წინასწარმეტყველი ბებო... - გზაპრესი

წინასწარმეტყველი ბებო...

ძია ნოდარი სამოცდაათი წლის ხდება შემოდგომაზე და რაც უფრო ემატება წლები, მით უფრო მეტად ღვთისმოშიში ხდება. თუ გაიგებს, რომ სადღაც ეკლესია შენდება ან რემონტდება, მიდის და სრულიად უანგაროდ ეხმარება მშენებლებს. როცა საქმე ანაზღაურებაზე მიდგება, უარს ამბობს და მხოლოდ ერთს ითხოვს: როცა ამ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება, მე და ჩემი შთამომავლებიც მოგვიხსენიეთო...

სწორედ ერთ-ერთი ტაძრის მშენებლობაზე გავიცანი და როცა მისი ამბავი გავიგე, ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვა: ალბათ, განსაკუთრებული მიზეზი გაქვთ, რომ უფლის ასეთი მადლიერი ხართ-მეთქი?!

რომ გაიგო, ჟურნალისტი ვიყავი, გაეღიმა და უცნაური რამ მიამბო:

- როგორც ყველა ჩემი თაობის ახალგაზრდას, თავის დროზე მეც მომიხდა საბჭოთა ჯარში სამსახური. კუიბიშევის ოლქში მოვხვდი. ჩვეულებრივი საჯარისო ნაწილი იყო და განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, უამრავი ეროვნების ბიჭი ვიყავით თავმოყრილი და ერთხელაც არ გვიჩხუბია. პირიქით, ვმეგობრობდით და შინ დაბრუნებულებიც ვცდილობდით, კავშირი არ გაგვეწყვიტა. ერთმანეთს ვსტუმრობდით. განსაკუთრებით მოლდავეთში მიყვარდა ჩასვლა, რადგან ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. ვენახიც ჩვენსავით უყვართ და ულამაზესი გოგონებიც ჰყავთ. ჰოდა, მეც ამიდუღა სისხლი ერთმა - მარტა ერქვა, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი იყო. ბებია ჰყავდათ, რომელსაც არ გამოჰპარვია, როგორი აღფრთოვანებული შევცქეროდი მის შვილიშვილს და ერთხელ გვერდზე გამიყვანა:

- ძალიან მომწონხარ, ნოდარ და შენნაირ სიძეს ყველა ინატრებს, მაგრამ მარტაზე ტყუილად ფიქრობ... ჩვენ ბოშური სისხლიც გვირევია და ბედის წინასწარ განჭვრეტა შეგვიძლია. ვიმკითხავე და ყველაფერი თქვენს საწინააღმდეგოდ არის: ერთი წელიც ვერ დატკბებით სიყვარულით, რადგან სიკვდილის ნიშანი დასდევს თქვენს გაერთიანებულ ბედს, ცალ-ცალკე კი ორივენი დიდხანს იცოცხლებთ. ერთსაც გეტყვი: სამწუხაროდ, შენი წინაპარი დიდ ცოდვაშია გარეული - კომუნისტებს შეეკრა და ეკლესიების დანგრევაში მონაწილეობდა. ერთხელ კი მღვდლის სიკვდილის მიზეზიც გახდა: მართალია, მისთვის ტყვია არ უსვრია, მაგრამ როცა ღვთისმსახური ეკლესიიდან გამოათრია, მას გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. არ დაუწყევლია პაპაშენი, მაგრამ მაინც დაედო სასჯელი - მისი გარდაცვალების შემდეგ თქვენს სახლში ბიჭი არ დაბადებულა და არც დაიბადება, რომ მისი გვარ-სახელი ასე წაიშალოს. თუ გინდა, ეს ცოდვა გეპატიოთ, ეკლესიას უნდა ემსახურო ისე, როგორც შეძლებო...

ასეთი რაღაცების არ მჯეროდა, მაგრამ მარტასთვის იყო ბებიის სიტყვა კანონი და ამიტომ არ გამიკარა სიახლოვეს. მეც, რას ვიზამდი და მოგვიანებით, ქართველ ქალზე დავქორწინდი, რომელმაც ხუთი შვილი გამიჩინა და ხუთივე გოგო. არც ჩემს დებს და უფროს ძმას ეღირსათ გვარის გამგრძელებელი და მათაც მოვუყევი მოლდაველი ბებოს წინასწარმეტყველება...

ჩვენი ეკლესიების მნგრეველი პაპა რომ გარდაიცვალა, მაშინ სამი წლის ვიყავი და არ მახსოვდა იგი, მაგრამ ჩემმა უფროსმა ძმამ დაადასტურა, რომ პაპა მართლაც, ბევრი ეკლესიის დანგრევაში მონაწილეობდა. ვიდრე ცოცხალი იყო, ჩემი ძმა ჩემთან ერთად დადიოდა და აშენებდა ღვთის სახლებს. ახლა სიძეები დამყვებიან. უფლის წინაშე დამნაშავეებად ვგრძნობთ თავს და ძალიან გვინდა, მის სამსახურში ყოფნით მომავალი თაობებისთვის გამოვითხოვოთ სიმშვიდე - ხომ გაგიგონიათ: ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოჰკვეთაო და არ გვინდა, ჩვენს შემდეგ დარჩენილებს წინ დახვდეთ წინაპრის ცოდვა.

ინგა ჯაყელი