მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში - გზაპრესი

მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში

ახალი გზით ბერთას ხეობას გავუყევით. როგორმე პარეხთაში უნდა ავსულიყავით. ორთაკოიში ჩავედით. კლდეებზე ისეთი ნისლი ჩამოწოლილიყო, ჩვენ კი ფეხით კლდე-კლდე უნდა გვევლო, რომ ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდით, ბილიკებს დავინახავდით თუ არა.

სამ ახალგაზრდა თურქს გამოვკითხეთ პარეხთას გზა, მათ კი გამოყოლა შემოგვთავაზეს. წინადადება სიამოვნებით მივიღეთ და ასე გავიცანით ახალი თანამგზავრები - მუსტაფა, ჰუსეინი და აიდე. მათი მეგზურობით იოლად აღმოვჩნდით ორ კლდეს შორის გაშენებულ, უფრო სწორად, კლდეში თითქოს დაკიდებულ მონასტერში.

GzaPress

პარეხთა, ბერთისა პარეხნი, პარეხი - მის შესახებ მოთხრობილია "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა" და "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში". როგორც ჩანს, მონასტერი აქ ჯერ კიდევ გრიგოლის ეპოქამდეც არსებობა.

თორმეტ სავანეთაგან ერთ-ერთი, კარჩხალას ხეობის კლდოვან და უხვი ჩანჩქერებით გამორჩეულ ადგილას მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსის შუაში, კლდის ზემოდან ჩანჩქერი გადმოდის და კიდევ უფრო წარმტაცს ხდის იქაურობას.

სამონასტრო ნაგებობებიდან შემორჩენილია სამნავიანი ბაზილიკა, დარბაზული ეკლესია და სხვადასხვა სამონასტრო ნაგებობა. ციკლოპური ქვებით ნაშენი დიდი დარბაზი სატრაპეზოდ არის მიჩნეული. სამნავიანი ბაზილიკური ეკლესია, ორი წყვილი სვეტით არის დაყოფილი, აღმოსავლეთით - აფსიდითა და პასტოფორიუმებით. ამ ეკლესიას სამხრეთით კარი კლდის პირას ეხსნება. მკვლევარ ვახტანგ ჯობაძის მოსაზრებით, აქ იყო აივანი, საიდანაც დიდებული ხედი იშლებოდა.

GzaPress

მეორე ეკლესია არის მართხკუთხა მოხაზულობის დარბაზი აფსიდით. ჩრდილოეთით მიდგმული აქვს გრძელი სათავსი, სადაც ვახტანგ ჯობაძეს სავარაუდოდ, ევქარისტული ღვინის შესანახი ქვევრები უნახავს. ამ ეკლესიების აღმოსავლეთით, კლდის თავზე, მესამე დარბაზული ეკლესიაცაა, რომლის საკურთხეველი კლდეშია შეჭრილი. სამხრეთისა და დასავლეთის კედლები დანგრეულია, სამხრეთის - ნაწილობრივ.

ეკლესიის ინტერიერში, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ნაპოვნია შავი საღებავით დატანილი ნუსხური წარწერა...

GzaPress

ისტორიკოს ბუბა კუდავას მონათხრობით, პარეხთა პირველად 1904 წელს ნიკო მარს მოუნახულებია და აღუწერია, თუმცა წარწერა ვერ შეუმჩნევია. წარწერები ვერ ნახეს ვერც მონასტრის მომდევნო პერიოდის მკვლევრებმა - ვახტანგ ჯობაძემ და ბრუნო ბაუმგარტნერმა. 1995 წელს მონასტრის სამხრეთ ნაწილში მდებარე ნაგებობის (სამლოცველოს) აფსიდში წარწერა შეუმჩნევია და მოკლე ინფორმაცია გამოუქვეყნებია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციის ხელმძღვანელს, დავით ხოშტარიას. სამწუხაროდ, 2007 წლის ექსპედიციის წევრებს - ნინო და გიორგი ბაგრატიონებს (რომელთაც განსაკუთრებით ვემადლიერებით ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე მოწოდებული ინფორმაციისთვის) წარწერა ადგილზე აღარ დახვედრიათ.

ბატონი ბუბას თქმით, საბედნიეროდ, პარეხთაში კიდევ ერთი წარწერა ყოფილა და იგი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მკვლევრებს ვერ შეუმჩნევიათ. ეს წარწერა 2007 წელს აღმოაჩინა და გადაიღო ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა გიორგი კალანდიამ, მაგრამ მაშინ არავის შეუსწავლია.

GzaPress

პარეხთას წარწერის ადგილზე კვლევის საშუალება ბუბა კუდავას პირველად, 2010 წლის 20 მაისს, მეგობართა მცირე ჯგუფთან ერთად ტაო-კლარჯეთში სტუმრობისას მისცემია. სწორედ მაშინ ამოუკითხავს კიდეც, ქარაგმით ნაწერი - "ადიდენ ღმერთმან ბაგრატ კურაპალატი", ორსაათიანი მუშაობის შემდეგ კი წარწერის შემორჩენილი ნაწილი თითქმის სრულად გაუშიფრავთ.

ბუბა კუდავას აღწერით ვიცოდით, რომ წარწერა მდებარეობდა "სამლოცველოს ინტერიერში, სამხრეთ კედლის შუა მონაკვეთზე, ოდნავ დასავლეთით, შელესილობაზე, ადამიანის სიმაღლეზე ზემოთ, იატაკის დონიდან დაახლოებით 2,5 მეტრზე". უბედნიერესები ვიყავით, შავი მელნითა და საოცრად ლამაზი კალიგრაფიით შესრულებულ წარწერას რომ მივაკვლიეთ. მისით რატომღაც, ჩვენი თურქი მეგზურებიც დაინტერესდნენ. სხვათა შორის, ეკლესიაში ჩვენი დანთებული სანთლებისა და გალობის შემსწრე მოღიმარმა აიდემ მაღლა აწეული ცერა თითით მანიშნა, კარგიაო. მაშინ ვერ მივხვდი, რა უხაროდა, მაგრამ უკანა გზაზე "ალთუნი" ანუ ოქრო რომ მოიკითხეს თურქებმა, ცხადი იყო, ჩვენი ბედნიერი გამომეტყველება ოქროს სავარაუდო ადგილსამყოფლის აღმოჩენით გამოწვეული ეგონათ. აბა, როგორ წარმოიდგენდნენ, საქართველოდან კილომეტრებს და წვიმასა და ნისლში ამხელა ციცაბო კლდეებს ჩვენი მამა-პაპის ნაშენ-ნაამაგარის მოსალოცად თუ გამოვივლიდით?!

უსაზღვროდ აღტაცებულები, პარეხთადან ბერთას საძებნელად გავეშურეთ. ცოტა კი ვიწვალეთ, მაგრამ მაინც მივაკვლიეთ.

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ექსპედიციას არცთუ დიდი ხნის წინ კლარჯეთში მდებარე ეს ძეგლიც აღუწერია. ბერთას სამონასტრო კომპლექსი გრიგოლ ხანძთელის მიერაა დაარსებული. დღესდღეობით იგი მეჩეთადაა გადაკეთებული. შემორჩენილია მეჩეთად გადაკეთებული ბაზილიკა და იქვე - დიდი ზომის სატრაპეზოს ნანგრევები. ტაძარსა და სატრაპეზოს შორის, თურქებს ტუალეტი დაუდგამთ და მიმდებარე ტერიტორია გვარიანად დაუბინძურებიათ. ბერთა ულამაზეს და საკმაოდ ღრმა ხეობას გადაჰყურებს. ისეთი წარმტაცი მდებარეობა აქვს, ვიღაცას მის გვერდით სახლის მშენებლობაც წამოუწყია, მაგრამ, სამწუხაროდ, გზა ისე გაუფართოებია, მთელი ქვა-ღორღი და ნაგავი კლდეზე დაკიდებულ ბერთას სატრაპეზოში ჩაუყრია.

ბაზილიკას დასავლეთით მინაშენი აქვს. ეკლესია ნაშენია შირიმის მომცრო ზომის კვადრებით და დაცულია ჰორიზონტალები. მის სამხრეთ ფასადზე შეინიშნება თაღების კვალი. ალაგ-ალაგ იკითხება ნალესობისა და ფრესკის მცირე ზომის ფრაგმენტები. ბერთას ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, შირიმის ქვაზე ამოღარულია ოთხსტრიქონიანი ნუსხური წარწერა. შირიმის ქვის გამოფიტვისა და გადარეცხვის გამო, წარწერა ძნელად იკითხებოდა. იგი ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ წარწერაში მოხსენიებულია სუმბატ არტანუჯელის ძე დავით მამფალი. ამდენად, წარწერა 909-943 წლებით დათარიღდა.

GzaPress

ბერთადანაც დაღონებულები წამოვედით და მართალია, ღამდებოდა, გულმა არ მოგვითმინა და გადავწყვიტეთ, დოლისყანაში მაინც აგვევლო: ვიცოდით, რომ ცოტა ხნის წინ იქ ასულ ჩვენს მეგობარს, გეომორფოლოგსა და თსუ-ის ასისტენტ-პროფესორ გიორგი დვალაშვილს ეკლესიის ერთი ფერდი ჩამონგრეული დახვდა და გვინდოდა, საკუთარი თვალითაც გვენახა და გადაგვეღო. დოლისყანის მიმდებარე ტერიტორია განათებული დაგვხვდა, რადგან მის გვერდით მინარეთი დგას და იქ მოლა ცხოვრობს ოჯახით. ის კაცი მე და მზევინარს კარგად გვახსოვდა, 2009 წელს გავიცანით დოლისყანაში. რატომღაც, ახლა არ გამოგვეხმაურა. ჩვენც მდუმარედ შემოვუარეთ ეკლესიას. სწორედ ის მხარე ჩამონგრეულა, სადაც წინა ასვლაზე კალათბურთის ფარი ჰქონდათ თურქებს მიმაგრებული. იქაურობა გადავიღეთ, სანთლები დავანთეთ, ვიგალობეთ და დადუმებულები წამოვედით იუსუფელისკენ, სადაც, საშემოდგომო მოგზაურობის მსგავსად, ყოფით თავგადასავალს ვერც ახლა ავცდით. რის ვაი-ვაგლახით გავათენეთ ის ღამე და უთენია გავეშურეთ ოთხთასკენ. ულამაზესი, დახავსებული, გამოშიგნული და მაინც ბუმბერაზი ოთხთა გულს გიჩერებს და სუნთქვას გიკრავს!

ოთხთა ეკლესია წყაროებში დიდ ლავრად მოიხსენიება. იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების ცხოვრების თანახმად, სწორედ აქ მოღვაწეობდნენ ათონის ივერთა მონასტრის დამაარსებელი მამები საბერძნეთში წასვლამდე.

ტერასებად მოწყობილი, ერთ დროს დიდი ლავრის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობაა დარჩენილი, მათ

შორის - სამონასტრო შენობები და ეკლესიები. მთავარი ეკლესია დიდი ბაზილიკაა, რომელსაც მიმსვლელს ჩრდილოეთიდან შეუძლია მიუდგეს.

გადაკეთების კვალი ბევრგან ჩანს. ფიგურული რელიეფები ოთხთაში არაა, მხოლოდ წრეში ჩაწერილი ჯვარია გამოსახული აღმოსავლეთ აფსიდის კონქის ძირში, რომლის გვერდით წარწერა იკითხება: "ქე ადიდე დავით კურაპალატი". ოთხთას ფასადებზე არის კიდევ რამდენიმე წარწერა. მოხატულობა თავმოყრილია აფსიდში, რომელიც 5 რეგისტრად იყოფა. გამორჩეულია საკურთხევლის სარკმლის თავზე გამოსახული ქალაქ იერუსალიმის პერსონიფიკაცია - ქალი ტაძრით ხელში სიუხვის რქით და წარწერით "სიონი".

ეკლესიის კამარები დღესაც მთელია და შერჩენილი აქვს კრამიტი.

ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს სამონასტრო ნაგებობები, დიდი ორნავიანი დარბაზი და მის დასავლეთით - უფრო მცირე ოთახებისგან შემდგარი შენობა. ოთხთა ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც ორსართულიანია. პირველი სართული სამონასტრო საძვალე უნდა ყოფილიყო: დღესაც მრავლად ჩანს მიწის ქვეშ თუ ზემოთ ძვლები. დროთა განმავლობაში ზემოდან ჩამოშლილი მიწის გამო, კომპლექსი ნელ-ნელა, ფაქტობრივად, მიწაში ჩადის. ერთ-ერთი წარწერა გარე ფასადზე ლამის მიწაშია ჩატანილი და ქვები აქვს მიყრილი. ქართველმა გიდებმა იციან მისი არსებობა და მომლოცველებს აჩვენებენ ხოლმე, მაგრამ ე.წ. ოქროსმაძიებლებმა რომ არ გაანადგურონ-გამოთხარონ, წამოსვლისას კვლავ ქვებით ფარავენ. თურქ ოქროსმაძიებლებზე რა უნდა ვთქვათ, როდესაც მთავარ ტაძარში შესულებს კედლებზე "მორწმუნეების" ძვირფასი ქართული წარწერები დაგვხვდა: "იესო ცოცხალია", "იესო, იესო" და ა.შ. შთამბეჭდავია მთელი სამონასტრო კომპლექსი და როგორ უშენებიათ, მართლაც რა ხელს აუგია, აქამდე რომ შემორჩა და კვლავ გაცვიფრებს! გაოგნებული ვიყავი უზარმაზარი და ულამაზესი თაღის შემყურე, რომელსაც შუაში არაფერი იკავებდა და მაინც ეკიდა ჰაერში... მაგრამ როდემდე გაუძლებს?!

ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამთა ჭანტურიამ აღწერილობით იცოდა, რომ ოთხთადან არცთუ ისე შორს, კლდეებზე საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ორი ტაძარი აღმოაჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი X საუკუნის არსენისეული ეკლესია იყო. ეკლესიების ძებნა დავიწყეთ, ტყეს ავუყევით, საკმაოდ მაღლა ავედით, თითქმის კლდის წვერამდე, მაგრამ - ამაოდ. ფაქტია, მცდარ გზას ვადექით, ამიტომ ამ ეკლესიების მოძებნა სამომავლოდ გადავდეთ და დაბლა, ხეობის დალაშქვრას დავჯერდით.

ძალიან გავიხარეთ, ოთხთასთან, ორი "მარშრუტკით" ჩამოსული ქართველი მომლოცველები რომ დაგვხვდნენ. მერეც, რამდენიმე ადგილას, ტრადიციულ სამარშრუტო ძეგლებზე კვლავ გადაიკვეთა ჩვენი გზები.

ოთხთადან ეზბეკის არქიტექტურული კომპლექსის სანახავად გავემგზავრეთ, ოღონდ ამ გასაოცარი მდებარეობის ძეგლსა და ეზბეკის ხეობაზე მომდევნო წერილში გიამბობთ.

ირმა ხარშილაძე