"დადებითი თვისებით შემკული, მშვიდი პერსონაჟები ნაკლებად მაინტერესებს" - გზაპრესი

"დადებითი თვისებით შემკული, მშვიდი პერსონაჟები ნაკლებად მაინტერესებს"

ახალ გამოცემებს მეგობრების, ხან მამამთილის რჩევით ეცნობა. შინ მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს. მთავარია, წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს, საოჯახო ბიბლიოთეკაში ყველანაირი ჟანრის წიგნს იპოვის. ინტელექტუალური თამაშები იზიდავს. როცა თავად თამაშობს, ყოველთვის ღელავს. გამონაკლისი არც ამ "თამაშის" დროს მომხდარა.

პრეამბულის მაგიერ

- აქტიური მკითხველი სტუდენტობის პერიოდში ვიყავი. ბოლო წლებში დაკავებული ვარ, სულ რეპეტიცია, გადაღება, სახლში ბავშვის მოვლა... დრო არ მრჩება, წიგნები ვიკითხო (პაუზის შემდეგ). მგონი ვიტყუები, წიგნისთვის დრო უნდა გამონახო. ალბათ ძალიან არ ვინდომებ. ახალ ლიტერატურას უმეტესად ზაფხულის თვეებში ვეცნობი. შედარებით მეტი თავისუფალი დრო მაქვს.

- ნაწარმოები, რომელმაც ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა, რომელია?

- არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, რომელიც გურამ დოჩანაშვილის წიგნმა - "სამოსელი პირველი" მომიტანა. ეს წიგნი ჩემთვის ყველაფერია. ცოტა ხნის წინ, ამ ნაწარმოებზე ვფიქრობდი, დროა, ხელახლა წავიკითხო-მეთქი. ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს, დეტალებს ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ ემოცია რჩება. ნაწარმოებები სწორედ ემოციების მიხედვით მამახსოვრდება.

- მხატვრული ნაწარმოების კითხვისას როგორი გმირები გიზიდავს?

- როგორც მსახიობს, უარყოფითი პერსონაჟები უფრო მაინტერესებს. ინსტიტუტში სწავლისას ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ჟანა დ"არკი განმესახიერებინა. ძალიან ღრმა, ძლიერი, საინტერესო გმირია. დადებითი თვისებით შემკული, მშვიდი პერსონაჟები ნაკლებად მაინტერესებს.

- "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანტიქრისტე მოვნათლე". - წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოენათლა 2 კვირის ჩვილი, სახელად - ჯაკომო. ამ ადამიანმა 73 წელი იცოცხლა და ამ ხნის მანძილზე სარეცელი 122 ქალთან გაიყო. მათ შორის იყვნენ მაღალი წრის მანდილოსნები. ის მოძალადე არ ყოფილა, "მსხვერპლის" უმეტესობას ის უყვარდა. მიპასუხე, ვისზეა ლაპარაკი?

- კაზანოვაზე.

- მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, ბაბილონის დაკიდებული ბაღები მეფე ნაბუქოდონოსორ II-ემ ააგო...

- (მაწყვეტინებს) მეუღლეს სიყვარულის ნიშნად აუგო.

- ამასთან დაკავშირებით არაერთი ვარსია არსებობს. იმ ბაღიდან დღეს აღარაფერია დარჩენილი. მიპასუხე, ახლა რომელ ქვეყანას ეკუთვნის ის ტერიტორია, სადაც ბაბილონის ბაღები იყო?

- არ ვიცი.

- ერაყს. რომელ ფილმში შედგა ლეილა აბაშიძის დებიუტი?

- "ქაჯანაში".

- ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე მოცულობის რომელი ერთეულია ხმარებაში ფასთან მიმართებაში?

- ბარელი.

- კაბადოკია მისი უძველესი სახელია. სწორედ აქედან წამოვიდა წმინდა ნინო საქართველოში, ქრისტიანობის გასავრცელებლად. სად მდებარეობს ეს ისტორიული ადგილი?

- თურქეთში.

- სადაური სიტყვაა "ზახრუმა"?

- მგონი სპარსულია, ვამბობ ხოლმე. (იცინის)

- იცი, რას ნიშნავს?

- რაღაცას ცუდს ნიშნავს (იცინის).

- "არგადარჩენას". ტოკიოს ზოოპარკი წელიწადში ერთხელ, 2 თვით იკეტება, რატომ?

- გამრავლების პერიოდი აქვთ.

- ცდები.

- ვიხუმრე, არ ვიცი, რატომ იკეტება?

- ამ დროის განმავლობაში ცხოველებს დამთვალიერებლებისგან ასვენებენ. - ერთმა ბრძენმა თქვა: "ფრთხილად იყავი, როცა ხელის გულზე გატარებენ, რადგან თითებს შორის...

- შესაძლოა ჩავარდე.

- "...თითებს შორის უფსკრულია".

- ძალიან მაგრად უთქვამს.

- ამ ცნობილმა მსახიობმა აღიარა, რომ ახალგაზრდობაში მეტად გაუნათლებელი იყო. ოდისევსის შესახებ პირველად მაშინ გაიგო, როცა მისი როლის შესრულება შესთავაზეს, ხოლო როცა ფილმ "სპარტაკში" მთავარ როლზე დაამტკიცეს, ეგონა, საფეხბურთო გუნდის ნახევარმცველი უნდა განვასახიეროო. დაასახელე, რომელ მსახიობზეა ლაპარაკი?

- "სპარტაკში" კერკ დუგლასი თამაშობს და...

- სწორი პასუხია. მსოფლიო არქიტექტურის ეს შედევრი ქალაქ აგრაში მდებარეობს. იგი მონღოლთა ხელმწიფემ შაჰ-ჯაჰანმა ააშენა, როგორც საყვარელი მეუღლის - მუმთაზ-მაჰალის აკლდამა. მშენებლობა 1630-1652 წლებში მიმდინარეობდა, მოგვიანებით იქვე დაიმარხა თვით შაჰ-ჯაჰანიც. დაასახელე ეს შენობა.

- ვერ გიპასუხებ.

- ტაჯ-მაჰალი. საქართველოს რომელ კუთხეშია ბარაკონის ეკლესია?

- რაჭაში.

- "საწერეთლოში ბევრი გამოჩენილი აზნაურიშვილი იყო, მაგრამ ბაქარა ბაქრაძეს კი ვერავინ შეედრებოდა. სწორედ ბაქარა ბაქრაძის შვილი იყო გლახუნა ბაქრაძე, რომელსაც თათრებმა მეტსახელი შეარქვეს". - წერდა აკაკი წერეთელი. რა მეტსახელით იყო ცნობილი გლახუნა ბაქრაძე?

- მინიშნებას ვერ მეტყვი?

- მისი მეტსახელი აკაკის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოების სახელწოდებაა.

- ბაში-აჩუკი.

- ამ ქვეყანას 2 ოკეანე ესაზღვრება, სახმელეთო საზღვარიც 2 კონტინენტზე გადის. რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი?

- ვერ ვხვდები.

- მიგანიშნებ, ეს ქვეყანა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზეა განაწილებული და ერთმანეთთან არხით არის დაკავშირებული.

- მაინც ვერ გიპასუხებ.

- კანადა. ამ მცენარის სამშობლო ჩინეთია, საქართველოში 1893 წელს შემოიტანეს, მისი პლანტაციები პირველად ოზურგეთში გააშენეს. დაასახელე ეს მცენარე.

- ჩაი.

- რა ჰქვია მუსლიმანი ქალების თავსაბურავს?

- ჩადრი.

- ეს ლეგენდარული დიზაინერი 1971 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას XX საუკუნის სტილი #1 შეარქვეს, მისი გარდაცვალების შემდეგ, დიზაინერის გარდერობში მხოლოდ 3 ხელი გამოსასვლელი სამოსი აღმოაჩინეს. ის ამბობდა: - არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც მდიდრული ტანსაცმელი. დაასახელე ეს დიზაინერი.

- კოკო შანელი.

- "ცოდვაა ქართველი ქალი, რადგან მამაკაცები ტირანები ხართ, სულ ერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა - პურიტანიაო... თქვენ უკიდურესი ევროპელისა და აზიელის კაპრიზები ერთმანეთში გაქვთ არეული. როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით, მერე აზიურ კარჩაკეტილობას". კონსტანტინე გამსახურდიას რომელ რომანში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- მგონი "მთვარის მოტაცებაში" უნდა იყოს. ასეა?

- დიახ. რუანდის დასავლეთის საზღვართან არის საოცარი ტბა - კივუ. მის ახლოს ვულკანის ამოფრქვევისას, ადუღებული ლავა ტბაში იღვრება. ამის შემდეგ ადგილობრივი მცხოვრებლები ნავებში სხდებიან და ტბაზე დაცურავენ. იქ რა უნდათ?

- არ ვიცი.

- მოხარშულ თევზს აგროვებენ. რომელ სისხლძარღვებში მიედინება სისხლი ყველაზე ნელა?

- კაპილარებში.

- ვინ შეასრულა ილიკოს როლი ფილმში - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"?

- სანდრო ჟორჟოლიანმა.

- დაასახელე სოფელი, რომელიც ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს.

- ვერ დავასახელებ.

- მიგანიშნებ, ეს სოფელი საქართველოშია.

- დავიბენი, უშგულზეა ლაპარაკი.

- დაბოლოს, დაასრულე მიხეილ ქვლივიძის ცნობილი გამონათქვამი: "პოეზიაში მოყვარულებს არაფერი ესაქმებათ, მუზასთან არშიყობა არ შეიძლება, იგი თავდავიწყებით..."

- უნდა შეიგრძნო.

- "...იგი თავდავიწყებით უნდა გიყვარდეს".

თამუნა კვინიკაძე