ფრთხილად, - მავნე მწერები!
ზაფხული ბევრი ჩვენთაგანისთვის ნანატრი დროა: შვებულება, ლურჯი ზღვა და სასიამოვნო მოგონებები - ეს ყველაფერი სწორედ ზაფხულთან ასოცირდება, თუმცა, წელიწადის ამ მშვენიერ დროს უსიამო მოვლენებიც ახლავს, მაგალითად: კოღოები, ბუზები, მღრღნელები, ქვეწარმავლები, რომლებიც სწორედ ზაფხულის პაპანაქებას მოჰყვებიან ხოლმე. ყველაზე საყურადღებო კი ის არის, რომ ამ არსებებმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას. ამ პრობლემის თაობაზე გვესაუბრება სამთავრობო დაწესებულებების ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სპეცსამსახურის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მაია კაკაბაძე:
- ბუზები, კოღოები, ტკიპები და მღრღნელები ინფექციური დაავადების გადამტანები არიან. სამწუხაროა, რომ სანიტარიული სამსახური საქართველოში არ არსებობს და მათთან შებრძოლება მოსახლეობას საკუთარი ძალით უწევს. ჩვენი საქმიანობა კი, ნებაყოფლობითია და არა - სავალდებულო. ვინც ჩვენს სპეციალისტებს გამოიძახებს და შესაბამის თანხას გადაიხდის, მხოლოდ ის იღებს ჩვენს მომსახურებას. ჩვენი სახელმწიფო კი ამაზე არ თუ ვერ ზრუნავს. ჩვენი სამსახური 1988 წლიდან ფუნქციონირებს, მხოლოდ 2005 წლიდან გადავედით თვითდაფინანსებაზე.
- როგორც ვიცი, სანიტარიულ სამსახურს ადრე სახელმწიფო აფინანსებდა და მისი მომსახურებაც უფასო იყო.
- ადრე საქართველოში ეს სისტემა მოწესრიგებული და გამართული იყო: მოქმედებდა სანიტარიული სამსახურები, სანეპიდსადგურები... ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში, სოფლებში - ყველგან იყო ამ ტიპის დაწესებულებები. ყველა რაიონს, სოფელსა და დაბას თავისი სამსახური ჰყავდა და ტყეების, მინდვრების შეწამვლაც კი სავალდებულო იყო. ახლა ეს სისტემა მოშლილია, მისი თანამშრომლებიც უმუშევრები დარჩნენ და მოსახლეობაც დაზარალდა. როგორ შეიძლება კვების ობიექტებში სანიტარიული შემოწმება არ ტარდებოდეს? - ჩვენდა სასიხარულოდ, ძალიან ბევრი ობიექტის მეპატრონე თვითონ იჩენს ინიციატივას და საჭიროდ მიიჩნევს, რომ მათთან სანიტარიული სამსახური მივიდეს და აუცილებელი პროცედურები ჩაატაროს. საბავშვო ბაღები, სკოლები თვითონ დებენ ხელშეკრულებას და მოგვმართავენ, თუმცა ყველა ამას არ აკეთებს და ამის სავალალო შედეგები არაერთხელ ვიწვნიეთ.
- რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს ერთი შეხედვით უწყინარმა კოღომ ან ბუზმა?
- ალბათ ყველას გაგიგონიათ მალარიის შესახებ - ეს არის ენდემური დაავადება, რომლის გადამტანია კოღო ანოფელესი. მას ნერწყვთან ერთად ადამიანის ორგანიზმში შეაქვს სპოროდოიზები, რომლებიც ერთი საათის განმავლობაში ყველა ორგანოში ვრცელდება, მაგრამ ყველაზე მეტად ღვიძლს აზიანებს. კოღო ძალიან საშიშ ინფექციებს ავრცელებს: კოღოსგან გადადის ლეიშმანიოზი, რომელიც უკიდურესად საშიში, მძიმე დაავადებაა. ის ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და როდესაც პაციენტი ექიმთან მიჰყავთ, უკვე სერიოზულ ფორმამდეა მისული. სწორედ ამიტომ, ეს ვითომ უწყინარი არსებები, ბუზები და კოღოები არაერთი უბედურების წყაროდ იქცევიან ხოლმე. განსაკუთრებით - გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი ეპიდემიური აფეთქებები. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ამ დაავადებათა ატიპური, უსიმპტომო ფორმები. ექიმები ხშირად ვერც ხვდებიან, რა იწვევს მათ აფეთქებას. მღრღნელებს შორის კი ყველაზე საშიში გადამტანი ვირთაგვაა, თუმცა არანაკლებ სახიფათონი არიან ჩვეულებრივი თაგვები, რომლებსაც გადააქვთ ტულარემია, ტიფი, იაპონური ენცეფალიტი, რომელიც სწორედ კოღოებისა და ტკიპების მეშვეობით გადადის. აღმოსავლეთ საქართვლოში განსაკუთრებით ბევრია ტკიპა, რომელიც კბენს ადამიანს, მერე კანში შეიჭრება და ძალიან ჰგავს ხალს. ადამიანს ჰგონია, რომ ხალი ამოუვიდა, არადა, ამ "ხალს" საშინელი შედეგი მოაქვს: ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, ტვინის რუხი ნივთიერება და ვიღებთ მდგომარეობას, რომლის მკურნალობაც ძალიან რთულია, ამიტომ, დროული პროფილაქტიკა, თავის დროზე ჩატარებული სადეზინფექციო და სადერივაციო სამუშაოები საუკეთესო გზაა ამ საშიშროებისგან თავის დასაცავად.
- ქალბატონო მაია, ყველაზე ხშირად როდის იძახებენ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურს?
- ყველაზე მეტი გამოძახება ზაფხულშია, როცა ადამიანები თავიანთ აგარაკზე ოჯახთან ერთად მიემგზავრებიან და გვთხოვენ: იქნებ, ჩვენი ეზო ან ირგვლივ არსებული ტერიტორია დაამუშაოთო, მაგრამ ეს ყველაზე ცუდი პერიოდია. რატომ? - იმიტომ, რომ ზაფხულში მავნე მწერებისა და მღრღნელების რიცხვი უკვე მომრავლებულია. ვიდრე გამრავლდებიან, სწორედ მანამდე უნდა მოხერხდეს გარემოს დამუშავება. ადრე ვერტმფრენები დაფრინავდნენ, იწამლებოდა მინდვრები, ტყეები და ამხელა საშიშროება არ იყო. ახლა კი, გამოგიძახებს ოჯახი და მისთვის საინტერესო 100 კვმ დამუშავებას გთხოვს მაშინ, როცა დეზინფექცია ერთ ჰექტარზეა აუცილებელი, ეს არ არის მავნებლებისგან თავდაცვის ეფექტიანი ფორმა.
- ასეთ დროს ხშირად მშობლებს აცრების იმედი აქვთ...
- ეს უსაფუძვლო, მცდარი იმედია. ლეიშმანიოზზე მაგალითად, ბავშვს არავინ ცრის. არც შებრუნებითი ტიფის ინფექციებზე იცრებიან. ზაფხულში, ძალიან ხშირია კვებითი ინტოქსიკაცია, სალმონელოზი, დიზენტერია და სხვა დაავადებები, რომლებსაც მწერები ავრცელებენ. ბავშვები ხშირად ხიდან წყვეტენ ხილს, რომელზეც შესაძლოა, ცოტა ხნის წინ ბუზი იჯდა და გაურეცხავად ჭამენ, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ ზაფხულობით აგარაკებიდან ჩამოჰყავთ ბავშვები, რომელთა დასნებოვნებაც სწორედ ბუზების, კოღოებისა და სხვა მავნე მწერების "დამსახურებაა".
- ესე იგი, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურების ამოქმედება ქვეყანაში აუცილებელია?
- რასაკვირველია. თუმცა ჩვენთან სანიტარიულ-ჰიგიენური სამსახური ეტყობა, სულ აღარ უნდათ და რაც უფრო მცირდება მავნებლებთან ბრძოლის მასშტაბები, დაავადებებიც უფრო მატულობს. ეს პროცესი ყოველწლიურად უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, მაგრამ უსახსრობის გამო უძლურნი ვართ. დარეკავენ მოქალაქეები, შემოგვჩივლებენ, რომ მათ უბანში მწერების, ტარაკნების ან მღრღნელების შემოსევაა და როცა ვეუბნებით, ეს მომსახურება ფასიანია-თქო, აღშფოთებით გვპასუხობენ: როგორ შეიძლება, ყველაფერი ფასიანი იყოსო?! ჩვენც არ ვიცით, როგორ ავუხსნათ, რომ პრეპარატებს შეძენა უნდა, რომ ეს ყველაფერი შენი სახსრებით უნდა გააკეთო და ყველაფერს ანაზღაურება სჭირდება.
- ამის მიზეზითაც ხომ არ მომრავლდა ჩვენს სკოლებში მენინგიტის შემთხვევები?
- დიახ, ქვეყანაში ენტეროვირუსის ეპიდემიამ იფეთქა, რომელიც შემდეგ უკვე მენინგიტში გადადის და კლინიკები გადაივსო. ვიცი საბავშვო ბაღი, სადაც ასეთი 14 შემთხვევა იყო, თანაც, დაავადება ელვისებური სისწრაფით ვრცელდებოდა. რა უძღოდა ამას წინ? - ზოგიერთ საბავშვო ბაღში ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები, ზოგან კი - არა, რადგან ამაზე კონტროლს არავინ ახორციელებს. ეს მაშინ, როცა საბავშვო ბაღებში, სკოლებში, კვების ობიექტებში სანიტარიულ-ჰიგიენური პროცედურების ჩატარება სავალდებულო უნდა იყოს და არა - ნებაყოფლობითი.
- თუმცა ადამიანი და მით უმეტეს, ბავშვი შეიძლება, ოჯახშიც დასნებოვნდეს...
- საკმაოდ ადვილადაც: არავინ იცის, სად ეწყო პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ, ან რა არის მასზე გადავლილი. თუ ის კარგად არ გაირეცხა, არ დამუშავდა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ბავშვმა შეიძლება, უბრალოდ წყალი გადაავლოს ან სულ არ გარეცხოს, რაც ძალიან საშიშია. ამიტომ, ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ხილი, მწვანილი, კენკროვანი, უნდა ვრეცხოთ დიდხანს გამდინარე წყალში. ფანჯრებზე აუცილებლად უნდა გააკეთოთ ბადეები, რომელიც კოღოებსა და ბუზებს შეაკავებს. გამოვიყენოთ წამლები, რომლებიც აფთიაქში იყიდება. ზოგიერთი ოჯახი ან დაწესებულება ისეთ სადეზინფექციო ხსნარებს ყიდულობს, რომელიც მომწამლავია და დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს. არ შეიძლება ამ პრეპარატების თვითნებურად გამოყენება და მათი საშუალებით იმ შენობის დამუშავება, სადაც ადამიანები საათობით არიან და ამ შხამს ისუნთქავენ. არსებობს სპეციალური მალამოები, წამლები, რომლებიც უმჯობესია, აფთიაქში შევიძინოთ. ყველა პრეპარატი, რომლითაც კარ-მიდამოს დამუშავებას აპირებთ, საიმედო უნდა იყოს, მყიდველმა უნდა მოითხოვოს ანოტაცია და ყველანაირი ინფორმაცია მის შესახებ.
- ზაფხული უკვე კარს მოგვადგა. რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ქალაქებსა და რაიონებში, რომ მავნე მწერებისა და მღრღნელების რიცხვი შემცირდეს?
- ზაფხულში ეზოების დამუშავება აუცილებელია: პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ბალახი უნდა მოითიბოს იმიტომ, რომ ბოლო წლებში ქვეწარმავლები ძალიან მომრავლდენენ არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ - ქალაქებშიც. რადგან ქვეწარმავლების დახოცვა არ შეიძლება, ამიტომ დამაფრთხობელი საშუალებების გამოყენებაა საჭირო. შესაძლებელია მათი დაჭერაც, რაც სპეციალური სამსახურების პრეროგატივაა. მართალია, ქალაქის სადარბაზოებში ბუნკერები გააუქმეს, მაგრამ ბუნებაში მწერები, თაგვები თუ სხვა მღრღნელები ამით ხომ არ გაწყდებოდა?! ამიტომ, ეზოებისა და სადარბაზოების დამუშავება სისტემატურად უნდა ხდებოდეს, რათა მათი კერა მოისპოს.
- ყველაზე რთულ მდგომარეობაში ამ მხრივ, ქალაქის ძველი უბნები და "იტალიური ეზოებია".
- ეს კიდევ სხვა პრობლემაა იმიტომ, რომ ძველ უბნებში სახლებიც ძველია, ხშირად წყალი საძირკველში დგას, რის გამოც კოღოც უფრო სწრაფად მრავლდება, მწერიც, ქვეწარმავალიც და ათასგვარი მავნებელიც. მოსახლოებამ მათგან თავი უნდა დაიცვას, მაგრამ თუ შეამჩნევს, რომ მავნებლებთან ბრძოლა მის ძალებს აღემატება, სპეციალურ სამსახურებს უნდა მიმართოს. ვისურვებდი, რომ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის აღდგენა მოხერხდეს. ამ შემთხვევაში, უფრო დაცული იქნება ჩვენი მოსახლეობა.
- თუ საიდუმლო არ არის, რა ჯდება თქვენი მომსახურება?
- 1 კვმ ფართობის დამუშავება 3-დან 15 თეთრამდე ღირს, გააჩნია, რა რაოდენობის პრეპარატი დაიხარჯება, ამა თუ იმ შენობის ან ფართობის დამუშავებაზე, ან იმისდა მიხედვით, თუ რა სახის სამუშაოა ჩასატარებელი. თუ ფართობი 5 ათას კვმ-ს სცილდება, მაშინ თანხაც იკლებს. მერწმუნეთ, საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად ამ თანხის გაღება ნამდვილად ღირს იმიტომ, რომ მერე წამლები და მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება. ამ სამსახურის აღდგენა უნდა იყოს ხალხის მოთხოვნა, ის მთელ მსოფლიოში მარტო ჩვენთან არ მოქმედებს. უცხოეთში მაშინვე ითხოვენ საბუთს, რომ დაწესებულებაში ან კვების ობიექტში სანიტარიული სამსახურის მიერ საფუძვლიანი შემოწმებაა ჩატარებული. საბავშვო ბაღში მშობელს შვილი რომ შეჰყავს, უნდა მოითხოვოს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ბავშვის ჯანმრთელობა. სკოლამდელი დაწესებულებებიდან გაუშვეს ექიმები, რაც ასევე დიდ შეცდომად მიმაჩნია: ყველა ბავშვი სათითაოდ უნდა მოწმდებოდეს და სანიტარიული მდგომარეობაც მაღალ დონეზე უნდა კონტროლდებოდეს. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ათასგვარი გრიპი და საშიში ვირუსი გავრცელდა, რასაც ადამიანთა მსხვერპლიც მოჰყვა, სანიტარიულ სამსახურებს ჯეროვნად რომ ემუშავათ, ეს ხომ არ მოხდებოდა?!
ხათუნა ჩიგოგიძე