რატომ უწოდებენ ლევ გეიხმანს "რუხ კარდინალს" - გზაპრესი

რატომ უწოდებენ ლევ გეიხმანს "რუხ კარდინალს"

რამდენიმე სტატიისა და ფოტოსი. "რუსეთის რუხი კარდინალი საერთაშორისო სავალუტო ფონდებიდან" - ასე მოიხსენიებს ქართველი მომღერლის მილიონერ ქმარს ერთ-ერთი რუსული საიტი.

ქეთა და ლევი 2013 წელს დაქორწინდნენ. წარმატებულ ბანკირთან და ბიზნესმენთან ურთიერთობას, არანაკლებ წარმატებული პოპმომღერალი რამდენიმე წლის განმავლობაში მალავდა. როგორც ირკვევა, ებრაული გვარის მიუხედავად, ეროვნებით რუსია. ის მოსკოვში, 1974 წლის 26 აპრილს დაიბადა.

პირველად ლევ ისააკის ძე გეიხმანის სახელი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო კომიტეტის ბიულეტენში გამოჩნდა. იქ ეწერა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერმა ბიჭმა თავის გამოგონებაზე პატენტი მიიღო. შემდეგ გამომგონებელი მოსკოვის სამთო ინსტიტუტიდან კერძო ფირმაში გადავიდა სამუშაოდ, მას მერე კი მის შესახებ ცენტრალურ პრესაში აღარაფერი დაწერილა...

რამდენიმე წელიც და ლევ გეიხმანის ბიოგრაფია რადიკალურად იცვლება: ის რუსეთის ენერგეტიკის მინისტრად დანიშნეს. 2002 წელს მასთან პრეზიდენტის წარმომადგენელს გზავნიან, რათა დაითანხმონ გაზის, ნავთობისა და მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების სახელმწიფო ინსპექციისა და კონტროლის ხელმძღვანელის პოსტზე. მოსკოვში შიგადაშიგ ხდება ლოკალური "ბენზინის კრიზისები" და უცნობი ახალგაზრდისთვის ასეთი პოსტის ჩაბარებამ ჩინოვნიკებში შიში გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა გეიხმანს მიანიჭეს "საპატიო მენავთობის" წოდება.

რამდენიმე წლის წინ, გეიხმანმა რუსულ მედიას ერთი საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც ბანკირი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და მთავრობაში ცვლილებების შესახებ საუბრობდა. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის კულტურის სამინისტროში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე, რომელიც ყველაზე მკაფიოდ აისახა საავტორო უფლებებისა და ძეგლთა დაცვის საკითხებზე. გეიხმანის თქმით, ასეთი მკაცრი რეორგანიზაცია მსხვილი უცხოური საინვესტიციო ფონდების გულის მოსაგებად მოხდა, რომელთა კაპიტალიც რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარია. მისი თქმით, თავადაც ერთ-ერთი ასეთი ფონდის ინტერესებს წარმოადგენს რუსეთის ტერიტორიაზე.

თუმცა, გეიხმანი, რომლის ბიოგრაფიაც ბურუსითაა მოცული, ოფიციალური სტატუსის გარეშე, როგორც ფიზიკური პირი, ისე მოქმედებს და ამბობს, რომ ფონდის სრული კაპიტალის რამდენიმე მეასედ პროცენტს ფლობს. ამ "მცირე" პროცენტის წყალობით კი, მისი შემოსავალი წლიურად, რამდენიმე მილიონი ევროთი იზრდება.