა, დაბუშტული ლოყები დამიჩქმიტა და თანატოლებს გამოუცხადა: ეს ბიჭი ჩემთვის მინდა, ხელი არავინ ახლოსო...

- ოთხი წლისამ გაბედა ამდენი?! - მგონია, აზვიადებს ძია გურამი.

- გაბედა და მერე როგორ! - სიძეს სიტყვა ჩამოართვა სიდედრმა: - იმ საღამოს სახლში გამოგვიცხადა: მორჩა, ვთხოვდები, ცოლად პუტკუნა გურამს მივყვებიო...

- ძია გურამ, თქვენ რაღა ამბავი მიიტანეთ იმ საღამოს სახლში?

- ბაღში აღარ გამიშვათ, თორემ იმ ყვავის ბახალა-მჩხავანა გოგოს მოვკლავ-მეთქი! - პირველსავე დღეს გამამწარა: - ჯერ ხომ სხვა ბავშვებს არ გამაკარა სიახლოვეს და მერე ლოგინში ჩამიხტა მძინარეს. რომ გამეღვიძა და გოგოსთან ვიწექი, სირცხვილით დავიწვი. მოვაღე პირი და ღრიალი მოვრთე. მარინას კი ფეხი ვკარი და იატაკზე მოვადენინე ტყაპანი. გგონიათ, შეეშინდა?! - ყოველდღე ერთი და იგივე მეორდებოდა: - როცა ჩამეძინებოდა, ჩამიხტებოდა ლოგინში. ვერაფერს გახდნენ აღმზრდელები და დაანებეს თავი მის დამოძღვრას. მეც შევეჩვიე, როგორღაც. თან, რომ არ წავჩხუბებოდი, ხან კანფეტებს მაძლევდა, ხან ხილს ან სათამაშოს.

- ბედია ალბათ ყველაფერი! - მხრებს იჩეჩავს დედამთილი: - სკოლაშიც ერთ კლასში მოხვდნენ. გურამი ზარმაცი იყო, მარინა ძალიან აქტიური და ნიჭიერი; თავის დავალებებს რომ მორჩებოდა, მერე ამისას წერდა. გაკვეთილებს ხმამაღლა უკითხავდა და ვიდრე არ გააგებინებდა, არ მოეშვებოდა. ინსტიტუტშიც კი იმ ფაკულტეტზე ჩააბარა მარინამ, რომელზეც გურამმა ისურვა სწავლა.

- არც იქ გაგახედათ სხვა გოგონებისკენ? - ვეკითხები ძია გურამს ღიმილით.

- ვცადე ერთი-ორჯერ და გამებუტა, აღარც სწავლაში დამეხმარა, აღარც სადილი გამიცხელა, გარეცხვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო... კურსზე ვრჩებოდი და შევეხვეწე, დამხმარებოდა. ჰოდა, მაშინ წამომიყენა ულტიმატუმი: თუ გინდა, შეგირიგდე, ამ საღამოსვე გავიპაროთ - მე ცოლი და შენ ქმარი. სხვა შემთხვევაში, შენს მოსამსახურებას არ ვაპირებო... დავფიქრდი და შემეშინდა, მართლა არ მიმატოვოს-მეთქი. მარინას გარეშე ვეღარც წარმომედგინა ცხოვრება და გავიპარეთ...

- ცუდად შეხვდით?! - ვეკითხები დედამთილს.

- სიტყვით არაფერი მიკადრებია, მაგრამ მთელი წელიწადი არ გამიხსნია მისთვის წარბი. გულზე ვსკდებოდი, ჩემი დახატული შვილის გვერდით რომ ვუყურებდი, სულ "კაპლს" ვსვამდი. მერე ისეთი ქალობა გამოიჩინა, რომ დღემდე ყველა ჩვენ შემოგვნატრის. ოთხი ნიჭიერი შვილი გააჩინა, ყველა უნაკლო და კარგ ბედშიც "ჩაჰყარა" ოთხივე. დილიდან საღამომდე მაგის მუხლის ჩახრა არაა, ძალიან მშრომელია და არც ქმარს დაანება სიზარმაცე. ამდენი უბედურება გაიარა ხალხმა და ჩვენ არასოდეს გაგვჭირვებია. ვიდრე სკოლაში გაკვეთილების ჩასატარებლად წავიდოდა, ათ სულ ძროხას და კიდევ მეტ სხვა პირუტყვს უვლიდა. შინ მობრუნებულსაც უამრავი საქმე ხვდებოდა და მაინც, ვერც თეთრეულს ფენდა მასზე უკეთესს ვინმე და ვერც პურს აცხობდა.

მარინა ღიმილით უსმენდა ჩვენს საუბარს და არაფერს ამბობდა.

- მითხარი რამე-მეთქი! - არ მოვეშვი.

- რა გითხრა, სიტყვებად რა მაქცევინებს იმ სიყვარულს, ჩემი ქმრის მიმართ რომ მაქვს?! - დაიხარა და მარჯვენაზე ეამბორა ძია გურამს, რომელსაც ცრემლი მოადგა და სასმისი ასწია:

- ასეთი სიყვარულისთვის და მეორე ნახევრისთვის დამილოცნიხართ!

უკეთესი არც უნდა ინატროს ალბათ ადამიანმა რამე.

ინგა ჯაყელი