ოლიგარქის ბედნიერების ფორმულა - გზაპრესი

ოლიგარქის ბედნიერების ფორმულა

მას რომან აბრამოვიჩი ჰქვია და 12,7-მილიარდიანი ქონებით, რუსი ოლიგარქების პირველ ხუთეულში საკმაოდ მყარადაც არის მოკალათებული.

ინგლისური საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მეპატრონე, ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი, ნავთობისა და მრავალი სხვა კომპანიის მფლობელი აბრამოვიჩი ძირითადად ბრიტანეთში ცხოვრობს. თუმცა, იქაური მაღალი საზოგადოების წესებს დიდად როდი დაგიდევთ და საპარადო სმოკინგს მხოლოდ "დიდ დღესასწაულებზე" თუ იცვამს. სამაგიეროდ, გახეხილ ჯინსსა სვიტერს ვერაფრით ელევა, მისი ოდნავ წამოზრდილი და გაბურძგნილი წვერი კი უკვე ისეთივე ბრენდადაა ქცეული, როგორადაც, მაგალითად, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის განუყრელი კეპი ითვლებოდა. აბრამოვიჩის გარეგნობის შემხედვარე ზოგიერთი ბრიტანელი ჟურნალისტი იმასაც კი წერს, რომ მილიარდერი ზოგჯერ ძალიან უიღბლო ობოლს მოგაგონებთო. ისე, აბრამოვიჩი მართლა ობოლია, რაც, საქმეში ჩახედულთა მტკიცებით, მის წარსულზე (კარჩაკეტილი ცხოვრებით გამორჩეული მილიარდერის ბიოგრაფიაში ძალიან ბევრი თეთრი ან იქნებ, სულაც შავი ლაქაა) დანამდვილებით ცნობილი ლამის ერთადერთი ფაქტიც კია.

GzaPress

ასეა თუ ისე, რომან აბრამოვიჩი დაბადებით ნამდვილად დაიბადა და ეს, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 1966 წლის 24 ოქტომბერს, ქალაქ სარატოვში მოხდა. დედა მუსიკოსი ჰყავდა, მამა კი ერთ-ერთი სამშენებლო სამმართველოს მომმარაგებლად მუშაობდა, თუმცა 4 წლის ასაკში უკვე ორივე დაკარგა. ერთ-ერთი ვერსიით, ცოლ-ქმარს ტრაქტორი გადაუბრუნდა და ერთად დაიღუპნენ, მეორე ცნობით კი პატარა რომანს ჯერ არალეგალური აბორტის გამო სისხლის მოწამვლით დედა გარდაეცვალა, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ავტოავარიამ უკვე მამამისი იმსხვერპლა. დაობლებულ პატარას ერთხანს კომის რესპუბლიკაში მცხოვრები ბიძა (მამის ძმა) ზრდიდა, მოგვიანებით კი ბებიასთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვის ცენტრში, ერთოთახიან ბინაში გადავიდა. კარჩაკეტილად მცხოვრები ბებია და შვილიშვილი მეზობლებთან თითქმის არ ურთიერთობდნენ, სტუმრად კი მათთან ერთადერთი ადამიანი - რომანის სათანადო სწავლა-აღზრდით ზედმიწევნით დაინტერესებული კიდევ ერთი ბიძა, აბრამი თუ დაიარებოდა. ისე, აბრამს სადარდებელი ბევრი არაფერი უნდა ჰქონოდა, რადგან მართალია, მისი ძმისშვილი მშობლიური სკოლის სიამაყე არასდროს ყოფილა, მაგრამ უქნარობასა და დოყლაპიობასაც ვერავინ დასწამდებდა. მეტიც, გარეგნულად თითქოსდა, ზედმიწევნით მშვიდ და გაწონასწორებულ ყმაწვილს სულში არცთუ სახუმარო ვნებები უდუღდა და იმასაც ხშირ-ხშირად იმეორებდა, რომ მალე ძალიან მდიდარი და ცნობილი ადამიანი გავხდებიო. თუ ამის გამგონე რომელიმე თანაკლასელს სახეზე დამცინავ ღიმილს შეამჩნევდა, თავისი სიტყვების სისწორეში უკვე ლამის გულზე მჯიღის ცემითაც კი არწმუნებდა, რასაც უკვე საერთო ხარხარი მოსდევდა.

GzaPress

მოჭარბებული ამბიციების მიუხედავად, აბრამოვიჩმა მოსკოვში სწავლის გაგრძელება მაინც ვერ შეძლო და, მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრის შემდეგ, ციმბირელ ნათესავებთან, უხტაში დაბრუნდა, სადაც უმაღლესი განათლების მიღება ბევრად უფრო ადვილი იყო. იქაურ ინდუსტრიულ ინსტიტუტში მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო და ისევ დედაქალაქს მიაშურა. "დიპლომი არაფერში მჭირდება". - მშვიდად განუცხადა რომანმა მისი საქციელით შეშფოთებულ ბიძას და ცოტა ხანში თავი ჯარში ამოჰყო. "რომკა საკმაოდ უშუალო და ალღოიანი ყმაწვილი გამოდგა. კონფლიქტი არასდროს არავისთან ჰქონია, - იხსენებს აბრამოვიჩის ჯარის ამხანაგი, ედილ აიტნაზაროვი. - საკუთარ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მომზადებას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. თანაც, სპორტს მარტო თვითონ კი არ მისდევდა, სხვების აყოლიებაც არ უჭირდა და მალე ნაწილში ფეხბურთის გუნდის შეკრებაც კი მოახერხა. ყველას უკვირდა, საიდან აქვს ამ პატარა ბიჭს ამხელა ორგანიზატორული ნიჭიო. სინამდვილეში რომკა ჩვენს ასაყოლიებლად განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა. უბრალოდ, მისი თამაშის წესები ყველას მოგვწონდა და სრულიად ნებაყოფლობით მივდევდით".

GzaPress

რუსულ ჯარში მგონი, დღემდე არსებობს ეგრეთ წოდებული "დემბელსკი აკორდი", რომლის შესრულებაც სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე მცირე ხნით ადრე ყველა ჯარისკაცს ევალება. რუსეთის პრეზიდენტ ელცინის ქალიშვილის, ტატიანა დიაჩენკოს თქმით, აბრამოვიჩის "დემბელსკი აკორდი" საკმაოდ რთული შესასრულებელი გამომდგარა. კერძოდ, მისთვის და მასავით სამსახურგავლილების ჯგუფისთვის მომავალი გზისთვის საჭირო ტყის ზოლის გაკაფვა დაუვალებიათ. "ეს რამდენიმე თვის სამუშაო მაინც იყო. ბიჭებს კი შინ დაბრუნება ეჩქარებოდათ. ასე რომ, აბრამოვიჩს დიდხანს აღარ უყოყმანია, გასაკაფი ტყე თანაბარ კვადრატებად დაყო და შემდეგ ახლომდებარე სოფელს მიაშურა, სადაც სახლებში, ჩვეულებრივ, შეშის ღუმელები უდგათ, თავად შეშის შოვნა კი ყოველთვის უჭირთ. ჰოდა, როგორც კი რომანმა იქაურებს მიახარა, ჩემთვის მონდობილ ნაკვეთზე ტყის გაჩეხვის უფლებას ვყიდიო, მთელმა სოფელმა მაშინვე ტყისკენ იხუვლა და ცალკე კვადრატებად ნაყიდი ტყის ზოლი ორ დღეში გაკაფა". - წერს დიაჩენკო თავის ბლოგში.

GzaPress

თავად აბრამოვიჩს საკუთარ წარსულ "გმირობებზე" ლაპარაკი არ უყვარს, პირად ცხოვრებაზე კი საერთოდ ვერაფერს დააცდენინებ. "კინოვარსკვლავი ხომ არა ვარ, სახელის მოხვეჭაზე ვიზრუნო. - შენიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. - უბრალოდ, მშვიდი ცხოვრება მინდა". თუმცა, სიმშვიდეს მაინც ხშირად ურღვევენ და თანაც, - პირველ რიგში ის ადამიანები, ვისაც წარსულში მის გვერდით დროის გარკვეული მონაკვეთი მაინც აქვს გატარებული. ერთ-ერთი მათგანი აბრამოვიჩის პირველი ცოლი, ოლგა ლისოვაა, რომელიც ჯარიდან დაბრუნებულმა 20 წლის აბრამოვიჩმა თავისი უწინდელი სატრფოს, ვინმე ვიკას ღალატის შეტყობის შემდეგ, ლამის ცხელ გულზე შეირთო. ეს და ოლიგარქის წარსულ ცხოვრებასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ამბავიც ჟურნალისტებს სწორედ ოლგამ უამბო, რაც მას აბრამოვიჩმა ბოლომდე ვერ აპატია. თუმცა, მათი დაშორების მიზეზი ოლგას "გრძელი ენა" კი არა, მაინც სხვა ქალი - თვითმფრინავის ბორტგამცილებელი ირინა მალანდინა გახდა. რომანმა და ირინამ ერთმანეთი, რაღა თქმა უნდა, თვითმფრინავში გაიცნეს. იმ დროისთვის აბრამოვიჩს უკვე საბავშვო სათამაშოების საკუთარი კოოპერატივი ჰქონდა გახსნილი და სამსახურის საქმეზე სადღაც მიფრინავდა. წყვილმა 1991 წლის ოქტომბერში იქორწინა და ხუთი შვილიც - ანა, არკადი, სონია, არინა და ილია შეეძინათ.

საბავშვო სათამაშოების ბიზნესი აბრამოვიჩს მალევე მობეზრდა. ამიტომ, დაუნანებლად მიატოვა, მთლიანად ნავთობპროდუქტებზე გადაერთო და 1990-იანი წლების მეორე ნახევრისთვის უკვე ნავთობთან დაკავშირებული ორ ათეულზე მეტი საშუამავლო ფირმის დამფუძნებელი და თანადამფუძნებელი გახდა. სახელიც პირველად სწორედ ამ საქმით გაუვარდა. უფრო კონკრეტულად კი 1992 წლის თებერვალში უხტიდან მოსკოვში 3,5 ათასი ტონა (55 ცისტერნა) დიზელის საწვავით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობა ჩაიყვანა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ კალინინგრადის ოლქში დისლოცირებული სამხედრო ნაწილისთვის უნდა გაეგზავნა, მაგრამ მატარებელი დანიშნულების ადგილამდე არ ჩასულა და თავის ტვირთიანად გზაში "აორთქლდა". გამოძიების ვერსიით, აბრამოვიჩმა დოკუმენტები გააყალბა, სათბობი კალინინგრადის ნაცვლად რიგაში ჩაიტანა და გაყიდა. ეს ვერსია ვერსიადვე დარჩა და იმავე წლის დეკემბერში საქმე "დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო" შეწყდა. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში აბრამოვიჩი, ბორის ბერეზოვსკისთან ერთად, ძირითადად ნავთობის გაყიდვით იყო დაკავებული. 1996 წელს კი მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიების რეიტინგში მეოცე ადგილზე მყოფ "სიბნეფტის" მოსკოვის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გახდა.

GzaPress

საინფორმაციო საშუალებებში აბრამოვიჩის სახელი პირველად 1998 წელს, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის ყოფილმა შეფმა ალექსანდრ კორჟაკოვმა მას პრეზიდენტ ელცინის უახლოესი გარემოცვის, ეგრეთ წოდებული "ოჯახის" "ხაზინადარი" უწოდა. კორჟაკოვის თქმით, აბრამოვიჩი "ოჯახის" წევრებისთვის საზღვარგარეთ უძრავ ქონებას ყიდულობდა, სანაცვლოდ კი მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობის უფლებას იღებდა. იმავე წელს რომან აბრამოვიჩის ცხოვრებაში პირველად გამოჩნდა ჩუკოტკაც, რომლის ერთმანდატიანი ოლქიდან სახელმწიფო სათათბიროში იყარა კენჭი. ერთი წლის შემდეგ კი საკუთარი კანდიდატურა რუსეთის ამ შორეული და მიგდებული რეგიონის გუბერნატორის პოსტზეც წამოაყენა.

"რაღა მაინცდამაინც ჩუკოტკა?" - აბრამოვიჩის მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო გაოცება ვერ დამალა ბევრმა, რასაც პრესამაც შეუნთო ცეცხლი და მომხდარს ერთდროულად რამდენიმე არანაკლებ უცნაური ვერსიით გამოეხმაურა. ერთ-ერთის მიხედვით, აბრამოვიჩმა პუტინთან საიდუმლო გარიგება დადო, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი მის შავბნელ საქმეებზე დახუჭავდა თვალს, თავად კი ჩუკოტკაში, ამ მართლაც ყველასგან მიგდებულ-მივიწყებულ რეგიონში, დიდ ფულს ჩადებდა. "არანაირი გარიგება არ ყოფილა! - აცხადებს დღეს უკვე ჩუკოტკის ავტონომიური ოლქის სათათბიროს თავმჯდომარე აბრამოვიჩი. - რატომ არავინ მიჯერებს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მაინტერესებდა და დღემდე მაინტერესებს?"

2001 წლის ზაფხულში აბრამოვიჩი ჟურნალ "ფორბსის" ვერსიის მიხედვით შექმნილ პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველად მოხვდა. ორი წლის შემდეგ კი ინგლისური საფეხბურთო კლუბი "ჩელსი" იყიდა.

2006 წლის ოქტომბერში აბრამოვიჩს მეორე ცოლმა, ირინამ განქორწინება მოსთხოვა. სასამართლოში შეტანილი სარჩელის საფუძველი აბრამოვიჩის სხვა ქალთან - ნავთობმაგნატ ალექსანდრ ჟუკოვის 23 წლის ქალიშვილ დარიასთან ურთიერთობა გახდა. ინგლისელი ჟურნალისტების ინფორმაციით, განქორწინების შემდეგ ირინას დიდ ბრიტანეთში მდებარე ოთხი ვილა, ორი ლონდონური ბინა და პირადი საბანკო ანგარიში ერგო.

ისე, ამ მხრივ დაჩაგრულად თავს არც აბრამოვიჩის ახალი სიყვარული - დაშა ჟუკოვა უნდა გრძნობდეს, რომელთანაც ოლიგარქს უკვე ქალ-ვაჟი - ექვსი წლის აარონ-ალექსანდრე და ორი წლის ლეა ჰყავს და მალე მესამე შვილსაც ელოდებიან. აარონ-ალექსანდრე წლინახევრის ძლივს იყო, აბრამოვიჩმა რომ ლონდონის ელიტურ უბან სოხოში 2,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად ღირებული ბინა უყიდა. ასეთივე ბინა მოსკოვში, სახლი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ვილა კარიბის ნახევარკუნძულზე, იახტა და 40 ჰექტარი ნაკვეთი მთვარეზე (!) კი დედამისს აჩუქა.

თუმცაღა, ოლიგარქი დარია ჟუკოვაზე დაქორწინებას დიდად როდი ჩქარობს. ის კი არადა, წყვილი ერთმანეთს კინაღამ საერთოდაც დაშორდა და დათქმული ქორწილიც გაურკვეველი ვადით გადაიდო. კონფლიქტის მიზეზი საქორწინო კონტრაქტის პირობები გახდა, რომლის დადებასაც ოლიგარქი დაჟინებით მოითხოვდა, მაგრამ მეგობარი ქალი ვერაფრით დაიყოლია. ამის შემდეგ მილიარდერმა დაშაზე საგრძნობლად აიყარა გული. ყოველ შემთხვევაში, კომპოზიტორ იგორ კრუტოის დაბადების დღეზე სრულიად უცხო მომხიბვლელ ქალთან ერთად გამოცხადდა. თუმცა, მისი ჭეშმარიტი სასიყვარულო განცდები ფართო საზოგადოებისთვის უწინდებურად ბურუსით მოცული დარჩა. ცნობილი ადამიანების ყველაზე უფრო უხერხულ სიტუაციებში გამოჭერაში დახელოვნებული პაპარაცები გამუდმებით წუწუნებენ, რომ აბრამოვიჩის ცხოვრების წესში არაფერია ისეთი, რასაც კირკიტა საზოგადოება ყურადღებას მიაქცევდაო. არადა მხოლოდ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცხოვრების ეს წესი თავიდან ბოლომდე ყალბია და სინამდვილეში აბრამოვიჩი ბევრი სხვა რუსი ოლიგარქივით ნამდვილი გიჟმაჟი და ქუჩის ბიჭია, რომელსაც არანაირი მიწიერი სისუსტე არ ეუცხოვება.

GzaPress

აბრამოვიჩი მაღალი საზოგადოების მიღებებს ყველანაირად ერიდება, არ დადის თეატრებსა და გამოფენებზე და არც სამორინეებს სწყალობს. სამაგიეროდ, ძალიან უყვარს ნადირობა, ურთიერთობა კი მხოლოდ ძველ მეგობრებსა და ბიზნეს-კოლეგებთან აქვს. ოლიგარქი დიდად არც წიგნების კითხვით იწუხებს თავს. მეტიც, ბოროტ ენებს თუ დავუჯერებთ, ის წიგნით ხელში საერთოდაც არავის უნახავს. ერთხელ, მოსკოვის მახლობლად მდებარე მის მამულში მყოფმა ერთმა ცნობისმოყვარე სტუმარმა იმ დარბაზში შეიხედა, სადაც წიგნებით გადავსებული სტელაჟები ჭერს სწვდებოდა. მერე თაროდან ერთ-ერთი წიგნიც ჩამოიღო და გაოგნებულმა აღმოაჩინა, რომ სტელაჟებზე მხოლოდ დიზაინერის ფანტაზიით შექმნილი ცარიელი ყდები იყო ჩამწკრივებული.

მილიარდერზე შეთხზული უამრავი ლეგენდიდან ერთ-ერთის თანახმად, ოცი წლის ასაკში, თავისი მოსკოვური ბინის ვიწრო სამზარეულოში ბედნიერებაზე მოკამათეEახლობლებს აღტყინებით მიახალა, მხოლოდ დიდ ფულს მოაქვს ბედნიერება. მოვა დრო, იმდენი ფული მექნება, რომ მთელი მსოფლიოს ყიდვასაც კი შევძლებო. მთელი მსოფლიოს ყიდვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დღეს ამ ადამიანს თვით ყველაზე შლეგი სურვილისა და ახირების დასაკმაყოფილებლად საჭირო ფულიც კი აქვს. თუმცაღა, კითხვაზე, რა მოგცათ დიდმა ფულმაო, თითქმის ყოველთვის ასე პასუხობს: "პატარა თავისუფლება და იმის საბოლოო შეგნება, რომ ბედნიერებას ვერაფრით იყიდი".