"ძალიან ბევრ ადამიანს სურს, ლამაზად დაწერილი თავისი სახელი ჩარჩოში ჰქონდეს მოთავსებული" - გზაპრესი

"ძალიან ბევრ ადამიანს სურს, ლამაზად დაწერილი თავისი სახელი ჩარჩოში ჰქონდეს მოთავსებული"

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულ კონკურსში - "ქართული კალიგრაფია", ახალგაზრდა კალიგრაფმა გიორგი სისაურმა 2010 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. 2015 წელს კი ტიტული - "წლის კალიგრაფის" წოდება მოიპოვა. საერთო ჯამში, 19 წლის კონკურსის ხუთგზის გამარჯვებულია. გარდა ამისა, ხატავს და წერს, უკვე სამი წიგნის ავტორია. დეტალები გიორგისთან საუბრისას შევიტყვე...

- კონკურსი "ქართული კალიგრაფია" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით 2010 წლიდან ხორციელდებოდა და მომავალი წლიდან სავარაუდოდ აღარ ჩატარდება. ბოლო თვეებში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წამოჭრილი პრობლემების გამო, კონკურსის ჩატარება სათუო გახდა. რამდენიმე ადამიანი, (მათ შორის არიან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ის თანამშრომლები, რომლებმაც სამუშაო ადგილები პროტესტის ნიშნად დატოვეს), ვცდილობთ ორგანიზება გავუწიოთ ამ საკითხს და სამომავლოდ არასამთავრიბო ორგანიზაციების დახმარებით მაინც ჩავატაროთ კონკურსი.

- ამის მიზეზი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის შეცვლა გახდა?

- პრობლემა ისაა, რომ ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ერთ-ერთი მთავარი სპონსორი სწორედ სამინისტრო იყო. თუ შესაბამისი დაფინანსება არ იქნება, ბუნებრივია, კონკურსი ვერ ჩატარდება და ახლა ვცდილობთ, მოვიძიოთ ფინანსები. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ავაღორძინოთ ეს სფერო და იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა.

- გიორგი, პრაქტიკული თვალსაზრისით, დღეს რაში შეიძლება კალიგრაფიმა თავისი პროფესია გამოიყენოს?

- კალიგრაფიის ხელოვნება ძალიან ბევრ პრაქტიკულ დარგში შეიძლება გამოიყენო. პირადად მე ვქმნი ლოგოებს, ხელნაწერებს ვაკეთებ, ვთანამშრომლობ ერთ-ერთ ქართველ დიზაინერთან, რომლის ტანსაცმელზეც ჩემი კალიგრაფიული და მხატვრული ნიმუშები გადადის. თუმცა, გაცილებით დიდია პერსპექტივა. თქვენს კითხვაზე მაგალითით გიპასუხებთ: ქუჩაში ყოველდღიურად გვხვდება უამრავი წარწერა. მაღაზიებსა თუ სხვადასხვა პროდუქციაზე სულ ერთი და იმავეს ვხედავთ, ხომ? პრობლემა ისაა, რომ თვალი ეჩვევა ასეთ ერთფეროვან, უგემოვნო წარწერებს. ეს ძირითადად მთავრულად დაწერილი მხედრულია და იშვიათად თუ მინახავს განსხვავებული. არ შეიძლება, 10 მაღაზიიდან ცხრას ერთი და იმავე შრიფტით შექმნილი წარწერა ჰქონდეს. კალიგრაფები, რომლებიც კარგად ვერკვევით დიზაინში, გვაქვს შესაბამისი გამოცდილება, მათთვის განსხვავებულ და ორიგინალურ წარწერას შევქმნით. დამკვეთისთვის ეს თემა მეორეხარისხოვანი არ უნდა იყოს.

- იქნებ კალიგრაფები არ აქტიურობთ და ეს ამის შედეგია?

- რამდენიმე ათეული კალიგრაფი არსებობს, მაგრამ ვინც აქტიურად მუშაობს და გამართულ ხელნაწერს ქმნის, ხუთი ადამიანი ვიქნებით. მე მაგალითად, ვცდილობ, კალიგრაფიის ხელოვნება გავაპიარო, მაგრამ სხვა ასე არ იქცევა. მინდოდა, ერთობლივი სტუდია გაგვეკეთებინა, სადაც მსურველებს საშუალება ექნებოდათ, ეს ხელოვნება შეესწავლათ, მაგრამ ამ ყველაფერს მონდომება და მცირედი კაპიტალი სჭირდება. მარტო ამას ვერ გავწვდები. კერძოდ მყავს მოსწავლეები, მათ შორისაა 8 წლის ბავშვიც და 32 წლის ქალიც. ეს ჩემთვის გარკვეული შემოსავლის წყაროა. ერთი კალიგრაფი, ლილე ჩხეტიანი სვანეთის სოფელ ჭუბერში სკოლაში ბავშვებს ასწავლის ამ ხელოვნებას. ცდილობს, საქმის სიყვარული და ცოდნა პატარებს გაუზიაროს. სვანეთში მცხოვრები ადამიანებისთვის ეს დიდი სტიმულია. სამწუხაროდ, თბილისში მსგავსი რამ არ არსებობს. განათლებისა და კულტურის სამინისტროებთან ამ თემაზე საუბარი მქონია, მაგრამ რატომღაც ამ თემას სერიოზულად არ ეკიდებიან. მქონდა იდეა, ყოფით ნივთებზე, მაგალითად - თეფშებზე დატანილიყო ქართული ასოები ან ანბანი დაიტანოს სუფრაზე, რაც ტრადიციული სუფრის შესანიშნავი "ატრიბუტია". ვფიქრობ, ეს კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი კარგი ნაბიჯი იქნება...

- მოდი, ორიოდ სიტყვით იმაზეც გვითხარი, თუ როგორ მოხვედი დღემდე...

- ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე და საკმაოდ სწრაფად წარიმართა ჩემი განვითარების ტემპი. 14 წლის ვიყავი, როცა ჩემი 12-13 წლებში შექმნილი გრაფიკული ნახატები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ლუვრის ექსპერტებმა ნახეს, ვირტუოზად მაღიარეს, რეცენზია მომიძღვნეს და საფრანგეთში სასწავლებლად ჩასვლა მირჩიეს. ამავდროულად, მათივე ინიციატივით შესაძლებლობა მომეცა, პარიზის ხელოვნების სკოლაში გრანტით მესწავლა. მართალია, სწავლა თანხებს არ უკავშირდებოდა, მაგრამ გასამგზავრებლად და საცხოვრებლად თანხა იყო საჭირო, რაც ვერ ვიშოვე და ამის გამო საქართველოში დავრჩი. შანსი ვერ გამოვიყენე... სიმართლე გითხრათ, სკოლაში აკადემიური მოსწრება მაღალი არ მქონია. სახლში ვიჯექი, სულ ვმუშაობდი და საკუთარი თავის განვითარებაზე ვიყავი ორიენტირებული. ვიცოდი, ადრე თუ გვიან შედეგი მოჰყვებოდა. ასეც მოხდა, ერთხელაც, ჩემი ნამუშევრები გია ბუღაძემ ნახა, მაშინ ის სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო და გაოცებული დარჩა ტექნიკით.

- კალიგრაფიის კონკურსზე როგორ მოხვდი?...

- 2010 წელს პირველად ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. მანამდე არასდროს მქონია შეხება ლამაზად წერის კულტურის ხელოვნებასთან. 55-ე სკოლაში ვსწავლობდი, სკოლაში გვითხრეს, რომ კალიგრაფიის კონკურსის ჩატარება იგეგმებოდა და მსურველებს შეგვეძლო მონაწილეობა. დირექციამ გადაგზავნა ჩემი მონაცემები კონკურსზე. ნამდვილად არ მეგონა, შედეგს თუ მივაღწევდი, ათი ათასზე მეტი მონაწილე იყო და მახსოვს, ჟიურის წევრებს შორის ნაზ დიასამიძე სანამ ჩემს გვარს იტყოდა, ასე დაიწყო: - ვინ უნდა გამხდარიყო გამარჯვებული, თუ არა ჩემი სკოლელიო (იღიმის)?! ყოველწლიურად ახალ შრიფტს ვთავაზობდი ჟიურის და დღემდე საკუთარი, ინდივიდუალური ხელწერის ხუთი შრიფტი მაქვს "დაგროვებული". გარდა იმისა, რომ პირველ ადგილზე გავდიოდი, დღემდე დაახლოებით 30-მდე სხვა ნომინაციაში ვარ გამარჯვებული.

- ახლა რას საქმიანობ?

- სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ასევე ვმუშაობ კერძო დაკვეთებზე. ჩემთან ხშირად მოდიან ადამიანები, ვისაც სურთ, რომ მისი სახელი და გვარი ლამაზად დავუწერო. ანდა მხოლოდ პირველი - საზედაო ასო იყოს გაფორმებული. ვწერ ფურცელეზე, ეტრატზე ან სხვა მასალაზე. ვინაიდან შრიფტში კარგად ვარ გათვითცნობიერებული, დაკვეთები მაქვს ლოგოებზეც. ლონდონში ერთ-ერთ საიუველირო კომპანიის ლოგოზე ვიმუშავე, ასევე ლოგოები შევუქმენი საქართველოში რამდენიმე ღვინის კომპანიას და ა.შ. ვასრულებ სასულიერო ტექსტებსაც, როგორც ასომთავრულად, ისე მხედრულად. ზოგჯერ რამდენიმე საათი ან მთელი დღეა საჭირო ერთი ასოს დასაწერად.

- გიორგი, რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანისთვის მათი სახელი გაქვს დაწერილი და საჩუქრად გადაცემული, მან შორის არიან პაატა ბურჭულაძე და სოფო ნიჟარაძე...

- ბატონი პაატას თხოვნით გავაკეთე მისი სახელის ხელნაწერი. ძალიან გამიხარდა, როცა ეს სიტყვები მოვისმინე. ამ ადამიანის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, რადგან ის უამრავ ახალგაზრდაზე ზრუნავს და არა მარტო მათზე. პირადად მე ორი წელი ფონდ "იავნანას" სტიპენდიატი ვიყავი და პაატა ბურჭულაძე იმ პერიოდიდან მიცნობდა. თუმცა, სანამ მას გავუკეთებდი ხელნაწერს, მანამდე სოფოს გადავეცი თავისი, მაშინ ნახა ბატონმა პაატამაც... სხვათა შორის, ძალიან ბევრ ადამიანს სურს, ლამაზად დაწერილი თავისი სახელი ჩარჩოში ჰქონდეს მოთავსებული.

ანა კალანდაძე