თვითმარქვია შეშლილი ჟურნალისტი, რომელმაც დედამიწას სამჯერ შემოუარა - გზაპრესი

თვითმარქვია შეშლილი ჟურნალისტი, რომელმაც დედამიწას სამჯერ შემოუარა

1889 წლის ნოემბრის ბოლოს საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ამიენში მცხოვრებმა ჟიულ ვერნმა ტელეგრამა მიიღო, რომელიც იტყობინებოდა, რომ ქალაქში პარიზის მატარებლით ჩადიოდა მოგზაური, რომელსაც მარტო მისი ნაწარმოების - "80 დღე დედამიწის გარშემო" გმირის, XIX საუკუნის გამოგონილი მაგელანის, ფილეას ფოგის რეკორდის მოხსნა კი არა, თავისი ძვირფასი დროის ნაწილის მსხვერპლად გაღება და თავად დიდი ფანტასტი მწერლის მონახულებაც ჰქონდა გადაწყვეტილი. ტელეგრამა მოკლედ - "ბლაი" - იყო ხელმოწერილი.

ჟიულ ვერნს, რომლის რომანის დაწერიდან უკვე 17 წელი იყო გასული, თავისი გმირის ცოცხალი მეტოქის გაცნობა ძალიან უნდოდა და რაღა თქმა უნდა, მაშინვე ვაგზლისკენ გაეშურა. მწერალს თავგადასავლების მაძიებელი გამობრძმედილი მამაკაცის ხილვის იმედი ჰქონდა და ამიტომაც, ძალიანაც გაუკვირდა, მატარებლიდან სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა ქალი რომ ჩავიდა და მყისვე წარუდგა: "ნელი ბლაი"... ჩვენს მუდმივ მკითხველს ეს გვარი და სახელი, უფრო სწორად კი სახელგანთქმულ ჯოზეფ პულიცერთან (ვისზეც ჩვენს ჟურნალში ამ ცოტა ხნის წინ ვწერდით) მომუშავე ერთადერთი და ზედმიწევნით გაბედული ჟურნალისტი ქალის ფსევდონიმი ალბათ, ჯერ კიდევ ახსოვს, დანარჩენზე კი ქვემოთ მოვუყვებით.

1864 წლის 5 მაისს, პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ კოკრეინ-მილზის მკვიდრს, ყოფილ მოსამართლე ჯუდ კოკრეინს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ელიზაბეთ ჯეინი დაარქვეს. პატარა ელიზაბეთი მამას ძალიან უყვარდა, ყველანაირად ანებივრებდა და ნებისმიერ სურვილსაც დაუყოვნებლივ უსრულებდა. ბედნიერმა ბავშვობამ დიდხანს ნამდვილად არ გასტანა, რადგან ექვსი წლისას მამა გარდაეცვალა, სამი წლის შემდეგ კი დედამისი მეორედ გათხოვდა. მამინაცვალი ლოთი და ხელმოცარული ადამიანი გამოდგა, რომელიც სულ ცოლისა და გერის საცემრად იწევდა. ეს კოშმარი ხუთ წელს გაგრძელდა, მერე კი ელიზაბეთის დედამ იმ დროს ქალისთვის მეტისმეტად რთული გადაწყვეტილება მიიღო და ქმარს გაეყარა.

GzaPress

1880 წელს კოკრეინები საცხოვრებლად პიტსბურგში გადავიდნენ. 1885 წელს კი ამ ქალაქის ადგილობრივ გაზეთ Pittsburgh Dispatch-ში დაიბეჭდა სტატია, რომლის ავტორიც ჯიუტად ირწმუნებოდა, ქალები განვითარების მხრივ მამაკაცებზე ბევრად უფრო დაბლა დგანანო. პუბლიკაციამ ნორჩი ელიზაბეთი იმდენად აღაშფოთა, რომ გაზეთის მთავარ რედაქტორს, მისტერ ჰანემს მრისხანე წერილი მისწერა. რედაქტორი ავტორის გონიერებამ და აზრის სიღრმემ იმდენად მოხიბლა, რომ მაშინვე მისი სამსახურში აყვანა გადაწყვიტა, მაგრამ რადგანაც წერილი ხელმოუწერელი იყო, "პიტსბურგ დისპეჩმა" მომდევნო ნომერშივე გამოაცხადა, რომ მის ავტორ "უცნობ ჯენტლმენს" მუდმივ სამსახურს სთავაზობდა. უნდა გენახათ გაზეთის თანამშრომლების გაოცება, როდესაც რედაქციაში ჯენტლმენის ნაცვლად სიფრიფანა გოგონა გამოცხადდა. ელიზაბეთ კოკრეინი სამსახურში მაინც დაუყოვნებლივ მიიღეს და რადგანაც მაშინ ჟურნალისტი ქალები თავიანთ წერილებს ძირითადად ფსევდონიმით აქვეყნებდნენ, ისიც იქვე უთხრეს, რომ ამიერიდან სტივენ ფოსტერის პოპულარულ სიმღერაში მოხსენიებული გოგონას - ნელი ბლაის სახელით უნდა ეწერა.

"პიტსბურგ დისპეჩის" ახალბედა თანამშრომელი ნებისმიერ საქმეს ენთუზიაზმით აკეთებდა, მაგრამ ყველაზე უკეთ ჟურნალისტური გამოძიება გამოსდიოდა. თავის წერილებში ნელი ბლაი, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებაში გამეფებულ კორუფციაზეც ხშირად წერდა და არც კონკრეტული მაღალჩინოსნების მხილებას ერიდებოდა. სიმართლის მოღაღადე ჟურნალისტის ამბავი საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ერთ დღესაც "პიტსბურგ დისპეჩის" რედაქტორს "თავგასული" თანამშრომლის სასწრაფოდ მოთოკვა მოსთხოვეს. დამფრთხალმა რედაქტორმა ნელი მაშინვე ქალებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც მხოლოდ კულინარიაზე, მოდასა და სახლის მოვლაზე უნდა ეწერა, მაგრამ ჟურნალისტი ასეთ ცვლილებას ვერაფრით შეეგუა და სამსახურიდან საბოლოოდ წამოსვლამდე მექსიკის შემოვლა და იქაური ცხოვრების ამსახველი ანგარიშების რედაქციაში გაგზავნა გადაწყვიტა. მექსიკაში ჩასული ნელი ძირითადად იქ გამეფებულ საშინელ კორუფციასა და უღარიბესი მოსახლეობის უმძიმეს მდგომარეობაზე წერდა. ერთ-ერთ პუბლიკაციაში კი ამ ქვეყნის მთავრობის კრიტიკოსი ადგილობრივი ჟურნალისტის დაპატიმრების წინააღმდეგაც გაილაშქრა, რის გამოც მასაც დაპატიმრებით დაემუქრნენ და ქვეყნიდან მხოლოდ ამ გზითღა გამოაძევეს. მექსიკაზე დაწერილ პუბლიკაციებს ჟურნალისტმა საბოლოოდ 1888 წელს გამოქვეყნებულ კრებულში - "ექვსი თვე მექსიკაში" მოუყარა თავი.

GzaPress

"პიტსბურგ დისპეჩიდან" წამოსვლის შედეგ, ნელი ბლაიმ სამუშაოს საძებნელად ნიუ-იორკს მიაშურა, სადაც სახელგანთქმულ ჯოზეფ პულიცერს (რომელმაც მანამდე პროვინციელი ჟურნალისტის თხოვნის წერილს ყურადღება საერთოდ არ მიაქცია) პრაქტიკულად კაბინეტში შეუვარდა და მის New York World-ში მუშაობის უფლება მხოლოდ ასეღა მოიპოვა. პულიცერმა ნელის შიზოფრენიის სიმულაცია და ამ გზით ნიუ-იორკის ქალთა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შეღწევა დაავალა, სადაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ძალიან ცუდი ამბები ხდებოდა. "იქ სენსაციური აღმოჩენისთვის როდი გგზავნი, ყველაფერი ისე აღწერე, როგორც არის. ერთადერთი, რითიც უნდა იხელმძღვანელო, სიმართლეა", - დაარიგა გოგონა რედაქტორმა, ხოლო როცა ბლაი დაინტერესდა, დავალების შესრულების შემდეგ უკან როგორღა უნდა გამომიყვანოთო, პულიცერმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა. მიუხედავად ამისა, გაბედულ გოგონას უკან მაინც აღარ დაუხევია და დავალების შესასრულებლად საგულდაგულო სამზადისი დაიწყო. გამოიგონა ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელიც დედის სიკვდილმა ჭკუაზე შეშალა და "როლში შესასვლელად", ჯერ უსახლკარო ქალების თავშესაფარს მიაშურა. სწორედ ეს ქალები იყვნენ პირველები, რომლებმაც ჟურნალისტის თამაში დაიჯერეს, მაგრამ ნელის ბევრად უფრო გამოცდილი ადამიანები - პროფესიონალი ფსიქიატრებიც უნდა გაეცურებინა და ეს იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ ხუთი ფსიქიატრიდან ბოლომდე მხოლოდ ერთი ამტკიცებდა, ჩვენ წინაშე სრულიად ჯანმრთელი ადამიანი დგასო.

ფსიქიატრიული საავადმყოფოდან რის ვაი-ვაგლახით თავდაღწეულმა ნელი ბლაიმ უმძაფრესი მამხილებელი რეპორტაჟი დაწერა, რომელმაც მარტო ფართო საზოგადოება კი არ შეძრა, ხელისუფლებაც იმდენად დაამუნათა, რომ შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად თითქმის სამი მილიონი დოლარის გამოყოფა გადააწყვეტინა. ამ რეპორტაჟმა სულით ავადმყოფთა მიმართ არაადამიანური დამოკიდებულებისა და მკურნალობის საშინელი მეთოდების შეცვლას ამერიკის გარდა ბევრ სხვა ქვეყანაშიც დიდად შეუწყო ხელი. ავტორს კი იმდენად გაუთქვა სახელი, რომ ამის შემდეგ ყველა "ლედი სენსაციად" მოიხსენიებდა და ისიც ყველანაირად ცდილობდა ამ სახელის გამართლებას, თუმცა შეჭირვებულ, უბრალო ადამიანებზე ზრუნვაც უწინდებურად არ ავიწყდებოდა.

სენსაცია ვახსენეთ და ერთ დღესაც, ნელი ბლაიმ ჯოზეფ პულიცერს შესთავაზა, ჟიულ ვერნის წიგნის - "80 დღე დედამიწის გარშემო" გმირის მარშრუტით დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ გამიშვი და მის რეკორდს მოვხსნიო. ჟურნალისტზე არანაკლებ შემართულ რედაქტორს ეს იდეა, რაღა თქმა უნდა, ჭკუაში დაუჯდა. მეტიც, იმასაც მაშინვე მიხვდა, რომ მოგზაურობა უთუოდ მძაფრსიუჟეტიანი გამოდგებოდა და შესაბამისად, ხმაურიანი რეკლამაც დასჭირდებოდა. ამიტომაც, თავისი გამოცემის მეშვეობით უმალ ყველას ამცნო, რომ სახელგანთქმული ნელი ბლაი, იგივე "ლედი სენსაცია" ფილეას ფოგის რეკორდის მოხსნას და დედამიწის შემოვლას ოთხმოც დღეზე ნაკლებ დროში აპირებსო. აქვე ისიც უთუოდ უნდა ითქვას, რომ სანამ ნელი ბლაი სამოგზაუროდ ემზადებოდა, ამ წამოწყებით ჟურნალი "კოსმოპოლიტენიც" დაინტერესდა და საზოგადოებას ასევე წარუდგინა თავისი კორესპონდენტი ქალი, რომელსაც დედამიწის შემოვლა ბლაის მარშრუტის (ინგლისი - საფრანგეთი - იტალია - სუეცის არხი - ცეილონი - სინგაპური - ჰონკონგი - იაპონია) საპირისპირო მიმართულებით უნდა დაეწყო. რაღა თქმა უნდა, მაშინვე დაიდო სანაძლეოც, თუ საწყის პუნქტში ვინ უფრო სწრაფად დაბრუნდებოდა.

1889 წლის 14 ნოემბერს ნელი ბლაი ნიუ-იორკში ორთქლმავალ "ავგუსტა ვიქტორიაზე" ავიდა და გეზი ლონდონისკენ აიღო. გაბედულ ჟურნალისტს ჯიბეში მხოლოდ 200 დოლარი, მომცრო საკვოიაჟში კი ერთადერთი გამოსაცვლელი კაბა ედო. მართალია, ახალგამომცხვარ მოგზაურს წინ ბევრად უფრო ნაკლები თავგადასავალი ელოდა, ვიდრე ჟიულ ვერნის წიგნშია აღწერილი, მაგრამ ჩინეთში კეთროვანთა კოლონიის მონახულება, სინგაპურში მოშინაურებული მაიმუნის ყიდვა და რაც მთავარია, თავად ჟიულ ვერნის პირადად ნახვა და გაცნობა ნამდვილად მოახერხა.

GzaPress

1889 წლის 21 იანვარს, წყნარ ოკეანეში ამოვარდნილი ქარიშხლის გამო, ორი დღის დაგვიანებით, ნელი ბლაი სამშობლოში დაბრუნდა. სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკამდე დარჩენილი გზა კი უსწრაფესად გაიარა, რადგან პულიცერმა სპეციალური მატარებელი სან-ფრანცისკო-ნიუ-იორკი დაუქირავა, რომელიც მთელი გზა გიჟივით მიქროდა. ასე რომ, ჟურნალისტი დანიშნულების ადგილზე დათქმულ დროზე რვა დღით ადრე ჩავიდა. მისი "კოსმოპოლიტენელი" მეტოქე კი, რომელმაც სანაძლეო უნუგეშოდ წააგო, ამ დროს ჯერ კიდევ ატლანტის ოკეანეს სერავდა.

ნელი ბლაი ფინიშის სწორზე 25 იანვარს გავიდა. ნიუ-იორკში მას სპეციალური ეკიპაჟი დახვდა და New York World-ის რედაქციაში მიიყვანა, სადაც დედამიწის გარშემო მისი მოგზაურობის ხანგრძლივობის - 72 დღე, 6 საათი, 10 წუთი და 11 წამი და რაც მთავარია, იმის დაფიქსირება მოხდა, რომ ფილეას ფოგის რეკორდი მოხსნილი იყო! გაბედული ჟურნალისტის პატივსაცემად ათზალპიანი საარტილერიო სალუტი გაუშვეს, რედაქციაში კი მისალოცი დეპეშების ნაკადი არ წყდებოდა. მათ შორის ყველაზე ძვირფასში შემდეგი სიტყვები ეწერა: "ნელი ბლაის წარმატებაში ეჭვი არასდროს შემპარვია. მან თავისი შეუპოვრობა და ვაჟკაცობა დაამტკიცა. ვაშა ნელი ბლაის! ჟიულ ვერნი".

კარიერის მწვერვალზე აღმოჩენილმა ჟურნალისტმა თავისი მოგზაურობა დაწვრილებით აღწერა წიგნში - "72 დღე დედამიწის გარშემო" და ამით მსგავსი მარათონებისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში გააღვივა. თავად კი ორი წლის შემდეგ დედამიწის გარშემო კიდევ ორჯერ იმოგზაურა. თანაც, ერთხელ ამას 67, მეორედ კი - 66 დღე მოანდომა. 1901 წელს, პარიზული გაზეთ "ეკო დე პარის" თანამშრომელმა, გასტონ სტიგლერმა იმავეს გაკეთება უკვე 63 დღეში შეძლო. ასე რომ, მსგავსი მოგზაურობები თანდათან ერთგვარ სპორტადაც კი იქცა და მასში დაფიქსირებულ ყოველ ახალ მიღწევას პრესა საკმაოდ ფართოდ აშუქებდა.

სახელი და დიდება, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო, მაგრამ ნელი ბლაი იმასაც სულ უფრო ცხადად ხედავდა, რომ ამის გამო მუშაობაში ხელი გამუდმებით ეშლებოდა. ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას კი საერთოდ ვეღარ ახერხებდა, რადგან ყველგან ცნობდნენ. ბლაი მიხვდა, რომ ადრე თუ გვიან, საყვარელი პროფესიის მიტოვება მოუწევდა. ბოლოს ასეც მოხდა და ჟურნალისტიკიდან იძულებით წამოსული ნელი ბლაი მილიონერ რობერტ სიმენზე გათხოვდა. ცოლზე ორმოცი წლით უფროსი სიმენი ჩინებული მეუღლე გამოდგა, მაგრამ მისმა შვილებმა (ნელის და რობერტს საკუთარი შვილები არ შესძენიათ) დედინაცვალი ახლოსაც არ გაიკარეს და მასთან ბოლომდე ძალიან რთული ურთიერთობა ჰქონდათ.

ჟურნალისტიკიდან წამოსული ნელი ბლაი ფოლადის კონტეინერების, ქილებისა და ქვაბების გამომშვები Iron Clad Manufacturing Co-ს პრეზიდენტი გახდა. 1904 წელს რობერტ სიმენი გარდაიცვალა და მისი ბიზნესი მთლიანად ნელის ხელში გადავიდა. თავიდან საქმე თითქოს კარგად წაუვიდა და ერთხანს ნელი ბლაი მთელ შტატებში ერთ-ერთი წამყვანი ფაბრიკანტი ქალიც კი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც გაკოტრდა და იძულებული გახდა, ისევ ჟურნალისტიკას მიჰბრუნებოდა.

1922 წელს, 57 წლის ნელი ბლაი პნევმონიით დაავადდა და ცოტა ხანში ნიუ-იორკის წმინდა მარკის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. სახელგანთქმული ჟურნალისტი გაზეთებმა ბოლოს ნეკროლოგით გაიხსენეს, რომელშიც დაწვრილებით ჩამოთვალეს ყველაფერი, რაც ამ შეუპოვარმა ქალმა თავისი თანამედროვეებისთვის გააკეთა.