უხეირო ცოლის ხელში... - გზაპრესი

უხეირო ცოლის ხელში...

ისე, საცოდაობა იყო, ბიკენტის სიმდიდრე, რომელიც ხუთ კაცს თავისუფლად დაასახლებდა და აცხოვრებდა, ერთ უხეირო გოგოს დარჩენოდა, მაგრამ მოსეირეები იმასაც ამბობდნენ: ეტყობა, უფალმა გაუმაძღრობისთვის დასაჯა და სწორედ ამიტომ არ მისცა ელისოს გარდა შვილიო...

სკოლაში სიარულიც ეზარებოდა თავის დროზე და არც ინსტიტუტში სწავლით შეუწუხებია თავი, ისე უყიდა ბიკენტიმ დიპლომი, რომელიც ცხადია, ვერ გამოიყენა. მეტი საქმე არ ჰქონდა, ყოველ ცისმარე დღეს ძილს დაიკლებდა და სკოლაში გაიქცეოდა გაკვეთილების ჩასატარებლად და სხვისი შვილების აღსაზრდელად, როცა თავისი შვილებიც ძიძას გააზრდევინა და ღამეც არ გაუთევია მათთვის...

თვრამეტი წლისამ მოინდომა გათხოვება და არც ამაზე დასწყვიტა ბიკენტიმ გული. თან, ისეთი ბიჭი "ჩაახუტა", ბევრ მზეთუნახავს რომ აბოდებდა მისი სახელი, მაგრამ ყველაფერი უძლური აღმოჩნდა ფულისა და სიმდიდრის წინაშე... სოსომ ინსტიტუტიც სიმამრის დახმარებით დაასრულა და არც სამსახურის შოვნა გასჭირვებია: პირდაპირ ფირმის დირექტორად დანიშნა თუ დაანიშნინა ბიკენტიმ. ქალაქში ყველაზე მოდურად სოსოს ეცვა, ჰყავდა სასურველი მანქანა და საბჭოთა კავშირის "დახურული სივრცის" დროსაც კი ახერხებდა ბულგარეთის ცნობილ კურორტზე დასვენებას.

ელისომ სამი შვილი გაუჩინა - ორი გოგო და ერთიც ბიჭი. ბიკენტიმ ცოტა ხნის წინ ყველას ჭირი წაიღო, მაგრამ სოსოს იმდენი სიმდიდრე დაუტოვა, შესაშინებელი არაფერი ჰქონდა, უმუშევარიც რომ დარჩენილიყო. პრობლემამ სხვა მხრივ იჩინა თავი: 23 და 25 წლის ქალიშვილებს ვერა და ვერ ათხოვებდა. მაჭანკლებიც დაატრიალა, მაგრამ ისინიც ვერაფერს გახდნენ:

- ვინც შენი ცოლის ფეთხუმობისა და სიზარმაცის ამბავი გაიგო, ყველამ უარი თქვა, - იმის გაზრდილ შვილებს რძლად როგორ შემოვიყვანთ სახლშიო?! - შეთქმულებივით ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ მაჭანკლები. ჰოდა, პირველად ეჩხუბა დივანზე წამოკოტრიალებულ ელისოს ქმარი:

- შენ ძველი დრო ხომ არ გგონია, ჩემსავით რომ გაბრიყვდეს ვინმე, მით უფრო, იმ კაი ოჯახის შვილები, შენ და შენს ზარმაც გოგოებს რომ მოგწონთ?.. აღარც მამაშენი ბიკენტია ცოცხალი, მე კი სად შემიძლია იმასავით ენის მოქნევა და კაცისთვის თვალის ახვევა? ასწიე ეგ შენი გასივებული საჯდომი და მტვრიანი ტილო მაინც გადაფერთხე ფანჯარაში, რომ დაგინახოს ხალხმა და აზრი შეიცვალოს...

შვილის გამო რას არ გააკეთებს დედა და ელისომაც "გაწირა თავი", სახლის გენერალური "უბორკა" წამოიწყო. თანაც, მოსამსახურეები კი არ დაიქირავა, როგორც ეს სხვა დროს ხდებოდა, თავად დატრიალდა და გასათხოვარი შვილებიც დააფაცურა: - ერთი ფანჯრების გასაწმენდად შესვა რაფებზე, მეორეს ეზოს დალაგება მოსთხოვა, რაც შეიძლება მეტ გამვლელ-გამომვლელს რომ დაენახა...

სოსო სამსახურში წავიდა და ორიოდე საათში დაურეკა მეზობელმა:

- სასწრაფოდ სახლში მოდი, შენმა ცოლ-შვილმა ეზოში ცეცხლი დაანთო, ცეცხლი სახლზე გადავიდა და მეხანძრეები აქრობენ...

გულზე შემოენთო ცეცხლი სოსოს და ლამის კედელს ურტყა თავი, რომ ასე უტვინოდ დახარბდა ბიკენტის ქონებას...

მეხანძრეებმა დროზე მიუსწრეს და სახლი გადაარჩინეს, მხოლოდ ფასადს სჭირდებოდა შეკეთება, მაგრამ მთავარი სიურპრიზი წინ ელოდა სოსოს:

- რა ჯანდაბა დაწვით ასეთი, ლამის მთელი უბანი რომ გადაწვით?! - ჰკითხა ცოლს.

- ათასი ძველმანით იყო გამოტენილი კარადები. ხის ჩემოდანიც კი შენახული გვქონია. ისე ჰქონდა დაჟანგული საკეტები, აღარც იღებოდა...

- ისიც დაწვი?! - ზეცა შეაზანზარა სოსოს ღრიალმა.

- რა ჯანდაბად გინდოდა?! - ხმას აუწია დაზაფრულმა ელისომაც, რომელიც აზრზე არ იყო, რომ იმ ჩემოდანში ფულს ინახავდა ჯერ ბიკენტი და ახლა სოსო...

სოსომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სუნთქვა შეეკრა და... გონს რომ მოეგო, სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული - ინფარქტს გაეგლიჯა მისი გულის კუნთი. სასთუმალთან აცრემლებული ელისო ეჯდა. თვალგახელილი ქმარი რომ დაინახა, სიცილ-ტირილი აუტყდა:

- ხომ არაფერი გინდა?! - დაუკოცნა ქმარს გულზე დაკრეფილი ხელები.

სოსოს ლაპარაკი არ შეეძლო, თორემ ადვოკატის მოყვანას მოითხოვდა, რადგან მარტო ცოლთან კი არა, უხეირო შვილებთანაც გაყრა ჰქონდა გადაწყვეტილი...

არა, იმდენი მაინც დარჩათ ფულიც და ქონებაც, რომ მშვიდად გააგრძელონ ცხოვრება და საბოლოოდ, არც სახლიდან გაქცეულა სოსო, მაგრამ რამდენჯერაც ცეცხლში ჩამწვარი ფული გაახსენდება, ისე აექავება ხოლმე ხელისგულები, რომ სახლიდან გარბის, ცოლი არ შემომაკვდესო.

ინგა ჯაყელი