თბილისი Open Air 2015 - ფესტივალი სტიქიის შემდგომი ვნებათაღელვის ფონზე - გზაპრესი

თბილისი Open Air 2015 - ფესტივალი სტიქიის შემდგომი ვნებათაღელვის ფონზე

შეგახსენებთ, რომ მის დაბადებას საერთაშორისო სკანდალი უძღოდა წინ: 2009 წელს, ევროვიზიის კონკურსიდან მოხსნეს ქართველი მომღერლები სტეფანე & 3G, რომლებიც შოუზე, ორგანიზატორებისთვის მიუღებელი სიმღერის, - We don't wanna put in, - შესრულებას აპირებდნენ. საქმე ის არის, რომ ღონისძიების მესვეურებმა ამ სიმღერის ტექსტი პოლიტიზებულად და შეურაცხმყოფელად ჩათვალეს (მასში იყო ერთგვარი მინიშნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე) და მისი შეცვლა მოითხოვეს, ხოლო ქართული მხარისგან უარის შემდეგ, ჩვენს კონკურსანტებს შოუზე გასვლის უფლება აღარ მისცეს. სწორედ ამის შემდეგ, თბილისში დაიბადა ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალის ჩატარების იდეა და იმავე წლის 15-17 მაისს, პირველი სამდღიანი ღონისძიებაც გაიმართა.

GzaPress

მომდევნო წლებში თბილისი Open Air თანდათან ძლიერდებოდა და ორგანიზატორებმა ისეთი სახელგანთქმული ჯგუფების ჩამოყვანაც შეძლეს, როგორებიც რუსული DDT (არაერთხელ) და ბრიტანული Dეეპ Pურპლე-ა. თუ წლევანდელი ფესტივალის მონაწილეთა შემადგენლობას გადავხედავთ და ხანგრძლივობასაც მხედველობაში მივიღებთ (იგი ხუთდღიანი იქნება), შეიძლება ითქვას, რომ წინ გველოდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. ამავე დროს, როგორც ჩანს, სკანდალის გარეშე არც წლევანდელი ფესტივალი ჩაივლის. ცოტა ხნის წინ, პრესასა და სოციალურ ქსელებში თბილისი Open Air-ის საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა და არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოების ნაწილში ასეთი განწყობა უშუალოდ მისი მსვლელობის დროსაც შენარჩუნდეს. საგულისხმოა ისიც, რომ მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფში უკმაყოფილების მიზეზი ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი, მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი, Placebo გახდა, რაც სოციალურ ქსელში, მისი წევრის მიერ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა. კერძოდ, გიტარისტმა სტეფან ოლსდალმა (სტეფანოლსდალ) გმირთა მოედანზე მყოფი ბეჰემოთის სურათს ასეთი კომენტარი გაუკეთა: "ეს თბილისში (საქართველო) დაკარგული ჰიპოპოტამია. რამდენიმე კვირის შემდეგ იქ Pლაცებო უკრავს და მოუთმენლად ველი, როდის შევუერთდები ცირკს".

მოგვიანებით მუსიკოსმა აღნიშნული პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ რა ხდებოდა თბილისში. ბოდიში მოიხადა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის პრესსამსახურმაც. მიუხედავად ამისა, როკჯგუფის წევრის საქციელი ქართული საზოგადოების ნაწილში აღშფოთების მიზეზი გახდა. მაგალითად, "თავისუფალი თაობის" დამფუძნებლის, ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, Placebo-ს საქართველოში კონცერტის ჩატარების უფლება არ უნდა მიეცეს და მისი ორგანიზაცია შეეცდება, რომ თბილისში მათი წარმოდგენა ჩაშალოს. Pლაცებო-ს კონცერტის მოწინააღმდეგეთა შორისაა კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილიც. მან განაცხადა, რომ იმ ახალგაზრდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუერთდებოდა, რომლებიც Pლაცებო-სა და საერთოდ, თბილისი Open Air-ს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ და ბრიტანული ჯგუფის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაშიც მიიღებდა მონაწილეობას.

GzaPress

ახალგაზრდობის დიდი ნაწილი კი ხანგრძლივი და მუსიკალურად საკმაოდ მრავალფეროვანი ფესტივალის დაწყების მოლოდინში იყო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან წელს, თბილისი Open Air-ის სცენაზე არაერთი თანამედროვე მუსიკალური ჟანრის წარმომადგენელი ჯგუფი და შემსრულებელი გამოვა. საინტერესო დღეები ელით ელექტრონული და ექსპერიმენტული მუსიკის, ტექნოს, ფსიქოდელიის, პროგრესივის, ე. წ. ალტერნატიული და მძიმე როკის მოყვარულებს. Placebo-ს გარდა, თბილისს ამა თუ იმ მიმართულების ისეთი ცნობილი შემსრულებლები ეწვევიან, როგორებიც არიან: Black Label Society (აშშ), ბეტ ჰარტი (აშშ), The Tiger Lillies (ინგლისი), Kill It Kid (ინგლისი), Mellow (საფრანგეთი), Archive (ინგლისი), Soap & Skin (ავსტრია), Mujuice, Zemfira, Aquarium (სამივე რუსეთიდან) და სხვა. გარდა ამისა, პუბლიკას საკუთარ შემოქმედებას წარუდგენენ ჯგუფები და შემსრულებლები საქართველოდან.

წელს ფესტივალი 3-7 ივლისს "თბილისის ზღვის ახალი ქალაქის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ჩატარდება და იქვე კემპინგისთვისაც იქნება სივრცე გამოყოფილი.

ალექსი რეხვიაშვილი