როდის და როგორ მივირთვათ ხილი
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხილს, უმეტესად, ძირითადი კვების შემდეგ, დესერტად მივირთმევთ. ერთნი ამბობენ, რომ ხილი აუცილებლად უზმოზე ან მშიერ კუჭზე უნდა მივირთვათ... მეორენი ირწმუნებიან, რომ მასში შემავალი კვებითი ღირებულებების სრულად შესანარჩუნებლად, ხილი კვებიდან ერთ-ორ საათში უნდა მივიღოთ... თუ მოვახერხეთ და საკმაოდ ძვირად ღირებული ხილი შევიძინეთ, ისიც ვიცოდეთ, როგორ და როდის მივირთვათ, რომ მან ჩვენი ორგანიზმი სრულფასოვნად გააჯეროს ვიტამინებით... სწორედ ამ საკითხზე ენდოკრინოლოგს, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტს, ქეთევან ასათიანს ვესაუბრეთ.
- ქალბატონო ქეთევან, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის კვების რაციონი შეიცავდეს ხილს და რა არასასურველ რისკებს ვირიდებთ თავიდან, როცა ხილით ჯეროვნად ვიკვებებით?
- ხილი ადამიანის ჯანსაღი კვების რაციონის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ხილ-ბოსტნეული ორგანიზმისთვის მიკროელემენტებისა და ვიტამინების ძირითადი წყარო გახლავთ. ეს პროდუქტები საკვები ბოჭკოებისა და პექტინის, ორგანული მჟავების, მინერალური მარილების წყაროა. მათ შეუძლიათ გაწმინდონ ორგანიზმი ქოლესტერინისგან, რომლის მაღალი დონე სისხლში ათეროსკლეროზის განვითარების ძირითადი მიზეზია. ისინი, ასევე, სასიკეთო გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებსა და გასტროენტეროლოგიური (კუჭ-ნაწლავის) ტრაქტის მუშაობაზე, ხელს უშლიან ავიტამინოზის განვითარებას. ორგანიზმში ცხიმში ხსნადი ვიტამინების გარდა, როგორიცაა A, D, E, B12, სხვა ვიტამინი არ გამომუშავდება, მარაგი არ იქმნება. შესაბამისად, ყველა სხვა ვიტამინის მიწოდება მხოლოდ საკვებით ხდება. სწორედ ამიტომ, თითოეული ადამიანისთვის აუცილებელია დაბალანსებული კვების რაციონის შემუშავება, სადაც ხილს თავისი კუთვნილი ადგილი აქვს მინიჭებული.
- რომელი ხილია საკვები ბოჭკოებით განსაკუთრებით მდიდარი?
- ეს გახლავთ ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, მარწყვი, მოცვი. პექტინით მდიდარია ვაშლი, ატამი, ქლიავი, შავი მოცხარი.
- ზოგიერთი ადამიანი საერთოდ ვერ მიირთმევს ხილს... შესაძლებელია, ხილში შემავალი ვიტამინებისა და ნივთიერებების სხვა ჯგუფის პროდუქტით სრულფასოვანი ჩანაცვლება?
- სრულფასოვანი ჩანაცვლება შეუძლებელია! თუ არსებობს ამა თუ იმ ხილისადმი ალერგია ან ინდივიდუალური მიუღებლობა, მიზანშეწონილი იქნება ცილის, ცხიმის, ნახშირწყლისა და სუფთა წყლის დაბალანსებული მიღების ფონზე პოლივიტამინის კომპლექსის დამატება, წელიწადის სეზონის გათვალისწინებით.
- გავრცელებული მითითების მიხედვით, როდესაც ხილს ძირითადი კვების შემდეგ მივირთმევთ, მასში შემავალ ვიტამინებს ორგანიზმი სათანადოდ ვერ ითვისებს. ამიტომ, იგი კვებიდან 1-2 საათის შემდეგ უნდა მივიღოთ... არსებობს ასეთი რეკომენდაციაც - ხილი ასორტის სახით უნდა მივირთვათ როგორც ერთი დამოუკიდებელი კვება. როდის ითვისებს ხილში შემავალ ვიტამინებს ორგანიზმი უფრო აქტიურად - კვებიდან ერთი საათის შემდეგ თუ როცა მას ცალკე, დამოუკიდებლად მივირთმევთ?
- ჯანმრთელმა ადამიანმა, სასურველია, ხილი მიიღოს არა როგორც დესერტი, კვების შემდეგ, არამედ როგორც დამოუკიდებელი საკვები. თუ გვსურს, მივიღოთ ყველა ის ვიტამინი, საკვები ბოჭკო, უჯრედისი, პექტინი, ორგანული მჟავები, მინერალები, ენერგია, რასაც ხილი შეიცავს, უმჯობესია, ის მშიერ კუჭზე მივირთვათ. გარდა ამისა, ის უნდა მივირთვათ ყოველგვარი თერმული დამუშავების გარეშე, უმად, რადგან ნებისმიერი ტიპის დამუშავებისას ხილის სასარგებლო თვისებები იკარგება. მნიშვნელობა აქვს ასევე პირის ღრუში ხილის კარგად დაქუცმაცებას. მას შემდეგ, რაც მიირთმევთ ხილს, დაისვენეთ. წვნიანი ხილის მიღების შემთხვევაში - 20-30 წუთი; "ხორციანის", მაგალითად, ბანანის ან ლეღვის მირთმევის შემთხვევაში - 45-60 წუთი. დროის ამ მონაკვეთის გასვლის შემდეგ კი მიირთვით ძირითადი საკვები. თუ ადამიანის ორგანიზმი და მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ხილი უზმოდ, დილით საუზმედ მივირთვათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ხოლო თუ გარკვეული მიზეზების გამო დილით საუზმეზე ეს ვერ ხერხდება, უმჯობესია, ხილი ერთი სახეობის ან ასორტის სახით ცალკე, დამოუკიდებელ საკვებად მივიღოთ. მაგალითად, დღის 12 ან საღამოს 17:00 საათზე.
- შესაძლებელია რომელიმე სახის ხილის გადაჭარბებით მირთმევამ ჯანმრთელ ორგანიზმს რაიმე სახის საფრთხე შეუქმნას?
- ზომიერების დაცვა ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში აუცილებელია. გამონაკლისს არც ხილი წარმოადგენს. გადაჭარბებით ამა თუ იმ ხილის მიღებამ, შესაძლოა, კვებითი ალერგია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუმართავი მუშაობა გამოიწვიოს, ასევე, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში - სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატება. სწორედ ამიტომ, ხილი უნდა შეადგენდეს დაბალანსებული, ჯანსაღი კვების რაციონის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს.
- ხილი ასევე აუცილებელი კომპონენტია ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ბრძოლის კომპლექსური თერაპიის ფარგლებში. რა სახეობის ხილი უნდა ჩავრთოთ აქტიურად დიეტურ კვებაში (წონის კლების მიზნით) და რომელს უნდა მოვერიდოთ?
- ჭარბი წონისა და სიმსუქნისას, სასურველია, მოვერიდოთ მაღალი გლიკემიური ინდექსის ანუ შაქრის მაღალი შემცველობის მქონე ხილის მირთმევას. ეს გახლავთ ლეღვი, ყურძენი, ნესვი, თუთა, მსხალი, ბანანი, ხურმა, კარალიოკი. თუმცა, რაციონალური, ჯანსაღი კვების რეჟიმით განსაზღვრული სიხშირითა და ულუფით (და არა - ყოველდღიურად) ჩამოთვლილი ხილი შესაძლებელია იყოს რაციონში.
- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხილის შერჩევისას?
- არ შეიძინოთ და საკვებად არ გამოიყენოთ საეჭვოდ "ლამაზი" ხილი, რომელსაც არა აქვს უმნიშვნელო ნაკლიც კი და არაბუნებრივად გამოიყურება. არც თუ იშვიათად, მსგავსი ეფექტი ხილის სხვადასხვა ქიმიური ნაერთებით დამუშავების შედეგად მიიღწევა. ეცადეთ, იყიდოთ სეზონური ხილი, რადგან არავინ იცის, რა დრო დასჭირდა არასეზონური ხილის ტრანსპორტირებას ან რა ქიმიური საშუალებებით იქნა დამუშავებული ვარგისიანობის შენარჩუნების მიზნით. მირთმევის წინ ეცადეთ ზედმიწევნით საფუძვლიანად გარეცხოთ ხილი.
შორენა ლაბაძე