მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
font-large font-small
მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
ჩრდილის ტბის ჯადოსნური ნათება

წერილი მეოთხე

ეზბეკის ულამაზესი ხეობა "ხალიან" მთებს შორისაა მოქცეული, ეზბეკის კომპლექსისკენ კი ამ მთებში გაყვანილ, შიგადაშიგ გულსაც რომ აგიფანცქალებს, ისეთ ვიწრო გზას მიჰყავხარ. მთავარია, შემხვედრ მანქანას არსად გადაეყარო. მანქანა მხოლოდ ერთგან შემოგვხვდა და, ჩვენდა ბედად, სწორედ იქ, ერთმანეთის მოსაცდელ-გასატარებელი პაწაწუნა ადგილი რომ იყო. ღრმად ჩავისუნთქეთ და ამოვისუნთქეთ - ჩვენი შტურმანი ზვიადი, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იყო, ხოლო თუ ვინმეს გული შეუღონდებოდა, ჩვენი ექიმი თამუნაც იოლად გაართმევდა თავს გულწასულის მოსულიერებას, მაგრამ ჩვენ ხომ "გულადი ალთუნ-სიმუსების" (საბოლოოდ, ასე დავირქვით) ჯგუფი ვართ და შიში ვერ მოგვერევა (მგონი, ტრაბახზე გადავედი)... თუმცა ფაქტია, თუშეთში ნამყოფ ხალხს (ამ მთა-კლდეებმა ძალიან მომაგონა თუშეთი) წარბიც არ შეგვიხრია, ზემოთ ასულებს კი ათასფერ ზოლებად დაღარული პანორამა რომ დაგვხვდა, შუაში - ყაყაჩოების თვალუწვდენელი ველით, დამამშვიდებელმა წვეთებმაც ვეღარ გვიშველა: აშკარად სამოთხეში მოვხვდით! გახსოვთ, ლადო ასათიანი? - "ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!" აჟიტირებულები ვიყავით და გულში შემოვძახე: "იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,/ მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:/ თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,/ მა ეს ბებერი ეზბეკი რა ძალამ ააბდღიალა?!"
GzaPress
ყაყაჩოების ველს ლამის შევესიეთ. ეკლესიას რომ მივუახლოვდით, გველსაც კი გადავეყარეთ. ერთმანეთს ვასწავლიდით, ტაშის კვრით იარეთ, ეგებ შევაშინოთო, და ასე აპლოდისმენტებით აღმოვჩნდით ტაძრის ნანგრევებში...

ეზბეკის არქიტექტურული კომპლექსი მაღალი ქარაფის თავზე, ტაფობზეა განთავსებული და მასში IX საუკუნის ბაზილიკა, XIV-XV საუკუნეების დარბაზული ეკლესია, კოშკი, გალავანი და კარიბჭე ერთიანდება. ბაზილიკა ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის ოთხკუთხა ქვებით. სახურავზე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი მოჭიქული, ტერაკოტას ფერის კრამიტი. შუა ნავის კამარა ჩამონგრეულია. გვერდითა ნავები ცენტრალურ ნავთან შედარებით, ძლიერ ვიწროა. ბაზილიკის საკურთხეველში ასევე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი გახუნებული ფრესკები.

ზვიად ჩიტაური:

- პირველად შარშან ამოვედით მე და თამთა ეზბეკში და მაშინ საკურთხეველი არ იყო გათხრილი. ჩანს, მას შემდეგ გაუთხრიათ განძის მაძიებლებს. თითქოს სამარხს ჰგავს... ხომ ხედავ, რას ჰგავს აქაურობა - ასეა, ყველაფერს თხრიან. ეს კალოს გასალეწი კევრია. ფილმ "მაია წყნეთელში" ხომ გაქვს ნანახი, კალოს რომ ლეწავენ? ზუსტად ეგეთი კევრია...

ეზბეკს ძლივს შეველიეთ. მოგზაურობას, ჩვენი კორექტივების გათვალისწინებით, მუსიკალურად თამთა აფორმებდა - საგანგებოდ მოემზადებინა აუდიოჩანაწერები და სწორედ ხეობიდან გამოსვლისას, თვალები უკან რომ გვრჩებოდა, მრავალჟამიერი დაიწყო. იფ, როგორ გვეამა! ცხადია, იქ აუცილებლად დავბრუნდებით... მოპირდაპირე კლდეზე ციხე შევნიშნეთ. თამთამ ივარაუდა, იშხნის ციხე იქნება (იმ მხარესაა იშხანი), ესეც ბუბა კუდავამ აღმოაჩინაო.

გზად აღარ გავჩერებულვართ და ართვინის რაიონიდან ერზრუმის რაიონში გადავედით. გაგვიწვიმდა, მაგრამ ულამაზესი თორთუმის ჩანჩქერი მაინც მოვინახულეთ და ოშკის მონახულების შანსიც არ გავუშვით ხელიდან.
GzaPress
ოშკის მონასტრის მთავარი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მძლავრი, მონუმენტური ნაგებობაა. იგი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტაძარი იყო არა მხოლოდ ტაოში, არამედ მთელ საქართველოში. ეკლესიის კედელზე დაცული დიდი სამშენებლო წარწერის მიხედვით, ტაძარი აგებულია X საუკუნეში. შენობა ჯვარ-გუმბათიანია. ეკლესიის ინტერიერი მართლაც დიდებული, გრანდიოზულია და მას საზეიმო, მდიდრულ ელფერს აძლევს ულამაზესი ჩუქურთმები და მდიდრული საფასადო დეკორი. ტაძრის ინტერიერი მოხატული იყო. მხატვრობა სხვადასხვა დროისაა. საკურთხეველში - XI საუკუნის, ჩრდილოეთ აფსიდსა და სამხრეთ გალერეის აფსიდში - XII საუკუნის.

საკურთხეველში აღმოჩენილი ფრესკული წარწერის თანახმად, საკურთხეველი მოუხატავს ვინმე ჯოჯიკს, 1036 წელს. ტაძარში დაცული წარწერებიდანვე ირკვევა, რომ დაახლოებით 1022-1025 წლებში იმპერატორ ბასილ მეორის და კონსტანტინეს ბრძანებით, ტაძარი ხელმეორედ გადახურეს... ოშკზე ბევრი ინფორმაციის ამოკითხვა შეიძლება ინტერნეტში, მაგრამ მასთან შეხვედრა ზესიხარულია და ამავე დროს - ზესევდა, დამამუნჯებელი და სუნთქვის შემკვრელი... თითქოს კადრებს ხედავ: ტაძარი სავსეა; მრევლი ლოცულობს... გარეთ გადიხარ, ჩუქურთმებში მტრედები ერთმანეთს ჩაჰხვევიან... წრეს უვლი და... წამში ფხიზლდები - დამწვარ-დანგრეული კედლები თურქული მინაშენებით; გაპარტახებული, სარეველამოდებული აკადემია; ტალახი; წვიმა... მართლაც დადიხარ, წუხხარ და გენანება... უცებ კი იდარებს - ეს უკვე სინამდვილეა; ცას ულამაზესი ცისარტყელა ჭრის! გეღიმება და, რადგან შენივე ჯურის ადამიანებს, ვისაც წესით, რაღაცის გაკეთება ეკუთვნით, ევალებათ, იქნებ შეუძლიათ კიდეც, მაგრამ საამისოდ ვერ იცლიან, ცდილობ, ხმა მიაწვდინო: გადავარჩინოთ ოშკის ტაძარი!

იმ ღამეს ხახულში დავრჩით და დილით უკვე მოქმედ მეჩეთად ქცეული ხახულიც მოვინახულეთ. შუა საუკუნეების საქართველოში ხახული დიდი და ძლიერი მონასტერი იყო. სწორედ აქედან წამოიღო დავით აღმაშენებელმა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შეამკო და რომლის დასაბრძანებლადაც გელათის მონასტრის ეკლესია ააგო. ხახული არის ჯვარგუმბათიანი ეკლესია და ტაოს სხვა დიდ ტაძრებთან შედარებით - მცირე, თუმცა დიდად შთამბეჭდავი.

დილიდან გვარიანად წვიმდა, ხოჯა კი არსად ჩანდა, კარი რომ გაეღო, ამიტომ GzaPressტაძრის გვერდიდან, ნანგრევების მხარეს მოვიარეთ, გადავძვერით და ჩუმად სანთლებიც დავანთეთ - თურმე საქართველოდან ჩასული ქართველები ხშირად იპარებიან ამ ადგილას და ლოცულობენ. დიდხანს აღარ გავჩერდით და მაისის ბანას ვესტუმრეთ, ცოტათი მოვეფერეთ და ჩილდირისკენ ანუ, ჩვენებურად - ჩრდილის ტბისკენ გავწიეთ.

შორიდანვე ჩანდა, რომ ჩრდილის ტბას მართლაც ჩრდილივით ადგა თავს შავი ღრუბელი. აშკარად, თავსხმა წვიმა იქნებოდა, ამიტომ ჯერ ქაჯეთის ციხისკენ გადავუხვიეთ. სავარაუდოდ, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნისეული" ქაჯეთის ციხე. კოშკთან რომ ავედით, იქვე ჩამომჯდარი და ტარიელივით სევდიანად ჩაფიქრებული "იუნგა გიო" შევნიშნეთ - ჩვენთვის აუსწრია და ალბათ თავის ნესტან-დარეჯანზე ფიქრობდა. მგონი, მთელი "ვეფხისტყაოსანი" ჩავარაკრაკეთ, განსაკუთრებით ომახიანად - "ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავთ, მოელის ტურფა გამომხსნელს" - გამოგვივიდა. ამაოდ ავყურებდით კოშკს და ველოდით "ჩვენს მომლოდინე" ნესტანს, მაგრამ მალევე შევფხიზლდით - ჩრდილის ტბას ღრუბელი გადაჰყროდა და დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა.

120-კილომეტრიანი და 42 მეტრის სიღრმის ჩრდილის ტბა აღმოსავლეთ ანატოლიაში, ყარსის ზეგანზე, მთათა შესაყარზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1959 მეტრზე. სანაპიროზე განლაგებულია სოფლები. ზამთარში ტბა იყინება. ტბაში პატარ-პატარა კუნძულებია, ერთ-ერთთან, სოფელთან ყველაზე ახლოს მდებარესთან მისასვლელად იქაურებს სოფლიდან გზა შეუერთებიათ და ჩვენც სწორედ ამ ტალახიანი გზით აღმოვჩნდით კუნძულზე.

ჩრდილის (ჩილდირის) ტბის ნაპირას, სადაც შემორჩენილია მეგალითური ციხის, გალავნის, კარიბჭისა და გოდოლის ნაშთები, თეთრციხის დარბაზული ეკლესია მდებარეობს. ეკლესია ძალიან დანგრეულია. X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. თამთას მეთაურობით, მიწისქვეშა მენჰირს ვეძებდით, რომელიც სავარაუდოდ, ტბის პირას, გოდოლიდან 200 მეტრში უნდა ყოფილიყო. ერთხანს, კადრების გადასაღებად, ზვიადისა და ბესოს კვალდაკვალ, გოდოლზე ავძვერი, მაგრამ ულამაზესი ხედებით ტკბობა დიდხანს არ გაგრძელებულა - უეცრად ამოვარდნილი ქარი ზურგიდან უზარმაზარ შავ ღრუბლებს ჩვენკენ მოაქანებდა და რადგან მანქანის ტალახში ჩაფლობის დიდი საშიშროება იყო, ფართხაფურთხით ჩამოვძვერით გოდოლიდან. გადაძახილ-გადმოძახილის შემდეგ ყველანი მანქანისკენ გავიქეცით, წვიმა კი, თითქოს მოგვდევდა, გვეწეოდა და მალევე გეზს იცვლიდა. მერე სეტყვაც აგვედევნა, მაგრამ მანაც დაგვინდო და მარცხნივ გადაუხვია.
GzaPress
ამასობაში დაბინდდა და წვიმის სიკეთით გათამამებულებმა კვლავ მენქირის ძებნა დავიწყეთ. უეცრად ჩვენ წინ ერთიანად გაწითლდა გორაკზე შეფენილი სოფელი, მერე სიწითლე ნელ-ნელა კუნძულზეც გადმოვიდა და... პირველად თამთამ შეჰყვირა, - ხალხო, აიხედეთ, რამოდენა ცისარტყელაა ცაზეო!.. უზარმაზარი ცისარტყელა თითქოს კუნძულს იქით, ხმელეთიდან ამოდიოდა და ჰორიზონტს იქით, ტბაში ჩადიოდა. წამებში "გასუქდა" ჩვენი ცისარტყელა და ათასფრად გადაევლო ტბას. კუნძული მთლიანად გაწითლდა. სასწრაფოდ უკან მივიხედეთ და ტბაც სრულიად გაწითლებულიყო. ვგრძნობდით, რომ ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდით და ასეთ ემოციას გული ვეღარ უძლებდა. გჯერათ? - პატარა ბავშვებივით ყიჟინით დავხტოდით კუნძულზე და ლამის ვცეკვავდით. ეს იყო უგრძესი და გასაოცარი ოთხი დღის ულამაზესი დასასრული, სადაც უდაოდ, მხოლოდ და მხოლოდ უფლისა და ჩვენი ზეციური საქართველოს ხელი ერია!

პოეტური დღეების დაგვირგვინებად კი ახალციხის ამაღლების ტაძარში დაბრძანებული, აწყურის ღვთისმშობლის ხატი გვექცა - ისტორიული საქართველოდან თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ, ღამით, სწორედ იქ მივეახლეთ დედაღვთისმშობელს და ყველაფრისთვის მადლობა შევწირეთ. თბილისში ჩამოსულებმა კი უკვე მომდევნო მოგზაურობაზე ფიქრი დავიწყეთ.
GzaPress
P.S. ერთ პროზაულ გადახვევასაც გავაკეთებ: საქართველოსა და თურქეთის თბილი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რომელიც ბოლო ხანს აქტიურად აშუქებს კულტურის პოლიტიკაზე მუშაობის ყოველ ნაბიჯს, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, უახლოეს ხანში (რადგან დრო არ ითმენს) გვამცნონ, რომ იშხნის მსგავსად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ძეგლის შესწავლა-აღდგენა-რესტავრაციაზეც იწყებს მოლაპარაკებას თურქეთთან.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
12.07.2015
მადლობა ირმა! ისევ თავიდან "ვიმოგზაურე"! დაუვიწყარი გრძნობაა!
თამთა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი