"ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სტრე­სე­ბით სავ­სე­ა" - გზაპრესი

"ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სტრე­სე­ბით სავ­სე­ა"

დღესდღეობით, საქართველოში არსებულ სტრესულ გარემოზე ხშირად ვწუწუნებთ, ჩემი რესპონდენტისთვის კი საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სადაც უსტრესოდ ცხოვრება შეიძლება. ის აქაურობას სამოთხეს ადარებს...

სიამაკ ბაჰრამი ირანში ცნობილი ხელოვანი გახლავთ: ქირმანშაჰში, მოედანზე არსებული ჰაფეზის მონუმენტი სწორედ სიამაკის შექმნილია. ხელოვანი კიდევ ბევრი მონუმენტის ავტორი გახლავთ. ასევე, მის სხვადასხვა ნამუშევარს ირანის მუზეუმებში შეხვდებით. დაახლოებით 10 წელია, რაც სიამაკ ბაჰრამი საქართველოში ცხოვრობს. საზოგადოების გარკვეული წრე მას და მის ნამუშევრებს კარგად იცნობს. გადავწყვიტე, ეს ნიჭიერი ადამიანი "გზის" მკითხველებისთვისაც გამეცნო...

- დაახლოებით 30 წელია, რაც ხელოვნების ამ დარგში ვმუშაობ (ხატვა, დიზაინი და სკულპტურა). თვითნასწავლი გახლავართ. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი, ჩემი ნამუშევრები რამდენიმე სახის მასალით შემექმნა, მაგალითად - გამომეყენებინა ხე, რკინა, მუყაო და ა.შ. ირანის სხვადასხვა ქალაქში უამრავი გამოფენა მქონდა, მათ შორის - დედაქალაქ თეირანში...

- საქართველოში როდის და რა მიზნით ჩამოხვედით?

- პირველად 2004 წელს, ჩემს მეგობართან - მაჰმუდ დავართან ერთად ჩამოვედი. ერთი წელიწადი აქ გავატარე. მეორედ ისევ მაჰმუდთან ერთად, 2007 წელს ჩამოვედი, რომ საქართველოში სასტუმრო აგვემუშავებინა. მაჰმუდს სასტუმროს დიზაინთან დაკავშირებით ვეხმარებოდი. დღემდე აქ ვარ. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. ჩემს მეგობართან ერთად დავდივარ და აქაურობას ვათვალიერებ. საქართველო ჩემთვის სამოთხეა! აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს... საქართველო ჩემთვის მეორე სახლი, მეორე სამშობლოა...

- ამჟამად რას საქმიანობთ? თქვენს შემოქმედებაში რა ხდება?

- ძირითადად, სასტუმროების ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობ, ასევე - ინტერიერის დიზაინს სხვადასხვა ირანული კომპანიისთვისაც ვქმნი.

- თქვენი ნამუშევრები ქართველებისთვის საინტერესოა?

- მოსწონთ. როცა ვმუშაობ, ბევრი ადამიანი მოდის... მითხრეს, რომ ჩემი ნამუშევრები ქართული სტილისგან განსხვავებულია, მაგრამ შევეცადე, ირანული და ქართული სტილი დამეახლოებინა, რადგან ქართული ხელოვნება ძალიან საინტერესოა. საქართველოში უფრო ფიგურული, ძალიან ლამაზი სტილია, რაც ვფიქრობ, რომ ირანულ მინიატიურასთან ახლოსაა, რომელზე მუშაობაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- როგორც ვიცი, "ვეფხისტყაოსნის" თემაზეც გიმუშავიათ. რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ სკულპტურული ქანდაკება ამ თემაზე შეგექმნათ?

- შოთა რუსთაველის მიერ "ვეფხისტყაოსანში" აღწერილი ამბავი ირანულ ისტორიასთან ახლოს არის: ირანში, ერთ-ერთი დიდი მეფე 2 ლომს ებრძოდა... როცა საქართველოში ჩამოსულმა "ვეფხისტყაოსანი" წავიკითხე, ძალიან დავინტერესდი და ვეცადე, რელიეფური, სკულპტურული ნამუშევარი შემექმნა. ამ თემაზე ერთი ნამუშევრის შექმნა კიდევ მინდა - მუშაობა უკვე დავიწყე. ვეფხვთან ტარიელის შერკინება ძალიან მიყვარს!..

- "ვეფხისტყაოსანი" რომელ ენაზე წაიკითხეთ?

- ერთ-ერთმა ქართველმა ქალბატონმა ნაწარმოების ინგლისური თარგმანი გამოსცა და ის წავიკითხე. ძალიან დავინტერესდი...

- ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს იცნობთ?

- რუსუდან ფეტვიაშვილს ულამაზესი ნამუშევრები აქვს - ბათუმში, გალერეაში ვნახე, ასევე - თბილისში, გამოფენაზე. საერთოდ, საქართველოს ყველა მუზეუმში მივდივარ და ნამუშევრებს ვათვალიერებ ხოლმე. ზურაბ წერეთლის შემოქმედება ძალიან მომწონს - ნამდვილად საუკეთესოა! სტილით ვხვდები ხოლმე, ესა თუ ის ნამუშევარი რომელმა ხელოვანმა შეასრულა... ბევრი კარგი ხელოვანია...

- ცხოვრების ქართულ სტილს როგორ მოერგეთ?

- საქართველოში ადამიანებს სტრესის გარეშე ცხოვრება შეგვიძლია, რადგან აქ ძალიან კარგი ბუნება, კლიმატია, აქაურობა სიმშვიდით სავსეა, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს... საქართველოში ცხოვრება მიყვარს და მინდა, აქ დიდხანს ვიცხოვრო. ჩვენი ქვეყანა სტრესებით სავსეა. როცა ირანში ადამიანი შინ რაიმეს კეთებას იწყებ, უკვე სტრესი გეწყება (იღიმის)...

- თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?

- ჩემი ოჯახი ძალიან დიდია (იცინის). მამა გარდამეცვალა, მაგრამ 7 ძმა და 3 და მყავს. ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან, ერთმანეთს ყოველთვის მფარველობენ. როცა ჩემს ნამუშევრებს ვქმნი, სტიმულს ყოველთვის ჩემი ოჯახი მაძლევს.GzaPress

- ოჯახთან ურთიერთობას ახერხებთ?

- რასაკვირველია, კონტაქტი გვაქვს. ჩემი ერთ-ერთი ძმა თავის ოჯახთან ერთად, 5 წელია, საქართველოში ცხოვრობს. მათ აქაურობა ძალიან მოსწონთ, უყვართ და უკან დაბრუნება არ უნდათ.

- თქვენ თუ გინდათ უკან დაბრუნება?

- 10 წელია, აქ ვარ. ამ ხნის განმავლობაში ირანში არ ვყოფილვარ. ვფიქრობ, საქართველო ჩემი სხეულისა და სულის ნაწილია.

- ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ჩამოხვიდოდით, საქართველოზე თუ გსმენოდათ რაიმე?

- არა, არასოდეს, მაგრამ ერთხელ სატელიტურ არხზე ქართული ცეკვა ვნახე. ვერ გავიგე, რა ცეკვა იყო. გადავახვიე, 4-საათიანი ქართული ცეკვა ჩემი კომპიუტერით ჩავიწერე... ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საქართველოში ჩამოვიდოდი. ქართული ცეკვა ძალიან მიყვარს: სწრაფი და მოქნილია, მოცეკვავეები ხელოვნების ნიმუშებივით გამოიყურებიან - მშვენიერია!GzaPressGzaPress

- საქართველოში უარყოფითი არაფერი გინახავთ?

- აქ თავი ცუდად ნამდვილად არასოდეს მიგრძნია. თითქმის ყველა მიცნობს. ხალხისგან უდიდეს სითბოსა და სიკეთეს ვგრძნობ. ეს დადებითი ემოციები იმდენად ძლიერია, რომ უარყოფითი არაფერი მახსენდება. ძალზე მოხარული ვარ, რომ ეს ხალხი მაფასებს...

- ქართული თუ ისწავლეთ, ცოტათი მაინც?

- კი, ქართული მესმის, მაგრამ თუ სწრაფად ლაპარაკობენ, წინადადების მნიშვნელობას ვერ ვიგებ. "ნელა-ნელა მესმის" (ქართულად ამბობს. - ავტ.)... ყოველდღე ვმუშაობ, დიზაინს ვქმნი. ბევრი ქართველი მოდის, ერთმანეთს ესაუბრება. უკვე ბევრი ქართული სიტყვა ვიცი (იცინის). ქართულ ენას ბრწყინვალედ არ ვფლობ, მაგრამ მიგებენ...

- სიამაკ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ!

- ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით და მესტუმრეთ. ყველა ქართველისთვის, ყველა ადამიანისთვის მხოლოდ საუკეთესოს ვისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი