ბიჭები ვერთობით, გოგონებმა კი არ იციან, როგორ გაიყვანონ დრო... - გზაპრესი

ბიჭები ვერთობით, გოგონებმა კი არ იციან, როგორ გაიყვანონ დრო...

თურმე, სხვა სასწავლო დისციპლინებთან ერთად, მეათეკლასელები სამოქალაქო განათლებასაც სწავლობენ და მოყაყანე ბიჭებს სწორედ იმ დროს დავადექი თავზე, როცა პედაგოგის მიერ მიცემულ დავალებას ჯგუფურად ასრულებდნენ და პროექტს წერდნენ იმის შესახებ, თუ რა პრობლემებს აწყდებიან მშობლიური სკოლის კედლებში, როგორ ხედავენ ამ პრობლემის გადაჭრის გზას და რა რაოდენობის თანხა დასჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ ყოველივეს გამოსწორებას საკუთარ თავზე აიღებენ...

სიმართლე გითხრათ, ბავშვების მიერ ნაწარმოებმა "ბუღალტრულმა გათვლებმა" ნაკლებად დამაინტერესა, მაგრამ იმ პრობლემებმა, რომელიც აღწერეს, ნამდვილად გამიჩინა საფიქრალი...

ვანიკო ერთი წელიწადი კერძო სკოლაში სწავლობდა, სადაც საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, გაცილებით უკეთ იყო მოწესრიგებული როგორც კვების, ასევე საკლასო თუ სანიტარული კვანძების მდგომარეობა და მისთვის იქნებ, ამიტომაც გახდა თვალშისაცემი ის ყველაფერი, რაზეც მომზადებულ პროექტში წერდა:

პუნქტი პირველი: ბუფეტი პატარაა და სულ რიგები დგას; ერთმანეთში ირევა ასობით მშიერი პატარა თუ უფროსკლასელი. გამყიდველი მათ პირდაპირ ხელში აძლევს პროდუქტს, რომელსაც არც ხელსახოცი აქვს შემოხვეული და არც - ცელოფანის პარკი. სამწუხაროდ, არც ხელთათმანი აცვია და უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს მისი მოუვლელი ფრჩხილები (ჭამის სურვილიც გვეკარგება). ბუფეტში არ არის მაგიდები და სკამები, სადაც შევძლებდით ჩამოჯდომას და მშვიდად დანაყრებას. საჭმელი ცივია და მათ შესათბობად არანაირი საშუალება არ აქვთ. ლაპარაკიც ზედმეტია ცხელ სასმელებსა და წვნიანებზე. არც ხელის დაბანის საშუალება გვაქვს. ვერსად იპოვით ვერც ქაღალდის და ვერც ტილოს ხელსახოცებს...

პუნქტი მეორე: სპორტდარბაზი სათანადოდ არ თბება და არც გასახდელია წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სახეობების არჩევის უფლება გვაქვს და სკოლას შესანიშნავი საცურაო აუზი აქვს, მასში ჩასხმული წყალი არასოდეს გვინახავს. არადა, სკოლა ოცდახუთი წლისაა და არც ძველ კურსდამთავრებულებს ახსოვთ წყლიანი აუზი... სპორტის გაკვეთილებზე მხოლოდ ფეხბურთისა და კალათბურთის თამაშია შესაძლებელი. ჰოდა, ბიჭები ვერთობით, გოგონებმა კი არ იციან, როგორ გაიყვანონ დრო...

პუნქტი მესამე: საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი საკლასო ოთახი, რომელიც არავინ იცის, ბოლოს როდის გაარემონტეს. ჭერიდან და კედლებიდან ბათქაში ცვივა. დასვენებაზე მტვრის ისეთი ბუღი დგება, ზოგიერთ ბავშვს ასთმური შეტევა ეწყება...

პუნქტი მეოთხე: რომ მოვკვდე, საფირფარეშოში ვერ შევალ და ჩემი კლასელების უმრავლესობაც ასეთ დღეშია. საოცარი ანტისანიტარიაა. არ მუშაობს ჩამრეცხი ავზები; ნიჟარები ისეთი ბინძურია, ხელის დაბანას აზრი არ აქვს, თუ ონკანს ისევ უნდა შეეხო წყლის გადასაკეტად...

...რაზეც ვანიკო წერს, არც ჩემთვის არის უცხო და რამდენჯერმე ვცადე კიდეც მსგავს საკითხებზე დირექტორებთან გასაუბრება, რომლებიც, როგორც წესი, ლაპარაკს გაურბიან. მხოლოდ ნაცნობი დირექტორი დამთანხმდა მოკლე კომენტარზე. ისიც, იმ პირობით, თუ ანონიმურობას დავიცავდი:

- არ მინდა ზედმეტი პრობლემები შევუქმნა საკუთარ თავს და იმისთვის, რომ ენა ვერ გავაჩერე, სამსახური დავკარგო. ძველი მთავრობის დროს პირდაპირ გვქონდა მითითება, რომ რესურსცენტრების ნებართვის გარეშე ჟურნალისტი არ მიგვეღო სკოლაში და რაც ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი იყო, იმ თემებზე არ გვესაუბრა... ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რაზეც ვანიკო წერს, უზარმაზარი თანხები სჭირდება. სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მათ შორის, ამერიკაშიც (გაცვლითი პროგრამებით) და საჯარო სკოლებს იქაც აქვთ მსგავსი პრობლემები. მაგალითად, მოსწავლეებით გადატვირთული კლასები, რომლებისთვისაც არც ბუფეტია საკმარისი და არც - სპორტული დარბაზები. თქვენ რომ ჰოლივუდურ ფილმებში ნახულობთ, ისეთი კლასები და სკოლები მხოლოდ კერძო, მდიდრებისთვის განკუთვნილი სასწავლებლებშია, რომლებსაც თავად მშობლები აფინანსებენ. ადრე ჩვენთანაც იკრიბებოდა თანხა და მშობლები თავად არემონტებდნენ შვილების საკლასო ოთახებს. ახლა ერთი ლარიც რომ გამოართვა ვინმეს, შეიძლება, პასუხი მოგთხოვოს. სახელმწიფო კი ღარიბია და კარგა ხანს ვერ მოახერხებს ყველა პრობლემის მოგვარებას. ისე, ბავშვების ბრალიცაა, რაც სკოლებში ხდება: მავნებლობენ. ჩამრეცხი ავზები ჩვენს სკოლაშიც გამოსულია მწყობრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსკლასელებმა ნაწილები ამოაცალეს და უნიტაზებში ჩაყარეს. ერთ დღეს ლამის დერეფანში გადმოვიდა ფეკალიები. ტუალეტში ვიდეოთვალის დაყენება არ შეიძლება, მაგრამ ასეთი მოსწავლეები ღირსები კი იქნებიან, რომ იქაც არ შეუშვა "მოწმის" გარეშე. ამ დამლაგებლებმა კიდევ, რა ქნან? - ორასი ლარიც არა აქვთ ხელფასი და მთელი დღე ცოცხები ვერ გაუგდიათ ხელიდან. დღის ბოლოს ტომრებით გამოაქვთ ნაგავი საკლასო ოთახებიდან, რომლის 90% დანაკუწებული ქაღალდებია. ასე რომ, სასაყვედურო სკოლასაც და სახელმწიფოსაც ბევრი აქვს, თუ საქმე საქმეზე მიდგება. ვანიკოს და მის ტოლებს გადაეცი, - თუ იმასაც არ დააზიანებენ, რის გაკეთებასაც მწირი რესურსებით ახერხებს სკოლა, იქნებ წინაც წავიწიოთ, როცა გამუდმებით ერთი და იგივე არ გვექნება საკეთებელი...

...გამოდის, ბავშვებს თავისი სიმართლე აქვთ, დიდებს - თავისი. საკუთარ თავთან მართალი რომ ვყოფილიყავი, თბილისისა და ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლა დავათვალიერე და მეგონა, ყველგან ვანიკოსა და მისი მეგობრების ასახული რეალობა მხვდებოდა, რომელიც მაინც უნდა გამოვასწოროთ, როგორი ღარიბებიც უნდა ვიყოთ - ჩვენ ხომ ეს სკოლები შვილებისთვის გვინდა, რომლების წინაშეც ყოველთვის მართლები უნდა ვიყოთ ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის!

ინგა ჯაყელი