ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი, რომელმაც საკუთარი ბიზნესი ნულიდან შექმნა
font-large font-small
ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი, რომელმაც საკუთარი ბიზნესი ნულიდან შექმნა
ჟურნალ "ფორბსის" მიერ გამოქვეყნებული ამერიკელი მილიარდერების წლევანდელი სიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული - ახალბედა ფარმაცევტული კომპანია Theranos-ის დამფუძნებელი, 31 წლის ელიზაბეთ ჰოლმსია.
4,5-მილიარდიანი ქონების მფლობელი ელიზაბეთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალია მათ შორის, ვინც საკუთარი ბიზნესი თვითონ და თან, ნულიდან შექმნა. უფრო მეტიც: ჩრდილიდან სულ ცოტა ხნის წინ გამოსულმა ჰოლმსმა ათ წელიწადში სისხლის ტესტირების სტუდენტური პროექტის მსოფლიოში ტექნოლოგიურად ყველაზე უფრო მოწინავე ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკურ კომპანიად გარდაქმნაც კი შეძლო.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2003 წლის შემოდგომაზე სტენფორდის უნივერსიტეტის მეორეკურსელი ელიზაბეთი თავისი პედაგოგის, ქიმიური ინჟინერიის პროფესორის, ჩანინგ რობერტსონის კაბინეტში შექანდა და ზღუბლიდანვე შესთავაზა: "მოდი, კომპანია შევქმნათ!" იმ დროისთვის რობერტსონს უკვე უნივერსიტეტში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება ჰქონდა და ამ ხნის განმავლობაში მის ხელში არაერთ ფხიან სტუდენტსაც გაევლო, მაგრამ ჰოლმსი მათ შორისაც გამორჩეული იყო. "მანამდე არასდროს შემხვედრია სტუდენტი, რომელსაც ტექნიკური პრობლემებისადმი ამდენი ახალი მიდგომის მოძებნა შეეძლო", - იხსენებდა შემდგომ რობერტსონი ჟურნალ " Fortune"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
GzaPress
უნივერსიტეტში სწავლის პირველ წელს ელიზაბეთ ჰოლმსმა რობერტსონთან, პაციენტის სისხლში წამლების შესაყვანი "ჭკვიანი" მოწყობილობების კურსი, შემდეგ ამავე თემაზე, სინგაპურის გენომის ინსტიტუტში პირველი სტაჟირება გაიარა და კალიფორნიაში დაბრუნებულმა, პროფესორს აღნიშნული მოწყობილობების კიდევ უფრო "დაჭკვიანების" იდეა, უფრო კონკრეტულად კი, სასურველი ეფექტის მისაღწევად, მათთვის "გზადაგზა პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგის ჩატარების სწავლებაც" შესთავაზა. "ელიზაბეთი კომპანიის შექმნას ძალიან ჩქარობდა, - ამბობს დღეს უკვე ელიზაბეთის გუნდის წევრი რობერტსონი, - რადგან აქცენტი არსებულის მინიმალურ გაუმჯობესებაზე კი არა, პრინციპულად ახალი ტექნოლოგიის შექმნაზე ჰქონდა გაკეთებული.Dმეც მალევე მივხვდი, რომ მისი სახით, შესაძლოა, ახალ ბილ გეიტსთან ან სტივ ჯობსთან მქონოდა საქმე და თხოვნაზე უარი ვერაფრით ვუთხარი... ალბათ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ სამუშაოსთვის ორ კათედრაზე მომიხდა უარის თქმა, რაც ასევე ბევრ რამეზე მეტყველებს".

თანამოაზრე პედაგოგთან შეთანხმების შემდეგ ელიზაბეთ ჰოლმსი სემესტრის დასრულებასაც კი აღარ დალოდებია, უნივერსიტეტი ისე მიატოვა და მთლიანად თავის ახალ კომპანია "თერანოსზე" (ეს სახელი ორი სიტყვის - "თერაპიისა" და "დიაგნოზის" შერწყმის შედეგადაა მიღებული) გადაერთო. მას შემდეგ არცთუ ისე ბევრი დრო გავიდა და დღეს მილიარდერ ელიზაბეთ ჰოლმსის კომპანიაში 500-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მუშაობს, რისკიანი ინვესტორები კი, რომლებმაც გუშინდელ ნასტუდენტარს უკვე 400 მილიონ დოლარზე მეტი ანდვეს, მის ბიზნესს 9 მილიარდ დოლარად აფასებენ.

ერთი შეხედვით, ჰოლმსის თავდაპირველ იდეასა და მისი კომპანიის დღევანდელ სპეციალიზაციას - სისხლის ტესტირებას შორის (ამ მიზნით, "თერანოსის" გუნდმა სისხლის ასაღები მიკრონემსითა და სპეციალური კარტრიჯით აღჭურვილი პატარა ზომის სპეციალური მოწყობილობა შექმნა) ცოტა საერთოღაა, თუმცა, პრობლემის გადაწყვეტისადმი მიდგომა თითქმის არ შეცვლილა. სადღეისოდ ჰოლმსის კომპანიის ძირითადი ბაზარი - 73 მილიარდი დოლარის მოცულობის მქონე დიაგნოსტიკური დარგი - წელიწადში 10 მილიარდ ტესტს ატარებს, რომლებზეც საექიმო გადაწყვეტილებების 70% მოდის. უშუალოდ "თერანოსი" 200-მდე სახეობის სტანდარტულ ტესტზე მუშაობს და უახლოეს მომავალში მათი რაოდენობის 1200-მდე გაზრდასაც გეგმავს. ოღონდ, ამ პროცესში მხოლოდ ახალდაპატენტებულ ტექნოლოგიებს იყენებს, რომლებიც ტესტისთვის აუცილებელი სისხლის მოცულობის რადიკალურად შემცირების საშუალებას იძლევა. უფრო მეტიც - ტესტების უმეტესობის ჩასატარებლად, კომპანიას მხოლოდ ერთი წვეთი სისხლიც ჰყოფნის, რაც ბაშვებთან მუშობისას და, აგრეთვე, სისხლის ხშირად აღების აუცილებლობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანაც, როგორც პაციენტები ამბობენ, "თერანოსის" ტესტი ნემსის საფუძვლიან ჩხვლეტას კი არა (რისიც, სხვათა შორის, თავად ელიზაბეთს ყოველთვის პანიკურად ეშინოდა), არამედ უბრალო შეხებას უფრო ჰგავს, ტესტის გამეორებით ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში კი სისხლის ხელახლა გაღება აღარ უწევთ.

"თერანოსი" ტესტის შედეგებს სულ რამდენიმე საათში გასცემს. ეს იმ პირობებში, როდესაცAამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთ ნორმატივში მხოლოდ ეპიდემიური კონტროლის ცენტრების ლაბორატორიები თუ ეტევიან. და კიდევ: "თერანოსის" პაციენტებს დამოუკიდებელ ლაბორატორიებთან შედარებით, 2-4-ჯერ, ჰოსპიტალურ ლაბორატორიებთან შედარებით კი - 4-10-ჯერ უფრო ნაკლებ ფასად ემსახურება. კომპანიის წარმომადგენელთა გამოთვლებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის ყველა ტესტი "თერანოსის" მეთოდითა და ფასებით რომ ტარდებოდეს, ამერიკელი პაციენტები და სადაზღვევო კომპანიები უახლოეს ათ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს მაინც დაზოგავდნენ.
GzaPress
კირკიტა ჟურნალისტების (და არა მარტო მათ) კითხვაზე, - მაინც როგორ ახერხებს "თერანოსი" ყველა მაჩვენებლით კონკურენტების ესოდენ დიდი ნაბიჯებით გასწრებასო? - ელიზაბეთ ჰოლმს ერთადერთი პასუხი აქვს: "ეს ფირმის ტექნოლოგიური საიდუმლოა". საჯაროდ კი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ "კომპანია ძირითადად, ტრადიციულ, ფუნდამენტურ ქიმიურ მეთოდებს იყენებს, ოღონდ, ქიმიური პროცესებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მაქსიმალურ ოპტიმიზაციას ახდენს".

ესოდენ შთამბეჭდავი ტექნოლოგიური წარმატებების მიუხედავად, "თერანოსის" მოქმედების არეალი ჯერჯერობით არცთუ ისე ფართოა: კომპანია სისხლს და სხვა მასალებს მხოლოდ კალიფორნიის ორ და არიზონის ერთ ლაბორატორიაში იბარებს, მაგრამ სულ მალე ამერიკის ორმოცდათერთმეტივე შტატის ბაზრის მოცვასაც კი შეძლებს, რადგან ქვეყნის უმსხვილეს სააფთიაქო ქსელ ჭალგრეენს-ს "თერანოსის" სატესტო ცენტრების გახსნა თავისი აფთიაქების უმეტესობაში (თითქმის 8000 წერტილში) აქვს გადაწყვეტილი. თუმცა, სკეპტიკოსები მაინც თვლიან, რომ "თერანოსს" "ამდენ წვალებას" საკუთარი აღჭურვილობის ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მქონე, უფრო მსხვილი კომპანიებისთვის მიყიდვა უჯობს, რასაც ელიზაბეთ ჰოლმსი კატეგორიულად არ ეთანხმება და იმაშიც ღრმად არის დარწმუნებული, რომ სრულფასოვანი ქსელის დამოუკიდებლად შექმნა დიდად არ გაუჭირდება. მით უმეტეს, რომ ამ საქმეში მხარში აქტიურად უდგას კომპანიის დირექტორთა საბჭოც, რომელშიც ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის თავკაცობით, სახელგანთქმული პოლიტიკოსებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მთელი ჯგუფია გაერთიანებული.Eეს ადამიანები ახალბედა მილიარდერის გვერდით შემთხვევით სულაც არ მოხვედრილან. თავის დროზე ელიზაბეთ ჰოლმსი თითოეულ მათგანს და ბევრ სხვა ცნობილ ადამიანსაც სათითაოდ შეხვდა და საკუთარი იდეის სიცოცხლისუნარიანობაში ყველანაირად დაარწმუნა. სხვათა შორის, ელიზაბეთს "საკუთარ სიმართლეში" ადამიანების დარწმუნების განსაკუთრებული ნიჭი აქვს. როგორც ამერიკის კიდევ ერთმა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და "თერანოსის" დირექტორთა საბჭოს მოქმედმა წევრმა, 93 წლის ჯორჯ შულცმა აღიარა, - ელიზაბეთ ჰოლმსის წინადადებაზე მსჯელობისას, მისი მოტივაციის სიძლიერითა და სიღრმით იმდენად მოვინუსხე, რომ დახმარებაზე უარი ვერაფრით ვუთხარიო.
GzaPress
თავად ელიზაბეთ ჰოლმსი კი, პირველ რიგში, "ეფლის" დამარსებელ სტივ ჯობსითაა მოხიბლულ-მონუსხული და თან, იმდენადაც, რომ თავის კერპს ჩაცმულობითაც (შავი პიჯაკი და შავი ყელიანი სვიტერი ახალგაზრდა ბიზნესმენის ყოველდღიური გარდერობის განუყოფელი ნაწილია) კი ყველანაირად ჰბაძავს. ალბათ ამიტომაცაა, რომ პრესაში მას ხშირად "კაბიან ჯობსადაც" მოიხსენიებენ. უბრალო ოჯახიდან გამოსული ელიზაბეთ ჰოლმსის ბიზნესს თავისებური ბიძგი მისმა ახლობლებმა - მედიკოსმა ბაბუამ და მაშველმა მამამაც მისცეს. ახალგაზრდა მილიარდერ ქალს მიაჩნია, რომ გარკვეულწილად, თავადაც მაშველია, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანამდე დახმარების ხელის მიწვდენა სურს.
ბეჭდვა