"ეს ჩემი თავგადასავალიც იყო" - გზაპრესი

"ეს ჩემი თავგადასავალიც იყო"

მეც დაახლოებით იმ ფოსტალიონივით დამემართა, როცა გავიგე, რომ კლუბში - "რა? სად? როდის?" 2 დავითი თამაშობს, ორივე სიჭინავაა და ორივე ბროლის ბუს მფლობელი.

პრეამბულის მაგიერ

- დათო, მეორე დავით სიჭინავა ამ რუბრიკაში წლების წინ ჩავწერე. შენი ფოტო რომ ვნახე წარწერით - დავით სიჭინავა, ცოტათი დავიბენი, ჩემი ყველა რესპონდენტი კარგად მახსოვს და ვიფიქრე, ამ ადამიანს არასდროს შევხვედრივარ-მეთქი.

- (იცინის) ბევრ ადამიანს ვაბნევთ. დათომ კლუბში თამაში ჩემზე ადრე დაიწყო. მაშინ მე სპორტულ კლუბში ვთამაშობდი, მაგრამ მგონი მასზე მეტი მოლოცვა მივიღე. თან ორივეს ერთი და იგივე მეტსახელს - "სიჭის" გვეძახიან.

- წელს გამორჩეული სეზონი გქონდა.

- ზაფხულის სეზონის ფინალი მოვიგეთ. საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. ბროლის ბუს მფლობელი გავხდი. ბროლის ბუს ჩემი გუნდის ყველა წევრი იმსახურებდა.

- შენი ჰობი რა არის?

- წიგნების კითხვა, ინტერნეტში ხეტიალი...

- პროფესიით ვინ ხარ?

- გეოგრაფი. ამჟამად ვმუშაობ დისერტაციაზე, რომელიც არჩევნების გეოგრაფიას შეეხება. ვიკვლევ, როგორია ტენდეცია, სად, ვინ, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს.

- რა იკვეთება?

- თბილისში განსხვავება არსებობს ცენტრალურ უბნებსა და პერიფერიებს შორის. 2012 წლამდე ცენტრში მცხოვრები საზოგადოება ძალიან ოპოზიციურად იყო განწყობილი. ამ არჩევნებზე კი გამოიკვეთა, რომ ნაციონალური მოძრაობა პერიფერიებში უფრო პოპულარული იყო. ცენტრში რადიკალური პოლიტიკის ლიდერები მეტად პოპულარულები იყვნენ.

- ახლა რას კითხულობ?

- ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვეცნობი. მხატვრული ლიტერატურიდან უმბერტო ეკოს "პრაღის სასაფლაოს" ვკითხულობ. პროფესიული ლიტერატურიდან კი - "კაპიტანი XXI საუკუნეში". ავტორი სწავლობს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სოციალურ უთანასწორობას და მიზეზებს ხსნის.

- პირველი წიგნი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომელი იყო?

- "გულივერის მოგზაურობა". ეს ჩემი თავგადასავალიც იყო.

- დროა, კითხვარზე გადავიდეთ.

- ბლიც-კითხვები ცოტათი მაშინებს.

- ბროლის ბუს მფლობელისგან ამას არ ველოდი.

- ადვილი არ არის, ყველაფერი გაიხსენო, რაც იცი. კინემატოგრაფია ჩემი სუსტი წერტილია.

- ანდაზით დავიწყოთ: "კარგი სიტყვა დიდხანს სძლებს, ცუდი..."

- "...უფრო დიდხანს".

- ეს ბერძნული სიტყვა ქართულად ითარგმნება, როგორც მეოჯახეობა, საოჯახო მმართველობა.

- ეკონომიკა.

- რომელი სათამაშო იქნა დაპატენტებული 1975 წელს ბუდაპეშტში, ერნო ბუბიკის მიერ? ამ სათამაშოთი ის მილიონერი გახდა, მაგრამ მსოფლიოს თავსატეხი გაუჩინა.

- კუბიკ-რუბიკი. იგი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სათამაშოდ ითვლება და მომხმარებლის ასაკი განუსაზღვრელია.

- 1922 წელს, როცა ეს ცნობილი შოტლანდიელი გამომგონებელი გარდაიცვალა, მისი ხსოვნის პატივსაცემად, 1 წუთით შეწყდა ყველა სატელეფონო საუბარი. საინფორმაციო საშუალებები წერდნენ, რომ იმ დროს ამერიკაში 13 მილიონი ტელეფონი დუმდა. დაასახელე ეს გამომგონებელი.

- ანდრეი ბელი.

- რომელი წლიდან ტარდება ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონია?

- 1900-1901 წლიდან.

- 1901 წლის 10 დეკემბრიდან. რატომ ატარებდა იულიუს კეისარი თავზე დაფნის გვირგვინს?

- ოლიმპიურ თამაშებთან კავშირის გამო?

- მხოლოდ სიქაჩლის დასაფარავად ატარებდა. ეს პოლიტიკური ლიდერი პროფესიით იურისტი იყო. 1869 წელს დაიბადა. მთელი ცხოვრება აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. თავისი ქვეყნის ლიდერი გახდა, მაგრამ შოვინისტებმა მოკლეს. დაასახელე, ვისზეა ლაპარაკი?

- რომელ წელს გარდაიცვალა?

- 1948 წელს.

- მაჰათმა განდი.

- ვინ იყო ბერძენთა ლაშქრის სარდალი ტროას ომში?

- აგამემნონი.

- როდის აღნიშნავენ ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს?

- 4 ივლისს.

- რომელმა ქვეყანამ აჩუქა მათ "თავისუფლების ქანდაკება" და ვინ გამოიყენა მოდელად მოქანდაკემ?

- ფრანგებმა აჩუქეს. მოქანდაკე რა გვარი იყო?

- ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი.

- შესაძლოა, მოდელად მეუღლე გამოიყენა, არა?

- ცდები, მუშაობის დროს მას თან ახლდა დედა. რომელი სახელმწიფოა II ადგილზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით?

- ინდოეთი, მესამეზე - აშშ, მეოთხეზე - ინდონეზია.

- ძველ იუდეველებში არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც, ისინი თავის ცოდვებს სიმბოლურად თხას აჰკიდებდნენ და უდაბნოში აგზავნიდნენ. ამ წეს-ჩვეულების თანახმად, თითქოს ცოდვებისგან თავისუფლდებოდნენ. აქედან წარმოიშვა გამოთქმა...

- "განტევების ვაცი".

- ალექსანდრე მაკედონელის მიერ მოწყობილმა ამ შეჯიბრმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამარჯვებულმა პრომაქოსმა, რომელსაც გამარჯვების გვირგვინი მაკედონელმა საკუთარი ხელით დაადგა, 3 დღეც ვეღარ იცოცხლა. რაში მოაწყო შეჯიბრი მაკედონელმა?

- ღვინის სმაში.

- მჟავე გემოს ენის წვერით ვგრძნობთ, მწარეს - ენის გვერდებით, ტკბილს?

- ენის გულით, შუა ნაწილით.

- 1962 წლის 18 სექტემბერს, ქართველი მამულიშვილები, რომლებიც ბახტრიონის გმირულ ბრძოლას მეთაურობდნენ, მომხდურებმა წამებით მოკლეს, შემდეგ იკორთაში გადმოასვენეს და წმინდანებად შერაცხეს. რომელ გმირებზეა ლაპარაკი?

- შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებსა და ბიძინა ჩოლოყაშვილზე.

- დაასახელე რომის იმპერატორი, რომელმაც საკუთარ ცხენს კონსულობა მიანიჭა.

- ეს ნერონი იყო, ხომ?

- ცდები.

- მართალია, სწორი პასუხია, კალიგულა.

- რომელი ცხოველი ჩამოახრჩო ივანე მრისხანემ?

- არ მახსოვს, საერთოდ ცხოველების დასჯის მეთოდი ბევრ მმართველს ჰქონდა.

- სპილო დასაჯა, ჩემ წინაშე მუხლი არ მოიყარაო. რა ვითარებაში გარდაიცვალა იგი?

- ჭადრაკის თამაშის დროს.

- "თუ ამ ერის წინამძღოლად ამირჩევთ, ახალ საყოველთაო წესრიგს დავამყარებ, რომელიც ათასწლეულებს გაუძლებს". ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? იულიუს კეისარს, სტალინს, ჰიტლერს თუ ნაპოლეონს?

- ხელისუფლების სათავეში არჩევნების გზით ჰიტლერი მოვიდა.

- რომელ ტაძარში იყო შემორჩენილი ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ერთადერთი გამოსახულება, რომელიც ახლახან განადგურდა?

- ბედიის ტაძარში.

- დათო, როგორც ვიცი, აფხაზეთიდან ხარ...

- დიახ, გულრიფშიდან ვარ. 4 წლის ვიყავი, რომ წამოვედი. მას შემდეგ ბუნებრივია, აღარ ვყოფილვარ. მახსოვს ისე, როგორც შეიძლება, 4 წლის ბავშვს ახსოვდეს.

- ირაკლი აბაშიძე ერთ-ერთ ლექსში წერს: "მურის ძველ ხიდთან, სადაც გორმახებს/ თითქოს მდინარემ დანა დაუსვა,/ სამი ციხე დგას: ციხე - "დაუხვდი",/ ციხე - "დაჰკარი" და ... დაასახელე მესამე ციხის სახელწოდება.

- სამწუხაროდ, ეს ლექსი არ ვიცი. არც - ციხეები.

- "არ გაუშვა" ჰქვია.

- (იცინის) ლოგიკურია, უნდა გამომეცნო.

- ერთმანეთისგან 200-300 მეტრის დაშორებით, ლეჩხუმის რაიონის სოფელ ჩხუტელში მდებარეობენ. სად დაიბადა ვერიკო ანჯაფარიძე?

- ქუთაისში.

- რა ჰქვია იაპონიის ეროვნულ დროშას?

- არ ვიცი.

- პინომარუ. ამერიკელები ამაყობენ, რომ მათ არც ერთ პრეზიდენტს ეს კოსმეტიკური "ნაკლი" არ ჰქონია. რას გულისხმობენ ისინი?

- გამელოტებას.

- 17 წლის ასაკამდე მას მარია ერქვა და გვარად კორბელი იყო. შემდეგ ის ცოლად გაზეთის მაგნატს გაჰყვა და ქმრის გვარი მიიღო. მალე ის ცნობილი პოლიტიკოსი გახდა.

- მადლენ ოლბრაითი.

- ეს მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. ზემო სვანეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 5068 მეტრ სიმაღლეზე. რომელ მწვერვალზეა ლაპარაკი?

- შხარაზე.

- "ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია". - ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?

- არ ვიცი.

- იულიუს კეისარი. "თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა", "ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა", "ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ სილამაზეს". რომელ პერსონაჟს აღწერს ასე გიორგი ლეონიძე?

- მარიტას.

- დაბოლოს, დაასრულე ბერნეს ცნობილი გამონათქვამი: "მძულვარების დამალვა და არ გამოჩენა ადვილია, სიყვარულისა - ძნელია, ხოლო გულგრილობისა კი..."

- შეუძლებელი.

- "...თითქმის შეუძლებელი".

თამუნა კვინიკაძე