ნატალია კლდიაშვილის "პლანეტები" "არტ ჰემპტონზე" - გზაპრესი

ნატალია კლდიაშვილის "პლანეტები" "არტ ჰემპტონზე"

2-5 ივლისს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე, ქართველი მხატვრის ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრები იქნება გამოფენილი. "არტ ოფ ჰემპტონ" ყოველწლიურად ზაფხულში იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ხელოვანები, რომლებსაც წარადგენენ ცნობილი გალერეები მსოფლის თითქმის ყველა ქვეყნიდან. ამჯერად პირველად გამოიფინება ქართველი მხატვარი. "პლანეტები" - ასეთია იმ ნამუშევართა სახელწოდება, რომელსაც დამთვალიერებელი იხილავს...

მართალია, ასტროლოგიით განსაკუთრებულად გატაცებული არასოდეს ყოფილა, თუმცა, სამუშაოდ კოსმოსისა და გრავიტაციის თემა არჩია. კითხვაზე: რომელია თქვენი პლანეტა? პასუხობს, რომ მარსი. "წითელი, სისხლიანი, ომის პლანეტა, თუმცა თავად სათნო ადამიანი უბრალოდ მომთხოვნი საკუთარი თავის და სხვების მიმართ"...

GzaPress

- ბავშვობიდან ვხატავდი ბალერინებს, ვიგონებდი კოსტიუმებს პერსონაჟებისთვის, ვხატავდი სხვადასხვა სცენას, ვიგონებდი სპექტაკლებს, თან ვმღეროდი, მოკლედ, მთელი სამყარო მქონდა. 1992 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი. დაახლოებით 25 წლის წინ დამებადა იდეა, შემექმნა რაღაც სრულიად განსხვავებული იმ საგნებისგან, რომლებსაც ჩემ გარშემო ვხედავდი. პირველი კომპოზიცია ისე ავაწყვე, არც ვიცოდი, რა გამოვიდოდა. წლების მანძილზე ჩემი ნამუშევრები იხვეწებოდა, ისევე, როგორც ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ. მეც ვიზრდებოდი, როგორც არტისტი და როგორც პიროვნება. 25 წელი დამჭირდა იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავი, მზად ვიყავი, ჩემი შემოქმედება ხალხისთვის მეჩვენებინა.

- ეს არ არის მხოლოდ კოლაჟი, რა ჰქვია ამ ტექნიკას?

- ეს სრულიად განსხვავებული სტილია - მე გავაერთიანე ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, პოპ-არტი, აპლიკაცია, აბსტრაქცია, სკულპტურა... და, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო "პროდუქტი" მივიღე. არასოდეს ვგეგმავ წინასწარ, რა მასალას გამოვიყენებ ან რა ტექნიკას. ჩემს ნამუშევრებში მთავარი ატრიბუტია სარკე, რომელსაც სინათლე შემოაქვს "ბლიკების" და ანარეკლის სახით. სინათლე კი ენერგიაა - ის დადებითი ენერგია და სიყვარული, რომელსაც მე განვიცდი მუშაობის პროცესში.

- გაზაფხულზე გამოფენა გქონდათ. როდის ნახა თქვენი ნამუშევრები პირველად საზოგადოებამ?

- გავრისკე და პირველი ექსპერიმენტული გამოფენა 2012 წელს გავმართე, მას მერე არ გავჩერებულვარ და დავიწყე მუშაობა ახალ თემაზე სახელად "პლანეტები", რომელზეც 3 წელი ვმუშაობდი და რომ არა ერთი საბედისწერო შეხვედრა, შეიძლება, ეს კოლექცია ვერ დამასრულებინა. 2014 წლის 27 მაისს სამსახურში ვიყავი. გალერეაში შემოვიდა მამაკაცი და დაინტერესდა ჩემი ინსტალაციით "მზე". ეს ნამუშავარი მაშინვე შეიძინა. მერე მთხოვა, მეჩვენებინა სხვა ნამუშევრებიც. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ის ამერიკაში ძალიან ცნობილი ქართველი ხელოვანი აღმოჩნდა, დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მხატვარი დავიდ დათუნა. არასდროს დამავიწყდება ის განცდა, როდესაც მან მითხრა, რომ ჩემი ნახატები მოხვდებოდა ნიუ-იორკში "არტ ჰემპტონზე" და მაიამიში "არტ ბაზელზე".

GzaPress

მართლაც, "არტ ოფ ჰემპტონის" გამოფენაზე დევიდ დათუნას უშუალო ინიციატივითა და წარდგინებით მოვხვდი. "მე რატომ?" - იყო პირველი შეკითხვა, რომელიც დავიდს დავუსვი. მიპასუხა, რომ მე ჩარჩოები დავანგრიე და გავრისკე შემექმნა სრულიად ახალი სტილის ნამუშევრები. 2015 წლის 1-ელ აპრილს თბილისში პერსონალური გამოფენა მქონდა, რომელიც სიმბოლურად, ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიე. გამოფენაზე მოსული დამთვალიერებლის სიტყვების ციტირებას მოვახდენ: "შენ არ ხარ ნორმალური", "ჩვეულებრივი გიჟი ხარ", "ეს სრული სიგიჟეა" და ა.შ. არ იყო ჩვეულებრივი მშვიდი გამოფენა. ეს იყო ენერგიის, ემოციის შადრევანი (იღიმის).

ვინაიდან დევიდ დათუნა წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და იქ მოღვაწეობს, ის "არტ ოფ ჰემპტონზე" ამერიკის სახელით იქნება გამოფენილი, მე კი - როგორც საქართველოს წარმომადგენელი.

- მუშაობის გრაფიკი როგორი გაქვთ?

- მუშაობას ვიწყებ დილით ადრე. იმის გამო, რომ ნამუშევარი არის ფილიგრანული, მზის შუქი და ენერგია მჭირდება. მუშაობის დროს აუცილებლად ჩართული მაქვს მუსიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ მესმის, იმდენად ვარ სამუშაოში ჩართული. კარგი განწყობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ნამუშევარზე აისახება. ვერ ვგრძნობ, როგორ გადის დრო, თითქოს სხვა განზომილებაში ვარ. ასე გადის საათები, დღეები, თვეები, სანამ ნამუშევარს დავასრულებ და ეს ჩემი ყოველდღიური რეჟიმია. ვერასდროს ვხედავ, რას ვაკეთებ, რადგან როდესაც დიდი ზომის ნამუშევარს ვქმნი, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბაზა ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია და მისი მთლიანად დანახვა შეუძლებელია. ამიტომაც ვმუშაობ კონკრეტულ მონაკვეთზე და არა მთლიან კომპოზიციაზე. ხელი თავისთავად აკეთებს იმას, რაც იმ მომენტში გონებაში წარმოიშობა და მხოლოდ ნამუშევრის დასრულების შემდეგ, როდესაც უკვე არაფრის შეცვლა არ შეიძლება, კომპოზიციას მთლიანობაში აღვიქვამ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ნამუშევრის საბოლოო სახე არ მომწონებოდა და ეს ჩემთვის ერთგვარი სიურპრიზია და ამ განცდას არაფერი შეედრება.

GzaPress

- რას "შეხვდება" დამთვალიერებელი თქვენს ნამუშევრებში?

- მასალის მოძიება ყველაზე რთულია, რადგან თითოეული ნამუშევარი სპეციფიკურ და ყოველ ჯერზე განსხვავებულ მასალას მოითხოვს. ეს არის ზღვა რაოდენობის და ფაქტურის დეტალები: თვლები, მინა, ბისერი, ნახევრად ძვირფასი ქვები, უბრალოც და მრავალი სხვა რაღაც. პირველ ნამუშევრებში გამოყენებული მაქვს: ბრინჯი, წიწიბურა და ჩაიც კი (იღიმის). ნამუშევარის შექმნისას სპონტანურად მოდის ფაქტურაც, ფერიც, მასალაც ანუ ეს არაა პალიტრა კონკრეტული ფერებით, რომლითაც დახატავ, ესაა პალიტრა, სადაც შენ იგონებ, ეძებ ფერსაც და ფაქტურასაც. მეტრნახევრიან ინსტალაციაზე ყველაზე მცირე დეტალი ერთმილიმეტრიანია, ხოლო ყველაზე დიდი - 4-5-სანტიმეტრიანი.

GzaPress

- ალბათ ნამუშევრები უცხოეთში იყიდება...

- ძირითადად, უცხოელი კოლექციონერები იძენენ. ამჟამად ჩემი ინსტალაციები საკმაოდ ძვირად არის შეფასებული, მაგრამ თანხას ვერ დავასახელებ (იღიმის). დროთა განმავლობაში მათი ფასი ალბათ გაიზრდება. ამერიკის გამოფენა წინ გვაქვს და ვნახოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოფენის შემდეგ ჩემი, როგორც ხელოვანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება (იღიმის).

ანა კალანდაძე