ნებ­რო­თის მე­ფო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბა­ზე და უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­შო­ბა - გზაპრესი

ნებ­რო­თის მე­ფო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბა­ზე და უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­შო­ბა

კაცობრიობაზე ნებროთი ბატონობდა. ის განაგებდა მთელ იმდროინდელ სამყაროს. სწორედ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტის, ენათა აღრევისა და დედამიწის სხვადასხვა მხარეს ადამიანთა მიმოფანტვის შემდეგ ეყრება საფუძველი პირველადი ერების, მათ შორის - ქართველური ერის ჩამოყალიბებასაც...

- ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შემდეგ, ნებისმიერი სახის მასობრივი წინააღმდეგობა და გამოსვლა ღვთის წინააღმდეგ, ბაბილონის ეპითეტით იმკობა ანუ სიტყვა "ბაბილონი" ღვთის წინააღმდგომობის ეპითეტად იქცა. იყო თუ არა მთელი კაცობრიობა ერთსულოვნად ღვთის მოწინააღმდეგე ბაბილონის გოდოლის მშენებლობის პერიოდში?

მამა მაკარი:

- ვერ ვიტყვით, რომ მთელი კაცობრიობა, - კაცობრიობის მმართველი კლანი იყო ღვთის მოწინააღმდეგე. უფალმა სწორედ იმიტომ აურია ენები ადამიანებს, რომ ეს მთელ კაცობრიობაზე არ გადასულიყო. მართლაც, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტიდან თითქმის 10 საუკუნეა გასული აბრაამამდე და ჭეშმარიტი სარწმუნოების მარცვლები ჯერ კიდევ არსებობს წარმართობისკენ მიდრეკილ ადამიანებშიც კი. მით უფრო - იარსებებდა ჭეშმარიტი ღვთის რწმენა იმ პერიოდში, როდესაც ბაბილონის გოდოლის მშენებლობა მიმდინარეობდა.

ნებროთის მეფობა კაცობრიობაზე

ნებროთი იყო ქამის შვილიშვილი - აღნაგობითა და ძალით გამორჩეული. შეიძლება ითქვას, რომ ნებროთი იყო მაშინდელი კაცობრიობის, მსოფლიოს მეფე და გამგებელი. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში კაცობრიობა მთელ დედამიწაზე არ იყო განსახლებული, - მხოლოდ თანამედროვე შუამდინარეთისა და მცირე აზიის ტერიტორიაზე სახლობდნენ ადამიანები და მათ განაგებდა ნებროთი. მას რამდენიმე ქალაქი ჰქონდა. დედაქალაქი იყო ბაბილონი, სადაც კაცობრიობამ გოდოლის მშენებლობა წამოიწყო. ე.ი. კოშკი ნებროთის სამეფოს ცენტრში შენდებოდა და ყველაფერს ის განაგებდა - დესპოტურადაც კი ავრცელებდა ძალაუფლებას კაცობრიობაზე, როგორც ამას "ქართლის ცხოვრება" მოწმობს: ნებროთის დროს სემის შვილიშვილი იყო კაენანი - ებერის ებრაელთა წინაპრის ბაბუა, ხოლო იაფეტის - ქართველთა წინაპრის შვილიშვილი იყო თარაში. თარაშის შვილი იყო თარგამოსი. "ქართლის ცხოვრების" თანახმად, ენათა აღრევის შემდეგ, თარგამოსი და მისი შთამომავლები ჩრდილოეთით წამოვიდნენ. თარგამოსს შვიდი შვილი ჰყავდა, მათ შორის - ქართლოსი და ეგროსი - ქართველთა წინაპრები, თუმცა მისი ხელქვეითი გაცილებით მეტი ადამიანი იყო. ისევ "ქართლის ცხოვრება" მოწმობს, რომ სწორედ თარგამოსის შთამომავლები აუჯანყდნენ ნებროთს და მოკლეს იგი. ეს მოხდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტისა და ენათა აღრევიდან 70 წლის შემდეგ. ამის შემდეგ დაედო საფუძველი კავკასიელ ხალხთა დამოუკიდებლობას.

- ენათა აღრევის პერიოდიდან და ადამიანთა სხვადასხვა მხარეს გაფანტვის დროიდან ჩაისახა სხვადასხვა ერი, მათ შორის - ქართველურიც...

- ამ პერიოდში მოხდა პირველადი ერების ჩამოყალიბება. მათ შორის იყო ქართველური ერიც, საიდანაც შემდგომში ასიმილაციით, შერევით წარმოიშვა სხვა ერებიც. პირველადი ერები არც ისე ბევრი იყო, მათ შორის ერთ-ერთია ქართველური, - არა მარტო ქართული, არამედ - ქართველური ანუ კავკასიური, სადაც ქართული ენა ფუძე ენასთან ყველაზე ახლოსაა. ევროპელი მეცნიერებიც ამტკიცებენ და თანამედროვე აღმოჩენებიც მოწმობს, რომ ფუძე ენასთან ყველაზე ახლოს არის უშუალოდ ქართველური ენა და ამ ქართველურ ენათა შორის - ქართული ენა.

უძველესი ცივილიზაციები

- წარღვნის შემდგომ, როდესაც კაცობრიობამ დაიწყო გამრავლება, მალევე აღმოცენდა პირველადი უძველესი ცივილიზაციები. ეს არის ეგვიპტის, შუამდინარეთის, ინდოეთის ცივილიზაცია. უფრო მოგვიანებით ხდება თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიასა და კუნძულებზე არსებული უძველესი პელაზგური ცივილიზაციების აღმოცენება. სადაც ეს უძველესი, პირვანდელი ცივილიზაციები გვხვდება, ყველგან იყო ქამიტური მოსახლეობა - შუამდინარეთში, ეგვიპტეში, ამერიკის კონტინენტზე... ვიცით, რომ ქამი ნოეს შვილებს შორის ყველაზე არაორდინარული პიროვნება იყო. ბიბლიიდან ვიცით, რომ მან მამას დასცინა, მამის ავტორიტეტი მისთვის არაფერს წარმოადგენდა. მამათა გადმოცემით ისიც ცნობილია, რომ ქამის შვილი - ქანაანი, კიდობანში დაიბადა ანუ მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ის სიწმინდე, რაც ნოესთვის და მისი ვაჟებისთვის - სემისა და იაფეტისთვის უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენდა. სავარაუდოდ, ქამი მიწიერი ცივილიზაციებისკენ, ტექნოლოგიებისკენ იყო მიდრეკილი. თუ ნოე და მისი ორი შვილი - იაფეტი და სემი ღვთისთვის, სულიერი განვითარებისთვის იღვწოდნენ, ქამი მიწიერი განვითარებისკენ მიილტვოდა. მან იცოდა, რომ წარღვნამდე არსებობდა უდიდესი ცივილიზაციები, მისმა შთამომავლებმაც იცოდნენ მისგან, წარღვნამდელი ცივილიზაციების შესახებ, მოიძიეს მისი ნაშთები და მათ საფუძველზე ააგეს თავიანთი ცივილიზაციები, თუმცა უძველესმა, ქამიტურმა ცივილიზაციებმა მომავალში დიდი განვითარება ვერ პოვა. ავიღოთ იგივე შუამდინარეთის, ეგვიპტის, ამერიკის ცივილიზაციები, რომლებიც გაქრა ან ვერ განვითარდა. ამ დროს აღმოცენებულმა ევროპულმა ცივილიზაციებმა უდიდეს განვითარებას მიაღწიეს. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასადასტურებლად, რომ ცივილიზაციები წარღვნამდეც არსებობდა, მათი ნარჩენები თანამედროვეობაშიც გვხვდება. ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ სფინქსის ქანდაკება, რომელზეც აშკარად შეინიშნება არა ქარისა და მზის ეროზია, არამედ - წყლის. გამოდის, რომ სფინქსის ქანდაკებაზე ეროზია მოახდინა წყალმა. უკვე ასწლეულებია, ეგვიპტეში იმ რაოდენობის წვიმა არ მოსულა, რომ ქანდაკებას დამჩნეოდა. სავარაუდოდ, სფინქსის ქანდაკება წარღვნამდელი პერიოდისაა. ცხადია, იმ ფორმით არაა შემორჩენილი, რადგან ვიცით, რომ სფინქსის ქანდაკების თავი უამრავჯერ იქნა დაზიანებული და შეცვლილი, მაგრამ ტანზე აშკარად შეინიშნება წყლის ეროზია.

26-დან 24-ე საუკუნემდე (ჩვ.წ.-მდე) ხდება მტკვარი-არაქსის კულტურის აყვავებაც, რაც პირდაპირ ემთხვევა თარგამოსიანების საქართველოს ტერიტორიაზე მოსვლას. ამავე პერიოდში ხდებოდა ეგვიპტის, ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციების წარმოშობაც. - ფაქტობრივად, ისინი თითქმის ერთდროულად წარმოიქმნა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ პერიოდში მოხდა ადამიანთა გაფანტვა. ეს თარიღები ბიბლიიდან ვიცით. შესაძლოა, მეცნიერულად დადგენილი თარიღები არ ემთხვეოდეს ბიბლიურ თარიღებს, მაგრამ მათი ზუსტად დადგენა, მეცნიერულად არ შეიძლება. თუ დავუკვირდებით ეგვიპტის პირამიდების ფორმას, ეს არის ცისკენ სწრაფვა. ყველაზე მაღალი, ხეოფსის პირამიდა 150 მეტრია. ბაბილონის გოდოლის გაცილებით დიდი, გრანდიოზული იყო. ამგვარი მშენებლობები, უძველეს ხანაში მიმდინარეობდა და ეს ყველაფერი თითქმის ერთ პერიოდს ემთხვევა. ადამიანები რაღაც გრანდიოზულს ესწრაფოდნენ, თითქოს სურდათ, ზეცაში ასულიყვნენ. ზეცისკენ სწრაფვა ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ. უძველეს ხანაში ეს ვლინდებოდა გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობით. უფრო მოგვიანებით კი, როდესაც ტექნიკა ამის საშუალებას იძლეოდა, თანდათან ღრმად მიდიან კოსმოსში, თუმცა არა იმ რწმენით, რომ ისინი ღმერთს მიადგებიან, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო.

- ამავე პერიოდში მოხდა დედამიწის კონტინენტებად დაყოფაც...

- ეს მოხდა მამამთავარ ფალეგის დროს. ბიბლია გვაუწყებს, რომ ფალეგის დროს გაიყო ქვეყანა. ფალეგი იყო ებერის შვილი ანუ დედამიწა კონტინენტებად დაიყო ნოედან მეხუთე თაობაში - ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ. ეს გამოიწვია ორმა ფაქტორმა: ერთი გახლდათ ტექტონიკური ფაქტორი: წარღვნის შემდეგ, კატაკლიზმები ხდებოდა დედამიწაზე, ვიდრე დედამიწის ქერქი შეეგუა წყლის იმ მოცულობას, რა მოცულობაც უკვე დედამიწის ზედაპირზე აღმოჩნდა. ასევე, პარალელურად დნებოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსზე თოვლისა და ყინულის მასა, რომელიც წარღვნის დროს მოსული უამრავი ნალექის შედეგად წარმოიქმნა. ამან გამოიწვია წყლის დონის აწევა, რომლის შემდეგაც ხმელეთმა მიიღო ის ფორმა, რაც დღეს აქვს.

შორენა მერკვილაძე