რამ­დე­ნად სა­ში­შია ფრჩხი­ლის სო­კო? - გზაპრესი

რამ­დე­ნად სა­ში­შია ფრჩხი­ლის სო­კო?

გაითვალისწინეთ ისიც, რომ სოკოვანი ინფექციები ორგანიზმიდან თავისით არ გამოდის და ასეთ დროს ექიმთან ვიზიტი ყველაზე სწორი გზაა.

ბოლო პერიოდში ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია ძალიან გავრცელებულია. ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ ეს დაავადება დიდი საფრთხის მატარებელია, განკურნება კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და დიდ ნებისყოფას მოითხოვს. ამ დაავადებას ხშირად თან ახლავს უსიამოვნო სუნი და ფრჩხილის ჩაზრდის დიდი რისკი. მოვლილი ფრჩხილები ესთეტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და ყველა ადამიანი ზრუნავს ამაზე. როგორ დავიცვათ ფრჩხილები სოკოვანი ინფიცირებისგან, ამ და სხვა აქტუალურ საკითხზე კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის ექიმ-დერმატოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ხათუნა კუდავას ვესაუბრეთ.

-ქალბატონო ხათუნა, სოკოვანი დაავადებები ხშირია, განსაკუთრებით გავრცელებულია ფრჩხილის სოკო. რა იწვევს ამ დაავადებას?

-ფრჩხილის სოკოვანი დაავადება (ონიქომიკოზი) ფრჩხილის ინფექციური დაზიანებაა, რომელსაც იწვევს სხვადასხვა სახეობის სოკო. ცნობილია ონიქომიკოზის გამომწვევი, ორმოცზე მეტი სახეობა.

-რა გზით შეიძლება დაავადდეს ადამიანი?

-დაავადების წყარო შეიძლება იყოს სოკოს სპორებით დაბინძურებული საგნები, რომელთაც უშუალო შეხება აქვს ტერფებთან. ფრჩხილის სოკოს დაავადებას ზრდის ტერფის სოკოვანი დაავადება ოჯახის წევრებს შორის; საერთო აბაზანით სარგებლობა; აუზით სარგებლობა და ა.შ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მნიშვნელოვნად ხელშემწყობი ფაქტორია ფრჩხილის ფირფიტის მთლიანობის დარღვევაც. ამიტომაც ხშირია ონიქომიკოზების განვითარება ფრჩხილების ტრავმული დაზიანების შემდეგ, ვიწრო ფეხსაცმელების ტარების შედეგად.

-როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება?

-დაავადების დიაგნოსტირება ხდება ლაბორატორიულად. პირველ ეტაპზე ტარდება ფრჩხილის ფირფიტიდან აღებული მასალის მიკროსკოპული გამოკვლევა იმის დასადგენად, არის თუ არა სოკოვანი ინფექცია. ამ კვლევით ხდება სოკოს მიცელიუმებისა და სპორების გამოვლენა. მეორე ეტაპზე ტარდება კულტურალური კვლევა, რომლითაც ხდება სოკოს სახეობრივი იდენტიფიცირება ანუ დადგენა იმისა, თუ რა სახეობის სოკოთია გამოწვეული კონკრეტული დაავადება.

-როგორც ვიცით, სოკოვანი დაავადებები გადამდებია, როგორ უნდა დავიცვათ თავი?

-პირველ რიგში, ჰიგიენის პირობებისა და კანის ზედაპირის მთლიანობის დაცვაა აუცილებელი. დაზიანებულ კანში ინფექცია ადვილად იჭრება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ჭარბოფლიანობის კორექციაც, რადგან ტენიან გარემოში სოკოს გამრავლებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები იქმნება.

-რა კლინიკური ნიშნებით ხდება ონიქომიკოზის გამოვლენა?

-კლინიკურად აღინიშნება როგორც ფრჩხილის ფერის, ისე ფორმის ცვლილებები. ფრჩხილის ფერი შეიძლება იყოს თეთრი, მოყვითალო, მღვრიე ან მოყავისფრო. ფრჩხილის ფირფიტა ზოგჯერ ზიანდება მხოლოდ ზედაპირულად და გამოვლინდება აქერცვლით, თუმცა ხშირად იგი სქელდება, ნაწილობრივ ან სრულად იფშვნება ან თავისუფალი კიდის მხრიდან შორდება ფრჩხილის საწოლს. ფრჩხილების დაზიანებას არცთუ იშვიათად თან სდევს ამ მიდამოებში კანის სოკოვანი ინფექციაც, რომელიც გამოვლინდება შემოფარგლული, მოვარდისფრო აქერცლილი უბნებით. თითებშუა ნაოჭების ცენტრში ხშირია ნაპრალების განვითარება.

კანდიდოზური ინფექციით ხშირად დიასახლისებს არჩევითად უზიანდებათ ხელის მტევნების მესამე და მეოთხე თითის ფრჩხილები, რასაც თან ახლავს ფრჩხილის მორგვების შეშუპება და ტკივილი. მათ შორის არსებულ თითებშუა ნაოჭში მუქი წითელი ფერის ეროზიის განვითარება.

-ამბობენ, რომ სოკოვანი ინფექციები ორგანიზმიდან თავისით არ გამოდის. რას გვირჩევთ და როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას? ხშირად ხალხურ მედიცინასაც მიმართავენ პაციენტები, ეს რამდენად გამართლებულია? სახლის პირობებში მისი მკურნალობის რაიმე მეთოდს ხომ არ გაანდობდით ჩვენს მკითხველებს?

-ჩვენს მკითხველს სრულყოფილ მედიკამენტოზურ მკურნალობას ვურჩევდი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სრული განკურნებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ფრჩხილის სოკოს მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს და ეტაპობრივად წარიმართოს, აუცილებელია ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა ჯანმრთელი ფრჩხილის სრულ გაზრდამდე, რასაც დაახლოებით სამი თვე სჭირდება. ყველას ახსოვდეს, რომ ონიქომიკოზი თავისთავად არ იკურნება. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ერთი ფრჩხილიდან სოკო დანარჩენებსაც გადაედება.

-ასეთ დროს ფრჩხილის მოცილება აუცილებელია?

-დიახ, დასალევ აბებთან ერთად საჭიროა ფრჩხილის მექანიკური დამუშავებაც, რომლის მეშვეობითაც ფრჩხილის საწოლს ვაცილებთ დაზიანებულ ფრჩხილის ფირფიტას.

-ხშირად ფრჩხილის სოკო აქვთ დიაბეტის მქონე პაციენტებს, რა იწვევს მათში ამ დაავადებას და რას ურჩევდით მათ?

-დიაბეტით დაავადებულებში აღინიშნება კანის სიმშრალე, რაც განსაკუთრებით ვლინდება ფეხის ტერფების არეში. ეს პრობლემა ძალზედ მნიშვნელოვანია დიაბეტური ტერფის განვითარებისას. ამ დროს არსებული ნახეთქები და ნაოჭებშუა ნაპრალები სოკოვანი ინფექციის შეჭრისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამიტომაც მნიშვნელოვანია ასეთ პაციენტებში ტერფების მუდმივი მოვლა, ჰიგიენის წესების განსაკუთრებული დაცვა, კანის აქტიური და მუდმივი დატენიანება.

თეა ხურცილავა