რა იწ­ვევს თმის ცვე­ნას? - გზაპრესი

რა იწ­ვევს თმის ცვე­ნას?

თმის ცვენა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა და ბევრ ადამიანს აწუხებს. როგორ მოვუაროთ ამ პრობლემას, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, ამ საკითხზე ვესაუბრეთ კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის ექიმ დერმატოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ხათუნა კუდავას.

- ხშირად აწუხებთ ადამიანებს თმის ცვენა. როდის ჩნდება ეს პრობლემა?

- თმის ცვენა დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. თმის მოვლა და სიჯანსაღე გამოსახავს ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ხშირად ადამიანები მეტად მწვავედ განიცდიან თმის ღერების მცირე რაოდენობით დაკარგვასაც კი. ბევრმა არც იცის, რომ თმის ცვენა ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია - თმის ღერს აქვს სიცოცხლის ციკლი. როცა დრო მოდის, ის ცვივა, მის მაგივრად კი სხვა ამოდის. ადამიანს ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ღერი თმა თუ სცვივა, ეს ფიზიოლოგიური ნორმაა და საგანგაშო არაფერია. განგაშის ატეხა კი მაშინაა საჭირო, როცა გაცვენილი თმა საერთო რაოდენობის 10-50%-ს შეადგენს. თმის ცვენას მრავალი მიზეზი აქვს. სრული ან ნაწილობრივი თმის ცვენა შესაძლებელია გამოწვეული იყოს შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით. შეიძლება, ცვენა უკავშირდებოდეს ორგანიზმში მიმდინარე იმუნოლოგიურ ცვლილებებს, ენდოკრინულ პათოლოგიებსა თუ ანემიებს. შესაძლებელია, თმის ცვენა ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობითაც იყოს გამოწვეული. კვლევებით დასტურდება, რომ ყველაზე ხშირად თმის ცვენას ვიტამინების დეფიციტი, ასევე - რკინის უკმარისობა იწვევს. ცვენის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ინფექციაც. სოკოვანი დაავადებისა და სიფილისის დროს გამოვლენილი თმის ცვენაც ამის მაგალითია.

- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა გამოკვლევებია საჭირო იმისათვის, რომ დადგინდეს პრობლემის გამომწვევი მიზეზი?

- პირველ რიგში უნდა შეფასდეს თმის ცვენის სიხშირე. ამისათვის საჭიროა ჩატარდეს დაზიანებული უბნის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ტრიქოსკანის მეშვეობით. ამ მეთოდით ხდება როგორც დაზიანებული უბნის სრულფასოვანი ვიზუალიზაცია, ისე - ტრიქოგრამის მაჩვენებლების განსაზღვრა. თმის ღერის სიხშირე, ზრდისა (ანაგენის) და ცვენის (ტელოგენი) პროცენტული თანაფარდობა, თმის ღერის საშუალო სიგრძე, ღინღლოვანი და ტერმინალური თმის ღერების რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლების თანაფარდობა - ეს ის მნიშვნელოვანი მონაცემებია, რომლებიც ექიმს მდგომარეობის სწორად შეფასებისა და ეფექტიანი მკურნალობის შერჩევის საშუალებას აძლევს. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს როგორც მკურნალობის დაწყებამდე, ისე - შემდგომ, მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად. თუ დაზიანებულ უბანზე აღინიშნება შემოფარგლული ანთებითი კერა, ზედაპირზე აქერცვლითა და გადამტვრეული თმის ღერებით ან მკვეთრად ინფილტრირებული ანთებითი კერა, რომელშიც თმის ღერები ადვილად ძვრება, აუცილებელია თავის თმიანი არის სოკოვან დაავადებებზე გამოკვლევის ჩატარება. პირველ ეტაპზე ტარდება თმის ღერისა და ქერცლის მიკროსკოპული გამოკვლევა, სოკოს მიცელიუმებისა და სპორების გამოსავლენად. სპეციფიკური კლინიკური ნიშნებისა და საეჭვო ანამნეზის შემთხვევაში კი აუცილებელია სიფილისზე გამოკვლევის ჩატარება. ასევე გასათვალისწინებელია თმის ცვენის გამოვლენა ანემიის დროსაც. ნაწიბუროვანი ალოპეციის შემთხვევაში კი საჭიროა სისტემური პათოლოგიების, კერძოდ - წითელი მგლურას გამორიცხვაც.

- რას ნიშნავს ანდროგენული თმის ცვენა? ვფიქრობ, ეს მაინც მამაკაცებს აწუხებთ უფრო მეტად, რა დარღვევები ვლინდება ასეთ დროს? ქალებში რამდენად ხშირია ეს პრობლემა და თუ არის იგი ასაკთან კავშირში?

- ანდროგენული ალოპეცია თმის ფოლიკულებზე ჰორმონების, ანდროგენების მოქმედებით გამოწვეული პათოლოგიაა. ეს პროცესი მემკვიდრულ წინასწარგანწყობასთან არის დაკავშირებული და პროგრესულად მიმდინარეობს. გენეტიკა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც თმის ცვენას განაპირობებს. თუმცა, არსებობს ისეთი მიზეზებიც, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია. თმაგაცვენილი უბანი ძირითადად თხემის არეს მოიცავს. უფრო ხშირია მამაკაცებში, თუმცა აღინიშნება ქალებშიც. რაც შეეხება ასაკს, ამ სახის თმის ცვენა მამაკაცებში იწყება პუბერტატული პერიოდის დამთავრების შემდეგ და ორმოცი წლისათვის ჩამოყალიბებულ სახეს იღებს, ხოლო ქალებში უფრო მოგვიანებით იჩენს პრობლემა თავს.

- ამბობენ, რომ ძლიერი სტრესიც იწვევს ამ პრობლემას, ამას ეთანხმებით?

- თმის ცვენა ხშირად უკავშირდება სტრესულ მდგომარეობას, ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს. ჩვენი ნერვული სისტემა არეგულირებს კანის ცხიმის გამოყოფას. სტრესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც ხშირად უკავშირდება დიფუზური თმის ცვენა. სტრესული მდგომარეობიდან დაახლოებით 3-5 თვეში პაციენტი აღნიშნავს მკვეთრად გამოხატულ თმის ცვენას. სტრესული სიტუაციები მავნე ზეგავლენას ახდენს თმის ღერების განვითარებაზე. ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს მშობიარობა, ქირურგიული ოპერაციები, გახანგრძლივებული ცხელებით მიმდინარე მძიმე დაავადებები და მკაცრი დიეტა, რომელსაც თან ახლავს წონის სწრაფი და მკვეთრი კლება. თმის ცვენა მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც ძლიერდება. მშობიარობიდან 7-8 თვის განმავლობაში გაძლიერებული თმის ცვენა ფიზიოლოგიურია. მთავარია, ის ქრონიკულ პროცესში არ გადაიზარდოს. ამისთვის კი სათანადო ჰიგიენა და კვებაა აუცილებელი. თუ ორიოდე თვეში თმის ცვენა არ შენელდა, უნდა მიაკითხოს სპეციალისტს, მანამდე საგანგაშო არაფერია. ასევე შეიძლება გამოვლინდეს როგორც რეაქცია, კონკრეტული მედიკამენტის მიღების შემთხვევაში. სისხლის გამათხელებელი, ართრიტის საწინააღმდეგო, ფსიქოტროპული საშუალებები - მცირე ჩამონათვალია იმ მედიკამენტებისა, რომლებიც თმის ცვენის ერთგვარ კატალიზატორს წარმოადგენს.

- თმის შეღებვა ცვენას თუ უწყობს ხელს?

- შეღებვა, ფენით გაშრობა, ქიმიური დახვევა, აგრესიული და ცუდად შერჩეული შამპუნები - ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება როგორც თავის კანზე, ასევე თმის ხარისხზე. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ თმის ბოლქვი არ კვდება და შესაძლებელია მისი გააქტიურება, რის შედეგადაც ხდება თმის ზრდის ბუნებრივად სტიმულირება. თმის ცვენის მკურნალობა გაცილებით ეფექტიანია, თუ დავიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, გამოვიყენებთ მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტებს, ავიმაღლებთ იმუნიტეტს, თავს დავიცავთ სხვადასხვა დაავადებისგან, გავაკონტროლებთ ორგანიზმში რკინის რაოდენობას, რადგან თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიზეზი ორგანიზმში რკინის ნაკლებობაა. ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი გზა რაციონში რკინით გამდიდრებული საკვების დამატებაა. ასევე გაამდიდრეთ თქვენი საკვები თუთიით, ცილით, ხილით, ბოსტნეულით, ქორფა მწვანილით, ხაჭოთი. ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად და თმის ცვენის პრევენციისთვის ძალიან კარგია თევზი, რადგან იგი შეიცავს ცხიმოვან მჟავას - ომეგა 3-ს და D ვიტამინს.

- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს?

- არ დაიზარონ დერმატოლოგთან ვიზიტი. ეს აუცილებელია და საჭიროა სათანადო გამოკვლევების ჩატარება, კვალიფიციური კონსულტაცია, სწორი დიაგნოზის დასმა, ლაბორატორიული მეთოდებით მისი დამტკიცება და შემდეგ სათანადო მკურნალობა. ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ექიმი დაგეხმარებათ, მიაგნოთ გამოსავალს. საკმაოდ ძნელად მოსაგვარებელი პრობლემაა, თუმცა ბევრ პაციენტში დადებითი შედეგი აშკარაა.

თეა ხურცილავა