ბა­ბი­ლო­ნი - ენა­თა აღ­რე­ვა - გზაპრესი

ბა­ბი­ლო­ნი - ენა­თა აღ­რე­ვა

კიდობანი, რომლის მეშვეობითაც რვა ადამიანი გადაურჩა წარღვნას, არარატის მთასთან, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე შეჩერდა. სად დასახლდა ნოე კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ, ბიბლია არაფერს გვაუწყებს, მაგრამ ცხადია, იქვე, არარატის მთის მახლობლად დასახლდებოდა. შეუძლებელი იყო, სხვაგან წასულიყვნენ - ახალმა კაცობრიობამ გამრავლება დაიწყო იმ ტერიტორიაზე, სადაც კიდობანი გაჩერდა... წარღვნის შემდგომ, კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობა, რომელიც წარღვნიდან 5 საუკუნის შემდეგ მოხდა...

მამა მაკარი:

- კაცობრიობა რომ მთლიანად ცოდვებში არ ჩაძირულიყო და მთელი კაცობრიობა ბოროტის ხელში არ აღმოჩენილიყო, უფალმა ძველი, წარღვნამდელი კაცობრიობა გაანადგურა და მართალი კაცი ოჯახთან ერთად გამოიხსნა. ნოესგან უკვე ახალი გზა დაუდო სამყაროს. წარღვნის შემდეგ სამყაროს სულიერად განვითარება ხელახლა დაიწყო, კაცობრიობის სულიერად განადგურების საფრთხე, იმის გამო, რომ აღარ იყვნენ ღვთის მადიდებელი ადამიანები, აღარ დამდგარა. წმინდა მამათა სწავლებით, ღვთის მადიდებელ ადამიანთა რიცხვი ძალზე შემცირდება მეორედ მოსვლის წინაც. მეორედ მოსვლის ჟამი დადგება იმ დროს, როდესაც დედამიწაზე აღარ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებაზე მოექცევიან. სანამ ერთი ადამიანის მოქცევა მაინც იქნება შესაძლებელი, უფალი მასაც დაელოდება. როდესაც კაცობრიობა საბოლოოდ გაიყოფა ღვთის მადიდებლებად და ღვთის მოწინააღმდეგეებად, მეორედ მოსვლაც იქნება.

- წარღვნა ხილულ სამყაროზეც აისახა. ამის შემდეგ ხომ ხილული სამყაროც შეიცვალა...

- წარღვნის შემდეგ უამრავი ცვლილება მოხდა სამყაროში. მკვეთრად შემცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა; როგორც ადამიანებს შორის, ასევე ცხოველებსა და მცენარეებშიც, გაცილებით იოლად დაზიანებადი გახდა ორგანიზმები; გაცილებით მეტი დაავადება გაჩნდა, ვიდრე წარღვნამდე არსებობდა. კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ ნოემ მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. ამის ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ დარგო ვაზი, მოიწია ყურძენი და დააყენა ღვინო. როდესაც ღვინო დააყენა, დათვრა და კარავში ჩაეძინა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ნოესთვის ღვინის დალევა ახალი რამ იყო: მას შემდეგ, რაც უფალმა ექვს დღეში შექმნა ყველაფერი, ახალი აღარაფერი შეუქმნია, ამიტომ ვენახი და ღვინო წარღვნამდეც არსებობდა, მაგრამ როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, იმ დროს ატმოსფერო გაცილებით მდიდარი იყო ჟანგბადით, რაც ხელს უწყობს ღვინის გადამუშავებას - თუ დღეს ჟანგბადის შემადგენლობა ჰაერში დაახლოებით 20%-ია, წარღვნამდე 50% იყო, ატმოსფერული წნევა კი იყო ორი, ანუ დღევანდელ ატმოსფერულ წნევაზე ორჯერ მეტი. ამგვარ პირობებში ადამიანს გაცილებით იოლად შეუძლია ჟანგბადის ათვისება არა მხოლოდ სასუნთქი გზებით, არამედ კანითაც. ჟანგბადი ხელს უწყობს ალკოჰოლის გადამუშავებას - იმ პირობებში, რაც წარღვნამდე არსებობდა, ალკოჰოლს ისე გადაამუშავებდა ადამიანის ორგანიზმი, რომ თრობას არ იწვევდა. ყველას გვინახავს ქარვა და მასში არსებული ბუშტუკები. დიდ ქარვებში აღმოუჩენიათ ობობა, ბუზი, მცირე ზომის ცხოველებიც კი. როდესაც მეცნიერებმა ქარვაში არსებული ჰაერის ბუშტუკები გამოიკვლიეს, ჰაერის შემცველობა აღმოჩნდა საოცარი - სულ სხვაა, ვიდრე ის, რაც დედამიწაზე არსებობს.

- ადამიანს ხორცის ხმევის უფლებაც ხომ წარღვნის შემდეგ მისცა უფალმა...

- მართლაც ასეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები მანამდე ხორცს არ ჭამდნენ. წარღვნამდელი კაცობრიობა იმდენად დასცილდა უფალს უკეთური ცხოვრებით, რომ ალბათ ხორცსაც ჭამდნენ, მაგრამ ღმერთის კურთხევით, ხორცის მიღების უფლება ადამიანებს მხოლოდ წარღვნის შემდეგ მიეცათ. ჯერ ერთი, წარღვის შემდგომ, როდესაც ადამიანები კიდობნიდან გადმოვიდნენ, რომელი მცენარეული საკვებით უნდა დაეწყოთ კვება? მათ ხომ აღმოცენება უნდა, ამის გამო უფალმა ხორცის ხმევის უფლება დართო, რაც უფრო ხელმისაწვდომი იყო, თანაც წარღვნის შემდგომ უარესობისკენ შეიცვალა ბუნებრივი პირობებიც, მცენარეულმა საკვებმაც დაკარგა სინოყივრე და ადამიანის ორგანიზმისთვის ხორცის მიღება უკვე აუცილებელიც იყო.

სემი, ქამი და იაფეტი

- ნოეს სამი შვილი ჰყავდა - სემი, ქამი და იაფეტი. სემი და ქამი მამის პატივისმცემლები იყვნენ, ქამი კი მამას სათანადო პატივს არ სცემდა. როდესაც ნოე ღვინომ დაათრო და კარავში ჩაეძინა, ძილის დროს ტანისამოსი გადაეწია. მამის სიშიშვლე ქამმა დაინახა, გაიქცა და დაცინვით უამბო ძმებს. სემი და იაფეტი მივიდნენ მამასთან, ზურგით შევიდნენ კარავში და ისე დააფარეს სამოსი შიშველ სხეულზე, რომ არავის დაუნახავს.

როდესაც ნოემ გაიღვიძა და ყოველივე შეიტყო, დაწყევლა ქამი უმსგავსო საქციელის გამო და აკურთხა სემი და იაფეტი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ნოემ ქამი დაწყევლა; მან ის თქვა, რაც ელოდა მის შთამომავლობას: ქამის შთამომავლობა მორჩილი და მონა იქნებოდა სემისა და იაფეტის შთამომავლობისა. მაგრამ ნოეს სიტყვის გამო კი არ ელოდათ სემისა და იაფეტის შთამომავლების მონად ყოფნა, არამედ ნოეს სიტყვა ითქვა სწორედ იმის გამო, რომ ქამის შთამომავლობას ასეთი ხვედრი ელოდა თავისი მამამთავრისა და შემდგომში საკუთარი ცხოვრების გამო.

ღვთის შთაგონებით, სემის მიმართ თქვა: `კურთხეულ იყოს უფალი სემისა". ამ სიტყვებით წინასწარმეტყველურად გვაუწყა, რომ სწორედ სემის შთამომავლობაში დაიბადებოდა კაცობრიობის მხსნელი.

იაფეტის მიმართ წარმოთქვა: გაუმრავლოს საზღვარი იაფეტს - ყველაზე მეტად სწორედ იაფეტის შთამომავლები გამრავლდნენ და მსოფლიოში წამყვანი ადგილი უჭირავთ. ქართველებიც მისი შთამომავლები ვართ.

აღსრულდა სემის მიმართ წარმოთქმული წინასწარმეტყველებაც: სწორედ სემის შთამომავლობაში - ებრაელთა ერში იშვა კაცობრიობის მხსნელი - მაცხოვარი. ქამის შთამომავლები შემდგომში არაბეთში, ინდოეთსა და აფრიკაში დამკვიდრდნენ...

ბაბილონის გოდოლი

- წარღვნის შემდგომ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა ბაბილონის გოდოლის მშენებლობა იყო. რა გახდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობის მიზეზი, რატომ განიზრახეს ადამიანებმა კოშკის აშენება, რომელიც სიმაღლით ცას მისწვდებოდა?

- წარღვნის შემდგომ ნოეს სამი ვაჟისგან - სემის, ქამისა და იაფეტისგან ხელახლა გამრავლდა კაცობრიობა. ბაბილონის გოდოლის მშენებლობა დაიწყო წარღვნიდან 5 საუკუნის შემდეგ. ნოემ წარღვნის შემდეგ კიდევ 350 წელი იცოცხლა და როგორც ბიბლია გვაუწყებს, კიდევ შვა ძენი და ასულნი მრავალნი. ასევე მოხდა მისი შთამომავლების შემთხვევაშიც. 5 საუკუნის მანძილზე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობამ თანდათან იკლო, დაავადებებიც მეტი გაჩნდა, მაგრამ გამრავლება მაინც სწრაფად ხდებოდა. თანაც, იმ პერიოდში შობადობა, შვილიერების ასაკი ორას წლამდე გრძელდებოდა და თითო ოჯახს დაახლოებით 35 შვილი მაინც ჰყავდა. გამოდის, რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დაწყებისას, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იქნებოდა კაცობრიობა. კიდობანი არარატის მთასთან გაჩერდა. წარღვნის შემდგომი დროის ადამიანები ჯერ იქვე ცხოვრობდნენ და ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ როდესაც გამრავლება დაიწყეს, მოსახლეობამ მესოპოტამიაში, - შუამდინარეთის ნაყოფიერ მიწაზე დაიწყო გადასვლა. თავდაპირველად ეს ტერიტორია საკმარისი იყო. ამ დროს უკვე ქალაქებიც არსებობდა. ზოგი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, შემდგომში, როდესაც ხალხი თანდათან გამრავლდა, ადამიანებმა გადაწყვიტეს, ერთმანეთს დაშორებოდნენ და სხვადასხვა მხარეს წასულიყვნენ - ოჯახების, ტომების მიხედვით. ერთმანეთთან რომ კავშირი არ დაეკარგათ, გადაწყვიტეს აღემართათ ისეთი გოდოლი, რომელიც სიმაღლით ცას მისწვდებოდა და მათი აზრით, ღმერთამდე მიიყვანდათ. თუ ბაბილონის გოდოლში ერთმანეთის სანახავად და ღვთის სადიდებლად შეიკრიბებოდნენ, ეს ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ კოშკის მშენებლობის წამოწყებით ადამიანებმა დაივიწყეს ღმერთი. ამით კაცობრიობა უკვე დაშორდა უფალს. დავუკვირდეთ, როგორ არის ადამიანების გონება დაცემული - მათ ღმერთი უკვე ღრუბლებთან ჰგონიათ. ფაქტობრივად, ამ დროიდან საფუძველი აქვს ჩაყრილი წარმართობას, ღმერთზე უკვე არასწორი შეხედულებები აქვთ ადამიანებს. მათი წარმოდგენით ღმერთი აქვე, ცაში ცხოვრობდა და ბაბილონის გოდოლის მეშვეობით მიწიერად მოისურვეს ღმერთთან მისვლა. თანაც, რადგან ამ დროს საკმაოდ იყო კაცობრიობა გამრავლებული, უფალმა ინება, რომ გამრავლებულ კაცობრიობას პირი არ შეეკრა ღმერთის წინააღმდეგ. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, კოშკის მშენებლებს უფალმა ენები აურია, მათ ერთმანეთის არა ესმოდათ და იძულებულები გახდნენ, მშენებლობა შეეწყვიტათ. ამის შემდეგ დედამიწის სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ და ერთმანეთს დაშორდნენ, რაც მანამდეც ჰქონდათ ჩაფიქრებული. აუგებელ კოშკს ეწოდა `ბაბილონი", რაც ენათა აღრევას ნიშნავს.

ენათა აღრევით უფალმა ინება, ადამიანებში გაენადგურებინა ის ამპარტავნება, რაც ბაბილონის გოდოლის აშენებით იყო გამოხატული. ადამიანთა დაშორება და სხვადასხვა მხარე გაფანტვა იმის გამოც ინება უფალმა, რომ თუ კაცობრიობის ნაწილი დაშორდებოდა უფალს, სადღაც მაინც შენარჩუნებულიყო ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეს მართლაც ასე მოხდა. ებერის და შემდეგ - აბრაამის შთამომავლობას შერჩა ჭეშმარიტი სარწმუნოება - ძველი სჯული, რომელიც ებრაელებმა შემოინახეს და რომელშიც მოვიდა მაცხოვარი. ხოლო თუ მთელი კაცობრიობა იქნებოდა ერთ ენაზე მოსაუბრე და მათ სათავეში ჩაუდგებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ღმერთზე დამახინჯებულ სწავლებას გააგრძლებდნენ, ცხადია, უკვე მთელი კაცობრიობა დამახინჯებულ სწავლებას მიიღებდა. როდესაც თავად დამახინჯებული სწავლებებიც ერთმანეთისგან განსხვავებული იქნებოდა, გაცილებით იოლად მიიღებდნენ ადამიანები ჭეშმარიტ სწავლებას. მართლაც, როდესაც მაცხოვარი მოვიდა, იმდენი სწავლება არსებობდა `ღმერთების" შესახებ, რომ დედამიწაზე მცხოვრები ცივილიზებული ნაწილი კაცობრიობისა - რომის იმპერიაშიც, რომის იმპერიის გარეთაც, უკვე ფიქრობდა, შეუძლებელი იყო ეს სწავლებები სწორი ყოფილიყო, ამიტომ ადვილად მიიღეს ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ სწავლება.

შორენა მერკვილაძე