ადამიანის შეცოდება და ხრწნადობას დამორჩილებული სამყარო
ადამიანს დროზე ადრე რომ არ ეხმია აკრძალული ხის ნაყოფი, ისეთ სულიერ მდგომარეობას მიაღწევდა, რომ ცოდვით დაცემა არ მოხდებოდა და მისი ცხოვრებაც სხვაგვარად წარიმართებოდა. ადამი მართლაც გახდებოდა "ვითარცა ღმერთი" - განიღმრთობოდა, მადლით მიემსგავსებოდა უფალს, მაგრამ ცოდვით დაცემამ ყველაფერი შეცვალა...
- ბიბლიიდან ვიცით, რომ უფალმა ადამიანი სამოთხეში, ედემის ბაღში დაასახლა. რა იყო სამოთხეში ადამის საქმე და რას განიცდიდა ადამიანი ცოდვით დაცემამდე?
მამა მაკარი (აბესაძე):
- იმ დროს არა მხოლოდ სამოთხეში, არამედ მთელ სამყაროში იყო უხრწნელება. წმინდა მამათა გადმოცემითა და ეკლესიის სწავლებით, ედემის ბაღი მდებარეობდა თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე. სამოთხის შუაგულში მდგარი ხე - კეთილისა და ბოროტის ცნობადისა, იზრდებოდა იქ, სადაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ადამიანის გამოხსნაც იქ უნდა მომხდარიყო, სადაც მოხდა ადამიანის შეცოდება და დაცემა.
ცხოველები, მცენარეები - ყველაფერი, რაც ედემის ბაღში იყო, მთელ დედამიწაზე არსებობდა, მაგრამ ედემის ბაღი განსაკუთრებული ჰარმონიისთვის შეუქმნა ღმერთმა ადამს. ამასთან, ბევრი საზრუნავი რომ არ ჰქონოდათ, უფალმა პირველ ადამიანებს ეს ტერიტორია შემოუსაზღვრა და მისი დამუშავება დააკისრა. ღმერთმა ადამს საუკეთესო გარემო შეუქმნა, შემდეგ კი, როდესაც განვითარდებოდა და გაიზრდებოდა სულიერად, მთელი მატერიალური სამყარო უნდა მოეცვა, მთელი ხილული სამყარო ადამისა და მისი შთამომავლების ხელმწიფებაში უნდა ყოფილიყო...
ვიცით, რომ უფალმა ადამს ედემის მოვლა დააკისრა, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა უნდა ეკეთებინა უხრწნელ სამყაროში. ღმერთმა პირველად, ყველა ცხოველი მიუყვანა და ყველა მცენარე უჩვენა. სახელები რომ დაერქმია, ადამს, ყველა ცხოველისა და მცენარის არსი უნდა შეემეცნა. ამგვარად, უფალმა ადამიანის სულიერად აღზრდა დაიწყო. ბიბლიაში ასევე წერია: შემოქმედმა ადამიანი დაადგინა ედემის დასამუშავებლადო. ადამიანი უნდა მისჩვეოდა იმის ბატონ-პატრონობას, რაც უფალმა უბოძა. მაგრამ მან სისუსტე გამოიჩინა და ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა...
სამოთხეში, ედემის ბაღში, ადამიანის სული უფალთან მყოფობას განიცდიდა. ეს ყველაზე ნეტარი მდგომარეობაა კაცისთვისაც და ანგელოზისთვისაც. ადამიანი ყველანაირი შეგრძნებით განიცდიდა უფალს - ხედავდა, ესაუბრებოდა, ესმოდა მისი, თუმცა, ზუსტად არ ვიცით და ვერც გამოვხატავთ, როგორ ხდებოდა ეს ურთიერთობა... სამოთხეში მყოფ ადამიანებს ბუნებაც დაუზიანებელი ჰქონდათ. ისინი იყვნენ ყრმები სულიერად, ანუ მათ ჯერ არ იცოდნენ რა იყო ბოროტება.
- რომ არა ცოდვით დაცემა, ადამიანი სამოთხეშივე უნდა განვითარებულიყო და მიეღწია განღმრთობისთვის, იმ მდგომარეობისთვის, რისთვისაც უფალმა შექმნა იგი... როგორ შეიცვალა ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ?
- ადამიანს მცნებად დაუდო უფალმა, არ ეხმია სამოთხის შუაგულში მდგარი, კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფი, მაგრამ გველის სახით გამოცხადებული დაცემული ანგელოზის შეთავაზებით ჯერ ევა, შემდეგ კი ადამიც იხმევს აკრძალულ ნაყოფს, ანუ არღვევენ მცნებას. გავიხსენოთ, რას სთავაზობს ბოროტი ადამიანებს აკრძალული ნაყოფის მიღებამდე: გახდები "ვითარცა ღმერთიო". სწორედ ღვთის მიცემული მცნების დარღვევის შემდეგ იცვლება ყველაფერი...
ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანებმა გაიგეს, რა იყო ბოროტება - ისინი მიიდრიკნენ ბოროტისკენ. მათ რომ ღვთის სიტყვა დაეჯერებინათ და არ მიეღოთ აკრძალული ხის ნაყოფი, უფალი თავად დართავდა ამ ნაყოფის მიღების ნებას მაშინ, როცა ამისთვის მზად იქნებოდნენ. ამ ნაბიჯით ადამიანებმა სული დაიზიანეს და მათში შევიდა სიკვდილი და ხრწნილება. ადამიანის სხეული დაცემამდეც მატერიალური იყო, მაგრამ ის მატერია არ განიცდიდა ხრწნილებას. სწორედ აკრძალული ნაყოფის მიღების შემდეგ ეძებს ღმერთი ედემის ბაღში ადამსა და ევას, მაგრამ ისინი ემალებიან შემოქმედს. ნახეთ, როგორ შეიცვალა მათი გონებრივი მდგომარეობა: უკვე იმას ფიქრობენ, რომ ღმერთი ერთ კონკრეტულ ადგილას მყოფობს.
გონება ადამისა, რომელმაც შეიცნო ღვთის ყველა ქმნილების არსი, ცოდვით დაცემის შემდეგ შეზღუდული ხდება. ხე, რომლის ნაყოფიც ადამმა იხმია, თითქოს იყო ხე ცნობადისა, მაგრამ მან ამ შეცნობით გაიგო ბოროტების არსებობა, თორემ სიკეთე, საღვთო ქმნილებები და საღვთო ჭეშმარიტება ისედაც შეცნობილი ჰქონდა მის გონებას. ადამიანის გონებამ უკვე მატერიალურად დაიწყო აზროვნება - თუკი აქამდე განსულიერებული იყო და სულიერს განჭვრეტდა, ახლა უკვე გადაერთო მიწიერზე, მატერიალურზე. რადგან მატერიალურად შეზღუდული იყო ყველაფერი - ცხოველები, ფრინველები ერთ კონკრეტულ ადგილას იყვნენ და თავადაც ერთ კონკრეტულ ადგილას იმყოფებოდა, ამიტომ ფიქრობდა, რომ არც ღმერთი სუფევდა ყველგან.
- აკრძალული ხის ნაყოფი პირველად ევამ იხმია და ამგვარად, პირველად მან სცოდა. საინტერესოა, რატომ იწოდება პირველქმნილი ცოდვა ადამის ცოდვად?
- ადამმა მცნება უშუალოდ ღმერთისგან მიიღო, ევამ კი - ადამისგან, ამიტომაც მოძებნა დაცემულმა ანგელოზმა პირველად ევა, განსაზღვრა, რომ მას უფრო იოლად აცდუნებდა, ვიდრე ადამს. მცნების დარღვევით ევამ ქმრისადმი ურჩობა გამოიჩინა, ქმრის სიტყვას გადავიდა. ადამს შეეძლო, ევა ემხილებინა, კიდევ ერთხელ ესწავლებინა, რომ სინანულში უნდა მოსულიყო, თავადვე ეთხოვა მიტევება უფლისთვის ევას გამო; ამ შემთხვევაშიც შეიძლებოდა ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ ადამი დაჰყვა ცოლის ნებას, მანაც იხმია აკრძალული ნაყოფი - თავადაც შესცოდა, რამაც ორივეს დააკარგვინა სამოთხე. ამიტომაც ეწოდება პირველქმნილ ცოდვას - ადამის ცოდვა.
ადამი და ევა აკრძალული ხის ნაყოფის მიღების გამო კი არ გამოიდევნენ სამოთხიდან, არამედ იმიტომ, რომ დანაშაული, ცოდვა არ აღიარეს და შენდობა არ ითხოვეს. სინანული რომ ეგრძნოთ და პატიება ეთხოვათ, კვლავ დარჩებოდნენ ედემის ბაღში და უფალი განსამტკიცებლად სხვა სწავლებებს მისცემდა მათ.
- ანუ სინანულს შეეძლო, ისინი დაცემისგან ეხსნა, მაგრამ - ადამს ხომ უჩნდება სინანული?!
- ადამს სინანული უჩნდება არა სამოთხეში, არამედ, იქიდან გამოდევნის შემდეგ - როდესაც დაინახა, რა დაკარგა. მხოლოდ ამის მერე შეიმეცნა თავისი შეცოდების შედეგი, სრულად აღიქვა ცოდვით დაცემის სიმძიმე და ამის გამო მთელი ცხოვრება სინანულში იყო.
- რატომ შესცოდა ადამში ყველა ადამიანმა, რატომ გადავიდა და გავრცელდა ადამის ცოდვა მთელ კაცობრიობაზე?
- ღმერთი არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, აბსოლუტური სიკეთე. უფალი არასოდეს სჯის სხვისი ცოდვის გამო ადამიანს, მაგრამ ცოდვით დაცემის გამო სიკვდილი და ხრწნილება შევიდა ადამში და თავისთავად, ყველა, ვინც შემდეგ მისგან იშვა, იყო ისეთი, როგორიც ადამი გახდა. მოკვდავიდან უკვდავი ვერაფრით დაიბადება - ეს ბუნების თვისებაა.
ადამში შესული სიკვდილით ანუ ხრწნილებით, არა მხოლოდ ადამიანი, არამედ მთელი ხილული სამყარო ხრწნილებას დაემორჩილა. ღმერთმა სამყარო ადამისთვის შექმნა, ადამიანზე იყო და არის მიბმული მთელი ხილული სამყარო და ადამის შეცოდებამ სამყაროც დააზიანა, ხრწნადობა სამყაროშიც უნდა შესულიყო, თორემ ადამი მარტო დარჩებოდა, ვერ შევიდოდა ხილულ სამყაროში და ეს სამყაროც დარჩებოდა განცალკევებით. უხრწნელი დარჩა მხოლოდ ედემის ბაღის ტერიტორია, სადაც ადამს შესვლის უფლება აღარ ჰქონდა.
ცხადია, უფალმა უწყოდა, რომ ადამიანი დაეცემოდა, მაგრამ იმისთვის არ შეუქმნია, რომ დაცემულიყო და შემდეგ გაევლო გზა დაცემიდან მეორედ მოსვლამდე. ადამიანი სამოთხეში უნდა განვითარებულიყო და მიეღწია იმგვარი სულიერი მდგომარეობისთვის, როგორსაც მეორედ მოსვლის შემდგომ, ცათა სასუფეველში - ზეციურ იერუსალიმში დამკვიდრებული ადამიანები მიაღწევენ. უფალს ამ გზის გასავლელად არ შეუქმნია ადამიანი; კაცი თავად ასცდა, თავადვე უარყო ღვთისგან მიცემული გზა, თუმცა, გზას აცდენილი კაცობრიობა უფალს არ მიუტოვებია სამუდამოდ დაცემულ მდგომარეობაში და განღმრთობის შემოვლითი გზა მისცა...
შორენა მერკვილაძე