ვახო ჩაჩანიძის დაუვიწყარი ზაფხული
პრეამბულის მაგიერ
- ოდესაში V საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიყავი, სადაც ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითი პაემნები" აჩვენეს. საუკეთესო ფილმად აღიარეს და პრიზი ავიღეთ. ეს ამ ფილმისთვის მე-15 პრიზია. როგორც ვიცი, საქართველოში ფილმის ჩვენება შემოდგომაზე იგეგმება. აგვისტოში ახალ ფილმზე ვიწყებ მუშაობას, რომელსაც "მამა" ჰქვია. პარალელურად, ოთარ შამათავა იღებს დეტექტიურ სერიალს, რომელიც ერთ-ერთ არხზე გავა. 8 სერია უნდა გამოვიდეს. ამ სერიალშიც ვითამაშებ. "პილოტი" უკვე გადაღებულია. დეტალებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ. მგონი, ყველაფერი ბოლომდე გარკვეული არც არის.
- მოკლედ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვს.
- (იცინის) კიდევ კარგი, ასეა.
- დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებ?
- ჯერ არ ვიცი, დასასვენებლად დრო მექნება თუ - არა. ყველაზე კარგი სტუდენტობის წლებში იყო, მეგობრები სპონტანურად გადავწყვეტდით სად წავსულიყავით, 15 წუთში ვალაგებდით რაც საჭირო იყო და მივდიოდით. მახსოვს, ერთხელ ურეკში წავედით. რვანი ვიყავით და ოთახი გვქონდა, სადაც მხოლოდ 4 საწოლი იდგა. მორიგეობით გვეძინა. იმასაც თუ ძილი ერქვა. სახლში გამთენიისას შევდიოდით. ზღვის სანაპიროზე კოცონს ვანთებდით და ვერთობოდით. ბევრი ადამიანი გავიცანით. ის ზაფხული დღემდე გამორჩეულად მახსოვს. კარავშიც არაერთხელ მიძინია, თუშეთი ამ მხრივ გამორჩეულია. ბოლო, საზღვრისპირა სოფელში ვცხოვრობდი. თუშეთი თუ არ გინახავს, არ უნდა თქვა, საქართველოს ვიცნობო.
- ნაწარმოები, რომელსაც დასვენების პერიოდში წაიკითხავ, რომელია?
- ბალზაკის ნაწარმოებებს სიამოვნებით მივუბრუნდებოდი. ამ ბოლო დროს ფილოსოფიური ჟანრის ლიტერატურა მიტაცებს. ისეთი ნაწარმობები და ამბები მომწონს, რომლებიც დამაფიქრებენ.
- წიგნი მოგიპარავს?
- წლების წინ, ამსტერდამში ყოფნისას, წიგნის მაღაზიაში შევედი. ერთი წიგნი ხელში ავიღე, ვათვალიერებდი და შენობა ისე დამიტოვებია, ვერ გავიგე. წიგნი ასე, უნებურად გამომყვა. უკან მიბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა, აეროპორტში მაგვიანდებოდა და წამოვიღე.
- ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?
- ძალიან.
- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- ათოსთან ვიმეგობრებდი. დროს სხვა მუშკეტერებთანაც სასიამოვნოდ გავატარებდი. ათოსს მოზარდ მაყურებელთა თეატრში თავად ვთამაშობ და ეს გმირი ჩემთან ძალიან ახლოსაა, ჩემიანია. საერთოდ, ვთვლი, ნაწარმოებში რაღაც შენს ნაწილს თუ ვერ იპოვი, მის ბოლომდე წაკითხვასაც ვერ შეძლებ. მნიშვნელოვანია, ამბავი როგორ არის მოთხრობილი. საინტერესოდ უნდა იკითხებოდეს. არ უნდა გღლიდეს. წამიკითხავს წიგნები, რომლებიდანაც დიდი ინფორმაცია მიმიღია, მაგრამ დავღლილვარ.
- პოეზია გიყვარს?
- რა თქმა უნდა, მიყვარს. ბავშვობაში ლექსები თავადაც დამიწერია, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს. მე მყავს მეგობარი პოეტი, გიორგი გამსახურდია, რომლის ლექსებიც გამორჩეულად მიყვარს.
ერუდიტი
- "ჩემი თავია ჩემივე მტერი,/ თავი რომ არა, მე რა დამწვავდა". რომელი ნივთის მონოლოგია მიხეილ ქვლივიძის ეს ლექსი?
- არ ვიცი.
- დაფიქრდი, თავიდან რა იწვება?
- ვერ ვიხსენებ, დავიბენი.
- ასანთი.
- ო! მართალია. იგივე შეიძლება ადამიანმაც თქვას, არა მხოლოდ ასანთმა.
- ოსკარ უაილდმა ქალაქგარეთ გასასეირნებლად ახალი ტანსაცმელი "გამოიგონა". რას ეძახიან დღეს მას?
- არ ვიცი.
- შორტებს. კლასში 45 მოსწავლეა, ვაჟების რაოდენობა გოგონების რაოდენობის 50%-ს შეადგენს. რამდენი ვაჟია კლასში?
- (პაუზის შემდეგ) 15.
- ისინი ძმები იყვნენ - ადოლფი და რუდოლფი. ერთმანეთი არ უყვარდათ. სავაჭრო ბაზარზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში გადაიზარდა. ისინი 2 ცნობილი ფირმის დამაარსებლები იყვნენ. დაასახელე ეს ფირმები.
- "ადიდასი" და "პუმა".
- რა ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ქართლში გამეფდა?
- დაჩი.
- თბილისში მდებარე ეს უძველესი ბაზილიკური ეკლესია დაჩის ბრძანებით აშენდა. რომელ ტაძარზეა ლაპარაკი?
- ანჩისხატზე.
- რძალი, მაზლი, სიძე, სიმამრი. აქედან რომელი ნათესავი არ შეიძლება ჰყავდეს მამაკაცს?
- მაზლი.
- ვისი სცენარის მიხედვით არის გადაღებული ფილმი - "ქვევრი"?
- ქართველი ავტორი არ არის (ფიქრობს). ლუიჯი პირანდელო. სწორად ვამბობ?
- დიახ. რით გამოირჩევა ვენესუელაში მდებარე ჩანჩქერი - ანხელი?
- ვარდნის ყველაზე დიდი სიმაღლე აქვს.
- საქართველოს რომელი კუთხის შვილები არიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?
- იმერლები.
- ამერიკაში მის სახელს 7 მთა, 8 მდინარე და უამრავი დასახლებული პუნქტი ატარებს.
- ვაშინგტონის.
- რომში ის სიმამაცის სიმბოლოდ ითვლებოდა. ომის დროს ვინც პირველი შეიჭრებოდა მოწინააღმდეგის ქალაქში, უფლებას აძლევდნენ, ხელში ეს მცენარე სჭეროდა. ხოლო ვინც მისით თავს დაუმსახურებლად შეიმკობდა, სენატის გადაწყვეტილებით, ციხეში სვამდნენ. რომელ მცენარეზეა ლაპარაკი?
- საქართველოშიც ხარობს?
- დიახ. ერთ-ერთ ყვავილზეა ლაპარაკი.
- არ ვიცი.
- ვარდი. ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?
- სხეული? არა, ასე რომ იყოს, ამ კითხვას არ დასვამდი.
- ანუ?
- ენა უფრო გრძელი აქვს.
- ვინ არიან აღიარებულები მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანებად?
- ჩინელები?
- ცდები, პიგმებზეა ლაპარაკი. ის ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ფეხბურთის ყველა ჩემპიონატში მონაწილეობდა.
- ბრაზილია.
- "ეს რა მსახიობი ვიღუპები", რომელ ცნობილ პიროვნებას აღმოხდა სიკვდილის წინ ეს სიტყვები?
- ვერ გიპასუხებ.
- ნერონს. თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, უნდა შედგებოდეს პატარა ბუშტულებისგან. მისი არომატი უფრო საგრძნობია, როცა ცივია.
- ლუდზეა მგონი ლაპარაკი.
- რა თქმა უნდა. "საუკეთესო ან - არაფერი" რომელი ცნობილი ავტომწარმოებელი ფირმის დევიზია ეს სიტყვები?
- მერსედესის.
- რა ემართება ადამიანის თვალის გუგას, როცა ის რაიმე საინტერეოსოს უსმენს?
- ფართოვდება.
- რომელია მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა?
- იუპიტერი.
- სოფელი, რომელიც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღლა...
- (მაწყვეტინებს) უშგული. იქ შარშან ვიყავი, ძალიან ლამაზია.
- რა ერქვა ოლღა ბებიას, ილიკოსა და ილარიონის საზიარო ძროხას?
- ჭრელა (იცინის) არა, არა, შემეშალა, - ფაქიზო ერქვა.
- ჟირაფს მეტი კისრის მალა აქვს თუ ბეღურას?
- ბეღურას. მაგრამ ისე გპასუხობ, ამის თავადაც არ მჯერა.
- ნამდვილად ასეა.
- წარმომიდგენია, როგორი მინიატიურული კისრის მალები ექნება.
- აზიის ბევრ სასტუმროში მასაჟისტებად ბრმები აჰყავთ. რატომ?
- კლიენტებს სიშიშვლის რომ არ შერცხვეთ.
- ამ ხელსაწყოს, რომელიც გამიზნულია ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფიქსირებისთვის, ოფიციალურად ჰქვია პოლიფიზიოგრაფი. დაასახელე მისი საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება.
- ვერ გიპასუხებ.
- სიცრუის დეტექტორი. რომელ სპექტაკლს დგამდნენ სოფლის სცენაზე, ფილმში - "იმერული ესკიზები"?
- (იცინის) 80 კაპიკი და კიდო მანაათი. რა კარგად ამბობს. "ოტელოს" დგამდნენ.
- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი - "ამან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული"?
- ფარნავაზზე.
- რომელმა ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ უთხრა საფრანგეთის მოხუცებულ მეფეს - ლუდოვიკო XIV-ს შემდეგი სიტყვები: "ისეთი მოხდენით ატარებთ ასაკს, რომ ყველა ინატრებდა თქვენს ადგილზე ყოფნას"?
- სულხან-საბა ორბელიანმა.
- ადამიანის რომელ გრძნობას უწოდა შექსპირმა "მწვანეთვალება ურჩხული" - მრისხანებას, სიყვარულს, ეჭვიანობას თუ სიძულვილს?
- ალბათ ეჭვიანობას, არა?
- გამოიცანი. დაბოლოს, დაასრულე თაგორის ცნობილი გამონათქვამი: "ახალგაზრდა ადამიანს რომ სიყვარულისთვის უსაყვედურო, იგივეა, რაც დაავადებულ ადამიანს..."
- "...ავადმყოფობისთვის".
თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"