ჰერ­პე­სი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა - გზაპრესი

ჰერ­პე­სი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოსახლეობის 90% მარტივი ჰერპესის ვირუსის მატარებელია. დაინფიცირების შემდეგ ვირუსი რჩება ადამიანის ორგანიზმში მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჯანმრთელი ადამიანი ხანგრძლივად არის ამ ვირუსის მატარებელი. ასეთ დროს პატარ-პატარა ბუშტუკები ჩნდება ტუჩზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ალბათ ბევრი ადამიანი ფიქრობს დაავადებისგან განკურნების გზებზე.

ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული დაავადების კლინიკური გამოვლინებები: ჯანმრთელ ადამიანებში ჰერპესის რეციდივი მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო ვისაც იმუნური სისტემის დარღვევები აღენიშნება, დაავადება რთულდება. როგორც ამბობენ, ყველაზე ხშირად ჰერპესი დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში ვლინდება და განსაკუთრებით ინფექცია გაცივების, ალკოჰოლისა და ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მოქმედების შემდეგ მწვავდება. აღინიშნება როგორც კანისა და ლორწოვანი გარსის, ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანებით. რაც ყველაზე საყურადღებოა, დაავადება გადამდებია. ჰერპესის ვირუსის შესახებ ვესაუბრეთ კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის ექიმ-დერმატოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ხათუნა კუდავას.

- რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ჰერპეს-ვირუსით დასნებოვნებამ?

- ჰერპეს-ვირუსებით გამოწვეული დაავადებები იყოფა მარტივი ჰერპესისა და ჰერპეს ზოსტერის ჯგუფებად. მარტივი ჰერპესის ორი ტიპის ვირუსს გამოყოფენ. პირველი ტიპი იწვევს პირის ღრუსა და კანის დაზიანებას (ძირითადად ტუჩების, ცხვირის არეებში, თუმცა შესაძლებელია კანის სხვა უბნებიც დაზიანდეს), მეორე - გენიტალიურ ინფექციებს. ჰერპეს ზოსტერის გამომწვევია ჩუტყვავილას ვირუსი.

- ის გადამდები დაავადებაა, იქნებ ჩამოვთვალოთ ის გზები, რომლითაც გადადის ჰერპესი?

- მისი სახეობიდან გამომდინარე, გადადების გზები განსხვავებულია. მარტივი ჰერპესის პირველი ტიპის შემთხვევაში ინფიცირება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით ან უშუალო კონტაქტით დაზიანებულ კერასთან, კოცნის დროს. დაავადების გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული სამართებლის ან სხვა პირადი ნივთის გამოყენებით. მარტივი ჰერპესის მეორე ტიპის დროს გადაცემის გზა სქესობრივია. რაც შეეხება ჰერპეს ზოსტერს, უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ დაავადებასა და ჩუტყვავილას ერთი და იგივე ვირუსი იწვევს. პაციენტს უკვე გადატანილი აქვს ჩუტყვავილა ბავშვობაში და გარკვეულ პირობებში ხდება მისი რეაქტივაცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰერპეს ზოსტერით დაავადებული მოზრდილისგან შეიძლება ბავშვს გადაედოს ინფექცია ჩუტყვავილას ფორმით.

- ხშირად აქვთ ჰერპესი ტუჩზე, რასაც ახლავს წვა. რა იწვევს ამას?

- ეს მარტივი ჰერპესის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. დასაწყისში იწყება წვისა და ტკივილის, ზოგჯერ ქავილის შეგრძნებით, რასაც მოჰყვება ამ ადგილზე გამონაყარის გაჩენაც ჯგუფად განლაგებული ბუშტუკოვანი გამონაყარის სახით.

- როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება?

- ჰერპესული ინფექცია მისთვის მახასიათებელი გამონაყარით ვლინდება, რაც გამოცდილ დერმატოლოგს დიაგნოსტირების საშუალებას აძლევს. იმის დასადგენად, პროცესი მწვავეა თუ ქრონიკული, საჭიროა სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა. რთულ სიტუაციებში საჭიროა დაზიანებულ ადგილებში წარმოქმნილი ბუშტუკების შიგთავსის გამოკვლევა; პაციენტის სისხლის დეტალური ანალიზი.

- რა იგულისხმება მისთვის დამახასიათებელ გამონაყარში?

- კანის დაზიანებულ უბნებზე ჩნდება ჯგუფად განლაგებული ბუშტუკოვანი გამონაყარი. მარტივი ჰერპესის შემთხვევაში ეს ლოკალურ ხასიათს ატარებს და სუბიექტური ჩივილებიც მწირია, ჰერპეს ზოსტერის შემთხვევაში კი სიგრძივად, დაზიანებული ნერვის გასწვრივ არის განლაგებული და ძლიერი ტკივილის შეგრძნება თან ახლავს. მოგვიანებით, რამდენიმე დღეში ბუშტუკები სკდება და წარმოიქმნება ეროზიული უბნები, რომლებიც შემდგომში ქერქით იფარება.

- როგორ იკურნება იგი? როგორ უნდა მოვიქცეთ ჰერპესის გაჩენის შემთხვევაში? მარტო მალამოების წასმა რამდენად ეფექტიანია?

- მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია მისი ფორმებიდან გამომდინარე და დამოკიდებულია სიმწვავესა და გართულებებზეც. ასევე მნიშვნელოვანია, დაავადების დაწყებიდან მერამდენე დღეს ვიწყებთ მკურნალობას. საჭიროა სრულყოფილი კომპლექსური მკურნალობის ჩატარება, თუმცა ზოგჯერ პირველი ტიპის მარტივი ფორმის ჰერპესის დროს ადგილობრივი თერაპიაც საკმარისია. იმისათვის, რომ უკვე დაინფიცირებულმა ადამიანმა თავიდან აიცილოს დაავადების განმეორებითი გამოვლინება, გამოიყენება გერპეტიკული ვაქცინა.

- ისიც ცნობილია, რომ თუ ადამიანს ერთხელ აღმოაჩნდა ჰერპესი, შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ გაუჩნდეს. რა შემთხვევაში მწვავდება ეს დაავადება?

- ამ შემთხვევაში მარტივი ჰერპესის ქრონიკულ ფორმაზე ვსაუბრობთ. ეს ხდება ისეთი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, რომლებიც ხელს უწყობს ვირუსის რეაქტივაციას, მაგალითად, სისტემური ცვლილებები ორგანიზმში (ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება, დაღლილობა). ხელშემწყობი გარემო იქმნება კანის მთლიანობის დარღვევის შემთხვევებშიც, ნახეთქების, ნაკაწრებისა და დამწვრობების არსებობისას.

- ორსულებს ამოწმებენ ჰერპესზე, ეს რატომ ხდება და რამდენად საშიშია ორსულობის დროს ჰერპეს-ვირუსით ინფიცირება?

- ძალზე მნიშვნელოვანია ეს გამოკვლევა. თუ ორსული აღმოჩნდება მეორე ტიპის მარტივი ჰერპეს-ვირუსით ინფიცირებული, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება, რათა არ მოხდეს მშობიარობის დროს ნაყოფის ინფიცირება. ჰერპეს-ვირუსით (განსაკუთრებით - II ტიპის ვირუსით) ინფიცირებამ, თუ ეს ორსულობისას მოხდა, შესაძლოა, ნაყოფის ინფიცირებაც გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია გენიტალიური ჰერპესის გამწვავება ორსულობის 32-ე კვირის შემდეგ. თუ მკურნალმა ექიმმა გამწვავება ამ დროს აღმოაჩინა, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა. თუ მშობიარობა გამონაყარის გაქრობამდე დაიწყო, რეკომენდებულია საკეისრო კვეთა, ვინაიდან მაღალია სამშობიარო გზებში გავლისას ნაყოფის ინფიცირების რისკი. სასქესო ორგანოების ჰერპესის დედისგან შვილზე გადაცემა კი ძალიან საშიშია - შესაძლოა, ბავშვის სიკვდილი ან მყარი ნევროლოგიური დაზიანება გამოიწვიოს. თუ ქალი ორსულობამდე იყო ინფიცირებული ჰერპეს-ვირუსით და ორსულობისას გაუმწვავდა, ამ შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობის ტაქტიკას ექიმი ინდივიდუალურად არჩევს.

- არის მოსაზრება, რომ ჰერპესი უჩნდებათ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შინაგანად სხვა დაავადებები აწუხებთ. რამდენად რეალურია ეს?

- ქრონიკული ჰერპესის გამწვავება შესაძლოა უკავშირდებოდეს ნებისმიერ პროცესს, რაც იმუნური პასუხის ცვლილებებსა და იმუნოდეფიციტს იწვევს.

- რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად აწუხებთ ჰერპესი, პროფილაქტიკისთვის რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა?

- რადგან მკურნალობის პერიოდში ვირუსის ელიმინაცია ვერ ხდება, მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ იმ ფაქტორების მოქმედება, რასაც უკავშირდება ქრონიკული პროცესის გამწვავება. Mგამონაყარი ხელახლა ხშირად ჩნდება გაცივებისა და გრიპით დაავადების შემთხვევაში. ამასთანავე დროულად უნდა დაიწყონ მკურნალობა, სუბიექტური შეგრძნებების დაწყებისთანავე. გახსოვდეთ, დაავადება გადადის იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადებულს არ აღენიშნება გამონაყარი. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ მიღებული ინფორმაცია. ჰერპესის გართულებები საკმაოდ სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისთვის, ამიტომ მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყეთ.

თეა ხურცილავა