თიკა ჯამბურია: "ძალიან მრცხვენია" - გზაპრესი

თიკა ჯამბურია: "ძალიან მრცხვენია"

პრეამბულის მაგიერ

თიკა:

- "ერუდიტი", ანუ?

- სხვადასხვა სფეროდან მაქვს მომზადებული კითხვები. ერთგვარი ინტელექტუალური თამაშია.

- აუ! კარგი იქნება.

- როგორი მკითხველი ხარ?

- აქტიური არ ვარ და ამის გამო, ძალიან მრცხვენია. აბიტურიენტობის პერიოდში მეტს ვკითხულობდი.

- სავალდებულო ლიტერატურას?

- არა მხოლოდ იმ წიგნებს, რომელიც ინსტიტუტში მჭირდებოდა. თავისუფალ დროსაც ვკითხულობდი.

- მერე რატომ გადაეჩვიე?

- ხომ ამბობენ, წიგნი კომპიუტერმა ჩაანაცვლაო? მაინც ვთვლი, რომ ადამიანის ინტერესზეა დამოკიდებული. ჩემს დას კარგი ბიბლიოთეკა აქვს და მგონი წაუკითხავი არც ერთი წიგნი არ აქვს.

- თავისუფალ დროს რას აკეთებ?

- კომპიუტერში ფილმებს ვუყურებ.

- ამ დროის გამოყენება წიგნის საკითხავად არ გიცდია?

- კი, ეს არის თურქი მწერლის ნაწარმოები, წიგნის სახელს ვერ ვიხსენებ. ქალის და კაცის სიყვარულზეა, მათ სიყვარულს მუზეუმიც მიუძღვნეს. ამ წიგნს თუ შეიძენ, საჩუქრად მუზეუმში შესასვლელი ბილეთი მოჰყვება. (სავარაუდოდ, თიკა ორჰან ფამუქის რომანს - "უმანკოების მუზეუმი" გულისხმობს). წიგნებს ხშირად ჩემი შვილისთვის და დისთვის ვიძენ. ჩემს დას კითხვა ძალიან უყვარს, წიგნი მისთვის საუკეთესო საჩუქარია. ბევრჯერ ურჩევია ჩემთვის, ეს წიგნი წაიკითხეო და მე გვერდზე გადამიდევს. კარგი მეხსიერებაც არ მაქვს. ის წიგნებიც კი წაუკითხავი მგონია, რომელიც წაკითხული მაქვს.

- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შენზე რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა?

- "ალი და ნინო" (ყურბან საიდი) იმდენად მომეწონა, გავგიჟდი, ერთ ღამეში წავიკითხე. სასიყვარულო თავგადასავლები და დეტექტივები მიყვარს. სებასტიან ჟაპრიზოს დეტექტივები მომწონს. ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, თუ ფილმი მაქვს ნანახი, წიგნს ვეღარ ვკითხულობ.

- რომელ ქვეყანაში შემოიღეს პირველად სახლების ნუმერაცია და რით განისაზღვრებოდა მანამდე სახლის მისამართი?

- ევროპაში, არა?

- რომელ ქვეყანაში?

- ვფიქრობ, გერმანიაში იქნებოდა. ბევრი პატარა სახლია, თან მოწესრიგებული ხალხი ცხოვრობს.

- სწორი პასუხია, დიდი ბრიტანეთი, ლონდონი. პოეზია გიყვარს?

- კარგი ცოდნით ვერ დავიკვეხნი.

- "სამშობლოს არვის წავართმევთ,/ ნურც ნურვინ შეგვეცილება,/ თორემ ისეთ დღეს დავაყრით,/ მკვდარსაც კი გაეცინება". ავტორი ვინ არის?

- გავ-გი-ჟდ-ებიი!!! ახლავე გავგიჟდები! არ მინდა, რომ შემეშალოს და უაზრობა გითხრა.

- სავარაუდო პასუხი მითხარი.

- ვერ გეტყვი, არ მინდა, სისულელე გამომივიდეს, მიკარნახე.

- რომ გიკარნახო, მკითხველი "გაიგონებს". მინიშნებას გეტყვი: ამ მწერლის მამა თვითნასწავლი მღვდელი იყო, მისსავე სოფელში აგებულ ეკლესიაში სწირავდა. მწერალი დედაქალაქში არ ცხოვრობდა.

- არ ვიცი, ძალიან მრცხვენია.

- ვაჟა-ფშაველა.

- რა თქმა უნდა, ძალიან შემრცხვებოდა, ვაჟა რომ მეთქვა და არასწორი ყოფილიყო. მშიშარა ვარ, ამიტომ იშვიათად ვრისკავ.

- რომელი ფილმის გადაღების დროს გაიცნეს ერთმანეთი ოთარ კობერიძემ და ლია ელიავამ?

- ვერ გეტყვი.

- "ბაში-აჩუკი".

- სამწუხაროდ, ბევრი ქართული ფილმი არ მინახავს.

- არც ხსენებული ფილმი გინახავს?

GzaPress- არა. მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ქართული ფილმები ნანახი ფაქტიურად არა აქვთ.

- ხომ შეგიძლია, ინტერნეტში უცხოურთან ერთად ქართული ფილმებიც ნახო?

- გულწრფელად მაინტერესებს და მიპასუხე, ჩემი თაობიდან ინტერნეტში "ბაში-აჩუკს" რომელი უყურებს?

- აკაკი წერეთლის ეს ნაწარმოებიც არ გაქვს წაკითხული?

- არა.

- ...

- ცოტა ხნის წინ, ჩემს დასთან ერთად "იმერულ ესკიზებს" ვუყურებდი. ოთახიდან ისეთი სიცილის ხმა გამოდიოდა. დედა შემოვიდა, - რა გაცინებთო? ეს ფილმი პირველად ვნახე.

- რისი დრო დგებოდა ძველ რომში, როცა დიასახლისი სტუმრებს სანდლების გახდას სთავაზობდა?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, დღეში ჩვენ ამას რამდენჯერმე ვაკეთებთ და ფეხსაცმელს არ ვიხდით.

- სადილობის ან ვახშმის დრო?

- გამოიცანი, ასე სადილობის დროს ხდებოდა. ვინ არის სიმღერის - "გაზაფხული შემოსულა ლენ", ტექსტის ავტორი?

- არ ვიცი.

- მურმან ლებანიძე.

- მუსიკის ავტორი ვინ არის, ლაღიძე?

- ჯემალ სეფიაშვილი. "იმედი იქონიე ძაღლის ერთგულებისა ბოლომდე, ქალისა კი - შემთხვევამდე". ვინ არის ამ ცნობილი გამონათქვამის ავტორი?

- არ ვიცი, მაგრამ არ ვეთანხმები. კაცის იმედი უფრო არ უნდა იქონიო. როგორ შეიძლება, კაცის იმედი გქონდეს მაშინ, როცა ქართველი კაცი ტრაბახობს, რომ ცოლის ღალატი "მაგარი პონტია" და მის ვაჟკაცობაზე მეტყველებს? ასეთ ადამიანს შეიძლება ენდო?

- გამონათქვამის ავტორი სტენდალია. ახლა კი მიპასუხე, რა ჰქვია მუსიკალურ წყობას, რომლის ბგერები ქმნის მცირე ტერციაზე აგებულ აკორდს. დამახასიათებელია ნაღვლიანი ბგერითი ელფერი.

- მინორი.

- თეატრალაურ უნივერსიტეტში სწავლობ, შენს პროფესიულ არჩევანზე გავლენა რამ იქონია?

- პატარა ასაკიდანვე სცენაზე ვდგავარ. მსახიობური ნიჭი მაქვს, ბავშვობაში პაროდიებს ხშირად ვაკეთებდი.

- რატომ არსად თამაშობ?

- სანამ სადიპლომო სპექტაკლს არ დავდგამთ, თამაშის უფლება არა გვაქვს.

- თეატრალურის სხვა სტუდენტები რომ თამაშობენ?

- ჩვენი რეჟისორი უფლებას არ გვაძლევს. ზოგიერთი ამ მხრივ სტუდენტებს არ ზღუდავს. გიორგი მარგველაშვილის ჯგუფში ვიყავი, ახლა მაია გაჩეჩილაძესთან ვარ. ფილმში თამაშიც მინდა და სცენაზეც.

- უილიამ შექსპირის რომელი პერსონაჟი ამბობს: "ბევრი რამ არის ჩემო ჰორაციო ქვეყნად ისეთი, რაც ფილოსოფოსთ სიზმრადაც არ მოლანდებიათ".

- არ ვიცი.

- ცნობილი პერსონაჟია.

- არა, არა, შეცდომით რომ ვთქვა, არ მინდა.

- ჰამლეტი.

- პირველი ეგ გავიფიქრე.

- ის 2 წელსა და 2 თვეს შენდებოდა. მშენებლობაზე კი 200 ადამიანი მუშაობდა. მისი სიმაღლე 320 მეტრია, წონა - 10 ტონა. კიბეს 1702 საფეხური აქვს. რაზეა ლაპარაკი?

- ეიფელის კოშკზე.

- ის დიდი ხანია, ბრუნვაშია. თავიდან წითელი ფერი იყო, ახლა კი მწვანეა. რაზეა ალაპარაკი?

- ვერ ვხვდები.

- დოლარზე. დაასრულე კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი გამონათქვამი: "თუ ქალის გულის მონადირება გინდა, მომეტებული ყურადღება..."

- უნდა მიაქციო თუ არ უნდა მიაქციოო?

- ერთ-ერთი ვარიანტი აირჩიე, რომელიც უფრო მართებული გგონია.

- "...მომეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციო". ასეა?

- დიახ.

- ქალებს ხომ უმეტეს შემთხვევაში ის ადამიანი უყვარდებათ, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მეც მიმაჩნია, რომ ურთიერთობაში არც ერთი მხრიდან ზედმეტი ყურადღება საჭირო არ არის.

- საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელის მეოთხე თითზე ჯერ კიდებ ეგვიპტელი ფარაონების დროიდან იკეთებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ...

- ვაიმე ეს ვიცოდი, ვერ ვიხსენებ.

- ეს თითი გულთანაა დაკავშირებული. ამ საბანაო კოსტიუმის პირველი ჩვენება ერთ-ერთ კუნძულზე საცდელი ბირთვული აფეთქების დღეს დაემთხვა. სწორედ ამიტომ ეწოდა მას ამ კუნძულის სახელი.

- ვერ გიპასუხებ.

- ბიკინი. ვინ ასრულებს მაია წყნეთელის როლს მხატვრულ ფილმში - "მაია წყნეთელი"?

- არ ვიცი.

- ლეილა აბაშიძე. ერთხელ კომპოზიტორმა ჯუზეპე ვერდიმ განაცხადა: ეს მუსიკის ზოგიერთი სახეობის განუყოფელი ნაწილიაო და მისი პარტიტურაში ჩაწერა მოითხოვა. რის შესახებ ლაპარაკობდა ამას ვერდი?

- აპლოდისმენტების.

- სად არის დასვენებული წმინდა ნინოს ჯვარი?

- არ ვიცი.

- სიონში.

- უი, გამახსენდა ნინოობას ჩემი შვილი მყავდა წაყვანილი.

- მარტოხელა კაცი შინ არ ყოფნის დროს გაქურდეს. გაიგებდა თუ არა ამას აგარაკზე მყოფი მისი ცოლი?

- მარტოხელას ცოლი არ ეყოლებოდა.

- რომელ წიგნზე სრულდება საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია?

- ბიბლიაზე.

- ცდები.

- საქართველოს კანონებზე?

- კონსტიტუციაზე.

- დაბოლოს, დაასრულე შოპენჰაუერის ცნობილი გამონათქვამი: "საშუალო კაცი სულ იმის ფიქრშია, დრო როგორ გაატაროს. ნიჭიერი კი..."

- "..როგორ გამოიყენოს".

თამუნა კვინიკაძე