რამაზო რომას პრეტენზიული "გოგო" "საქმროებს" ჰკბენს - გზაპრესი

რამაზო რომას პრეტენზიული "გოგო" "საქმროებს" ჰკბენს

სიუსიუ იაპონური სპიცის ჯიშის ძაღლი გახლავთ. მეგობრები დიდ სიამტკბილობაში არიან - ერთად სადილობენ, სტუმრებს მასპინძლობენ...

- უკვე 6 წელია, რაც სიუსიუ მყავს. ძალიან გახარებულია, მასთან რომ ვარ. გვერდიდან 2 წამითაც არ მცილდება.

- რამდენი ხნით გყავდათ დატოვებული?

- 4 თვით.

- 4-თვიანი განშორების შემდეგ, თქვენი პირველი შეხვედრა როგორი იყო?

- ძალიან გაუხარდა: გაგიჟებული დარბოდა! ხან სათამაშო მომიტანა... არ იცოდა, რითი ვესიამოვნებინე. ჩემთან ერთად სძინავს. ერთად ძალიან ვერთობით.

- სიუსიუ თქვენს ცხოვრებაში როგორ გაჩნდა?

- კოლექციისთვის აქსესუარების საყიდლად დავდივარ ხოლმე. სტამბოლში ისტორიული ბაზარი არსებობს, სადაც ცხოველები იყიდება. ჰოდა, ერთხელ დავინახე, რომ ვიღაცას ხელში აყვანილი ლამაზი ძაღლი მოჰყავდა. ვკითხე, - სად იყიდე-მეთქი? - აი, აქ ცხოველების ბაზარი არისო, - მიმითითა. ძალიან მომინდა, რომ ძაღლი მეყიდა... მაღაზიაში შესულს ერთი ძაღლი მომეწონა, მაგრამ სიუსიუმ ყეფა ატეხა, გისოსებს თათებით "გლეჯდა"! მისი აქტიურობა ძალიან მომეწონა. სიუსიუსგან დადებითი ენერგია მოდიოდა... სხვა ძაღლის ყიდვა გადავიფიქრე და სიუსიუ შინ წამოვიყვანე... ძალიან ერთგულია. ვიღაცამ ხელი რომ დამადოს, პირდაპირ, უემოციოდ ჰკბენს...

- სიუსიუ რატომ დაარქვით?

- აზრად ეს სახელი მომივიდა, რადგან ძალიან ნაზი და ელეგანტურია.

- ალბათ, დიზაინერს თქვენი ძაღლი სამოსით განებივრებული გყავთ, ხომ?

- არა. სხვათა შორის, სამოსში გამოწყობილი ძაღლები არ მომწონს. ჩემს სიუსიუს ისეთი ლამაზი ბეწვი აქვს, რომ არ მინდა, დავმალო. მხოლოდAაქსესუარებს ვუკეთებ ხოლმე...

- ნიჭიერი ძაღლია?

- სიუსიუს 3 ენაზე - ქართულად, თურქულად, რუსულად საუბარი ესმის. ძალიან ნიჭიერი "გოგო" მყავს: რაღაცას რომ დააშავებს, ვეუბნები, - სიუსიუ, ეს რა ქენი-მეთქი? ჩუმად მიდის და კუთხეში, 2 ფეხზე დგება... სასწაული რამეა!

- ლეკვობისას ჭირვეული იყო?

- 4 თვის იყო, როცა ვიყიდე. მისგან არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.

- ოინების მოწყობა უყვარს?

- კი, კი. დიდი ტერასა მაქვს, სადაც ჩიტები დაფრინავენ. აკრძალვის მიუხედავად, სიუსიუ ჩაუსაფრდება ხოლმე და სახლში ხან რომელ ჩიტს შემომიყვანს, ხან - რომელს.

- ჩიტებს ჭამს?

- არა, არა, ეთამაშება. სხვათა შორის, ქათმები ძალიან მიყვარს. ერთხელ გადავწყვიტე, ტერასაზე 1-2 დეკორატიული ქათამი მყოლოდა, მაგრამ სიუსიუმ ისეთი ამბავი ატეხა, რომ ფრინველები ლამის დაგლიჯა! ტერასაზე ვერც ვუშვებდი.

- ქათმებს რა ბედი ეწიათ?

- ჩემს მეგობარს ვაჩუქე.

- სიუსიუს ხშირად ასეირნებთ?

- მე არ მცალია. ჩემი მეგობარი და ასისტენტი ასეირნებს ხოლმე. სიუსიუს ისიც ძალიან უყვარს. 4 თვე ჩემ გარეშე ამიტომ გაძლო.

- თქვენი ოთხფეხა მეგობარი არ გებუტებათ ხოლმე?

- კი. ხანდახან დავუყვირებ და 1-2 საათს მეორე სართულზე ადის განაწყენებული.

- "საქმრო" ჰყავს?

- ვაიმე, არავის იკარებს! ძალიან ბევრი "საქმრო" მომყავს, მაგრამ ყველას ჰკბენს. ჩემი "გოგო" ძალიან პრეტენზიულია. ექიმთან წავიყვანე, რომელმც მითხრა, - პრეტენზიული ჯიშის ძაღლია. თუ "ვინმე" არ მოეწონა, გამორიცხულია, "რამე ჰქონდეთო". თან, იაპონური სპიცის ჯიშის ძაღლი ბევრი არ არის...

- ერთმანეთს ჰგავხართ?

- ყველაფრით. მაგალითად, დღე ძილი ჩემსავით უყვარს, ასევე - ჭამაც (იცინის).

- ძაღლებისთვის განკუთვნილ საჭმელს მიირთმევს, თუ?..

- ძაღლების საჭმელი აქვს, მაგრამ არასოდეს ჭამს. სუფრასთან გვერდით მომიჯდება და საკვებს ერთად მივირთმევთ. გუშინ "ქართული საღამო" მოვაწყვე. თურქეთში მცხოვრები ქართველები მოვიწვიე. ქართული კერძები მოვამზადე. თბილისიდან ჩამოვიტანე: ყველი, ტყემალი, აჯიკა, ხბოს ხორცი... აქ ხბოს დაკვლა აკრძალულია. ჰოდა, გუშინ მოვამზადე: ჩაქაფული, ნიგვზიანი ხარჩო... მოკლედ, მეგობრებთან ერთად, საღამო კარგად გავატარე. სიუსიუ აბსოლუტურად ყველას ეთამაშებოდა. ძალიან გულთბილი "გოგოა": ყველა სტუმართან ასწრებს თამაშს.

- ცხოველები ასე რომ გიყვართ, მათი ხორცისგან მომზადებულ კერძებს როგორ მიირთმევთ?

- იცი, რა?.. ამაზე არასოდეს მიფიქრია... ხორცი ძალიან მიყვარს!

- ყველაზე იშვიათი რომელი ცხოველი გყოლიათ?

- იშვიათი? არ მყოლია... ერთხელ შინ მაიმუნი მოვიყვანე, მაგრამ 4 დღეზე მეტხანს ვერ გავაჩერე: სახლში ყველაფერი დამიმტვრია.

- 4 დღის შემდეგ, სად წაიყვანეთ?

- ჩემს მეგობარს ვაჩუქე. მას დიდი ეზო აქვს.

- მაიმუნი ახლა როგორ არის?

- ძალიან კარგად. ეზოში დარბის, თავისი "სახლი" აქვს.

- რამაზო, ცხოველების მიმართ თქვენი ოჯახის წევრებსაც თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ?

- ბებიას - კი, დედას, მამას და ბაბუას - არა... მახსოვს, მეხუთე კლასში ვიყავი, როცა დიდი ზომის "ავჩარკა" მივიყვანე შინ. დედაჩემს შეეშინდა - არ დაგგლიჯოსო! ჩემზე მაღალი ძაღლი იყო... ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს. მსურს, როცა ხანში შევალ, თბილისთან ახლოს ლამაზი ვილა მქონდეს დიდი ბაღით, სადაც აბსოლუტურად ყველა ცხოველი მეყოლება და მოვუვლი. ადამიანებს შეგვიძლია, ვიმუშაოთ და საკუთარ თავზე ვიზრუნოთ, ცხოველი კი ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ცხოველი შეიძინოს, მოუაროს... ეს კეთილშობილურ საქმედ მიმაჩნია. ჩემს ნაცნობებს შორის არიან ადამიანები, ვისაც ცხოველები არ უყვარდათ, მაგრამ ძაღლი რომ შეიძინეს, მის გარეშე ვეღარ ძლებენ, რადგან ეს ცხოველები მოალერსეები არიან, პატრონი უყვართ... ძაღლის მსგავსი მეგობარი ძალიან ცოტაა. სიუსიუ სულ მელოდება: ჩვენი სახლის ქუჩისკენ მანქანით რომ შემოვუხვევ, გრძნობს და სიხარულისგან ყეფს...

ეთო ყორღანაშვილი